ისტორია

რა მეთოდებს მიმართავდა გიორგი მეშვიდე თემურლენგთან საომრად

№29

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 29.07

ისტორია
დაკოპირებულია

ბაგრატ მეხუთემ და მისმა ვაჟმა, უფლისწულმა გიორგიმ, მთლიანად გაანადგურეს თემურლენგის თორმეტათასიანი, გამაჰმადიანებული მონღოლების საჯარისო ნაწილი. გამწარდა ლენგი თემური. მაგრამ, ზამთარი იყო და ვერ შეძლო საქართველოზე გამოლაშქრება. მარტის თვეში ჯარი შეკრიბა და გამოემართა საქართველოსკენ. მოადგა მტკვარს მსოფლიოს უსასტიკესი დამპყრობელი. მდინარეზე ნავებით ხიდები გადეს და გადმოლახეს მტკვარი. წერილი ჰქონდა გაგზავნილი შირვანშასთან და დაბარებული ჰყავდა, ქართველებთან ბრძოლაში დასახმარებლად. იქნებ ძალიან არ უნდოდა შირვანშაჰს ქართველებთან ომი, მაგრამ, თუ არ დაეხმარებოდა თემურლენგს, მისი ქვეყანა აოხრდებოდა, მას კი შეიძლება, ტახტი დაეკარგა ან სიცოცხლეც კი. ამიტომ, შირვანის შაჰი ჯართან ერთად ეახლა ლენგ თემურს.

1387 წლის გაზაფხული იდგა, ძალიან ციოდა. ბაგრატ მეფე და ქართული ჯარი მზად დახვდა მომხვდურს. ორი დღე მიმდინარეობდა ბრძოლა. ჩვენი წინაპრები თავგანწირვით იბრძოდნენ და დიდი ზიანი მიაყენეს მტერს. მემატიანე ამბობს, რომ ურიცხვი ადამიანი მოისრა და „უფროსად თათარნი ორი ზომა ომსა მას შინაო“. ლენგთემურის ჯარის მრავალრიცხოვნობამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ბრძოლის შედეგზე.

ქართველებმა უკან დაიხიეს და ციხესიმაგრეებსა და მთებში გამაგრდნენ. ჩვენი მეფე შესაბამისად იყო მომზადებული, იცოდა, რომ თემურ ლენგის ჯართან ბრძოლა ურთულესი იქნებოდა და შეიძლება, დამარცხებულიყო. ამიტომ, მოსახლეობა მთებში გახიზნა. თათრები შეესივნენ ჩვენს ქვეყანას, მოითარეშეს, მოაოხრეს, ეკლესიები დაწვეს და ააოხრეს დასახლებები, გადაწვეს სოფლები, დაბები, ქალაქები...

გაბრუნდა თემურლენგი ყარაბაღში, თოხთამიშის სამხრეთში შემოსევა იყო მოსალოდნელი. რამდენმე ხანი დაჰყო ყარაბაღში.

მალე გარდაიცვალა გულგატეხილი ბაგრატ მეხუთე დიდი და ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი, გიორგი მეშვიდე.

გაბრაზდა თემურლენგი, გიორგი მეშვიდე რომ გახდა საქართველოს მეფე. კარგად ახსოვდა ბაგრატ მეფისა და გიორგის მიერ მის ჯარზე შურისძიება. ვერ იტანდა გიორგი მეფეს, სძულდა ქრისტიანი ქართველები. გამოაგზავნა თავისი სარდალი ყარალათი მრავალრიცხოვანი ნაწილებით მოწინავედ. თვითონ დანარჩენი ჯარით უკან გამოჰყვა და ასე მრავალრიცხოვანი არმიით გამოემართა ჩვენი სამშობლოსკენ.

დიდი საჩუქრები გასცა თავისი ჯარისკაცებისთვის და ბევრსაც შეჰპირდა, რათა განსაკუთრებით გააფთრებით ებრძოლათ ქართველების წინააღმდეგ. თემურლენგი არა მარტო კარგი სარდალი იყო, არამედ კარგი და მკაცრი ორგანიზატორი. რკინის დისციპლინა ჰქონდა ჯარში. სამაგიეროდ, ძალიან დაფასებული ჰყავდა მეომრები. ათეულის, ასეულისა და ათასულების მეთაურებს თვითონ დანაყოფის წევრები ირჩევდნენ. დუმანის, ათიათასი ჯარისკაცის სარდალს თემურლენგი ნიშნავდა. მეომრებს თავის იმპერიაში მიწებს ურიგებდა გლეხებიანად, უზრუნველყოფდა შემოსავლით და შემდეგ მათ შვილებს მემკვიდრეობით აძლევდა, თუ ისინიც ჯარში გააგრძელებდნენ ერთგულ სამსახურს და კარგად მოახერხებდნენ აღნიშნული მიწებდან დამატებით საომარი რაზმები გამოეყვანათ. მეომრებს რეგულარულად აძლევდნენ ხელფასს და პრემიებს გამარჯვების შემდეგ. მეტიც, თემურლენგის მეომრებმა იცოდნენ, თავდადებული სამსახური არ ჩაუვლიდათ უშედეგოდ – ვეტერანებს პენსიას უხდიდა.

მოვიდა ყარაბაღში და აივსო ყარაბაღი ჯარით. სხვადასხვა ომში სხვადასხვა რაოდენობის ჯარი გამოჰყავდა, საჭიროების შესაბამისად. ერთგან აღნიშნული აქვს, თოხთამიშის წინააღმდეგ 200 000 მეომარი გამოუყვანია. ამას ემატებოდა ინჟინრები, სხვადასხვა საქმის ოსტატები და მუშები, რომლებიც არმიის საჭიროებისათვის მუდამ დაჰყავდა ლაშქრობებში. გამოუგზავნა წერილი ჩვენს მეფეს, გიორგი მეშვიდეს და მოსწერა: „მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომირიგდი, და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ-გცემ; და უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოüრებ სრულიად ქუეყანასა შენსა“.

მეფე გიორგიმ შეუთვალა: „მე მეფობისა შენისა უმცირესი არა ვარ, და არცა ძალ-უც მოოüრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არა აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი“.

გაცოფებული თემური გამოემართა ჩვენი ქვეყნის ასაოხრებლად. ამჯერად კიდევ მეტი გულმოდგინებით იყო მომზადებული ქართველთა ჯარი. რაც კი სამხედრო რესურსი ჰყავდა მეფეს, ყველა გამოიყვანა, შეკრებილი ჰყავდა იმერნი, ამერნი და მესხნი – მთელი საქართველოს ლაშქარი. დამხმარე ნაწილები მოიწვიეს ჩრდილო კავკასიიდანაც. გაიმართა სასტიკი ბრძოლა.

თემურლენგი ისე ანაწილებდა ბრძოლის წინ თავის ჯარს, რომ რეზერვი დასვენებული ჰყოლოდა. ამაში ჯარის მრავალრიცხოვნობა უწყობდა ხელს. თავიდან მისი მეისრეები ამუშავებდნენ მტერს, როგორც მომავალში არტილერია აკეთებდა ხოლმე, შემდეგ, როცა მოწინააღმდეგე შეტევაზე გადადიოდა, ცენტრი ნაკლებად ძლიერი დახვდებოდა ხოლმე. ეს თემურლენგის მოწინააღმდეგეებს გამარჯვების ხიბლში აგდებდა და მთელი ძალებით შეტევაზე გადადიოდნენ. ამასობაში ფლანგებს ავიწროვებდა ლენგის ჯარი, ხოლო ცენტრის დასახმარებლად, დაღლილ მეტოქეზე თავის დასვენებულ რეზერვს მიუშვებდა ხოლმე. იმ ბრძოლაში ძალიან გაუჭირდა თემურლენგს, ვერც ფლანგებმა უშველა, ასეთი ზარალი არასდროს ჰქონიაო ლენგის ჯარს, წერს ჩვენი მემატიანე. ბოლოს თავად თემურლენგი გამოუძღვა ბრძოლაში რეზერვს და ასე დაამარცხა ჩვენი წინაპრები.

გამარჯვებულმა თემურლენგმა ბრძოლით აიღო ტფილისი და გარშემო ციხეები ქართლში. აღებულ ციხეებში თავისი გარნიზონები ჩააყენა. დაანგრია ეკლესიები და სხვა შენობები. ზოგიერთი დიდებული მივიდა თემურლენგთან და მორჩილება გამოუცხადა, იძულებით, რათა სამკვიდრო გადაერჩინა აოხრებისგან. მეფე ბრძოლის პარტიზანულ მეთოდზე გადავიდა.

თემურლენგს ისევ წამოუარა სიბრაზემ და სარდლები გააგზავნა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასარბევად, ურჩების დასასჯელად და მეფე გიორგის შესაპყრობად... ყოველ ციხესთან წინააღმდეგობას უწევდნენ ჩვენი წინაპრები დამპყრობლებს. მეფის შეპყრობისთვის დიდი საჩუქარი იყო დაწესებული, მაგრამ, დაუდეგარი გიორგის შეპყრობა ვერ შეძლეს მაჰმადიანებმა, ვერც ვერავინ აიძულეს, გაეთქვა მისი ადგილსამყოფელი. მეფე გიორგი ხან ერთ, ხან მეორე მხარეში გამოჩნდებოდა მოულოდნელად, ჩაუსაფრდებოდა მომხდურებს და ხოცავდა მათ ჯარისკაცებს. ვერ მოიხელთეს და ვერ შეიპყრეს გიორგი მეფე მაჰმადიანებმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო