რა კონტექსტში გამოიყენა თამარის ისტორიკოსმა - ბასილი ეზოსმოძღვარმა სიტყვა „წურბელა“
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 26.09

(იბეჭდება შემოკლებით)
ბოლო ხანს ანტიქართული იდეოლოგიის მიმდევრები მომრავლდნენ. ზოგს რომ ჰკითხო, თამარ მეფის ერთ-ერთი ისტორიკოსი დავით აღმაშენებელს წურბელას უწოდებსო. ეს უცოდინრობაა.
თამარის ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი, როცა თამარ მეფის დამსახურებებსა და მორალურ უპირატესობაზე საუბრობს, ამბობს:
„არა იღუწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თïსი მამული ძუელი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭელად, ვინათგან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ ყოფდა მტერთა ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრისობა, ვინ არა გესლოვან [ყო] ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.
ბჭედ ჯდა შორის თავისა თïსისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თ?სსა მისცემდა“.
ამ სიტყვებს თამარის ისტორიკოსი თამარ მეფის სტრატეგიის, თითქოსდა, დავით აღმაშენებლის სტრატეგიისგან განსხვავების წარმოსაჩენად წერს და ამბობს, რომ თამარ მეფე არ ცდილობდა მეზობლების დაპყრობას, არ ცდილობდა აგარაკის აგარაკისთვის შერთვას. რაც თავისი მამული ჰქონდა, იმას დასჯერდა, რადგან საკუთარი მამული საკმარისი იყო მისთვის, რათა უსამართლოდ და მომხვეჭელად არ ჩაეთვალათ. მეზობლებს კი არ ეშინოდათ მისი, არამედ მათ იცავდა მაშინებელთაგან და მტერთაგან. მოიშორა წურბლის მსგავსი გაუმაძღრობა ... და მეზობელ მეფეთა შორის მშვიდობის გარანტად იჯდა, თვითონ აძლევდა ამის მაგალითსო.
ვინც ზერელედ იცნობს დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და აღსარებისა და ღვთის სადიდებელ ნაწარმოებს – „გალობანი სინანულისანი“, შეიძლება, ეს ფრაზები მოეჩვენოს დავით აღმაშენებლის მწარე კრიტიკად და რომ თამარის ეს ისტორიკოსი დავით აღმაშენებელს წურბელას ადარებს.
განვიხილოთ ამგვართა „ცოდნა“. დავით აღმაშენებელმა თავის ნაწარმოებში ჩამოთვალა ზოგიერთი თავისი ცოდვა, ოღონდ, ძალიან თავმდაბალი მორწმუნის პოზიციიდან. „გალობანი სინანულისანი“, უპირველესად, ღვთის სადიდებელია. თუმცა, ის სააღსარებო კითხვებზე პასუხების მსგავსიცაა, სადაც აღმსარებელი, თითქოსდა, ცოდვების ჩამონათვალს პასუხობს, უფალს ცოდვების მიტევებას სთხოვს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შემწეობას ევედრება. მასში დავით აღმაშენებელი წერს: „სოლომონისაèსა წურბლისა მსგავსად ვერმაძღარი სხუათა სოფლის-კიდეთა ვეძიებდ დასაპყრობელად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობდ, ვითარცა მცირეთა და უნდოთა, ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა. ბოროტად გარდავâედ საზღუართა და შევჰრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოè ვმკïდრობდ ქუეყანასა ზედა“.
მეფის ამ სიტყვებში სოლომონ მეფის იგავებიდან (30, 15) არის მოტანილი მაგალითი, გაუმაძღრობაზე ანუ წურბელაზე. შემდეგ ჩვენი ხელმწიფე დარდობს, ინანიებს, რომ ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ცდილობდა „გაუმაძღრად“. მეფე ამბობს, ღმერთის მიერ ჩემთვის მოცემული საზღვრები არ ვიკმარე, უძღები ვიყავი, ავყევი გულისთქმას, ბოროტად გარდავხედე საზღვრებს, წავართვი სახლები (სამეფოები) სუსტებსო.
მართლაც, დავით აღმაშენებელმა სამეფოები (სახელმწიფოები) წაართვა კახეთ-ჰერეთის მეფეს და ტაშირ-ძორაგეტის დინასტიას (ქვემო ქართლში), არაბებს წაართვა ტფილისი, ანისის გამგებელ მაჰმადიან შედადიანებს წაართვა ანისი და იქაური სომხები გაათავისუფლა რელიგიური ჩაგვრისგან.
დავით მეოთხე, როგორც მეფე, როგორც ქართველი, ვალდებული იყო გაეერთიანებინა საქართველოს ქვეყნები, მაგრამ, როგორც ადამიანი, ამ გაერთიანებით, მისი აზრით, სჩადიოდა ცოდვას, რადგან სხვებს წაართვა სამეფო-სამთავროები... დავით აღმაშენებელი განიხილავს ამ ვითარებას, როგორც მეათე მცნების დარღვევას, სადაც წერია: „არა გული გითქუმიდეს სახლისათïის მოყუასისა შენისა... არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთïის, რაèცა იყოს მოყუასისა შენისა“.
სხვისი კანონიერი ქონების წართმევა მეათე ცნების დარღვევაა, ცოდვაა და ამას განიცდიდა და ინანიებდა ჩვენი ხელმწიფე თავის „გალობანი სინანულისანში“.
დავით აღმაშენებელს რომ არ წაერთმია ისტორიული ქართული მიწები კახეთ-ჰერეთის სამეფო აღსართან მეფისთვის, ქვემო ქართლში ტაშირ-ძორაგეტის სამეფო კვირიკიანი – სომხებისთვის, ტფილისი არაბი – ბერებისთვის, საქართველო ვერ გაერთიანდებოდა და ახლა ქართველი ხალხი არ იარსებებდა.
სომხების თხოვნით, საქართველოს რომ არ წაერთმია მაჰმადიანი მფლობელისთვის (დამპყრობლებისთვის) და არ შემოეერთებინა ანისი და მერე სხვა სომხური მიწები და არ დაეცვა სომხები, თავისი ეკლესიიანად, თურქ-სელჩუკებისგან, შესაძლოა, დღემდე სომხები არც კი შემორჩენილიყვნენ.
დავით აღმაშენებელმა სცადა ალბანური, სპარსული კულტურის შირვანი, დღევანდელი აზერბაიჯანი, დაეცვა გათურქებისგან.
თამარ მეფის ისტორიკოსი, თითქოს, მიჯნავს დავით აღმაშენებლის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას თამარ მეფის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკისგან.
თუმცა, დავით აღმაშენებელმა გაერთიანებული დაახვედრა ქართული მიწები თავის შთამომავლებს და თამარ მეფეს აღარ დასჭირვებია ქართლ-კახეთისა თუ ტფილისი შემოერთება საქართველოსთვის და სხვისთვის წართმევა, „წურბელური გაუმაძღრობა“, „სახლის სახლზე შერთვა“ და სამეფოების გაუქმება-დაპყრობა. თამარ მეფემ ერთიანი საქართველო ჩაიბარა, გაერთიანებული დავით აღმაშენებლის მიერ.
თუმცა, დიდი დავითის გზა მაინც გააგრძელა და სომხეთის ტერიტორიები დაუმატა საქართველოს, სომხებისავე თხოვნით.
გარდა ამისა, თამარ მეფის ჯარმა წაართვა ბიზანტიას ლაზეთ-ტრაპიზონი. ასევე თამარ მეფის ჯარმა დალაშქრა ადარბადაგანი და აღმოსავლეთ ირანის ტერიტორიები, რასაც თავისი სტრატეგიული მიზანი ჰქონდა.
ამგვარად, ბასილი ეზოსმოძღვარის მიერ დავით აღმაშენებლისეული „გალობანი სინანულისანის“ აღმსარებლობითი სიტყვების გამოყენება თამარ მეფის სტრატეგიის ძალიან ქრისტიანული პოზიციის წარმოსაჩენად უნდა გავიგოთ მხოლოდ და არა როგორც „თამარის ისტორიკოსის მიერ დავითის წურბელად და უარყოფითად მოხსენიება“.
ბასილი ეზოსმოძღვის მხატვრული ხერხი, მისი სიტყვები აჩვენებს, რომ თამარ მეფეს ერთიანი საქართველო დახვდა მემკვიდრეობად და მას აღარ სჭირდებოდა ექსპანსიონიზმი, „დაპყრობები“ ქართული მიწებისა, აღარ სჭირდებოდა საქართველოს გაერთიანება და გაერთიანებული საქართველო იკმარა და სხვების მიწებს არ იპყრობდაო.
დიახ, ბასილი ეზოსმოძღვარმა იცოდა, რომ დავით აღმაშენებელს სხვა ხალხთა მიწები არ დაუპყრია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან