ისტორია

რა მიზეზების გამო მოუწიათ ორჯერ შეხვედრა ბაგრატ მეოთხესა და გიორგი მთაწმინდელს კონსტანტინოპოლში

№20

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 25.05, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ახალგაზრდა მეფე გიორგი I გააფთრებით ებრძოდა ბიზანტიის იმპერიას, რადგან რომეებს 1001 წლიდან, დავით კურაპალატის გარდაცვალების მერე, დაკავებული ჰქონდათ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი.

გიორგი მეფე შეუპოვარი, გონიერი პიროვნება იყო და გარშემოც კარგი პოლიტიკოსები და დიპლომატები ჰყავდა. შემთხვევით არაფერს აკეთებდა, ისარგებლა ბიზანტიის ვერაგი კეისრის, ბასილი მეორის წინააღმდეგ ბულგარელების აჯანყებით და დაიკავა ძველი ქართული მიწები. ამგვარად, ბულგარელები ჩვენი მოკავშირეები იყვნენ ბუნებრივად, ისინი ასუსტებდნენ ბიზანტიას. შესაძლოა მიმოწერაც ჰქონდა მათთან ჩვენს გვირგვინოსანს. ბულგარელების დიდი იმედი ექნებოდა ჩვენს ხელმწიფეს, რადგან თავდადებით და ხშირ შემთხვევაში, წარმატებით ებრძოდნენ ბასილის. მაგალითად, 986 წელს, დამარცხების მერე, მომავალმა ბულგართმმუსვრელმა ბასილიმ, ძლივს გაასწრო ბულგარელებს.

ჩვენი ხელმწიფე იმედოვნებდა, რომ ბულგარელების ფრონტი, თუ ვერ გატეხდა მთლიანად ბიზანტიის იმპერატორს, დიდხანს გაძლებდა მაინც.

ჩვენმა ახალგაზრდა ხელმწიფემ გააბა მიმოწერა მაჰმადიანთა ხალიფა ალ-ჰაქიმთან, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობისთვის ექიშპებოდა ბასილის. ქართველთა სამეფო კარმა ხალიფას შესთავაზა, ორი მხრიდან ერთად დაგვერტყა რომეებისთვის, აქედან ქართველებს, იქიდან არაბებს...

გონიერი ახალგაზრდა გვირგვინოსანი ყველანაირად ხელს უწყობდა ბასილის მტრებს თვით ბიზანტიაშიც, რომლებიც იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ, მათ შორის, განსაკუთრებით, ბიზანტიის მიერ მიტაცებულ ქართულ ტერიტორიებზე.

ქართველთა ხელმწიფეს ცოლად ჰყავდა ვასპურაკანის სომხური სამეფოს ხელმწიფის, სენექერიმ არწრუნის ასული, მარიამი. სომხეთის სამეფო-სამთავროებს ჩაყლაპვას უპირებდა ბიზანტია... ამგვარად, სომხური საომარი რესურსიც ქართველთა მხარეს გამოვიდოდა.

რამდენიმე წლით ადრე, 1014 წელს, ახალგამეფებულ გიორგი მეფეს, რომელიც მაშინ 13 ან 16 წლის იქნებოდა, ტყვეობიდან გაათავისუფლებინეს კახეთის ქორეპისკოპოსი, კვირიკე III. კვირიკეს მომხრეებს ტყვედ აუყვანიათ გიორგი მეფის მიერ კახეთში ჩაყენებული მეომრები და მოუთხოვიათ კვირიკე მეფის გათავისუფლება. გიორგი მეფე ქართველთა შორის სისხლის ღვრას მოერიდა და კვირიკე გაათავისუფლა მოკავშირეობის პირობით. ასე ჩამოსცილდა გაერთიანებულ საქართველოს კახეთი. სამაგიეროდ, კვირიკემ კიდევ ერთი ქართული კუთხე, ჰერეთიც შემოიმტკიცა და მეფედ გამოაცხადა თავი. გიორგი პირველმა კვირიკე მესამე დიდთან, შესანიშნავ ქართველთან, სამხედრო კავშირი შეკრა ბიზანტიის წინააღმდეგ.

მაგრამ, ახალგაზრდა მეფეს და ჩვენს სამშობლოს არ გაუმართლა: ბულგარელები დამარცხდნენ ბასილისთან. ხალიფა ალ-ჰაქიმი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. კეისარმა ჩაახშო შიდაბიზანტიური აჯანყებაც, რის გამოც „დიდად შეძრწუნდა ბასილი“ და რომელიც წამოიწყეს ბასილის საქართველოში გამოლაშქრების დროს.

ქართული სახელმწიფო მარტო დარჩა ბიზანტიის უზარმაზარ სამხედრო ძალებთან, რომელთაც დაიქირავეს რუსები და სხვები. ტაქტიკური შეცდომების გამო ქართული ჯარი დამარცხდა ბრძოლებში. გიორგი მეფეს მოუხდა თავისი სამი წლის ვაჟის, უფლისწულ ბაგრატის მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში.

ბასილიმ სიკვდილით დასაჯა აჯანყების ლიდერები. მათ შორის ჩვენი ხელმწიფის სიძე, დის ქმარი ფერის (ფერსი) ჯოჯიკისძე, პატრიკიოსი, „ქართველთა მთავარი“, რომელიც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე იყო და ოცნებობდა ძველი ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნებაზე. მეფის და კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. სომეხი ისტორიკოსის, არისტაკეს ლასტივერტეცის ცნობით, კეისარმა მოაკვლევინა ფერსი (ფერის) ჯოჯისკისძე და მისი სიძე, ანდრონიკე: „თავები მოჰკვეთეს, ეს მეფისაგან იყო ნაბრძანები, რადგანაც ფერსი და ანდრონიკე თავიანთი აჯანყების დროს (გიორგი) აფხაზის მოკავშირენი იყვნენ და აღუთქვეს მას ამ ადგილამდე მთელი ტერიტორიის მიცემა, ვინაიდან ჯერ კიდევ წინათ ეს ადგილები დავით კურაპალატს ეპყრა“.

ფერის ჯოჯიკისძისა და მეფის ასულის ოჯახში ეზოსმოძღვრად მსახურობდა გამოჩენილი ქართველი მონაზონი გიორგი მწერალი. მას თან ახლდა თორმეტიოდე წლის ძმისწული, მორჩილი გიორგი, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა – გიორგი მთაწმინდელი. ისინი თან წაჰყვნენ მეფის დას კონსტანტინოპოლში.

მომავალ მეფეს, უფლისწულ ბაგრატს და მომავალ წმიდანს, მორჩილ გიორგის ერთად მოუწიათ მძევლობაში ყოფნა. სამი წლის მერე, შეპირებისამებრ, ბასილი ბულგართმმუსვრელმა შინ გამოუშვა უფლისწული ბაგრატი.

ორიოდე წელიწადში, 1027 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა „უშიში, ვითარცა უხორცო“ გიორგი პირველი. მაშინ 27 ან 31 წლისა იქნებოდა. გამეფდა 7-8 წლის ბაგრატ IV. მეფის მცირეწლოვნობით უნდოდა ესარგებლა ბიზანტიის იმპერატორს, კონსტანტინე მერვეს, ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელის ძმას. მან საქართველოს წინააღმდეგ გააგრძელა აგრესიული პოლიტიკა. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, 1028 წელს ტახტზე ავიდა რომანოზ მესამე არგირი, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე ცოლად მოაყვანინეს კონსტანტინე იმპერატორის ასული, ზოია.

ბაგრატ მეფის დედა, ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატი, დედოფალი მარიამი გაემგზავრა ბიზანტიაში და მოაგვარა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის. ბაგრატ მეოთხეს მიანიჭეს კურაპალატის წოდება და იმპერატორის, რომანოზ მესამის ძმის, ბასილის ასული – ელენე მოჰგვარეს ცოლად. ქორწილი გაიმართა 1030 წელს, ბანაში.

ელენე დედოფალი, სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა.

შემდეგში ბაგრატ მეფემ ცოლად ითხოვა ოსთა მეფის, ურდურეს ასული და მომავალი მეფის, დორღოლელის და – ბორენა, ოსური სამხედრო რესურსის გამოყენების მიზნით, რაც მერე მართლაც კარგად გამოიყენა საქართველომ განძასთან ბრძოლაში.

ბაგრატის პირველი ცოლის, დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ, ბიზანტიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა. ბიზანტია მხარს უჭერდა და ეხმარებოდა მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალს, ლიპარიტ ბაღუაშს. დაახლოებით 1052 წელს, სახელმწიფოს საქმეების მოსაგვარებლად, ბაგრატ მეფე იძულებული გახდა, ბიზანტიაში გამგზავრებულიყო კონსტანტინე მეცხრე – მონომახთან. ხელმწიფეს თან ახლა დედა-დედოფალი მარიამიც. წასვლის წინ ბაგრატ მეოთხემ თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი მეორე ქუთათისში თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა.

მეფე ბაგრატი და დედა-დედოფალი მარიამი კონსტანტინოპოლში სამი წელი „გააჩერეს“ „საპატიო“ მიზეზებით. ბაგრატ მეფისა და დედა-დედოფალის სანახავად ათონის წმიდა მთიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა გიორგი მთაწმინდელი. ხელმწიფემ და დედამისმა ძალიან გაიხარეს წმიდა მამის ხილვით.

ასე შეხვდნენ კონსტანტინოპოლში ორჯერ, ბაგრატ IV და გიორგი მთაწმინდელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №28

8–14 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული