ისტორია

რა მისწერა თემურ ლენგს უფლისწულმა თაჰერმა საქართველოდან

№40

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 11.10

ისტორია
დაკოპირებულია

1398 წელს თემურ ლენგი ინდოეთში ლაშქრობდა. მისი უზარმაზარი იმპერიის დასავლეთ ნაწილში, კავკასიაში, ირანსა და ერაყში არეულობა იყო. ნახჩევანში, ალინჯას ციხეში გამაგრებულიყო ჯალაირიანთა სასულთნოს დინასტიის უფლისწული თაჰერი, აჰმად ჯალაირის ძე, თემურ ლენგის მოწინააღმდეგის ვაჟი. აჰმად ჯალაირი გახლდათ მონღოლი დიდებულების შთამომავალი. მისმა პაპამ ხელში ჩაიგდო დიდი ტერიტორია ერაყში, ადარბადაგანსა და ირანში. აჰმადის მამამ, ჰასან ბუზურგმა, 1340 წელს თავი სულთნად გამოაცხადა. ჰასან ბუზურგის მემკვიდრემ, შეიხ უვეისმა, 1357 წელს ადარბადაგანი დაიკავა. აჰმად ჯალაირი მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ აზერბაიჯანელ პოეტად. წერდა სპარსულ და არაბულ ენებზეც. აჰმადის შესახებ ამბობენ, რომ იყო ვერაგი, შურიანი და დაუნდობელი მბრძანებელი, მაგრამ, ნიჭიერი მხედართმთავარი, კარგი პოეტი და ხელოვნების მეცენატი. აჰმად ჯალაირი თემურ ლენგმა დაამარცხა, წაართვა ბაღდადი და ერაყი. აჰმადი გაიქცა ეგვიპტეში, თუმცა ბრძოლა განაგრძო.

თავის დროზე, კავკასიაში ლაშქრობისას, თემურ ლენგმა ვერ შეძლო ნახჩევანში არსებული ალინჯას ციხის აღება. სხვა საქმეები ჰქონდა, უფრო საშური, ციხესთან ჯარი დატოვა და თვითონ გზა განაგრძო. ინდოეთში გალაშქრების წინ თემურ ლენგმა თავის ვაჟს, მირან-შაჰს ალინჯას ციხის აღება დაავალა და ამისთვის დამატებითი ჯარი მისცა. მირან-შაჰი კარგი მეომარი იყო და მამამისის ყველა ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. 1392 წელს თემურ ლენგმა მას ჩააბარა ამიერკავკასია, ჩრდილოეთ ირანი და ერაყი. მაშინ მირან-შაჰი 27 წლის ყოფილა. 14 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ბრძოლებში. რეზიდენცია თავრიზში ჰქონდა. 1396 წელს მირან-შაჰი ჩამოვარდა ცხენიდან და დაინვალიდდა, დაუზიანდა სახე და თავი. მედიცინაში დაოსტატებულმა აღმოსავლელმა აქიმებმა მოახერხეს მისი ჯანმრთელობის აღდგენა, თუმცა, მირან-შაჰის გონება დაბინდული დარჩაო, წერდნენ მემატიანეები. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კამპანიებში პირადად აღარ იღებდა მონაწილეობას, პოლიტიკაში დიდ როლს ასრულებდა და მამა ძალიან ენდობოდა მას და მის გარემოცვას.

თემურ ლენგის ჯარისკაცებმა ალინჯას ციხის გარშემო ჩაკეტეს ყველა გზა, ააშენეს საალყო კოშკები, გალავანი შემოარტყეს და უტევდნენ ციხეს. ვეღარავინ შედიოდა ციხეში. ვერც პროდუქტებს შეიტანდა ვინმე. ძალიან გაუჭირდათ უფლისწულსა და მის ჯარისკაცებს. ჩვენმა ხელმწიფემ მოამზადა ლაშქარი, გაილაშქრა ნახჩევანში, თავს დაესხა თემურ ლენგის ვაჟის ჯარს, ალინჯას ციხესთან დაბანაკებულს, სასტიკად დაამარცხა და ალყიდან გაათავისუფლა უფლისწული თაჰერი. შემდეგ, დამპყრობლები ნახჩევანიდან განდევნა.

თემურ ლენგის ძეს, მირან-შაჰს თავრიზში შეატყობინეს ქართველთა ასეთი მარშისა და გამარჯვების შესახებ. მირან-შაჰმა ჯარი გამოაგზავნა ჩვენი გმირი მეფის წინააღმდეგ. ჯარს, რომელსაც გამოცდილი სარდლები ხელმძღვანელობდნენ, თან ახლდა მირან-შაჰის ვაჟი, აბუბაქრ მირზა. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ჩვენმა წინაპრებმა გაიმარჯვეს და გააქციეს მტერი.

მეფე გიორგისთვის ეს მარტო ვაჟკაცური ნაბიჯი არ იყო. ის თავისუფლებისთვის მებრძოლთა დამხმარედ და ლიდერად იქცა რეგიონში. უკვე მისი ბრძოლა მხოლოდ ქრისტიანის ბრძოლა კი არ იყო მაჰმადიანის წინააღმდეგ, არამედ თავისუფლებისთვის მებრძოლთა შემწეობა და კავკასიის, ერაყისა და ირანის რეგიონის ერთ-ერთი წინამძღოლობა.

უფლისწულმა თაჰერმა საქართველოს შეაფარა თავი. არის გადმოცემა, რომ თაჰერს წერილი გაუგზავნია თემურ ლენგთან, როცა გაითავისუფლა თავი მისი ჯარის ალყიდან:

„მართალია, ომში მკლავმა მიმტყუნა, სამაგიეროდ, გაქცევაში კოჭლობა არ მიშლის ხელსო“.

ეს დიდი შეურაცხყოფა იყო კოჭლი დამპყრობლისთვის. განსაკუთრებით შეურაცმხყოფელი გახლდათ ლენგი თემურისთვის, მისი მოწინააღმდეგის მეფე გიორგისთან თავშეფარება. თაჰერ ჯალაირი მრჩევლად და თანამებრძოლად იქცა მეფისთვის, მასზე ქართული პოლიტიკა იმედებს ამყარებდა, როგორც რეგიონში მაჰმადიანების მოკავშირედ გამოსადეგ პიროვნებაზე. მთავარი კი ქართველებისთვის ის გახლდათ, რომ თაჰერი ჩვენი სტუმარი იყო, ჩვენთან თავშეფარებული.

1399 წელს, როცა თემურ ლენგი ინდოეთიდან სამარყანდში დაბრუნდა, გადაწყვიტა, საქართველო კვლავ დაესაჯა. იმ დროს სხვა პრობლემებიც დახვდა მას ჩრდილოეთ ირანში. ამის გამო გადააყენა მირან-შაჰი თავისი დიდი იმპერიის დასავლეთი ნაწილის გამგებლობიდან.

ვერ მოითმინა გაზაფხულამდე გააფთრებულმა თემურ ლენგმა და ზამთარში დაგვესხა თავს. ამჯერად, ჰერეთის მხრიდან შემოესივნენ ჩვენს სამშობლოს დამპყრობლები. ჰერეთის მოსახლეობა გაიხიზნა. მტერი შეესია ბაღ-ვენახებს და ქართველი ხალხის ეკონომიკას ანადგურებდა, რომ გაუტეხელი ქვეყანა დაესუსტებინა. ჭრიდნენ ნიგვზის ხეებს, ჩეხავდნენ ვაზს, ანგრევდნენ ეკლესიებს. დიდთოვლობის გამო თემურ ლენგი იძულებული გახდა, ლაშქრობა შეეჩერებინა და ყარაბაღში გამოიზამთრა. გაზაფხულზე ისევ შემოიჭრა ჩვენს სამშობლოში, ბარდავის გზით. წერილი გამოუგზავნა თემურ ლენგმა გიორგი მეშვიდეს და უფლისწულ თაჰერის გადაცემა მოსთხოვა.

ჩვენმა ხელმწიფემ ქრისტიანებისა და ქართველებისთვის დამახასიათებელი პასუხი მისწერა მსოფლიო დამპყრობელს: „ქართველებს არ გვაქვს ისეთი წესი, რომ შეფარებული ადამიანი ვინმეს მივცეთო“. როგორც სპარსული მატიანე ამბობს, თემურ ლენგის „მძვინვარების ალი უფრო აბრიალდა და გაცოფებული იყო მეფე გიორგის ასეთი უგუნური გულადობის გამო“. იცოდა თემურ ლენგმა, რომ კვლავ დაამარცხებდა ქართველებს და ძალიან უკვირდა, რატომ იგდებდა თავს საფრთხეში ქართველთა მეფე, ვიღაც აჰმედ ჯალაირის შვილის – თაჰერის გამო. კი ხვდებოდა თემურ ლენგი, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანობა და ვაჟკაცობა გახლდათ, მაგრამ, მისთვის მიუღებელი იყო ვინმეს ვაჟკაცობის ატანა. ის ხომ მსოფლიო მბრძანებლად მიიჩნევდა თავს და ყველასგან მორჩილებას ითხოვდა.

კიდევ უფრო განუმტკიცდა გეგმა დამპყრობელს, რომ აღმოეფხვრა ქართველთა სახსენებელი და გაენადგურებინა ჩვენი მოდგმა. მისთვის, საღვთო ომის რანგში იყო ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს უბრალო დამპყრობლური ომი არ გახლდათ, არც სადამსჯელო კამპანია აჯანყებული ქვეყნის წინააღმდეგ, ეს მისი მხრიდან იყო ქართველთა გენოციდის სურვილი. განსაკუთრებით მეფის ხელში ჩაგდება უნდოდა თემურ ლენგს – შურისძიება, მეფის გატეხვა.

გიორგი მეფემაც დაძრა სრულიად საქართველოს ჯარი თემურ ლენგის ჯარის შესახვედრად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა