ისტორია

რა ფერის დროშები ჰქონდა საქართველოს მეფეს, გიორგი მესამეს

№15

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 19.04

ისტორია
დაკოპირებულია

გიორგი მესამემ 1161 წელს გაათავისუფლა სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი ანისი. უამრავი მაჰმადიანი მეომარი ტყვედ აუყვანიათ ჩვენს წინაპრებს. მეფემ დიდძალი საბოძვარი გასცა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სომხური ცნობით, ანისის მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, საჩუქრად დაურიგა 40 000 დრაჰკანი (ოქროს ფული, იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა). ადრე ტყვედ წაყვანილი მოქალაქეები გამოისყიდა და ანისში დააბრუნა.

მაჰმადიანების მთავრები კვლავ გაერთიანდნენ და დიდი კოალიცია მოადგა ჩვენს სამშობლოს. ქართული წყარო გვიამბობს, რომ მაჰმადიანები პირდაპირ შებრძოლებას მოერიდნენ, ვითომ უკან დაიხიეს, გაეცალნენ საქართველოს. დამშვიდდა მეფე, ჯარი გაუშვა და დასასვენებლად გაემართა მცირერიცხოვანი ამალით. მტრებს, თურმე, მანევრი ჰქონიათ ჩაფიქრებული, მოულოდნელად მოტრიალდნენ და სწრაფი მარშით გამოემართნენ, რადგან აგენტებისგან ცნობა მიუვიდათ, მეფე გიორგი მცირე ჯარით დგასო. უკან მობრუნებულები, ლორეში, სოფელ გარგართან, გამთენიისას მოულოდნელად თავს დაესხნენ სანადიროდ და სალხინოდ მცირე სამხედრო შენაერთით მდგომ მეფე გიორგის ბანაკს და დაამარცხეს. მაჰმადიანების ისტორიკოსები არც მალავენ, რომ ღალატით გაიმარჯვეს მეფე გიორგიზე. ჩვენი ხელმწიფე დიდებულებმა ძალით გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან, არ უნდოდა, ზურგი ეჩვენებინა მაჰმადიანებისათვის. მაგრამ, ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი იყო მეფის გადარჩენა, რომ სამეფო არ დაღუპულიყო და მერე შური ეძიათ მტრებზე.

გამარჯვებულ მაჰმადიანებს ხელთ ჩაუვარდათ მეფე გიორგის სამხედრო ბანაკის აღჭურვილობა. ის იმდენად მდიდრული ყოფილა, რომ გაოცებას ვერ მალავდნენ. ეს ცნობები გამოქვეყნებული აქვს ისტორიკოს მამუკა წურწუმიას. მაჰმადიანი სადრ ად-დინ ალ-ჰუსაინი წერს: „მუსლიმებმა ხელთ იგდეს ნადავლი, რომლის მსგავსი არც მათ და არც სხვა ლაშქარს აროდეს ეშოვა. მეომრები დამძიმდნენ ალაფით, ცხენებით, მრავალი ნივთით, მშვენიერი კარვებითა და მარგალიტის მსგავსი მონებით. სამეფო ქონებიდან ხელში ჩაიგდეს ვერცხლის ბაგები, რომლითაც მეფის ცხენებს არწყულებდნენ, საჭმლის მოსამზადებელი ჭურჭელი, მაგიდები, თეფშები, ლანგრები და დოქები, ყველანი ოქროსგან ნაკეთები. მეფის ხაზინაში იპოვეს აურაცხელი ძვირფასი თვალი, ოქრო, მარგალიტი და მარჯანი“...

მაშასადამე, ჩვენი მეფეების ცხენებს, წყალს უბრალო ლითონის კი არა, ვერცხლის ჭურჭლიდან ასმევდნენ. ხოლო მეფე და მისი სარდლები საჭმელს და სასმელს ოქროს ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. ამ ცნობაში, წერია თითქოს მეფის ხაზინა ჩაიგდეს ხელთ მაჰმადიანებმა, რაც გადაჭარბებულია. მთელ ხაზინას რომ დაპატრონებოდნენ, ვერც მოერეოდნენ წასაღებად. მათ მხოლოდ მეფის სამხედრო ბანაკის ქონება ჩაუვარდათ ხელთ. ხაზინა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ციხესა თუ მონასტერში იყო დაცული და არა მხოლოდ ერთ ადგილას, ხოლო მეფეს თვალ-მარგალიტები და ოქრო იმიტომ ჰქონდა თან, რომ მუდმივად უწევდა დამსახურებული მეომრების დასაჩუქრება.

მაჰმადიანი იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი წერს: ქართველთა „ქონებიდან იმდენი მოინადავლეს, რომ აღწერა ან დათვლა შეუძლებელი იყო. ხელში ჩაიგდეს მეფის საჯინიბო, რომლის ბაგები ვერცხლისა იყო. მეფის მარანი სრულად მოიხელთეს, ვერცხლის დიდი კასრების ჩათვლით“.

ამ ცნობაშიც მეფის საჯინიბოს ვერცხლის ჭურჭელზე საუბრობს ალ-ფარიკი. მეფის მარანში, ალბათ, იმ სანადირო და სალხინო პერიოდისთვის განკუთვნილი ღვინო იგულისხმება, რა დროითაც განცხრომისათვის გაემგზავრა ჩვენი ხელმწიფე ლორეში. მაჰმადიანების დიდი ნაწილი ღვინოს არ სვამს და არ სვამდა მაშინაც, მაგრამ, მათი მთავრები ხშირად კარგად ლოთობდნენ. აღნიშნულ ღვინოსაც დალევდნენ, რა თქმა უნდა.

ალ-ფარიკი განაგრძობს: „ერთი მათგანი სულთანს მიართვეს. წყვილი ასეთი კასრის ტრანსპორტირებისათვის ერთი საზიდარი გახდა საჭირო. სულთანმა ის თავისთან გააგზავნა 2 ათასი დინარის ღირებულების სხვა საქონელთან ერთად. ჰამადანის მთავარ მეჩეთს მან გაუგზავნა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რათა ისინი წყლის სასმელად გამოეყენებინათ.

მეორე კასრი თურქმენებს შეხვდათ, რომელთაც ის ნაწილებად დაამტვრიეს... შაჰ-არმენს სამი საპალნე ერგო: ერთში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი იყო, მეორეში – მეფის სამლოცველო თვლებით მოოჭვილი ოქროსა და ვერცხლის ჯვრებით, ოქროსა და ძვირფას ქვებში ჩასმული ფასდაუდებელი სახარებებით, რომლის მსგავსი არსად მოიპოვებოდა; მესამეში – აურაცხელი და შეუფასებელი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები მეფის ხაზინიდან”.

აღნიშნული ცნობებიდან ისიც ჩანს, რომ მეფესა და მის სარდლებს მუდამ თან ჰქონდათ სასულიერო ლიტერატურა, ძვირფასად მოოჭვილი სახარებები და ხატები. ლაშქრობებისა და ნადირობების დროსაც ჩვენი წინაპრები ყოველთვის ლოცულობდნენ და სასულიერო რიტუალებიც ტარდებოდა ხოლმე საომარ ბანაკებში მეფის მოძღვრის ან სხვა სასულიერო პირების მიერ.

ასევე, მაჰმადიანის, ზაჰირ ად-დინ ნიშაბურის თანახმად, მუსლიმები „მოულოდნელად დაეცნენ მათ (ქართველებს) თავს და დაიტაცეს მისი (აფხაზთა მეფის) ხაზინა და ოქროს ჯვრები და ვერცხლის ჭურჭელი, მათ (მუსლიმებმა) წაიღეს ყველაფერი”.

მაგრამ, მაჰმადიანებმა გამარჯვება ვერ განიმტკიცეს. სპარსი მემატიანის, მუჰამედ იბნ ალი რავენდის გადმოცემით: „ათაბაგის სიფრთხილე რომ არა, რომელმაც მუსლიმთა ლაშქარს უკანმოუხედავი დევნა აუკრძალა, ერთი ქართველიც ვერ გაიქცეოდა და აფხაზთა მეფეც ტყვედ ჩავარდებოდა. თუმცა ყველა თეთრი დროშა, ოქროს ჯვრები, ვერცხლის კასრები, ხაზინა და მარანი მოინადავლეს და მეფე, ფეხშიშველი, ბოლო წამს მოახტა ცხენს და თავს უშველა”.

მაშასადამე, სპარსი რავენდის ცნობა ადასტურებს, რომ ჩვენი ხელმწიფის ბანაკს, მაჰმადიანები მოულოდნელად, ღამით დასხმიან თავს, მეფეს ეძინა და არც ბრძოლას მოელოდა, თორემ საომრად აღჭურვილი იქნებოდა.

ასევე, ეს უკანასკნელი ცნობა, სხვა ცნობების მსგავსად, ამტკიცებს, რომ არა მოულონდელი თავდასხმა, მაჰმადიანები გამარჯვებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ, ადარბადაგანის ათაბაგ ელდიგუზის რჩევით, მტრებმა ვერ გაბედეს გამოჰკიდებოდნენ ქართველთა მეფეს და მის მცირერიცხოვან ამალას, ვერ გაბედეს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემოსვლა. ამას ადასტურებს ქართველი მემატიანეც.

ცნობა იმითაცაა საინტერესო, რომ მეფის დროშების ფერის შესახებ გვაუწყებს, თუ თარგმანი სწორია – თეთრი დროშები ჰქონია საქართველოს მეფეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

15-21 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული