ისტორია

რა საინტერესო ანალოგიებია ძველი ისრაელის სამეფოსა და ქართლის საერისმთავროს დადგინებაში

№42

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 31.10

ისტორია
დაკოპირებულია

სამი ნაწყვეტის, სამი თემის შენაარსი ჩვენი, ჯერ მხოლოდ, ელექტრონულად გამოქვეყნებული წიგნიდან: „საკრალური ინფორმაციები, მისტიური ანალოგიები ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობისა და ახალი ღვთის რჩეული ქვეყნის – საქართველის დადგინების შესახებ“, უკვე წარვუდგინეთ ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს. დღეს კიდევ ერთი პატარა ნაწყვეტის შინაარსს გაგაცნობთ.

სუმბატ დავითის ძე გვიამბობს, აბრაამის შთამომავლები (ჩვენი დათვლით სამოცდამეათე), სოლომონ დანის ძის შვიდნი ძენი, წამოვიდნენ პალესტინიდან და მოვიდნენ პროვინცია-ქვეყანა ეკლეცში.

„ეკლეცი არის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ევფრატის ზემო წელზე. ძველბერძნულ, ბიზანტიურ და სომხურ წყაროებში იწოდება შესაბამისად: აკილისენა, კელცენა, ეკელეაც“ (გ. არხამია).

ეკელიაცი „დასავლეთ ევფრატის ხეობაშია, შეესაბამება ახლანდელ ერზინჯანის ოლქს“ (მოვსეს ხორენაცი).

ეკლეცი ნახსენებია „ფარნავაზის ცხოვრებაშიც“. „წავიდა ფარნავაზ და მოტყვენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა, მივიდა კლარჯეთს, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა“ – ამ ფრაზის მიხედვით, ფარნავაზის დროს „საბერძნეთის“ საზღვარი იყო ეკლეცის დასავლეთით მდებარე ანძიანძორა, რომელიც ესაზღვრებოდა ეკლეცს, ეკლეცი კი ქართლის ტერიტორია გამოდის.

ჯუანშერის ავტორობით ცნობილ „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების“ მიხედვით ომით „მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩუენ, ქართველთაგან, აღმოსავლეთ ზღჳსა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს..., და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი. ხოლო ჩუენ ათისა დღისა სავალი ჩამოგჯვლია, ჩრდილოთ მოქცეულ ვართ“.

უძველეს ხანაში, ბერძენთა და სომეხთა მოსვლამდე, ეკლეცი ქართველური ტომებით დასახლებული გახლდათ. ეკლეცი სპერის (მდინარე ჭოროხის სათავე-ზემო წელის შესართავების ქვეყნის) ოდნავ სამხრეთ-დასავლეთითაა, ანძიანძორა (ანძორეთი), როგორც ვთქვით, მის მეზობლად, დასავლეთით, დასავლეთ ევფრატის ზედა წელზე. მდინარე ჭოროხის სათავეები და სათავეების შესართავების სათავეები და ხეობები სპერის ქვეყანაა. ძველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების – დიაოხისა და მისი მოსაზღვრე მოსხების (მესხების) ქვეყანა. მოსხებისა და თუბალების ქვეყანა ვრცელდებოდა დიაოხიდან უფრი სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით, კაპადოკიისა და კილიკიის ჩათვლით და მოიცავდა შემდეგდროინდელ ეკლეცსაც (დაახლოებით ეკლეცი იყო მოსხებისა და დიაოხელ-ტაოხთა საზღვარი). სპერის ქვეყანა ესაზღვრება ეკლეცს, რომელიც დავითიანთა დაბრუნების დროს უკვე სომხებს ეკავათ, დროებით. იქვეა სპერის ქვეყნის ბაიბურთი, პლატონ იოსელიანი მას უწოდებს „ისპირეთს“. ბაიბურთიდან ახლოს ჩრდილო-დასავლეთით, ერზინჯანიდან ახლოს ჩრდილოეთით არის ქალაქი გემუშთენე, ძველი ქალაქი ქალდეა. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, მთელი ეს მხარეები ქალდეას ტერიტორიაა.

ეკლეცი მდინარე ევფრატის ნაპირებზეა, მის ზემო წელზე (დასავლეთ ევფრატი, კარა-სუ). ეს არის ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, ქალდების (ქალდების შემდეგდროინდელი განაყოფი ლაზების) განსახლების არე, ჯერ დიაოხის, მერე ნაირის ქვეყნის, ურარტუს, მერე კოლხას ტერიტორია. გავიხსენოთ, ურარტუს მთავარი ღმერთი იყო ხალდი. ეს კავკასიის ტერიტორიაა, მტკვარ-არაქსის შუამდინარეთის კულტურის გავრცელების არეალიც. სხვათა შორის, მტკვარ-არაქსის კულტურის არეალი პალესტინასაც სწვდებოდა. მტკვარ-არაქსის კულტურა გაცილებით ძველი მოვლენაა (ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის შუა – ძველი წელთაღრიცხვით 2400 წელი (ადრინდელი ბრინჯაოს ხანა), ვიდრე არმენების მოსვლა კავკასიაში (ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე).

პირველი ქალდეადან, ქალაქ ურიდან, ქალდეველთა ურიდან, ქალდეადან, წავიდა აბრაამი ოჯახთან ერთად. მას ჰქონდა ცოდნა ერთი ღმერთის შესახებ. ქალაქი ური მდებარეობდა მდინარეებთან – ტიგროსთან და ევფრატთან. გავიხსენოთ, რომ მეფსალმუნე დავით მეფის მამა, იესე, ბიბლიის მიხედვით, არის „კაცი ევფრატელი“, ანუ, სადაც დასახლდნენ აბრაამის შთამომავლები, იქაც ჰქონდათ ტერიტორია, სახელწოდებით „ევფრატი“ (იქნებ სახელებიც თან წაიღეს აბრაამის დროს). მერე გავიდა დრო, გადავიდა 70 თაობა და აბრაამისა და დავითის შთამომავლები, იესიან-დავითიანები, სოლომონ დანის ძის შვიდი ვაჟი, წამოვიდნენ პალესტინიდან და ეკლეცში მოვიდნენ, რომელიც ევფრატის სანაპიროზეა.

დროის ამ მონაკვეთში არის გამეორება (დამთხვევა, ანალოგია) სახელწოდებისა „ევფრატისა“ და „რაქაელისა“.

რაქელი იყო ძველი ისრაელის დედა და დედობილი. რაქელის ქმარს იაკობ-ისრაელს ჰყავდა თორმეტი შვილი, ისრაელის თორმეტი ტომის მამამთავარი, ზოგი რაქელის შვილი იყო, ზოგი – შვილობილი. ანუ ისრაელი თორმეტი ნაწილის ერთიანობაა, თორმეტი ტომის.

შემთხვევითი არ არის რომ, სოლომონის ძენი არიან შვიდნი, ანუ ახალ რაქელს, დედოფალ რაქაელს ჰყავდა შვიდი ნათლული (შვილობილი). რომელთაგან ოთხი წამოვიდა ქართლში, სამი კი დარჩა სომხეთშიო, – გვამცნობს სუმბატ დავითის ძე (თუმცა, მაშინ სომხებს დაკავებული ჰქონდათ ძველი ქართული ტერიტორიები, ძველი ქალდეას ტერიტორიები კავკასიაში). და ისინი გამთავრდნენ. შემდეგში საქართველომ გააერთიანა მთელი კავკასია – საქართველოს სამეფოც შვიდი სამეფოს ერთიანობაა, „შვიდ სამეფოდ განწესებული“ და სხვა.

ახალი რაქაელი, სიმბოლურად არის შვიდი ნაწილისგან დიდი საქართველოს შემქმნელთა დედობილი.

ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მეფე ისრაელისა, დავითი, უფალმა გამოარჩია ისრაელის რელიგიური ლიდერის, წინასწარმეტყველი სამოელის ხელით. ასევე, ქართლის პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე, გვარამი გამოირჩა ქართლის კრებაზე (სუმბატ დავითის ძე, „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“), რომელსაც, სავარაუდოდ, ესწრებოდა მაშინდელი კათალიკოსი (ალბათ, თავმჯდომარეობდა კრებას, როგორც მამამთავარი, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი მისი ლოცვა-კურთხევით მოხდებოდა). მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გვარამის არჩევა მოხდა 575 წელს ქრისტესშობიდან. ზუსტად ამ დროს, 575-582 წლებში, ქართლის კათალიკოსი იყო სამოელ მესამე. ამას ადასტურებს უფრო ადრინდელი (მეცხრე საუკუნე) ძეგლიც – „მოქცევაჲ ქართლისაჲ“: „კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რე შეკრბა ქართლი. და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე – კურაპალატადცა. ამან დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაჲ და ამას ზევე იყო კათალიკოზი სამოელ სხუა“.

ამგვარად, გამეორდა ხელმწიფის მაკურთხებელი სასულიერო პირის სახელი სამუელ.

ასეთი (და სხვა) ანალოგიებია ძველი ისრაელის დავითიანთა სამეფო დინასტიისა და ქართლის (საქართველოს) ახალი დინასტიის, ბაგრატიონთა დადგინებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა