ისტორია

რა მისწერა ივანე მხარგრძელმა რომის პაპს და როგორი ძალაუფლება ჰქონდა მას საქართველოში

№25

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 02.07

ისტორია
დაკოპირებულია

1223 წელს რუსუდან მეფემ წერილი მისწერა რომის პაპს, ჰონორიუს მესამეს და ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა აღუთქვა.

საქართველოდან ელჩად გააგზავნეს ანისის ეპისკოპოსი დავითი. ანისი საქართველოს სახელმწიფოს სომხური ქალაქი იყო (ახლა თურქეთშია), სადაც ქართული საეპისკოპოსოც არსებობდა. აღნიშნული ეპიკოპოსი დავითი შესაძლოა, ქართველი მღვდელმთავარი გახლდათ. საერთოდ, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს დიპლომატიური მისია სომეხს ან სხვა ეროვნების ადამიანს შეესრულებინა, თუ ენები იცოდა. სხვა ეროვნების ადამიანები ჩვეულებრივად მოღვაწეოდნენ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, უფრო მეტად სავარაუდოა, ელჩი ქართველი ყოფილიყო.

ძალიან საინტერესოა, რომ რუსუდან მეფესთან ერთად რომის პაპს წერილი გაუგზავნა საქართველოს ათაბაგმა და ამირსპასალარმა, ივანე მხარგრძელმა. საერთოდ, მეფის მიერ გაგზავნილ წერილებს, ძირითადად, აღარ ურთავდნენ ხოლმე მისი ქვეშევრდომების, თუნდაც ძალიან გამოცდილი სარდლების წერილებს, ამის საჭიროება არ არსებობდა დიპლომატიაში. მაგრამ, ივანე მხარგრძელის წერილი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამეფო კარზე ცოტა უცნაური სიტუაცია იყო, რატომ სჭირდებოდა ორი წერილის გაგზავნა სამეფო კარს, როცა ერთიც, მეფის წერილიც, სავსებით საკმარისი იყო?

ათაბაგის გზავნილი მეფის წერილის შინაარსს იმეორებდა, მაგრამ, მასში რამდენიმე საინტერესო რამ შეიმჩნევა.

ივანე ათაბაგის წერილი რომის პაპისადმი ასე იწყებოდა:

„უწმიდესს მამას და წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. მთელს საქრისტიანოს მთავარს. მე ივანე, კაცი მორჩილი, მთელის, საქართველოს და სომხეთის მხედართმთავარი, უმდაბლესად თავს დაგიკრავთ და მოგესალმებით.

უკეთუ ჩემს ამბავს იკითხავთ, თქვენის წმიდა კურთხევით კარგად გახლავართ. გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით სხვა ავირჩიეთ მეფედ“.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე მომენტს. ივანე წერს: „უწმიდესს მამას და წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. მთელს საქრისტიანოს მთავარს“. რომის პაპი არ იყო მხარგრძელისთვის უწმინდესი მამა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსუდანს და ივანე მხარგრძელს კათოლიკობა მიეღოთ ან ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები დაქვემდებარებოდნენ რომს (შეიძლება, ეს ყველაფერი ლათინების მიერ ქართველთა წერილების არაზუსტი თარგმნის ბრალი იყოს).

ივანე ასევე წერს: „მე ივანე, კაცი მორჩილი, მთელის, საქართველოს და სომხეთის მხედართმთავარი“.

ჩვენს სახელმწიფოს არ ერქვა საქართველოსა და სომხეთის სამეფო. მართალია, სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შემოდიოდა, მაგრამ, მაინც, ეს არ ასახულა ჩვენი სახელმწიფოს სახელწოდებაზე. ხოლო ჩვენი მეფეების ვრცელ ტიტულში ქართველთა გარდა მხოლოდ სომხები არ იხსენიებოდნენ: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შირვანშაჰი და შაჰანშაჰი“...

სახელწოდება საქართველო მანამდეც არსებობდა, დავით აღმაშენებლის მეორე ცოლზე მეფის ისტორიკოსი წერს – „სჯულიერად მეუღლედ თვისად და დედოფლად ყოვლისა საქართველოსა“. მაშასადამე, მეფის შემოკლებული ტიტული იყო საქართველოს მეფე, სახელმწიფოს სახელი კი – ყოველი საქართველო და ქვეყნის ათაბაგი როგორღა იქნებოდა საქართველოსა და სომხეთის მხედართმთავარი? მით უმეტეს, რომ რომის პაპისადმი რუსუდანის წერილში რუსუდან მეფე მხოლოდ ასეა მოხსენიებული – „რუსუდან აფხაზთა დედოფალი“.

წერილის აღნიშნული წინადადებით, სომხური სარწმუნოებიდან ქართულზე გადმოსული ივანე ათაბაგი, რომელსაც სომხური ტერიტორიების ერთი დიდი ნაწილი საგამგებლო-საკარგავად ჰქონდა გადაცემული ჩვენი მეფეებისგან, რაღაცნაირად ცდილობს, სომხეთი საქართველოს თანაბარ ნაწილად წარმოადგინოს...

რაში სჭირდებოდა ეს ივანეს? იქნებ რამე გეგმა ჰქონდა?..

გარდა ამისა, წერილში ივანე წერს:

„გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით, სხვა ავირჩიეთ მეფედ“.

რა თქმა უნდა, საუბარია ლაშა-გიორგის გარდაცვალებაზე. ივანე ათაბაგს აღნიშნული აქვს, რომ თქვენი (პაპის) ლოცვა-კურთხევით ავირჩიეთო ახალი მეფე.

უცნაურია. ჯერ ერთი – რომის პაპი არ იყო ჩვენი ეკლესიის მეთაური და არც ჩვენი ეკლესიის პატრიარქის, მცხეთის კათალიკოსის ზემდგომი. რომის პაპისადმი რუსუდანის წერილშიც (რომელიც ცოტა ადრე გამოვაქვეყნეთ „თბილისელებში“) ჩანდა და ივანეს წერილსაც ეტყობა – საქართველოს სამეფო კარი რომის პაპს მეტად აღმატებულად მოიხსენიებს, ვიდრე ამას საეკლესიო თუ პოლიტიკური დიპლომატია მოითხოვდა (შეიძლება ლათინების მიერ თარგმნილის ცოტაოდენი უზუსტობები იყოს). ამის გამო, ისტორიკოსი მიხეილ თამარაშვილი ასკვნიდა, რომ საქართველო არ შეერთებია 1054 წლის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის განხეთქილებას და რომის ეკლესიასთან კავშირი არ გაუწყვეტია.

ჩვენი აზრით, შესაძლოა, მართლაც, საქართველოს ეკლესიას არ გაუწყვეტია კავშირი რომის ეკლესიასთან, არც საქართველოს მწყემსმთავარს დაუწყევლია რომის პაპი, როგორც რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დასწყევლეს ერთმანეთი. მაგრამ, საქართველოს მწყემსმთავრები, რომის პაპს მათზე მაღლა მყოფად არ მიიჩნევდნენ და მას არც იერარქიულად ემორჩილებოდნენ და არც სიმბოლურად.

შემდეგ ივანე მხარგრძელის წერილში წერია: „მის ადგილს (ანუ გარდაცვლილი მეფე ლაშა-გიორგის ადგილას), თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით, სხვა ავირჩიეთ მეფედო“. მაშასადამე, ივანე მხარგრძელის წერილში წერია – რუსუდანი ავირჩიეთ მეფედო.

სინამდვილეში, ლეგიტიმიზმის კანონებისა და ქართული სამართლის მიხედვით, ათაბაგს, სპასალარს და სამეფოში არსებული სხვა სახელოების (თანამდებობების) მეთაურებს თუ დიდებულებს არ ჰქონდათ უფლება მეფის არჩევისა. ზოგადად, საქართველოს მეფობა არჩევითი არ იყო. მეფედ ტახტზე ადიოდა ტახტის მემკვიდრე. ლაშას ანდერძის მიხედვით, მისი შვილის გაზრდამდე, სამეფო ტახტზე რუსუდანი უნდა მჯდარიყო, თამარ მეფის ასული.

თუმცა, ივანე მხარგრძელი თავს მხოლოდ რუსუდანს არ უყადრებს, არამედ ლაშასაც. ივანე ათაბაგის წერილი ასე გრძელდება:

„თქვენმა წმიდა და მართლბრძანებამ, რომელიც დამიეტში მყოფის ელჩის მიერ წარმოგვივლინეთ, მოაწია მეფემდე და ჩემამდე“.

ივანეს წერილის ფრაზა, თქვენი ელჩის წერილმა, „მოაღწია მეფემდე და ჩემამდეო“, არის მინიმუმ საკუთარი თავის განდიდება, თითქმის მეფესთან გატოლება. მას, როგორც მეფის მიერ თანამდებობაზე დანიშნულ ადამიანს, უნდა დაწერა: „მოაღწია მეფემდეო“ ან, უკიდურეს შემთხვევაში, „მოაღწია ჩვენამდეო“, რაშიც მეფე და სამეფო კარი იქნებოდა ნაგულისხმევი.

აღნიშნული წერილის დასაწყისიდანაც ჩანს, რომ ივანე მხარგრძელს ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდა ქვეყანაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...