რა პირობით შეიძლება, კვირიკე დიდის დისწული კახეთ-ჰერეთის ტახტზე ასულიყო
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 21.11
(იბეჭდება შემოკლებით)
კახეთის ქორეპისკოპოსს, დავითს, არევმანელთა დინასტიიდან, ცოლად ჰყავდა ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ასული. მათ შეეძინათ ერთი ვაჟი – კვირიკე და ორი ქალიშვილი.
ლეონ მესამეს აფხაზთა მეფეს ვაჟი არ შეეძინა, არ ჰყავდა ვაჟი მის ოთხ ძმასაც. ლეონ აფხაზს ჰყავდა და, გურანდუხტი – ქართველთა მეფის, ბაგრატ მეორის ვაჟის, გურგენის ცოლი. გურგენს, რომელიც მამის გარდაცვალების მერე ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდა და გურანდუხტ აფხაზთა მეფის ასულს შესძენიათ ვაჟი, ბაგრატი, რომელმაც გააერთიანა აფხაზთა და ქართველთა სამეფოები.
1010 წელს გარდაიცვალა დავით ქორეპისკოპოსი და ტახტზე ავიდა კვირიკე მესამე. კვირიკეს ერთი და ცოლად ჰყავდა მეათე საუკუნის ბოლოს საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს სომეხ მეფეს – დავით „უმიწაწყლოს“, ბაგრატუნს, კვირიკიანს. კვირიკეს მეორე და გათხოვილი იყო აშოტ მარილელზე, მარილისის ციხის მფლობელ დიდაზნაურზე.
1010 წელს ბაგრატ მესამემ კახეთი და ჰერეთიც დაიკავა და მისი ქორეპისკოპოსი, თავისი ახლო ნათესავი – ბიძაშვილი, დედამისის, გურანდუხტის ძმის, ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ასულის შვილი, კვირიკე ქორეპისკოპოსი დაატყვევა და კახეთ-ჰერეთი შეუერთა აფხაზთა და ქართველთა სამეფოს.
1014 წელს გარდაიცვალა მეფე ბაგრატ მესამე. ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი გიორგი პირველი. კახელი დიდებულების ერთმა ნაწილმა მოითხოვა კვირიკეს გათავისუფლება. ბაგრატის ძე მოერიდა ქართველთა შორის სისხლისღვრას და კვირიკე გაათავისუფლა. ჭაბუკი გიორგი პირველი კარგად ხედავდა ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობას, მაგრამ ქართველთა ერთიანობა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რადგან, ბიზანტიელი ოკუპანტების წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა. კვირიკემ გიორგი მეფეს ფიცი მისცა, რომ დაეხმარებოდა ბიზანტიელებთან ბრძოლაში. მართლაც, 1021 წელს კვირიკე მეფე ჯარით გამოცხადდა გიორგი აფხაზის დასახმარებლად კეისარ ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელის წინააღმდეგ ომში. მაგრამ დააგვიანა. კახთა გამოჩენამ მაინც იმოქმედა ბასილი კეისარზე და საქართველოს სიღრმეში შემოსვლა ვერ გაბედა.
კვირიკემ მტკიცედ გააერთიანა კახეთი და ჰერეთი, მიიღო მეფის ტიტული. ძველი ტაძრის ადგილას ააგო ალავერდის დიდებული ტაძარი.
მეფე გიორგის პირველი ცოლი იყო სომეხთა ერთ-ერთი სამეფოს, ვასპურაკანის მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული მარიამი, მერე კი, როცა ბიზანტიელებთან დამარცხდა და ბიზანტიელებმა გააუქმეს ვასპურაკანის სამეფო, პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირის მოძიების მიზნით ცოლად მოიყვანა ოსთა მეფის ასული, ალდე. გიორგი პირველს ორ ცოლთან ხუთი შვილი შესძენია: „ესხნეს შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გურანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო“.
1027 წელს გარდაიცვალა ოკუპანტების დაუძინებელი მტერი, გიორგი პირველი და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, ბაგრატ მეოთხე.
ბაგრატ მეოთხეს, მარიამ დედოფლის ინიციატივით, 1032 წელს ცოლად შერთეს ბიზანტიის კეისრის რომანოზ მესამე არგირეს ძმის, ბასილის ასული, ელენე. მაგრამ, ელენე მალე გარდაიცვალა. მერე ბაგრატ მეფემ ცოლად მოიყვანა ოსთა მეფის, დორღალელის და.
დავით უმიწაწყლოს და მის ქართველ ცოლს ჰყავდათ ვაჟები: კვირიკე, მათი ტახტის მემკვიდრე, გაგიკი, სუმბატი და ადარნასე.
სამწუხაროდ, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე მესამე დიდს ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ იშვილა თავისი დისწული, ტაშირ-ძორაგეტის მეფის ერთ-ერთი ვაჟი, გაგიკი. სავარაუდოდ, გაგიკი ქართულად აღზარდა კვირიკე მეფემ და ალბათ, მართლმადიდებელიც იყო. სხვა შემთხვევაში, მართლმორწმუნე კვირიკე მეფე, ალავერდის განმაახლებელი, სარწმუნოებით სომეხს, ტახტის მემკვიდრედ ვერ გამოაცხადებდა და არც კახელი დიდებულები მიიღებდნენ სომხური აღმსარებლობის ადამიანს ხელმწიფედ.
1037 წელს ტფილისის აღება გადაწყვიტა ახალგაზრდა ბაგრატ მეოთხემ, მას ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე მესამე დიდი. ტფილისის ალყის დროს კვირიკე მეფეს მიეპარა ერთი ოსი მონა და ვერაგულად მოკლა, თავისი ყოფილი მეფის, ურდურეს სისხლის გამო, რომელიც ადრე კვირიკე მესამესთან ბრძოლაში მომკვდარიყო.
კახეთ-ჰერეთის ტახტზე ავიდა გაგიკ კვირიკიანი, ბაგრატუნი.
კახეთ-ჰერეთის დიდებულთა ერთი ნაწილი (კერძოდ, კვირიკე დიდის კიდევ ერთი დის ქმარი, აშოტ მარილელი და სხვები) უკმაყოფილონი იყვნენ სომხის გამეფებით კახეთ-ჰერეთში. უნდოდათ, კახეთი და ჰერეთი ერთიან ქართულ სამეფოს შეერთებოდა. პრინციპში, ეს ლეგიტიმური იქნებოდა, რადგან კვირიკე დიდი დედით აფხაზთა მეფის შვილი იყო, ხოლო ბაგრატ მეოთხე, ასევე, აფხაზთა მეფეების შთამომავალი, თან ქართველი, მართლმადიდებელი და მას უფრო ეკუთვნოდა კახეთ-ჰერეთი. აშოტ მარილელი და ბაგრატ მეფის დიდებულები შეთანხმდნენ გაგიკის წინააღმდეგ ერთიან მოქმედებაზე.
ბაგრატ მეოთხემ გაილაშქრა კახეთისკენ. ბრძოლა გაიმართა მიქელ-გაბრიელის მთაზე. ბაგრატის მეომრებმა შეიპყრეს „სტეფანოზ ვარჯანისძე, პანკისის ერისთავი; ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დის-წული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა“. მერე თიანეთში შეიჭრნენ და დაწვეს კვირიკე დიდის მიერ აშენებული ბოდოჯის სასახლე (ცხრაკარა). კახეთის ერისთავები მორჩილებას უცხადებდნენ ბაგრატს და სთხოვდნენ, მიეღო მათგან ციხეები. მაგრამ, ბიზანტიელების ჯარის საქართველოში შემოჭრის გამო ვეღარ მოახერხა ქართველთა მეფის ჯარმა კახეთის დაკავება. გაგიკ მეფის ჯარი ბიზანტიელებს მიეშველა, მაგრამ, ზამთრისა და ბაგრატ მეოთხის ერთგული მეომრების თავდადების გამო ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს ბრძოლის გაგრძელება და გავიდნენ საქართველოდან.
1045 წელს გაგიკ კვირიკიანი ტფილისთან ეახლა ბაგრატ ბაგრატიონს და ყმადნაფიცად ეთაყვანა.
1048 წელს, დავით უმიწაწყლოს გარდაცვალების შემდეგ, ტაშირ-ძორაგეტის მეფე გახდა მისი ვაჟი, კვირიკე, გაგიკის ძმა. ამგვარად, ქვემო ქართლს და კახეთ-ჰერეთს აკონტროლებდნენ კვირიკიანები. ისინი ცდილობდნენ, ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ, რათა ბაგრატს არ გაეუქმებინა მათი სამეფოები და ერთიანი სამეფოსთვის არ შეეერთებინა.
ბაგრატ მეოთხემ თავის და, გურანდუხტი, მიათხოვა სუმბატ ბაგრატუნს, ტაძირ-ძორაგეტის მეფე კვირიკესა და კახეთ-ჰერეთის მეფე გაგიკის ძმას. სუმბათს და გურანდუხტს შეეძინათ ასული, რომელსაც ბებიის პატივსაცემად მარიამი დაარქვეს, რომელმაც მერე დიდი სამსახური გაუწია საქართველოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





