ისტორია

რა მიზეზით არ აიღო გიორგი მეორემ ვეჯინის ციხე და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მას და კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანს

№22

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.06, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1083 წელს გიორგი მეორის ისპაჰანში, მელიქ-შაჰ სულთანთან ვიზიტმა და ჩვენი ხელმწიფის მიერ ყოველწლიური ხარკის გადახდის ვალდებულების აღებამ დადებითი შედეგები მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის, უნდა შეწყვეტილიყო სელჩუკთა სულთნის ჯარების შემოსევები. გიორგი მეორეს დაეხმარა მისი სიძე, მამიდაშვილის, ბაგრატ მეოთხის დის, გურანდუხტის ასულის, მარიამის, მეორე ქმარი, სელჩუკთა სასულთნოს დიდი ვეზირი და სულთნის აღმზრდელი, ნიზამ ალ-მულქი. მარიამის პირველი ქმარი იყო მელიქ-შაჰ სულთნის მამა, ალფ-არსლანი. მარიამის მამა იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ქვემო ქართლში, სომხური დინასტიის, კვირიკიანების (ბაგრატუნების განაყოფის) მიერ დაარსებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს მეფის, დავით პირველი უმიწაწყლოს ერთ-ერთი ვაჟი, სმბატი.

სულთან მელიქ-შაჰს მოეწონა ჩვენი ხელმწიფის ვაჟკაცობა, ყველა სათხოვარი აუსრულა და მეტიც, კახეთ-ჰერეთის მფლობელობაც დაუმტკიცა და კახეთისა და ჰერეთის დასაპყრობად გიორგის ჯარიც კი გამოატანა.

1083 წელს, შემოდგომაზე, გიორგი მეორე თურქ-სელჩუკთა ჯარით მიადგა ვეჯინის (ვეჟინის, ჰერეთში, ახლანდელ კახეთში) ციხეს, სადაც სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიწელა. პარალელურად, ალბათ, თურქები, აოხრებდნენ ახლომდებარე ტერიტორიებს. გიორგი მეფემ ვერ აიტანა ასეთი მდგომარეობა, მოიმიზეზა, აჯამეთში, იმერეთში (აფხაზთა სამეფოში), ნადირობა მინდაო და მიატოვა კახეთ-ჰერეთის შემოერთების საქმე.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, გიორგი მეფისადმი კრიტიკულად განწყობილი წერს: „ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირი კუხეთი“. ანუ, ეს მხარე თქვენიაო, დაანებეთ მთლიან კახეთ-ჰერეთს თავი და ამ მხარეში არსებული ნადავლით დაკმაყოფილდითო, ამას გულისხმობს ისტორიკოსი და ამატებს – იმ დროს აოხრდა აღნიშნული კუთხეო. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ჩემი აზრით, მეფემ შეიძლება, სცადა, პრობლემა მინიმალური მსხვერპლით გადაწყვეტილიყო, შეწყვეტილიყო ის ომი. ძნელი სათქმელია.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: იმ დროს კახეთ-ჰერეთის მეფე იყო აღსართან პირველი, გაგიკის ძე.

როგორც ვთქვით, მარიამის მამა იყო ტაშირ-ძორაგეტის მეფის, დავით პირველი უმიწაწყლოს ერთ-ერთი ვაჟი, სმბატი. სმბატის დედა, დავით სომეხი მეფის მეუღლე იყო ზორაკერცელი (ზორაკრეცელი), კახეთ-ჰერეთის მეფის, დავით მესამის და. სმბატის ერთი ძმა, კვირიკე მეორე (იგივე გურგენ მეორე), 1048 წლიდან იყო ტაშირ-ძორაგეტის მეფე. ხოლო, კიდევ ერთი ძმა, გაგიკი, ნაშვილები ჰყავდა დედის, ზორაკერცელის ძმას, კახეთ-ჰერეთის დიდ მეფეს, დავით მესამეს (ალბათ, ქართულად ზრდიდა, ქართული კახეთ-ჰერეთის ტახტისთვის). 1037 წელს, დავით მესამის გარდაცვალების შემდეგ, კახეთ-ჰერეთის ტახტზე ავიდა მისი შვილობილ-დისწული, გაგიკი. გაგიკი გარდაიცვალა 1058 წელს და კახეთ-ჰერეთის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, აღსართან პირველმა. ამგვარად, კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი იყო გიორგი მეორის სიძის, მამიდაშვილის ქმრის, სმბატის ძმისწული... თუმცა, ეს არაფერია...

არის კიდევ ერთი რამ:

აღსართან პირველი ყველა მეთოდებით ცდილობდა საკუთარი სამეფოს შენარჩუნებას, როგორც ეს ახასიათებთ ხოლმე პატარა სამეფოების მმართველებს. 1068 წელს ეახლა ჰერეთში შემოჭრილ სულთან ალფ-არსლანს, აღიარა მაჰმადიანობა, ხარკი იკისრა, შეინარჩუნა მეფობა და დაიბრუნა ბაგრატ მეოთხის მიერ წართმეული მიწები: „ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა, მიუძღუანა ძღუენი დიდი, დაუტევა სჯული, დაიცïთა წინა, აღუთქუა ხარაჯა; და მისცნა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტანმან მას-ვე: და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს, და რომელნი თïთ აღსართანისთა, მისცნა ყოველნი. და შემდგომად სამისა კïრისა წარმოემართა აფხაზთა მეფესა ზედა (სულთანი). და მიერთნეს სომეხთა მეფე კïრიკე (აღსართანის ბიძა – გ. მ), და ტფილელი ამირა, და აღსართან”... და დაარბია სულთანმა ქართლი. სხვა გზა არ ჰქონდა აღსართანს, ასეთი იყო სულთნის ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში კახეთსაც დაარბევდა სულთანი.

ბაგრატ მეოთხის გარდაცვალებიდან (1072) მალე, რამდენიმე დიდებულმა ისარგებლა გიორგი მეფის მცირეწლოვნობით და აჯანყდა. „შემდგომად თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქუაბულის-ძემან, და ივანე ლიპარიტის ძემან, და ვარდან სუანთა ერის-თავმან, რე-ცა თუ იკლეს რა-მე სიყრმით გიორგი მეფისათა, და აუშალეს ქუეყანა“.

ამ ვითარებით ისარგებლა აღსართანმა, მიემხრო გიორგი მეორის წინააღმდეგ აჯანყებულებს: „ივანე მოირთნა კახნი (ანუ აღსართან მეფე – გ. მ.) და დადგა ქსნის პირსა“. თუმცა, მეფე გიორგიმ მოახერხა დიპლომატიური სვლებითა და საჩუქრებით აჯანყებულების დაშოშმინება.

შემდეგ აღსართან მეფე, ივანე ლიპარიტის ძის მეორე აჯანყებისას, მეფე გიორგის მიემხრო, ალბათ, იცოდა, გაიმარჯვებდა გიორგი: „კუალად გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან. ქუთათისით გარდამოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გარდამოიარა და მივიდა სამშïლდის კარსა. მუნ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან. ვერ დადგა ივანე ციხე შიგან, მირიდა მთათა სამხრისათა. და მას ვერ-წყობილობასა შინა წაიხუნა ლოწობანნი ლიპარიტისაგან აღსართან“. აგვარად, ივანე ბაღვაშის დამარცხებაში გიორგი მეორეს დაეხმარა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი.

რაც მთავარია, 1074 წელს ჩვენს ქვეყანას შემოესია მელიქ-შაჰის სარდალი სარანგი, განძის, დვინისა და დმანისის მაჰმადიან ამირათა ჯართან ერთად: „შემდგომად მცირედისა ხანიდა შეკრბა სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და განძისათა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანა-დგომითა, და მომართა გიორგი მეფესა“. გიორგი მეფემ შეკრიბა ჯარი და დაიხმარა აღსართანი: „შეკრბა გიორგი მეფეთ-მეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოთა და ქუემოთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დაჰმართეს ერთმან-ერთსა. განაძლიერა ღმერთმან გიორგი მეფე; წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა მიუâდა ზედა, ფარცხისს ქუემოთ, და იოტა ბანაკი სარანგისი“.

იქნებ, აღსართანის მიერ ფარცხისში დახმარების გამო არ უნდოდა გიორგი მეორეს აღსართანისთვის სამეფოს წართმევა და ამიტომ წავიდა ვეჟინიდან?... ვინ იცის.

შეიძლება, აღსართანის გეგმებსაც ხვდებოდა მეფე გიორგი, რომელიც კვლავ „წარვიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტიანობა და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი“.

ალბათ, იგულისხმება, რომ ხელახლა დაუმტკიცა თავისი ერთგულება და მაჰმადიანობა ახალ სულთანს, რადგან, ალფ-არსლანის დროს უკვე ჰქონდა მიღებული მაჰმადიანობა, ფორმალურად მაინც, და დაიმტკიცა მელიქ-შაჰისგან კახეთ-ჰერეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი