ისტორია

რა საფრთხე ელოდა ქვეყანას ბაგრატ მეოთხის ბიზანტიაში გამგზავრების წინ და რა მოიმოქმედა მეფემ ამის აღსაკვეთად

№50

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 26.12

ისტორია
დაკოპირებულია

1030 წელს დედა-დედოფალი მარიამი, ბაგრატ მეოთხის დედა, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა დიპლომატიური მისიით – საქართველოსა და ბიზანტიას შორის ურთიერთობების დასალაგებლად. ბაგრატ მეფე მცირეწლოვანი იყო, 10 ან 12 წლის.

მარიამ დედოფლისთვის ძალიან რთული იქნებოდა მშობლიური სომხეთის, მეფე-მამის მჩაგვრელებისა და საქართველოს დამმარცხებლების ნახვა და მათთან დიპლომატიურობა, მაგრამ, მეტი რა გზა ჰქონდა დედა-დედოფალს.

დედოფლის მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ბაგრატ მეფეს მიანიჭეს კურაპალატის წოდება და ბიზანტიის კეისარმა, რომანოზ არგირიუსმა (არგირმა) საცოლედ გამოუგზავნა თავისი ძმის, ბასილის (ვასილის) ასული, ელენე.

ელენე მცირეწლოვანი იყო, ალბათ, ბაგრატ მეფის ტოლი. ასეთ ასაკში, 12-13 წლიდან, ათხოვებდნენ მაშინ მეფისა და მეფის ძმების ასულებს, თუმცა, ცოლქმრულ ცხოვრებას ცოტა მოგვიანებით იწყებდნენ, მანამდე დედამთილის მეთვალყურეობით განაგრძობდნენ განსწავლას და ეჩვეოდნენ ახალ გარემოს. სამეფო სახლის ასულებს, ძირითადად, უცხოეთში უწევდათ გათხოვება.

ადრე, ძმები არგირები (არგირიუსები), მომავალი იმპერატორი რომანოზ მესამე და მისი ძმა ბასილი, ბიზანტიელი დიდებულები, იმპერატორის (ბასილევსის) სამსახურში იდგნენ. რომანოზი კონსტანტინოპოლის ოლქის მმართველი, ეპარქი და სენატორი სამეფო კარის სათათბირო ორგანოს წევრი იყო. ელენეს მამა მაგისტრის წოდებას ატარებდა.

მაგრამ, სამწუხაროდ მცირეწლოვანი დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა. დაქვრივებულ ბაგრატ მეფეს ცოლად შერთეს ოვსთა მეფის ასული ბორენა. ესეც პოლიტიკური ქორწინება იყო. საქართველოს სჭირდებოდა დამხმარე სამხედრო ძალა ჩრდილოეთ კავკასიიდან. შემდეგში დედოფლის ძმა, მეფე დურღულელ დიდი, ეხმარებოდა ხოლმე ბაგრატ მეფეს დამპყრობლებთან ბრძოლებში.

დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ, ბიზანტიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ბიზანტია მხარს უჭერდა და ეხმარებოდა მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალს, ლიპარიტ ბაღუაშს (ბაღვაშს).

1040-1050-იანი წლები ძალიან რთული იყო ჩვენი სამშობლოსთვის. მეფე ბაგრატ მეოთხეს გააფთრებით ებრძოდა ერისთავი ლიპარიტ ბაღუაში, რომელსაც ბიზანტიის იმპერია ეხმარებოდა.

ბიზანტიელთა დახმარებით ლიპარიტ ბაღუაშმა დაამარცხა მეფე ბაგრატი. დამარცხებულმა გვირგვინოსანმა გადაწყვიტა ბიზანტიის იმპერატორთან დაელაგებინა ურთიერთობა, მისთვის საყვედური ეთქვა და ლიპარიტ ერისთავის შეჩერება ეთხოვა. თუმცა, ბიზანტიაში გამგზავრების დროისთვის ბაგრატ მეფე, ფაქტობრივად, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს აკონტროლებდა. შიდა ქართლში და კლდეკარის საერისთავოში ლიპარიტი ბატონობდა. ტფილისში ისევ არაბი ამირა იჯდა, კახეთ-ჰერეთი სხვა სახელმწიფო იყო, ქვემო ქართლში სომეხ კვირიკიანებს „სამეფო“ მოეწყოთ.

1052 წელს ბაგრატ მეფე იძულებული გახდა, ბიზანტიაში გამგზავრებულიყო კონსტანტინე მეცხრე მონომახთან. ქართველთა ხელმწიფეს თან ახლდა დედა-დედოფალიც. ჩვენი ხელმწიფე, ალბათ, ფიქრობდა, რომ შეიძლება, ის შეეპყროთ და მისგან სამეფოს დათმობა მოეთხოვათ, როგორც ეს გაუკეთეს ბიზანტიელებმა სომეხთა ერთ-ერთ მეფეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ბიზანტიაში გამგზავრების წინ ბაგრატმა თავისი მცირეწლოვანი ძე, გიორგი, ქუთათისში თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა. იცოდა მეფემ, თუ ის ვერ დაბრუნდებოდა, ბიზანტიელებს არ ექნებოდათ საბაბი „უმეფო ქვეყნის“ მათი იმპერიისთვის შესაერთებლად. ქართველი დიდებულები კი ახალი, მცირეწლოვანი მეფის ერთგულები იქნებოდნენ.

სამი წელი „გააჩერეს“, „საპატიო“ მიზეზებით, მეფე ბაგრატ მეოთხე და დედა-დედოფალი მარიამი კონსტანტინოპოლში. იმ ხანებში ბიზანტიაშიც საკმაოდ არეული იყო სიტუაცია. ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ, იმპერატორ კონსტანტინე მერვის ასულმა, თავისი განსვენებული დის, ზოიასა და მისი მესამე ქმრის, იმპერატორ კონსტანტინე მეცხრის თანამმართველმა, კონსტანტინე მეცხრის გარდაცვალების შემდეგ კი ერთპიროვნულმა იმპერატრიცამ, ჩვენს მეფეს შესთავაზა, ჩამომიყვანეთ თქვენი ასული მართა და მე გავზრდიო. „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, მეფემ ეს შეთავაზება სიხარულით მიიღოო. თუმცა, პატარა ქართველი მეფის ასული, რომელიც იმ დროს სულ ექვსიოდე წლის იყო, ფაქტობრივად, მძევლად მოითხოვეს საიმპარატორო კარზე. როცა მცირეწლოვანი პრინცესა გემით კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, იმ დღეს გარდაიცვალა თეოდორა. მარიამ დედოფალი საიმპერატორო სასახლეში იყო გიორგი მთაწმინდელთან ერთად. როცა პატარა ბაგრატიონი პრინცესა პორტიდან სასახლეში მიიყვანეს, ყველას გასაგონად უწინასწარმეტყველებია გიორგი მთაწმინდელს: „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა!“

იმ დროს ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ თურქ-სელჩუკები. ბიზანტიას დასჭირდა ძლიერი მოკავშირე აღმოსავლეთში, რომელიც კავკასიაში წინააღმდეგობას გაუწევდა ოღუზებს. ბაგრატ მეფისა და საქართველოს ფასი განსაკუთრებით გაიზარდა ბიზანტიისთვის. საქართველო იბრძოლებდა დამოუკიდებლობისთვის თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ეს კი ხელსაყრელი იყო ბიზანტიისთვის. ამიტომ, ბაგრატ მეფეს მიანიჭეს უფრო მაღალი ნობელისიმუსის, მერე კი სევასტოსის წოდება. ამ მაღალ წოდებებს იმპერატორის ოჯახის წევრები ატარებდნენ. კურაპალატი – ბიზანტიის იმპერატორის სასახლის დიდი მოხელის თანამდებობა იყო. შემდეგ გახდა საპატიო წოდება და ანიჭებდნენ იმპერატორის ნათესავებს, დამსახურებულ პიროვნებებს, ხანდახან – შვილებსაც, უცხოელ მეფე-მთავრებს. საქართველოს გაერთიანებამდე ქართულ წყაროებში ხშირად კურაპალატი თითქმის იგივეა, რაც მეფე, ხელმწიფე. ნოველისიმოსის წოდება ბასილევსის (იმპერატორის) ნათესავებს ენიჭებოდა ან ძალიან ახლობელ მოკავშირეებს. სევასტოსი – ამ ტიტულს, სხვებთან ერთად, ადრე რომის იმპერატორები ატარებდნენ აღმოსავლეთში, შემდეგ მოკავშირეებს ანიჭებდნენ ან ოჯახის წევრებს. თავისი ჭკუით, ბიზანტიელებმა ბაგრატ მეფეს დიდი პატივი სცეს და ნოველისიმუსობა მისცეს.

მალე ჩვენმა მეფემ დაამარცხა ლიპარიტი.

1059 წელს კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე მეათე დუკა. 1065 წელს იმპერატორმა თავისი მემკვიდრე ძისთვის, მიხეილისთვის, მეფის ასული მართას ხელი ითხოვა. 1071 წელს იმპერატორად ეკურთხა მიხეილ მეშვიდე დუკა, ქართველების სიძე, მართას მეუღლე. ქართველთა მეფის ასული გახდა ბიზანტიის დედოფალი. იმპერატრიცად კურთხევისას მარიამი უწოდეს. ახდა გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. მართა-მარიამ დედოფალი განსაკუთრებულად ლამაზი, ძალიან განათლებული, კეთილი და საქართველოს დიდი პატრიოტი ყოფილა.

1074 წელს მარიამ დედოფალსა და მიხეილ დუკას შეეძინათ ვაჟი კონსტანტინე, რომელსაც პორფიროგენეტი უწოდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი