ისტორია

რა მოიფიქრა ტყვეობაში ბაგრატ მეხუთემ თემურ ლენგზე შურის საძიებლად

№38

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 27.09

ისტორია
დაკოპირებულია

1360 წელს გამეფდა ბაგრატ მეხუთე დიდი: „დაიპყრა ყოველი ივერია საბრძანებელსა შინა თïსსა, რამეთუ იყო მâნე, ახოვანი, ტანითა ძლიერი, შუენიერებითა ჰაეროვანი, უცთური მოისარი, სამâედროთა სრული, სამღუდელოთა პატივისმცემელი, მშვიდი, მოწყალე, შემმართებელი ძლიერი.“

1365-1366 წლებში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა, ისევე როგორც მთელ იმდროინდელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანი დაიღუპა. შავ ჭირს ემსხვერპლა ჩვენი ხელმწიფის პირველი ცოლი, დედოფალი ელენეც.

შემდეგ, საქართველოს მეფემ, ტრაპიზონელი ისტორიკოსის, მიქაელ პანარეტოსის თქმით, „გამოჩენილმა სარდალმა“, მეორედ იქორწინა. მოიყვანა ტრაპიზონის კეისრის ასული – ელენე.

1386 წელს სასტიკი დამპყრობელი თემურ ლენგი შემოიჭრა საქართველოს ფარგლებში. ქართველთა მეფე კარგი სარდალი, მეომარი და მმართველი ყოფილა, რისთვისაც ბაგრატ დიდი უწოდებიათ. მაგრამ, თემურ ლენგს მრავალრიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი, ყველაზე კარგად აღჭურვილი და იმ დროისათვის დაუმარცხებელი ჯარი ჰყავდა.

სომხეთიდან თემურ ლენგი მიადგა ქალაქ კარსს (ყარსი) და დაიკავა. მას მიმხრობია სამცხის ათაბაგიც, რომელიც გულუხვად დაუსაჩუქრებია ლენგს. ეტყობა, ათაბაგმა იფიქრა, რომ მსოფლიოს უდიდეს დამპყრობელთან ომით ვერაფერს გახდებოდა და ასე იყიდა თავისი სამთავროსთვის მშვიდობა, სავარაუდოდ, საქართველოს მეფესთან შეუთანხმებლად. ზამთარი ლენგმა თემურმა ყარსში გაატარა. გაზაფხულზე გადმოვიდა ქართლში და გადმოვლო აბოცი. გამოიარა თრიალეთი ისე, რომ წინ ვერავინ აღუდგა. მოაოხრა ყველაფერი, აიღო და დაანგრია ციხესიმაგრეები.

ბაგრატ მეფე ტფილისში გამაგრდა. კოჭლი თემური ძალიან გაბრაზდა, რომ ბაგრატ მეფე მასთან მორჩილების ნიშნად არ მივიდა და მოადგა ჩვენს დედაქალაქს.

ალყა კარგა ხანს გაგრძელდა. ბაგრატ მეფე და მისი მეომრები გამოდიოდნენ ქალაქიდან და ასე ებრძოდნენ მტერს. თემურ ლენგმა გაამართვინა საალყო მანქანები, რკინის ჩელტებით დაფარეს ისინი, რათა ცეცხლმოკიდებულ ისრებს ვერ დაეწვა და ქვებს არ დაეზიანებინა და შეუტიეს ტფილისს. მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და ტფილისი თემურ ლენგის ჯარებმა აიღეს.

ბაგრატ მეფე, დედოფალი და უმცროსი უფლისწული, დავითი ტყვედ აიყვანეს დამპყრობლებმა. თემურ ლენგმა ბაგრატ მეფეს მოსთხოვა, უარი ეთქვა მისი მტრის, ოქროს ურდოს ყაენის, თოხთამიშის მოკავშირეობაზე და მის მხარეს გადასულიყო. გარდა ამისა, თემური ითხოვდა, ჩვენს ხელმწიფეს უარი ეთქვა მართლმადიდებლობაზე და მაჰმადიანობა მიეღო. სამაგიეროდ, თემური ჩვენს მეფეს გაათავისუფლებდა და საქართველოს ხელმწიფედ ისევ ცნობდა.

რა თქმა უნდა, მაჰმადიანობის მიღებაზე ბაგრატ დიდმა უარი განაცხადა.

თემურ ლენგი ნადირობდა და ერთობოდა ყარაიაში. მერე ყარაბაღში გაემგზავდა და თან წაიყვანა საპატიო ტყვე, საქართველოს მეფე. რაღაც პერიოდი ბარდავში დაჰყვეს. თემური ისევ დაჟინებით ითხოვდა მეფისგან გამაჰმადიანებას.

მეფის უარით გაცეცხლებულმა გათურქებულმა მონღოლმა თავისი ჯარები შიდა ქართლის მოსაოხრებლად გააგზავნა. შიდა ქართლში თემურს აქამდე არ ულაშქრია.

თემურის ჯარებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულებს მბრძანებლის განკარგულება და შიდა ქართლი მოაოხრეს. უამრავი ადამიანი დახოცეს ან ტყვედ აიყვანეს. შემდეგ სვეტიცხოვლის წმიდა ტაძრის დანგრევას ცდილობდნენ – გამოუშალეს სვეტები, მაგრამ არ ჩამოიშალა არსუკიძის დიდებული ქმნილება, უფლის კვართის ტაძარი.

ქვაბთახევის (ქვათახევის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შეამწყვდიეს ბერები, მონაზვნები და გამოწვეს. დაარბიეს რუისის ღვთაების ეკლესია...

იქიდან კახეთში გადავიდნენ და ისიც მოაოხრეს...

საქართველოს აწიოკების შემდგომ სასტიკი კოჭლი შაქისკენ (ახლანდელი ჩრდილოეთ აზერბაიჯანი) გაემართა. იქაური და სხვა კავკასიელი თუ ირანელი მთავრები მორჩილების ნიშნად ეახლნენ და თაყვანი სცეს თემურ ლენგს. ბაგრატ მეფე ისევ თან ჰყავდა თემურს და კვლავ მაჰმადიანობის მიღებას სთხოვდა, სამაგიეროდ, ჰპირდებოდა თავისუფლებას, საქართველოში დაბრუნებას, უამრავ საჩუქარსა და დიდ პატივს. ბაგრატ მეფემ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ფორმალურად მიეღო ისლამი.

ძალიან გაუხარდა თემურ ლენგს ბაგრატ ხელმწიფის თანხმობა. დიდი პატივი სცა ჩვენს მეფეს, თავისი უძვირფასესი სახელმწიფო სამოსით შემოსა და უამრავი საჩუქარი გადასცა. მაშინ ბევრმა ტყვეობაში მყოფმა ქართველმა მიბაძა თავის მეფეს და მაჰმადის რჯულზე გადავიდა.

ძალიან წუხდა ბაგრატ მეფე, ძალიან განიცდიდა და ფიქრობდა: არ დავიძინებ, არც დავასვენებ ჩემს სხეულს, ვიდრე შურს არ ვიძიებო და საქმე ღმერთს მიანდო.

თემურ ლენგს შესთავაზა: ვინაიდან გავიგე თქვენი სარწმუნოების სიკეთე, ახლა გთხოვ, სრულიად დავუმორჩილო თქვენს რჯულს საქართველოს მოსახლეობა. თუ გსურს, მათი მოქცევა, მომეცი შენი ჯარი, წავალ ჩემი ქვეყნის კუთხეებს მოვივლი და გადმოვიყვან თქვენს სარწმუნოებაზე, მათ შორის მთიულებს, ოსებს, დვალებს, სვანებს, აფხაზებს და ყველას. მე დავარწმუნებ მათ თქვენი რჯულის სიკარგეშიო.

თემურ ლენგს ძალიან გაუხარდა ბაგრატ დიდის ასეთი განზრახვა, ურიცხვი საბოძვარი მისცა და 12 000 მხედარი გამოატანა საქართველოში. ალბათ, თემური ამ ჯარით შეეცდებოდა, საქართველოს მთის გადმოსასვლელები შეეკრა ოქროს ურდოსთვის.

როცა საქართველოს საზღვრებს მოუახლოვდნენ, მეფემ მალულად გააგზავნა თავის მემკვიდრე გიორგი უფლისწულთან ერთგული აზნაური რუს ეგნატაანთი და შეუთვალა: „მოვდივარ ლანგ თემურის ჯარით. შეკრიბეთ ლაშქარი და წინ დაგვხვდით რომელიმე ვიწრო ხეობაში. წინიდან და უკნიდან თავს დავესხათ, დავხოცოთ და ვიძიოთ შური, იმის გამო, რაც დაგვმართეს“.

უფლისწული გიორგი დიდი მეომარი იყო და ნამდვილი მართლმადიდებელი, შეაგროვა ჯარი, გამოემართა ხელმწიფე-მამის გამოსახსნელად და ერთ ვიწრო ხეობაში დახვდა გამაჰმადიანებული მონღოლების ჯარს. ბაგრატ მეფე მზად იყო, უცებ გადავიდა შვილის ბანაკში და ლომივით შეუტიეს თემურ ლენგზე გამწარებულმა ქართველებმა მტერს. გაჟუჟეს თორმეტი ათასი თათარი, ხოლო ჩვენებს თითქმის არ ჰქონიათ ზარალი.

ასე იძიეს შური ბაგრატ მეფემ, გიორგი უფლისწულმა და ქართველებმა თემურ ლენგის მიერ საქართველოს აოხრებისა გამო. თუმცა, წინ უფრო დიდი და უფრო სასტიკი ბრძოლები იყო მოსალოდნელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა