ისტორია

რა ნათესაური კავშირი შეიძლება, ჰქონოდა ფარნავაზ მეფეს აქემენიდებთან, ალექსანდრე მაკედონელის შვილთან და დიადოქოსებთან

№13

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.04

ისტორია
დაკოპირებულია

(მეორე რედაქცია. იბეჭდება შემოკლებით)

სახელი ფარნავაზი (ფარნაბაზი, ფარნაბაზუსი) არსებულა აქემენიდთა შორის. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნიდან არსებობდა აქემენიდების განაყოფი ფარნაკიდების დინასტია. დინასტიის დამაარსებელი იყო დარიოს პირველი დიდის (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 522-486) ბიძაშვილი ფარნაკი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 565-497). ფარნაკს ჰყავდა შვილი, არტაბაზი (პირველი). მას დიდი გავლენა ჰქონდა არტაქსერქსე პირველზე (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 486-465) და იყო მისი ერთ-ერთი სარდალი საბერძნეთში შეჭრისას. არტაბაზი ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად დანიშნეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 477 წელს. სატრაპი („სამეფოს დამცველი“) სატრაპიის, ოლქის მმართველი იყო, რომელიც განაგებდა სამხედრო-ადმინისტრაციულ და სასამართლო საქმეებს ადგილებზე, ფულსაც ჭრიდნენ ხოლმე საკუთარ სახელზე.

ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, არტაბაზის გარდაცვალების მერე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 455 წელს, დაინიშნა მისი ვაჟი, ფარნაბაზ პირველი (ზოგიერთის აზრით, არტაბაზის უმცროსი ძმა).

ფარნაბაზ პირველის მერე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 430 წელს, სატრაპი გახდა მისი ვაჟი, ფარნაკ მეორე. ფარნაკის მერე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 420 წელს, სატრაპი გახდა მისი ვაჟი ფარნაბაზ მეორე (ზოგიერთის აზრით, უმცროსი ძმა), რომელსაც ცოლად ჰყავდა არტაქსერქსე მეორის ასული, აპამა. ფარნაბაზისა და აპამას ვაჟი იყო არტაბაზ მეორე. არტაბაზთან მსახურობდა ცნობილი ბერძენი სარდალი მემნონ როდოსელი, რომლის ძმა, მენტორი სპარსული ჯარების ერთ-ერთი მთავარსარდალი იყო. არტაბაზს ცოლად ჰყავდა მემნონისა და მენტორის და.

ფარნაკიდები დაუახლოვდნენ ელინურ კულტურას.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 356 წელს არტაბაზი და მისი ბიძაშვილი, მცირე აზიის სატრაპი ორონტი აუჯანყდნენ არტაქსერქსე მესამეს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 359-338), მაგრამ დამარცხდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 353 წელს. არტაბაზი, ვაჟ ფარნაბაზთან და ოჯახთან ერთად, მაკედონიაში გაიქცა, ფილიპე მეორესთან, ალექსანდრე მაკედონელის მამასთან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 345 წელს არტაბაზს აპატიეს დანაშაული და დააბრუნეს.

არტაბაზის შვილებიდან ცნობილია ზოგიერთის სახელი ვაჟები: ფარნაბაზი, აშრამი, კოფენი, ილიონეა და ასულები: არტაკამა, აპამა, არტონიდა და ბარსინა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 333 წელს, ისოსის ბრძოლაში, დარიოსი დამარცხდა ალექსანდრე მაკედონელთან. ფარნაბაზი აგრძელებდა ბრძოლას. მაგრამ ჯარი შემოეცალა, დაამარცხეს, დაატყვევეს და მიჰგვარეს ალექსანდრეს, თუმცა, მოახერხა გაქცევა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 331 წელს, არტაბაზ მეორე მონაწილეობდა გავგამელას ბრძოლაში. ალექსანდრემ გაიმარჯვა. დარიოსი გაიქცა, თუმცა, მალე მოღალატეებმა მოკლეს.

არტაბაზ მეორე ბოლომდე ერთგული იყო დარიოს მესამის, მერე კი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა მაკედონელს. მისი ქალიშვილი, ბერსინა უყვარდა ალექსანდრეს, ალბათ, მაკედონიაში გატარებული ბავშვობის დროიდან. სპარსეთის დაპყრობის მერე საყვარლად გაიჩინა და შვილიც შეეძინა მისგან – ჰერაკლე. ალექსანდრემ არტაბაზი დანიშნა ისტორიული ოლქების, სოგდიანასა და ბაქტრიის სატრაპად.

არტაბაზის სხვა ქალიშვილებიდან – არტაკამა ცოლად მოიყვანა ალექსანდრე მაკედონელის მეგობარმა, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ფარაონმა, პტოლემემ. აპამა გახდა დიადოქოს სელევკის ცოლი, რომლისგანაც შეეძინა მემკვიდრე ვაჟი ანტიოქე. ტყვეობიდან გაქცევის შემდეგში ფარნაბაზი კარგა ხანს არ ჩანდა. მაგრამ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 324 წელს ფარნაბაზის და, არტონიდა ცოლად მოიყვანა ალექსანდრეს სარდალმა, დიადოქოსმა ევმენ კარდიელმა. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ევმენი დაეხმარა პერდიკეს რეგენტად გახდომაში. რისთვისაც მიიღო კაპადოკიისა და პაფლაგონიის სატრაპობა. ფარნაბაზიც მის გვერდით ჩანს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 321 (ან 320) წელს, ჰელესპონტის ბრძოლაში, სადაც კავალერიას სარდლობდა. იმ ბრძოლაში ევმენმა მოკლა არმენიის ბერძენი სატრაპი (ან სარდალი), ეპირის სამეფო დინასტიის წევრი ნეოპტოლემე, რომელიც 322 წელს მაკედონიის იმპერიის რეგენტმა პერდიკამ დანიშნა არმენიაში შეჭრის დროს.

იმ ხანებში, ჩვენთან, მცხეთაში მამასახლისად იჯდა სამარა, ჩვენი მომავალი ხელმწიფის, ფარნავაზის მამის ძმა.

სატრაპი ფარნაბაზ მესამე დაიბადა დაახლოებით 370 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. დაახლოებით 35 წლის ასაკიდან შეიძლება, ჰყოლოდა უკვე შვილიშვილები ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 335 წლიდან.

ჩვენი ფარნავაზ მეფე, სხვადასხვა მეცნიერის გამოთვლით, დაახლოებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 309-272 წლებში ავიდა ტახტზე, 27 წლის ასაკში. ანუ, ჩვენი ფარნავაზი უნდა დაბადებულიყო 336-299 წლებს შორის.

ყველაფერი ემთხვევა.

თუ გავიხსენებთ ქართულ გადმოცემებს ფარნავაზ მეფის დედის სპარსელობისა („ქართლის ცხოვრება“) და დარიოს მესამის ასულობის შესახებ (ანტონ კათალიკოსი, თეიმურაზ ბაგრატიონი), შეიძლება, ჰიპოთეტურად ასეთი სურათი ვივარაუდოთ – სამარა მამასახლისის ძმა, ბედის საძიებლად გაემართა სპარსთა იმპერიაში, შესაძლოა, არმენიის სატრაპიაში და შევიდა აქემენიდების სამსახურში. შემდეგ, მოუწია ფარნაკიდების, არტაბაზის, უფრო, არტაბაზის ვაჟის, ფარნაბაზის სარდლობის ქვეშ სამსახური, გაითქვა სახელი, როგორც მეომარმა (როგორც წერს თეიმურაზ ბაგრატიონი), წარმოშობაც დიდებულის ჰქონდა, მცხეთის მამასახლისის ძმა იყო და მიათხოვეს ფარნაბაზ მესამის ასული და სიმამრის პატივსაცემად, ვაჟს ფარნავაზი დაარქვა და დარიოსის დამარცხების მერე დაბრუნდა მცხეთაში. სატრაპი ფარნაბაზუს მესამე ქართულმა გადმოცემამ სპარსეთის მეფედ აღიქვა.

ჩვენი ფარნავაზი დაუკავშირდა სელევკიდთა დინასტიის დამაარსებელს, ალექსანდრე მაკედონელის სარდალს, დიადოქოს სელევკ პირველ ნიკატორს (ან მის ვაჟს, ანტიოქეს), მიიღო მისგან სამხედრო დახმარება აზოსთან ბრძოლაში. როგორც აღვნიშნეთ, სელევკს, სტრაბონის მტკიცებით, ცოლად ჰყოლია ფარნაბაზ მესამის და, აპამა. ანუ, თუ მართალია სტრაბონი და თუ მართალია ჩვენი ვარაუდი, სელევკის ცოლი და ჩვენი ფარნავაზის პაპა და-ძმანი ყოფილან, ანტიოქე კი ჩვენი მეფის ბიძა ყოფილა, ასევე, ალექსანდრე მაკედონელის ვაჟი.

ასე შეიძლება, აიხსნას ცნობა სამარა მამასახლისის ძმის ცოლის სპარსელობისა და თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობაც, რომ ჩვენი ფარნავაზის მამას ცოლად ჰყავდა სპარსეთის მეფის (სინამდვილეში მეფის ნათესავის, სატრაპის) ასული. ამგვარად, შესაძლოა, ჩვენი დინასტია ფარნავაზიანებისა ქალის მხრიდან იყოს ფარნაკიდების (ფარნაბაზიდების – ასეც შეიძლება ეწოდოს) შთამომავალი, ანუ აქემენიდების შთამომავალიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი