ისტორია

რა მანევრით დაამარცხეს მონღოლები პირველად ეგვიპტელებმა, რასაც რამდენიმე ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა

№39

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 07.10, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1259 წლის ნოემბერში ეგვიპტის სულთანი გახდა მამლუქი ალ-მალიქ ალ-მუზაფარ საიფ ად-დინ ქუთუზი. მის შესახებ დადიოდა ხმები, თითქოს ჯალალედინის დისა და ბიძის შვილი იყო, მონღოლების მიერ ტყვედ აყვანილი და მონათა ბაზარზე გაყიდული.

იმ ხანებში ჩინგიზ ყაენის ვაჟის, ტოლუის, შვილმა, ჰულაგუმ (ქართული წყაროებით – ულო) ეგვიპტის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა და საქართველოს მეფეს, დავით მეშვიდე ულუს მოუწოდა თავისი ჯარით შეერთებოდა მას. დიდი ყაენის ბრძანებით, აღმოსავლეთ კავკასია, ირანი, ერაყი, თურქმენეთისა და ავღანეთის უდიდესი ნაწილები, ასევე, ტაჯიკეთის, პაკისტანის ნაწილი ჰულაგუს ჰქონდა დაკავებული. მონღოლებს უნდოდათ, ეგვიპტეც ხელში ჩაეგდოთ. ისინი შეიჭრნენ სირიაში, სადაც მათ შეუერთდა ანტიოქიის ქრისტიანი მთავარი ბოჰემუნდ მეოთხე თავისი ჯარით.

მაჰმადიანთა ჯარი მდინარე ევფრატის ხეობაში დახვდა მტერს. ამასობაში მონღოლებმა და მოკავშირეებმა გადალახეს ევფრატი. მაჰმადიანთა და მონღოლთა ჯარები პირისპირ აღმოჩნდნენ. „იქმნა ძლიერი ომი“. დავით მეფე და ქართველები წინამბრძოლობდნენ. ჩვენს წინაპრებს სხვაგვარად არ შეეძლოთ, ჯერ ერთი, იმიტომ რომ, მიუხედავად ბოლო ხანების დამარცხებისა, რასაც ბედისწერასა და რაღაც ვითარებებს აბრალებდნენ, საკუთარ მეომრობასა და საქართველოზე მაინც განსაკუთრებული მოსაზრება ჰქონდათ და ვერ წარმოედგინათ ქართველი, რომელსაც ომში წინამბრძოლობა არ მოესურვებოდა. მეორეც, გამწარებული იყვნენ მაჰმადიანებზე, რადგან, თბილისის აღებისას სულთანმა ჯალალედინმა წარმოუდგენელი სისასტიკე გამოიჩინა და მთლიანად გაწყვიტა მთელი ქალაქის მცხოვრებნი და ქალაქში შეხიზნული გარშემო სოფლებისა და დაბების მოსახლეობა. ქართველები შურს იძიებდნენ...

მოაწყდა ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი. მაჰმადიანები გაიქცნენ.

მიადგნენ ალეპოს. ექვსი დღე ლოდსატყორცნებს ესროდნენ ქალაქის კედლებს და დაანგრიეს. დედაციხემ ოთხი კვირა გაძლო. 1260 წლის იანვარში მონღოლებმა აიღეს ალეპო. მაჰმადიანური მოსახლეობა გაწყვიტეს, ქრისტიანული დაინდეს. შემდეგ მიადგნენ დამასკოს, რომელიც უბრძოლველად დანებდა.

ჰულაგუმ წერილი მისწერა ეგვიპტის სულთანს: „ღმერთმა გამოარჩია ჩინგიზ ყაენი და მისი შთამომავლობა ამ ქვეყნის ბატონებად. ვინც არ დაგვემორჩილა, განადგურდა თავის ცოლებთან, შვილებთან, ახლობლებთან და მონებთან ერთად. დაეცა მათი ქალაქები. ჩვენი ჯარის დიდება გავრცელდა ქვეყანაზე. დაგვმორჩილდი, გამოგვიგზავნე ხარკი და თავადაც ეახლე ჩვენს ნოინს მორჩილების ნიშნად. ან ემზადე ომისთვის“.

იმ დროს მონღოლთა ბანაკში მოვიდა ცნობა ჰულაგუს ძმის, დიდი ყაენის – მანგუს (მუნქეს) გარდაცვალების შესახებ. ჰულაგუს იწვევდნენ ყარაყორუმში, უფლისწულთა შეკრებაზე, ყურულთაიზე დასასწრებად.

ჩვენმა ხელმწიფემ ჰულაგუს სამშობლოში გაშვება სთხოვა, რადგან დიდი ხნის წამოსულები იყვნენ სალაშქროდ, ქვეყანას კი მიხედვა სჭირდებოდა. ულომ (ჰულაგუმ) ულუ დავითის სამხედროების დიდი ნაწილი კამპანიიდან შინ გაუშვა. ჰულაგუც იძულებული გახდა, წასულიყო დასავლეთ აზიიდან – მას მონაწილეობა უნდა მიეღო ყურულთაიზე, დიდი ყაენის არჩევაში.

გარდა ამისა, მანგუ ყაენის გარდაცვალების შემდგომ გაიზრდებოდა ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას ამბიციები. ბერქას საყაენოს და ჰულაგუს საუფლისწულოს შორის დაპირისპირების საგანი იყო ადარბადაგანი, შირვანი და სხვა ტერიტორიები. ამგვარად, ჰულაგუ ვერ დატოვებდა თავის საბრძანებელს დიდი ხნით, თორემ, შეიძლება, დაეკარგა კიდეც. ვერც თავისი უმთავრესი მოკავშირის, დავით ულუს ჯარს შეელეოდა და ვერ დააძალებდა დარჩენას დასავლეთ აზიაში ეგვიპტელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ქართველები კარგ და ერთგულ მეომრებად მიიჩნეოდნენ და ამიტომ ქართული ჯარი ახლოს უნდა ჰყოლოდა ჰულაგუს. თუ ბერქა შემოიჭრებოდა კავკასიაში, ჯობდა, მას მოწინააღმდეგედ ჰულაგუს მონღოლებთან ერთად დავით ულუც დახვედროდა. დავით ულუ კავკასიაში უმთავრესი ლიდერი იყო.

ქართველების რაღაც ნაწილი, რამდენიმე ათასი მეომარი დარჩენილა ნოინ კიტბუღას მეთაურობით ჰულაგუს მიერ დატოვებულ მცირერიცხოვან, ოც ათას მეომართან ერთად. კიტბუღაზე ამბობენ, ქრისტიანი იყოო (ალბათ, ნესტორიანელი. ნესტორიანელი იყო ჰულაგუს ცოლიც). ქართველთა დიდი ნაწილი მეფეს წამოჰყვა. დავით ულუ თავისი ჯარის დიდი ნაწილით საქართველოსკენ წამოვიდა. დიდი ალაფით დატვირთული ქართველები ადარბადაგანის მხრიდან შემოვიდნენ ქვეყანაში და მოვიდნენ ტფილისში.

ჰულაგუ ყაენის უკან გაბრუნებით გულმოცემულმა სულთანმა ქუთუზმა დაწვა ჰულაგუს წერილი და დახოცა მონღოლთა ელჩები.

კიტბუღამ აიღო რამდენიმე ქალაქი პალესტინაში, თუმცა, არ გამოიჩინა სიფრთხილე და ძალიან ღრმად შეიჭრა უკონტროლო ტერიტორიებზე. ამასობაში ეგვიპტელმა მამლუქებმა გამოაცხადეს საყოველთაო მობილიზაცია ჯიჰადისთვის, საღვთო ომისთვის, შეკრიბეს დიდი ჯარი და გადმოვიდნენ პალესტინაში. მათ პალესტინის ქრისტიანთა ნაწილი ნეიტრალიტეტზე დაიყოლიეს, თავისუფლად გაიარეს და დაისვენეს იერუსალიმის სამეფოში (აკრში). მოიმხრეს მცირე აზიის რამდენიმე მელიქი, მათ შორის აიუბიდი ალნასირ უსუფი, ასევე, ბედუინები, ჰულაგუს მიერ დამარცხებული და დევნილი ქურთები და პალესტინის ტერიტორიებზე შესული კიტბუღას განადგურება გადაწყვიტეს.

1260 წლის 3 სექტემბერს, ნაზარეთთან ახლოს, აინ-ჯალუთის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მონღოლები მოკავშირეებითურთ და მამლუქები მოკავშირეებითურთ.

კიტბუღამ შეცდომა დაუშვა. ბრძოლებში მონღოლები ხშირად იყენებდნენ მათთვის დამახასიათებელ ტაქტიკას, ცენტრი გადავიდოდა შეტევაზე, უცებ, თითქოს მარცხდებიანო, უკან მოტრიალდებოდა და გარბოდა. გულმოცემული მოწინააღმდეგე გამოეკიდებოდა. ასე შეიტყუებდნენ ხოლმე ხაფანგში მტერს, მარცხნიდან და მარჯვნიდან ჩასაფრებული ნაწილები შეუტევდნენ, გაქცეული ნაწილებიც მოტრიალდებოდნენ და ისრებს დაუშენდნენ შეტევაზე გადასულ, გაშლილ და არეულ მტერს. ასე გაიმარჯვეს მრავალ ბრძოლაში, მათ შორის, ასე დაამარცხეს ჩვენი წინაპრები ლაშა-გიორგის დროს, პირველ ბრძოლაში.

რასაც მონღოლები სხვებს უკეთებდნენ, ის გაუკეთეს ქუთუზის მეომრებმა კიტბუღას ჯარს. მრავალრიცხოვანი ნაწილების სამი მხრიდან შეტევას ვეღარ გაუძლეს ხაფანგში მოქცეულმა მონღოლებმა და მათმა მოკავშირეებმა, კიტბუღამ უკან დახევა არ იკადრა. მონღოლები დამარცხდნენ, კიტბუღა ტყვედ ჩავარდა. მაჰმადიანებმა მონღოლთა სახელგანთქმული ნოინს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ სულთნის წინაშე დაჩოქება მოსთხოვეს. მან უარი განაცხადა. მოკლეს კიტბუღა.

ვინ იცის, რამდენი ათასი ქართველი ჩაწვა იმ დღეს პალესტინის მიწაში, რამდენი დაატყვევეს და გაყიდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი