ისტორია

რა მოეწონა განსაკუთრებით ილირიელი გლეხის შვილ ბიზანტიის იმპერატორს, ლაზეთის მეფის ჩაცმულობიდან

№46

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.11

ისტორია
დაკოპირებულია

518 წელს უშვილოდ გარდაიცვალა აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერატორი ანასტასიოს პირველი, არც ანდერძი დაუტოვებია. მის ნათესავებს არმია და პოლიტიკოსები არ უჭერდნენ მხარს. იპოდრომზე შეიკრიბა ქალაქის აქტიური მოსახლეობა (მათ იპოდრომის პარტიებსაც (ფრაქციებს) უწოდებენ) და მოითხოვდა ახალი იმპერატორის არჩევას. „იპოდრომის პარტიები“ დიდ როლს თამაშობდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.

სასახლეში მიბრძანდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე მეორე, კაპადოკიელი, მართლმადიდებლობის აქტიური დამცველი. მოვიდნენ დიდი თანამდებობის პირებიც. მოლაპარაკებები გაიწელა, იპოდრომზე შეკრებილებმა იმპერატორად გამოაცხადეს ვინმე იოანე, იმპერატორის გვარდიის ერთ-ერთი მხედართმთავარი, რომელიც შემდგომში გახდა ჰერაკლეას ეპისკოპოსი. დააყენეს ფარზე და ზეასწიეს. მაგრამ იპოდრომის ერთ-ერთმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა იოანეს. დაიწყო შეტაკება იპოდრომის ფრაქციებს შორის და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც.

შემდეგ არმიის ერთ-ერთმა დანაყოფმა, სქოლარებმა იმპერატორად გამოაცხადეს ერთ-ერთი თავისი მხედართმთავარი, რამაც ახალი შეტაკება გამოიწვია. იყო მცდელობა, აერჩიათ იუსტინე, სასახლისა და იმპერატორის დაცვის უფროსი, მაგრამ მან უარი განაცხადა. ბოლოს სენატორები ისევ იუსტინეს კანდიდატურაზე შეჩერდნენ. ზოგიერთი სქოლარი არ დაეთანხმა ამას. ერთი მიეჭრა იუსტინეს, მუშტი სთხლიშა და ტუჩი გაუხეთქა.

არის გადმოცემა, თითქოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ანასტასიოს იმპერატორმა ნახა სიზმარი, რომელშიც ეუწყა – დილას ვინც პირველად შევიდოდა მის საძინებელში, ის გახდებოდა მის მერე იმპერატორი. დილას მასთან რაღაც საქმის შესახებ მოსახსენებლად შევიდა ესკუვიტების (მისი პირადი გვარდიის) მეთაური იუსტინე. რამდენიმე დღეში იუსტინემ შემთხვევით ფეხი დააბიჯა იმპერატორის მოსასხამზე, ქლამინდზე. ანასტასიოსს გაუღიმია და უთქვამს: „რატომ ჩქარობ?“.

არმიამ მხარი დაუჭირა იუსტინეს და ყველაფერი გადაწყდა. იპოდრომის ფრაქციებიც დათანხმდნენ. იუსტინე შევიდა იპოდრომზე. ფრაქციები შეძახილებით მიესალმნენ. ახალარჩეულ იმპერატორს მიართვეს ძოწისფერი (მუქი წითელი) სამეფო ტანსაცმელი. ჯარისკაცებმა მოაფარეს ფარები და მან ჩაიცვა იმპერატორის ტანსაცმელი. შემდეგ ფარზე დააყენეს და ასწიეს. სამხედრო დროშები, რომლებიც აქამდე გლოვის ნიშნად მიწაზე ეწყო, აღმართეს. პატრიარქმა გვირგვინი დაადგა თავზე.

მოულოდნელი იყო იუსტინეს არჩევა იმპერატორად, არ იცოდა წერა-კითხვა, წარმოშობით იყო ილირიელი გლეხის ოჯახიდან. სიჭაბუკეში მწყემსავდა ღორებს. ერთხელაც ორ ძმასთან ერთად გადაწყვიტა ბედის საძიებლად კონსტანტინოპოლში გამგზავრება. მოიკიდეს ხმიადით სავსე ხურჯინები, ჩაიცვეს ცხვრის ტყაპუჭები და ფეხშიშველა გაუდგნენ გზას. თურმე, ეს გზა საიმპერატორო ტახტისკენ მიდიოდა. კონსტანტინოპოლში იუსტინე ჯარისკაცი გახდა. ათლეტური აღნაგობის იყო, ძლიერი, ადვილად ხვდებოდა თვალში ყველას და ადვილადაც მიიწევდა წინ. მონაწილეობა მიიღო ისავრიის აჯანყების ჩაქრობაში. 502-505 წლებში იბრძოდა აღმოსავლური პროვინციების საჯარისო ნაწილებში, ირანის წინააღმდეგ.

აღმოსავლეთში მსახურობისას იუსტინე მიხვდა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოებს – ლაზეთსა და იბერიას სპარსეთის წინააღმდეგ ომში. მით უმეტეს, იუსტინე იყო მართლმადიდებლობის ერთგული. ირანი ცდილობდა მაზდიანობის დანერგვას კავკასიაში ან მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის წახალისებას მაინც, რადგან ბიზანტიაში უმრავლესობა მართლმადიდებლობას აღიარებდა და პოლიტიკური წრეებიც უფრო მართლმადიდებლობის მხარეს იყვნენ.

შემდეგ დანიშნეს იმპერატორის პირადი დაცვის უფროსად. ალბათ, მისი იმპერატორად არჩევის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მართლმადიდებლობა.

იუსტინე იმპერატორად კურთხევისთანავე შეუდგა მართლმადიდებლობის დაცვას. გადააყენებინა მონოფიზოტობისადმი გადახრილი ორმოცდაათამდე სირიელი ეპისკოპოსი. ერთს კინაღამ ენა მოაჭრა ქალკედონის კრების ძაგების გამო.

ასეთი იყო იმპერატორი იუსტინე I. თუმცა, მისი ქვეშევრდომები არცთუ კარგად იქცეოდნენ ეგრისში. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოკავშირის, მეფისა და მოსახლეობის ინტერესები ილახებოდა.

წათე მეფე ცდილობდა რომაელთა „მოკავშირეობიდან“ გათავისუფლებას. დაუკავშირდა სპარსელებს, უარი თქვა ქრისტიანობაზე და დაიწყო ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, სპარსეთის შაჰმა კავად პირველმა დიდი დახმარება ვერ გაუწია ბიზანტიელების წინააღმდეგ წათეს.

იბერიაში მძიმე მდგომარეობა იყო, კავად შაჰი ითხოვდა ქრისტიანობის უარყოფას გურგენ მეფის მიერ, მაზდიანობის გავრცელებას ქართლში და მაზდეანური ტრადიციების დამკვიდრებას…

523 წელს ქართლში იფეთქა აჯანყებამ გურგენ მეფის მეთაურობით. სამწუხაროდ, ქართველები დამარცხდნენ. მეფე გურგენი იძულებული გახდა ოჯახითურთ გადასულიყო ეგრისში მეფე წათესთან.

წათე მეფე მძიმე არჩევნის წინაშე აღმოჩნდა. ქრისტიანი ლაზები მაზდეან მეფეს ვერ აიტანდნენ. ამასთან, აშკარა იყო სპარსეთის გეგმები – ის ცდილობდა სამხრეთ კავკასიის სრულად დაპყრობას და სამეფოების გაუქმებას.

ლაზი და ქართლელი მეფეები ერთად გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლს.

იმპერატორი იუსტინე სიხარულით ცას ეწია – კავკასიიდან ორი მეფე ეახლა და მოკავშირეობა სთხოვა. იმპერატორი მოიხიბლა მეფე წათეს ჩაცმულობის სტილით. განსაკუთრებით მოეწონა ლაზური წითელი წაღები, გაწყობილი მარგალიტებითა და ქრიზოლიტური არწივებით. მეფეთა მიერ წითელი, მეწამული ჩექმების ტარების ტრადიცია არსებობდა ძველ რომშიც, ჯერ კიდევ ალბა-ლონგას სამეფოს დროიდან. ლეგენდის თანახმად, ალბა-ლონგა დაარსებული იყო ტროადან გადახვეწილთა მიერ. კოლხები ტროელების მონათესავედ მიიჩნეოდნენ. კოლხების შთამომავალი იყო წათეც. წითელ წაღებს ატარებდა, თურმე, იულიუს კეისარიც, რომელიც ალბა-ლონგას დამაარსებელს თავის ერთ-ერთ წინაპრად მიიჩნევდა.

ტრადიციები დაემთხვა. იუსტინემ თვითონაც გააწყობინა მარგალიტებით წითელი წაღები. ამიერიდან სხვას აღარ ჰქონდა წითელი წაღების, ანუ საიმპერატორო ინსიგნიის ტარების უფლება ბიზანტიაში. თუ ვინმე გაბედავდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

წათე კვლავ მოინათლა. დაქვრივებულ ეგრისის მეფეს იუსტინემ თავისი ახლობლის, პატრიკიოს ნომეს ასული, ვალერიანე შერთო ცოლად და შემდეგ თავის შვილად გამოაცხადა. დაამზადებინა მისთვის სამეფო გვირგვინი და უამრავი საჩუქრით დატვირთული გამოამგზავრა ეგრისისკენ.

მეფე წათეს მეორე ვაჟი, უფლისწული წათე კონსტანტინოპოლში დარჩა და იმპერატორის კარზე იზრდებოდა.

გააფთრებულმა ირანის შაჰმა დიდი ჯარი გააგზავნა ეგრისში მეფისა და მოსახლეობის დასასჯელად, მაგრამ დასავლეთ საქართველოსა და ბიზანტიის ჯარებმა კავადის არმია დაამარცხეს და უკუაგდეს.

გურგენ მეფისა და ქართლის დახმარება ვერ მოხერხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა