ისტორია

რა ფასად და რატომ გაათავისუფლა თამარ მეფემ ბასიანში დატყვევებული ერზინკის ამირა

№14

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.04

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

იკონიის (რუმის) სულთან რუქნადინს დიდი ხანი ჰქონია ჩაფიქრებული საქართველოს დალაშქვრა. გახდა თუ არა სულთანი, დაიწყო მზადება და მოუწოდა თავის ძმებსა და სხვა მაჰმადიან სულთნებს, ამირებსა და ბეგებს საქართველოზე გამოლაშქრებისკენ. როგორც ჩანს, საღვთო ომის სახეც მისცეს. ამას გვაფიქრებინებს რუქნადინის შეურაცხმყოფელი წერილი თამარ მეფისადმი და ქრისტიანებისადმი და ისიც, რომ, ერზინკის მელიქს, ფაჰრად-დინ ბაჰრამ შაჰს, იმ ომში მონაწილეობისათვის, მერე უწოდეს ღაზი, რაც „ურწმუნოებთან მეომარს“ ნიშნავს.

ჯარის შეყრის ადგილად ერზინჯანი (ერზინკ ქალაქი) იყო დათქმული, იქვე შეგროვდა სურსათი უზარმაზარი ჯარისთვის. რუქნადინის ლაშქარი, როგორც მაჰმადიანი ისტორიკოსები ამბობენ, „ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი“ ყოფილა. ბასილი ეზოსმოძღვარის მიხედვით: „ზეშთა იყო რიცხïსა“.

იკონიის ჯარის გარდა, რუქნადინის ლაშქარში ყოფილან სხვადასხვა მთავრები: მათ შორის, ერზინჯანის, ერზინკის (ეზინკის) მალიქის (მთავრის, მეფის) ფაჰრად-დინ ბაჰრამ შაჰის (ფაჰრ ალ-დინ ბაჰრამ შაჰი) ჯარი და სხვები.

ჩვენმა წინაპრებმა სასტიკად დაამარცხეს რუქნადინისა და მისი მომხრეების ურიცხვი ჯარი, რუქნადინმა მიატოვა ბრძოლის ველი, დროშა და გაიქცა. ბევრი ამირა ტყვედ აიყვანეს ჩვენებმა და ტფილისში წამოიყვანეს.

ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედი მიფენითა, და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი წარჩინებულნი მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თïსსა. თამარ ყოველთა ნუგეშინის-ცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყïსად. და წარგზავნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თïნიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიჭირა ტფილისს პატიმრად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ“...

მაშასადამე, ამ ცნობის მიხედვით, თამარ მეფემ ტყვე სარდლები ანუგეშა, შეჰპირდა რომ არ მოკლავდა და სერის (საღამოს, ვახშმის) სუფრა გაუშალა ტყვეებს. შემდეგ ისინი ციხეებში გადააგზავნა. ციხეში არ გადაუგზავნია რუქნადინის სიძე, ერზინკის მალიქიმ ფაჰრ ად-დინ ბაჰრამ შაჰი, არამედ, ტფილისში ჰყავდა პატიმრად, საკმაო პატივში.

რა თქმა უნდა, მაშინდელი საქართველოს მესვეურები იცნობდნენ ახლო აღმოსავლეთის ვითარებას. იცოდნენ, რა ხდებოდა მეზობელ ქვეყნებში. კარგად ჰქონდათ შესწავლილი სხვადასხვა მბრძანებლების ბიოგრაფიები, იცოდნენ მსოფლიოში მიმდინარე კულტურული ცხოვრების შესახებ და სხვა. მოკლედ, თამარ მეფე კარგად იყო ინფორმირებული.

რა ინფორმაცია არსებობდა ერზინკელ მალიქზე? ის იყო ყოფილი სულთნის, ყილიჩ არსლან მეორის ქალიშვილის ქმარი, ანუ რუქნადინის სიძე, დის ქმარი.

იმ დროს საქართველოს ერზინკის საამიროზე გარკვეული პოლიტიკური გავლენა ჰქონდა. რა თქმა უნდა, რომ არა ზეწოლა ერზინკაზე, არზრუმზე და სხვა საამიროებზე, რუქნადინის მხრიდან, ერზინკელი ვერ გაბედავდა საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრებას, როგორც არზრუმის ამირამ ვერ გაბედა, რისთვისაც გადააყენეს. თამარ მეფე, როგორც ადამიანებისადმი დიდი თანაგრძნობით განმსჭვალული ადამიანი, ამ ყველაფერს ხვდებოდა.

გარდა ამისა, თამარ მეფემ გაითვალისწინა სხვა ფაქტორებიც. ერზინკელი ტყვე იყო საკმაოდ ასაკიანი. ის ერზინკის მბრძანებელი გახდა დაახლოებით იმ დროს, ჩვენი დედოფალი რომ დაიბადა. ფაჰრ ად-დინ ბაჰრამ შაჰი ყოფილა განათლებული და კარგი ადამიანი, გულისხმიერი მმართველი თავისი საამიროსი.

არ იყო დიდი მისი საბრძანებლო, სულ ოთხ დიდ ქალაქს მოიცავდა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, თუმცა, მისი სამფლობელო სავაჭრო გზებზე იყო და კარგი შემოსავალი ჰქონდა. როგორც მისი თანამედროვე მაჰმადიანი ისტორიკოსები წერენ, ყოფილა კარგი მმართველი. როგორც ამბობენ, ყოველ ქორწილში ან გასვენებაში მიდიოდა, თურმე, და მიჰქონდა ფული, საჩუქრები და საჭმელი. თუ თვითონ ვერ მიდიოდა, აგზავნიდა მსახურებს. არის ცნობა, რომ ზამთრობით ფრინველებისა და გარეული ცხოველებისთვის ურმებით მთებში საჭმელი მიჰქონდა.

ძალიან სერიოზული სალიტერატურო სკოლა, სამეცნიერო დაწესებულებები და სასულიერო დაწესებულებები არსებობდა მაშინ ერზინჯანში (ერზინკში), სადაც მოღვაწე მწერლებს, მეცნიერებსა და რელიგიურ მოღვაწეებს აფინანსებდა, ეხმარებოდა და მფარველობდა ერზინკის ამირა.

ერზინკის სასახლეში მიუწვევია იმ დროისთვის სახელგანთქმული მეცნიერი-მედიკოსი აბდულატიფ ალ-ბაღდადი, რომელსაც დიდ ფულს უხდიდა. ჯალელედინ რუმის მამა, ბაჰაედინ ვალადი სტუმრობდა, თურმე, მას ერზინკში 3-4 წელი და ქადაგებდა მისთვის ერზინკის მედრესეში.

ერზინკის ამირა მფარველობდა, თურმე, ხაყან შირვანსაც, დიდ სპარსულენოვან პოეტს.

დიდმა სპარსულენოვანმა პოეტმა, ნიზამი განჯელმა (გ. 1203) ფაჰრად-დინ ბაჰრამ შაჰს მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი დიდაქტიკური თხზულება „საიდუმოებათა საგანძური“ და რომელიც პირველადაა შექმნილი მის პოემათა ხუთეულიდან და დაწერილია 1173-1179 წლებს შორის, სხვა ვერსიით – 1166 წელს, ან ცოტა ხნის მერე. თხზულებაში არის თავი „ქება მეფისა ფაჰრად-დინ ბაჰრამ შაჰისა“, სადაც დიდი პოეტი ფაჰრად-დინ ბაჰრამ შაჰსა და სასანიდების ნახევრადლეგენდარულ შაჰს, ბაჰრამ გურს შორის სიმბოლურ პარალელებს ავლებს და ერზინკელ მთავარს ადარებს წინასწარმეტყველ სულეიმანს, ანუ ძველი ისრაელის წმიდა მეფეს, სოლომონ დავითის ძეს.

სამაგიეროდ, ერზინკის გულუხვმა მბრძანებელმა ნიზამი განჯელს გაუგზავნა 500 ოქროს მონეტა, ხუთი ჯორი, ხუთი შეკაზმული ცხენი და ძვირფასი სამოსი.

მაჰმადიანი ისტორიკოსების ცნობით, ფაჰრ ად-დინ ბაჰრამ შაჰი თამარ მეფეს გაუთავისუფლებია, რადგან, მას გულისხმიერ და კარგ მმართველად მიიჩნევდაო. შეიძლება, ამის გამოძახილი იყოს ბასილი ეზოსმოძღვრის ცნობა: „ხოლო უკანასკნელ ეგეოდენი სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა, რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თïსისა და დიდებად, რომლის არაოდეს. ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან. ესე ყო დიდებად და საჰსენებელად თïსა“.

შესაძლოა, თამარ მეფეს, ფაჰრ ად-დინ ბაჰრამ შაჰის შვილებმა და ახლობლებმა შესთავაზეს გამოსასყიდი მამის გათავისუფლებისათვის, რაც არ აიღო ჩვენმა ხელმწიფემ და იგი, სიმბოლურად, ერთი ნალის ფასად გაათავისუფლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა