ისტორია

რა მოიმოქმედა წმიდა ვახტანგ მესამემ ქრისტიანობის მტრებისგან საქართველოს გადასარჩენად

№16

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 28.04, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გულდამძიმებული ბრუნდებოდა გილანის ომიდან ქართლის სამოცდამეშვიდე მეფე, ვახტანგ მესამე, „ყოვლითურთ სრული, სარწმუნოებით მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელი, მშვიდი და მდაბალი, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველი“.

გლოვობდა მეფე – ათასობით თანამებრძოლი ქართველი ვეღარ მოჰყავდა უკან ომიდან.

არ კი იცოდა – ახალი ხიფათი მოსდევდა უკან. რამდენიმე წლით ადრე, 1304 წელს, მონღოლთა ჰულაგუიდების სახელმწიფოს ილხანთა ტახტზე ავიდა არღუნ ყაენის მესამე შვილი, ყაზან ყაენის უმცროსი ძმა, ოლჯაითუ, რომელსაც ქართველები „ხარბანდას” სახელით იცნობდნენ. 16 წლამდე ქრისტიანი ყოფილა. დედამისმა, ქრისტეს მიმდევარმა ურუქ-ხათუნმა, ბავშვობაში ქრისტიანულად მოანათლინა და მაშინდელი რომის პაპის, ნიკოლოზ მეოთხის პატივსაცემად ნიკოლოზი დაარქვა, ვინაიდან, არღუნ ილხანს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან.

თავიდან, მონღოლური იმპერიის ნაწილებში, მათ შორის, ჰულაგუიდების საილხანოში, რომლის ვასალიც იყო აღმოსავლეთ საქართველოს მეფე, ტოლერანტული დამოკიდებულება იყო სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისადმი. იმპერიის შექმნისას მონღოლებმა გადასახადისგან გაათავისუფლეს რელიგიური ინსტიტუტები, მაგრამ ვითარება იცვლებოდა, განსაკუთრებით საილხანოში.

ჰულაგუიდების საილხანოს ცენტრი ირანში იყო. ირანული წარმოშობის მაჰმადიანები, რომელთაც ილხანთა კარზე დიდი თანამდებობები ჰქონდათ, თანდათანობით ახერხებდნენ, ყაენებსა და მათ შვილებზე გავლენა მოეხდინათ არა მარტო პოლიტიკური, არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც. 1295 წელს ოლჯაითუმ ისლამი მიიღო და ეწოდა ყიას ედ-დუნია ვა-დ-დინ მუჰამედ ხუდაბანდე ოლჯაითუ სულთანი.

აღზევებულ მაჰმადიან სპარსელ დიდებულებს ხელს არ აძლევდათ მონღოლების მიერ გატარებული სარწმუნოებრივი ტოლერანტობის პოლიტიკა და ცდილობდნენ, თავიანთი სარწმუნოება განემტკიცებინათ საილხანოსა და მისი ვასალების ტერიტორიაზე. რადიკალ ისლამისტებს არ მოსწონდათ ქართველთა სარწმუნოებრივი სიჯიუტე. ჩვენი წინაპრები ყველანაირად ცდილობდნენ, ველგან ხაზი გაესვათ საკუთარი სარწმუნოებისათვის. ვახტანგ მეფე, თავისი წინამორბედების მსგავსად, მონღოლი ილხანების სახელით გამოსულ იმ დირჰემებზე, რომლებიც საქართველოში იჭრებოდა, ჯვარს გამოსახავდა და არაბულად აწერდა: „სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, უფლისა ერთარსებისათა“. სხვა ქრისტიანებიც ადიდებდნენ მაცხოვარს საილხანოს ტერიტორიაზე არსებულ ქრისტიანულ ტაძრებში, თვით საილხანოს მთავარ ქალაქებშიც.

სპარსელი დიდებულები ფიქრობდნენ: გადავიტანთ მონღოლთა ბატონობას, გადმოვიყვანთ მათ ჩვენს კულტურასა და სარწმუნოებაზე და ისევ ჩვენ გავბატონდებით რეგიონშიო.

ახალი ყაენი კარგად ყოფილა განწყობილი ვახტანგ მეფისადმი, რადგან, ქართველი მემატიანის თქმით, კეთილი ადამიანი ყოფილა. მონღოლებს მოსწონდათ ჩვენი წინაპრების ერთგულება და თავდადება ომებში.

ანტიქრისტიანი ისლამისტები, ქართული მატიანის მიერ ხოდრისელებად (ხოდარასელებად) წოდებულნი, ეახლნენ ხარბანდას და უთხრეს: „თუ ყველა ქრისტიანს არ დაატოვებინებ სჯულს თუ არ დააქცევ ეკლესიებს, ვერ გაიმარჯვებ შენს მტრებზე და არ იქნება წარმატებული შენი მეფობა“. დაუჯერა ყაენმა და თავრიზსა და სხვა ქალაქებში დაანგრევინა ეკლესიები. არამაჰმადიანებს სპეციალური გადასახადი – ჯიზია დაუწესეს.

საქართველოს ჯერიც დადგა. ქართველთა მეფე ძალიან შემცირებული ჯარით მიემგზავრებოდა სამშობლოსკენ. დიდი ჯარი გამოგზავნა ოლჯაითუმ ქართველი ხალხისთვის სჯულის შესაცვლელად და ქართული ტაძრების დასანგრევად. ნახჭევანში წამოეწივნენ მონღოლები ვახტანგ მეფესა და გილანის ომში ძალიან შეთხელებულ ქართველთა ჯარს. როცა ჩვენმა ხელმწიფემ გაიგო, რაც ხდებოდა, არ შეშინდა, უფრო განმტკიცდა რწმენაში, თავის მეომრებს მიუბრუნდა და მიმართა:

„კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულნო და ქრისტეს ღმერთის აღმსარებელნო! იცით, ჩვენი სარწმუნოება მამა-პაპათაგან მოგვდგამს. გსმენიათ ქადაგება წმიდა მოციქულთა! იცით ღვაწლი და ახოვანება მოწამეებისა! თქვენი თვალით გინახავთ ტაძრებში უამრავი სასწაული. გსმენიათ სახარებიდან ჭეშმარიტი ღმერთის პირით ნათქვამი:

„რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“. ასევე: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“. ნუ შეშინდებით, წავიდეთ ყაენთან, დავდვათ სული ჩვენი იმისთვის, ვინც დადო თავისი სული ჩვენთვის. ჯერ ჩვენ გავწიროთ ჩვენი თავი სასიკვდილოდ, მერე იყოს ღვთის ნება და მან დაიცვას თავისი სამწყსო.“

ვახტანგ მეფის გმირებმა სიხარულით მიიღეს ხელმწიფის მოწოდება და გაემართნენ ურდოსკენ. მივიდნენ ყაენის კარზე, მუხლი მოიყარეს და ხმამაღლა მიმართა ჩვენმა ხელმწიფემ ილხანს:

„ისმინე, მაღალო და ძლიერი ყაენო, მოვიდა შენი ბრძანება, რათა ყველა ქრისტიანმა დავუტევოთ ჩვენი სჯული. ახლა ისმინე: თქვენს ბედნიერ პაპებსა და მამებს ამ სარწმუნოებით ემორჩილებოდნენ და მსახურობდნენ ჩვენი პაპები და მამები. ვერასოდეს გაიგონებდი, ქართველთა რჯული ცუდიაო. პირიქით, ყველაზე წარჩინებულები ვიყავით. სპარსთა სჯული უფრო საძაგლად მიაჩნდათ პირველ ყაენებს და მათ ხოცავდნენ, რადგან, მონღოლთა დასკვნით, სპარსნი იყვნენ მწამვლელნი, მამათმავალნი და კაცის მკვლელნი. ახლა თუ სპარსელებს უჯერებ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენ წინაშე არიან ჩემთან ერთად. მე მზად ვარ, მივიღო სიკვდილი ქრისტიანული სარწმუნოებისთვის, მერე ესენიც ყოველნი, შენ წინაშე მყოფი ქრისტიანები, მზად არიან და, აჰა, მოგვკვეთე თავი ყველა ჩვენგანს”, – და მიუშვირეს კისრები ქრისტესთვის თავდადებულმა მეფემ და მისმა თანამებრძოლებმა ყაენს.

ხარბანდა გაოცდა, პატივით ფეხზე წამოაყენა მეფე, ტკბილად მიმართა, პატიება სთხოვა და დააბრალა თავის მრჩევლებს. იმ დღეებში საილხანოს ერთ-ერთ დედაქალაქში, თავრიზში, ეკლესიებს ანგრევდნენ. ოთხ დღეში ოლჯაითუ ყაენის ოთხი შვილი მოკვდა.

ასე გადაარჩინა მეფე ვახტანგმა თავისი სამეფო მონღოლთა და ისლამისტთა გამანადგურებელი ლაშქრობისგან. წამოვიდა ყაენის მიერ პატივცემული ვახტანგ მეფე სამშობლოსკენ. ნახჭევანში რომ მოვიდნენ, მუცლის სალმობა შეეყარა მეფეს და გარდაიცვალა ქრისტესთვის თავგანწირული ხელმწიფე. წამოასვენეს მისმა თანამებრძოლებმა წმიდა მეფის ცხედარი და დმანისში დაკრძალეს.

არის მეორე ვერსიაც, უფრო გვიანდელი, ვიდრე ჟამთააღმწერლის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ მეფე და მისი თანამებრძოლები ყაენის ბრძანებით უწამებიათ და მოუკლავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი