ისტორია

რა სამსახური გაუწიეს ავჟანდაძეებმა დავით აღმაშენებელს

№42

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 28.10, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

დავით აღმაშენებელის პიროვნების შთაგონებით არაერთი ლექსი, მოთხრობა, რომანი, ესე, ლეგენდა თუ ლეგენდად ქცეული გადმოცემები შექმნილა.

გონელი არახამიას წიგნში „სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის“ გამოქვეყნებული აქვს „ავჟანდაძეთა სასისხლო წერილი“ რომელიც მეთხუთმეტე საუკუნისაა და ძალიან საინტერესოა, რადგან მასში წარმოდგენილია გადმოცემა – როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს დავით აღმაშენებლისადმი.

გელათის მშენებლობისას დავით აღმაშენებელი გადმოვარდნილა გალავნიდან. ვერ შველოდნენ...

ავჟანდაძეების სასისხლო სიგელში მოთხრობილია: „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა და გალავნიდაღმა გარდავარდა, სამას და ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა უშველეს, მაშინღა სხუა ერთი აქიმი მოვიდა ყუელას უკანის ბოლოსა. მან ასრე თქუა: „თუ არა ირმის რძეშიგან დავაწუენთო, არა ეშველების რაო“.

ქნეს მოკითხული, შეღონდეს. წამოდგა კაცი, ასრე თქუა: „ავჟანდაძესა უთქსო თორმეტი ფური ირმის მეწველიო“. სხუა ქუეყანასა ზედან არ იშოებოდა. მოიღო ავჟანდაძემან. იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმშენებელი“.

ამგვარად, გადმოცემის თანახმად, მეფე თორმეტი ირმის რძეში განბანეს და ამის შემდეგ გადარჩა, – „დარჩა“ ამქვეყნად. რძეში განბანვა სხვა გადმოცემებშიც, ლეგენდებშიც გვხვდება და მიჩნეულია განსაკუთრებული უნარების შეძენასთან. ანუ, გადმოცემის ავტორის, ხალხის წარმოდგენით, დავით აღმაშენებლის ამქვეყნად „დარჩენა“, გადარჩენა, რაღაც სასწაულით მომხდარა, განსაკუთრებულად მომხდარა, ვინაიდან განსაკუთრებული პიროვნება იყო და იმიტომ.

საინტერესოა ცნობა 305 მკურნალის შესახებ. აქ, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილია ცნობა – საქართველოში ბევრი მკურნალი იყო. დავით აღმაშენებელმა არაერთი სამკურნალო დაწესებულება ააგო, სადაც უფასოდ მკურნალობდნენ სნეულებს. შეიძლება 306 რაიმე სიმბოლიკაც იყოს.

ფურ-ირემთა რაოდენობასთან, თორმეტის სიმბოლიკასთან და ევროპელების დავით აღმაშენებლისადმი დამოკიდებულების შესახებ საინტერესოა გრიგოლ რობაქიძის ესე „დავით აღმაშენებელი“. დიდი მწერალი გრიგოლ რობაქიძე წერს: „საქართველოში ჩვენ გვხვდება თვით „მეფე-ღვდელიც”. სახელი მისი აღმაშენებელი დავით, დიდი მხედარი და ნათელმოსილი პიროვნება. ომში მას „საღმთო წერილიც“ მიჰქონდა ხოლმე თან. ერთხელ „სამოციქულოს კითხვამ ისე გაიტაცა იგი, რომ კინაღამ წააგო ბრძოლა მან. თავის სახელს იგი სჭრიდა ფულზე ხან როგორც „ხრმალი ქრისტესი“, ხან კი როგორც „ყრმა ქრისტესი“: ხრმალი აქ მეფეა, ყმა კი „მღვდელი“.... „ჯვაროსანთა მიერ დავითი უდიდეს პიროვნებად იყო მიჩნეული“...

დავით აღმაშენებლის ზედწოდება გახდა მახვილი (ხმალი) მესიისა. იგი ბავშვობიდან ეკლესიურად ცხოვრობდა და ასკეტურად იცავდა მარხვებს. ტაძრებს სამეფო კარიდან მიეწოდებოდათ საეკლესიო ლიტერატურა. ცხოვრობდა და ქვეყანას მართავდა, როგორც „მღვდელი“, ბერებთან ერთად (ჭყონდიდელი, მოძღვართ-მოძღვარი, ქართლის კათალიკოსი, აფხაზეთის კათალიკოსი, არსენ ბერი და სხვები...) და რა თქმა უნდა, საერო მოღვაწეებთან ერთად.

შემდეგ გრიგოლ რობაქიძე მოკლედ გვიამბობს თუ როგორ მოხვდა პარიზში დავით აღმაშენებლის კუთვნილი, ქრისტეს წმიდა ჯვრის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი და განაგრძობს:

„ჩვენთვის საგულისხმოა ეპისტოლეში ერთი თქმა: დავითმა „გოგსა და მაგოგს“ კასპიის ბჭენი გადაურაზა და გზები მოუჭრაო.

ვინ არიან ეს გოგი და მაგოგი? ჰინდოარიულ ტრადიციაში ხშირად იხსენიება „საკრავატრი“: მეფე ქვეყნისა, რომლის სამყოფელ ადგილად იგულვებენ ჩრდილო პოლიუსის არეს, საიდანაც იგი ებრძვის ბნელსა და ქაოტურს. „მზე-მეფენი“ – გადმოცემათა მიხედვით – ამ „საკრავატრის“ ის მსახიერებელნი არიან, რომელნიც ავსა და უკუღმართთან ბრძოლაში წარღვნას გადაურჩებიან ხოლმე და მაღალ მთებს აფარებენ თავს – გავიხსენოთ ნოე და მისი კიდობანი. ისინი მეფეებად ითვლებიან თორმეტისა (ხაზი ჩვენია – გ. მ.): როგორც ზიგფრიდი (სკანდინავიელთა ლეგენდარული მეფე - გ. მ.), კარლოს დიდი (ფრანკთა დიდი იმპერატორი - გ. მ.) და მეფე არტუს (ბრიტების ლეგენდარული მეფე - გ. მ.). ხალხთა თქმულებაში ამნაირადვე ისახება ალექსანდრე დიდი (მაკედონელი - გ. მ), აგრეთვე ცეზარიც (კეისარი - გ. მ.). ახლოვდება თუ არა ბნელი ხანა, ანუ „ღმერთთა დაბნელება“, ეს მზე მეფენი ევლინებიან კვლავ ქვეყანას სხვადასხვა განპიროვნებით, აღვივებენ თავიანთ ქმედებით ძალას ღვთიურისა მოწოლილი ბნელისა და ქაოტიურის წინააღმდეგ. გოგი და მაგოგი, ტრადიციათა ცნობით, ხალხია: ბოროტისა და უკუღმართების მატარებელნი. საკვირველი არაა, თუ ეს რწმენა გაცხოველდა ჯვაროსანთა რიგებში, რომელნიც იბრძოდნენ წმიდა საფლავის გათავისუფლებისთვის. და აი ერთი ჯვაროსანი აღნიშნავს სიხარულით – დავითმა, საქართველოს მეფემ, გოგსა და მაგოგს კასპიის საზღვარზე ბჭენი გადაურაზაო. და ვის შეეძლო ეს, თუ არა „მზე მეფეს“, ანუ „მღვდელ მეფეს?“.

არსენ იყალთოელისეულ დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის პირველ და მეორე სტრიქონში გვაქვს ინფორმაცია დავით მეფის ქვეშევრდომთა რაოდენობაზე:

„ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს“.

ეპიტაფიის მიხედვით, დავით მეფე წარმოდგენილია 12 მეფის ხელმწიფედ, სუზერენად, მბრძანებლად და ასევე, მასპინძლად. ანუ, ის მხოლოდ კი არ ბატონობს მათზე, არამედ, ისინი პურად ჰყავს მიწვეული, მისი თანამეპურე, მისი სტუმრები, მისი საქმის სარდლები არიან. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ დასახელებულია სამეფოები, რომელთა მეფეებიც გახდნენ საქართველოს ხელმწიფის ქვეშევრდომები. ზოგ ყოფილი ქართული სამეფოა, ზოგი მეზობლების.

თორმეტი საკრალურ რიცხვად ითვლებოდა ძველი დროიდან. ძველი აღთქმის მიმდევარ ისრაელს 12 ტომი შეადგენდა, რომელთა მამამთავრები იყვნენ იაკობის (რომელსაც ეწოდა ისრაელ) 12 ვაჟი.

შემთხვევითი არ არის, რომ მაცხოვრის მოციქულთა შორის 12 დიდი მოციქულია გამორჩეული, ისინი არიან ახალი რჩეული ხალხის, ქრისტიანთა მდგენები.

ამ ანალოგიას იმეორებს წმიდა ნინოს ცხოვრება, იგი 12 წმიდა დედასთან ერთად ლოცულობს სვეტი ცხოველის სასწაულებრივად დადგმისთვის, ახალი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრისთვის... ამავე ანალოგიისაა იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის მოსვლა ქართლში.

ამგვარად უკავშირდება საკრალურ რიცხვს, თორმეტი ფურ-ირემის რძეში განბანვას დავით აღმაშენებლის გადარჩენა, როგორც ლეგენდურად, ისე ქვეშევრდომ მეფე-მთავართა რაოდენობით, რეალურად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი