რა იყო მარიამ-მართა ბაგრატიონის მთავარი მამოძრავებელი ძალა
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 23.05

(იბეჭდება შემოკლებით)
კონსტანტინე ბასილევსის თხოვნით, 1065 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ მეოთხის ასული, მართა, დააქორწინეს ბიზანტიის ბასილევსის (იმპერატორის, მეფის) მემკვიდრე ვაჟზე, მიხეილზე. მაშინ მიხეილი და მართა თხუთმეტიოდე წლის იყვნენ. იმ პერიოდში ასეთ ასაკში აქორწინებდნენ ხოლმე მეფის ოჯახის წევრებს.
1067 წელს გარდაიცვალა იმპერატორი კონსტანტინე მეათე. წესით, იმპერატორად უნდა ეკურთხებინათ მართას ქმარი, უფლისწული მიხეილი. ასეთი ანდერძი ჰქონდა იმპერატორს, რომელმაც მცირეწლოვან შვილს დაუნიშნა რეგენტი, თავისი მეუღლე, ევდოკია, რომელსაც გაუთხოვლობის აღთქმა უნდა შეენახა.
მაგრამ, სულ მალე, ევდოკიამ ქმრად დაისვა რომანოზ მეოთხე დიოგენი, ცნობილი სარდალი, რომელსაც უნდა გაეწია წინააღმდეგობა რეგიონში შემოჭრილი თურქ-სელჩუკებისთვის. ბასილევსად გამოცხადდა რომანოზი, თანამეფეებად – მიხეილი, ანდრონიკე და კონსტანტინე. ბიზანტიაში ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ის გაუმკლავდებოდა რეგიონში შემოჭრილ სელჩუკებს. ასეც იქნებოდა, რომ არა ღალატი.
1071 წელს, მანასკერტის ბრძოლაში, მართას ქმრის ბიძაშვილმა, ანდრონიკე დუკამ, უღალატა რომანოზს, გამოაცხადა, თითქოს იმპერატორი მოკვდა და მის მიერ მართული სამხედრო ნაწილებითურთ უკან დაიხია. საბოლოოდ რომანოზ დიოგენი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა... შედეგად კი, დღეს, მცირე აზიაში თურქეთია და არა საბერძნეთი.
მალე, რომანოზი თურქთა სულთანმა, ალფ-არსლანმა დიდი გამოსასყიდის საფასურად გაათავისუფლა. მაგრამ, ის ანდრონიკე დუკამ დაატყვევა, თვალები დასთხარეს და გარდაიცვალა. ევდოკიას უფლებები ჩამოართვეს და მონაზვნად აღკვეცეს.
ბასილევსი გახდა მიხეილ მეშვიდე დუკა, მართა დედოფლად აკურთხეს მარიამის სახელით.
მიხეილ დუკას და მარიამ ბაგრატიონს შეეძინათ ვაჟი, კონსტანტინე. რომლის შესახებ ანა კომნენი წერდა: „როგორც ბუნების ძეგლი, ისეთი იყო ის ყმაწვილი და ღვთის ნახელავი საჩუქარი, თუ შეიძლება, ასე ითქვას. თუკი ვინმეს დაუნახავს მაინც, იტყოდა, რომ ეს ოქროს მოდგმის ნაშიერი არისო, როგორც ეს ელინურ მითებშია მოთხრობილი. ასეთი უბადლო სილამაზისა იყო“...
... „კონსტანტინე (ბავშვობიდან) გამოირჩეოდა თავისი მიმზიდველობით... არა მარტო სიტყვა-პასუხით, არამედ, როგორც შემდეგში ამბობდნენ მაშინდელი მომსწრენი, ყოველგვარი მოძრაობითა და ხერხებით, რომლებსაც თამაშის დროს იყენებდნენ; თმის და კანის ფერით ის იყო ქერა, რძესავით თეთრი, დაბრაწული სადაც საჭიროა, და ჰგავდა კვირტებიდან ახლად ამოსულ ვარდებს. ხოლო თვალები ღია ფერისა კი არ ჰქონდა, არამედ შევარდნის თვალებს ჰგვანდნენ და ისე ბრწყინავდნენ, როგორც ოქროს ბუდიდან; ისეთი სილამაზე ნაირნაირ სიამოვნებას ჰგვრიდა მაყურებელს და ის ჰგავდა ციურ სილამაზეს და არა მიწიერს. ვინც მას დაინახავდა, უთუოდ იტყოდა, რომ ასე ხატავენ ეროსს“.
კონსტანტინე დუკას მომავალზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველები (ო, რა კარგად აქვს ეს აღწერილი კონსტანტინე გამსახურდიას თავის ტეტრალოგიაში: „დავით აღმაშენებელი“), ასევე, ალბათ, საქართველოს პოლიტიკოსებიც. იმედი ჰქონდათ, დედით ქართველი იმპერატორი, საქართველოსადმი სიყვარულით აღზრდილი, დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას, როცა ტახტზე ავიდოდა.
1078 წელს მარიამ ბაგრატიონის ქმარი, ბასილევსი კონსტანტინე დუკა დაამხეს და ტახტზე ავიდა ნიკიფორე ბოტინიატე, რომელმაც ცოლობა სთხოვა მარიამ-მართა ბაგრატის ასულს. შვილის ინტერესების გამო მარიამი დათანხმდა.
მაგრამ, ნიკიფორე ბოტინაიტესმა სცადა მარიამის ვაჟისთვის წაერთმია მემკვიდრეობა და თავისი ნათესავისთვის მიეცა (შვილები არ ჰყავდა). კონსტანტინოპოლში მოხდა გადატრიალება, ნიკიფორე დაამხეს. იმპერატორად გამოცხადეს ალექსი კომნენი, რომელსაც მხარს უჭერდა მარიამ-მართა ბაგრატიონი, ისევ თავისი ვაჟისა და საქართველოს ინტერესების გამო. ეს იყო მართა ბაგრატის ასულის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
მარიამის ძე გამოაცხადეს იმპერატორის მემკვიდრედ და თანამმართველად.
კონსტანტინეს თანამეფობა გაგრძელდა 1087 წლამდე. როცა ალექსის შეეძინა ვაჟი. კონსტანტინე პორფიროგენეტს ჩამოართვეს ტახტის მემკვიდრის უფლებები და დაითხოვეს სასახლიდან.
ბაგრატ მეფის ასული არ ნებდებოდა, მაინც ცდილობდა შვილიც გაემეფებინა და ამით ძმისშვილსაც დახმარებოდა.
1094 წელს მეფე ალექსი კომნენის წინააღმდეგ შეთქმულება გამჟღავნდა. როგორც ანა კომნენოსი წერს: დედოფალმა იცოდა შეთქმულების შესახებ, მაგრამ მეფის მოკვლის წინააღმდეგი იყო და მეტიც, შეთქმულთა მეთაურს ურჩევდა, არ მოეწყო გადატრიალება,
მარიამ დედოფალი აიძულეს შვილთან ერთად დაეტოვებინა კონსტანტინოპოლი. რა თქმა უნდა, ამ ვითარების გამო, საქართველოსთან ბიზანტიას ურთიერთობა გაუფუჭდებოდა, თუმცა, ორივე მხარე ცდილობდა, დაპირისპირება არ გაღრმავებულიყო, რადგან ორივე ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა მოკავშირე თურქებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით ბიზანტიას, რომელსაც აღმოსავლეთში ძლიერი ჯარი აღარ ჰყავდა. ამიტომ, ბიზანტიის ბასილევსმა დავით მეფეს სევასტოსის ტიტული პანიპერსევასტოსობამდე აუმაღლეს. არადა, ეს ტიტულები ჩვენს ხელმწიფეს აღარ აინტერესებდა.
დედოფალ მარიამ მართაყოფილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ ბერებთან და პოლიტიკოსებთან. ის უკვეთავდა ხელნაწერებს ქართული მონასტრებისთვის. შესაწირავს უგზავნიდა ათონის ივერთა მონასტერს, სადაც სააღაპე წიგნში მისი მოსახსენიებელი შეიტანეს. დედოფალი მეგობრობდა გრიგოლ ბაკურიანის ძესთან, აღმოსავლეთის დიდ დომესტიკოსთან, რომელმაც მის ძმას, საქართველოს მეფე გიორგი მეორეს ციხე-ქალაქი კარი (ყარსი) გადასცა, 1074 წელს, მარიამ-მართას დედოფლობისას და როგორც ჩანს, დედოფლის ინიციატივით. მარიამ დედოფალს უძღვნა თეოფილაქტე ბულგარელმა, ბულგარეთის მომავალმა მთავარეპისკოპოსმა: „იოანეს სახარების განმარტება“.
მარიამ დედოფალმა გააგრძელა დედამისის, ბორენა დედოფლის დაწყებული საქმე და სიონის მთაზე მშენებარე კაპათას მონასტრის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა.
1096 წელს გარდაიცვალა მარიამ-მართას ერთადერთი ვაჟი, კონსტანტინე პორფიროგენეტი...
რა თქმა უნდა, ეს მარიამ-მართა დედოფალყოფილისთვის უდიდესი ტრაგედია იყო. თუმცა, ამის შემდეგაც, არ შეუწყვეტია მოღვაწეობა და საქართველოსა და თავისი საყვარელი ძმისა და ძმისწულის დახმარება, როგორც შეეძლო.
1104 წელს რუის-ურბნისის კრების დროს მართა-მარიამ დედოფალი საქართველოში ყოფილა თავის სათაყვანებელ ძმასთან, გიორგი მეორესთან და ძმისწულთან, დავით აღმაშენებელთან.
საქართველოს მეფის ასული და ბიზანტიის ყოფილი დედოფალი გარდაიცვალა 1118 წელს. დაკრძალულია თრაკიის ერთ-ერთ მონასტერში, მის მამულში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან