რა იყო ეგვიპტელებთან მონღოლთა ორი სასტიკი მარცხის მიზეზი და რა ბედი ეწიათ მათ ბრძოლებში მონაწილე ქართველებს
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.03
მონღოლები ძალიან ძლიერი მეომრები იყვნენ, ჯარიც ძალიან მრავალრიცხოვანი ჰყავდათ, იყენებდნენ ახალ, მტრებისთვის ჯერ უცნობ ტაქტიკას, რისი მეშვეობითაც ადვილად იმარჯვებდნენ ბრძოლებში.
1260 წლის იანვარში მონღოლებმა აიღეს ალეპო. მონღოლთა ჯარს ხელმძღვანელობდა უფლისწული ჰულაგუ. მონღოლებს თან ახლდათ საქართველოს მეფე დავით მეშვიდე, ქართველთა სამხედრო ნაწილებით. ჰულაგუმ წერილი მისწერა ეგვიპტის სულთანს, მოსთხოვა დანებებულიყო და ხარკი ეხადა.
იმ დროს მონღოლთა ბანაკში მოვიდა ცნობა ჰულაგუს ძმის, დიდი ყაენის, მანგუს (მუნქეს) გარდაცვალების შესახებ. ჰულაგუს იწვევდნენ ყარაყორუმში, უფლისწულთა შეკრებაზე, ყურულთაიზე დასასწრებად. ჰულაგუ გაემგზავრა ყარაყურუმს და ჩვენი მეფის სამხედროების დიდი ნაწილიც შინ გამოუშვა.
ქართველების ნაწილი, რამდენიმე ათასი მეომარი დარჩენილა ნოინ კიტბუღას მეთაურობით ჰულაგუს მიერ დატოვებულ მცირერიცხოვან, ოცი ათას მეომართან ერთად. ჰულაგუს უკან გაბრუნებით გულმოცემულმა სულთანმა ქუთუზმა დაწვა ჰულაგუს წერილი და დახოცა მონღოლთა ელჩები.
კიტბუღამ აიღო რამდენიმე ქალაქი პალესტინაში, თუმცა, არ გამოიჩინა სიფრთხილე და ძალიან ღრმად შეიჭრა უკონტროლო ტერიტორიებზე. ეგვიპტელმა მამლუქებმა გამოაცხადეს საყოველთაო მობილიზაცია ჯიჰადისთვის, საღვთო ომისთვის, შეკრიბეს დიდი ჯარი და გადმოვიდნენ პალესტინაში. მათ პალესტინის ქრისტიანთა ნაწილი ნეიტრალიტეტზე დაიყოლიეს, თავისუფლად გაიარეს და დაისვენეს იერუსალიმის სამეფოში (აკრში). მოიმხრეს მცირე აზიის რამდენიმე მელიქი, მათ შორის აიუბიდი ალნასირ უსუფი, ასევე, ბედუინები, ჰულაგუს მიერ დამარცხებული და დევნილი ქურთები.
1260 წლის 3 სექტემბერს, ნაზარეთთან ახლოს, აინ-ჯალუთის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მონღოლები, მოკავშირეებითურთ და მამლუქები, მოკავშირეებითურთ.
კიტბუღამ შეცდომა დაუშვა. ბრძოლებში მონღოლები ხშირად იყენებდნენ მათთვის დამახასიათებელ ტაქტიკას, ცენტრი გადავიდოდა შეტევაზე, უცებ, თითქოს მარცხდებიანო, უკან მოტრიალდებოდა და გარბოდა. გულმოცემული მოწინააღმდეგე გამოეკიდებოდა. ასე შეიტყუებდნენ ხოლმე ხაფანგში მტერს და მარცხნიდან და მარჯვნიდან ჩასაფრებული ნაწილები შეუტევდნენ, გაქცეული ნაწილებიც მოტრიალდებოდნენ და ისრებს დაუშენდნენ შეტევაზე გადასულ, გაშლილ და არეულ მტერს. ასე გაიმარჯვეს მრავალ ბრძოლაში.
რასაც მონღოლები სხვებს უკეთებდნენ, ის გაუკეთეს ქუთუზის მეომრებმა კიტბუღას ჯარს. მრავალრიცხოვანი ნაწილების სამი მხრიდან შეტევას ვეღარ გაუძლეს ხაფანგში მოქცეულმა მონღოლებმა და მათმა მოკავშირეებმა, კიტბუღამ უკან დახევა არ იკადრა. მონღოლები დამარცხდნენ, კიტბუღა ტყვედ ჩავარდა. მაჰმადიანებმა მონღოლთა სახელგანთქმულ ნოინს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ სულთნის წინაშე დაჩოქება მოსთხოვეს. მან უარი განაცხადა. კიტბუღა მოკლეს.
ვინ იცის, რამდენი ათასი ქართველი ჩაწვა იმ დღეს პალესტინის მიწაში, რამდენი დაატყვევეს და გაყიდეს.
გავიდა ოციოდე წელი.
1281 წელს მონღოლებმა გადაწყვიტეს, კვლავ ელაშქრათ ეგვიპტელების წინააღმდეგ და ამჯერად მაინც დაემორჩილებინათ ეგვიპტე. ყაენმა აბაღა ჰულაგუს ძემ მოუწოდა თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის მეფე დიმიტრის, მომავალ თავდადებულს. მონღოლური ჯარის მეთაურად დაინიშნა აბაღას უმცროსი ძმა, მანგუ დემური (მენგუ თემური). მრავალი დღის მერე მიადგნენ ქალაქ ჰომს.
ეგვიპტის სულთანი, ქალაუნი მომზადებული დახვდა მონღოლთა არმიას და დაიკავა მომგებიანი პოზიცია. ქართველები მოწინავეთა რიგებში დააყენეს.
1281 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო ბრძოლა. შეტევა მონღოლების ჯარის მარცხენა ფლანგმა დაიწყო. ქალაუნმა იცოდა ქართველების მხნეობის შესახებ. ამიტომ მათ წინააღმდეგ 12 000 რჩეული მხედარი გადმოისროლა.
სასტიკი ბრძოლა იყო, ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი იხოცებოდა. ეგვიპტელთა სარდლები, ყარა-სონღული და იაყუბ აფრაში პირდაპირ ჩვენს მეფეზე იწევდნენ. მეფე დიმიტრიმ წინა რიგებში განალაგა 200 ყველაზე გამოცდილი მხედარი. მათგან ყველა მოუკლეს მეფეს, მხოლოდ სამი კაცი გადარჩა. ყარა-სონღულის მიერ ნასროლმა შუბმა ცხენი მოუკლა დიმიტრი მეფეს. ჩვენი ხელმწიფე ქვეითად აგრძელებდა ბრძოლას. ჩამოქვეითდნენ სხვა ქართველებიც. „სიქანალის ძე, აბაში“ (სავარაუდოდ, აბაშიძე) მსწრაფლ ჩამოქვეითდა და ცხენი მეფეს დაუთმო. ეს რომ დაინახეს სხვა ქართველებმა, თვითონაც ამხედრდნენ თავის ცხენებზე, უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შეუტიეს მტერს და ყარა-სონღულისა და იაყუბ აფრაშის ნაწილები ჰომსის კედლებისკენ გააქციეს. გაეკიდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ მტერს. ამან პანიკა გამოიწვია ჰომსის მოქალაქეთა შორის, რომლებიც გალავნის კედლებიდან უყურებდნენ ყველაფერს.
ეგვიპტელების სხვა ნაწილებსაც ძალიან გაუჭირდა, უკვე აგებდნენ ბრძოლას. სულთანმა უკან დაახევინა ჯარს, გადააჯგუფა და მთელი ძალებით ახლიდან გადაიყვანა შეტევაზე ცენტრისკენ, სადაც მანგუ დემური იმყოფებოდა.
ამ დროს ჩერქეზი მამლუქების მეთაურმა ოზდემირ ალ-ჰაჯიმ აიყოლია ორასი ჩერქეზი და გაიჭრა მანგუ დემურის ბანაკისკენ ყვირილით, თითქოს მათ მხარეს გადადიოდა. მონღოლებმა მამლუქები შეუშვეს თავიანთ რიგებში. ოზდემირ ალ-ჰაჯიმ მოითხოვა, მანგუ დემურთან მიმიყვანეთ, მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადავცეო. მიიყვანეს. მოულოდნელად ჩერქეზი თავს დაესხა მანგუ დემურს და შუბი აძგერა. მონღოლთა უფლისწული მძიმედ დაიჭრა, ჩამოვარდა ცხენიდან და დაცემისა და ჭრილობისაგან გონება დაკარგა. გარემოცვას ეგონა, უფლისწული მოკვდაო. სამეთაურო ბანაკში არეულობა დაიწყო. ორასი ჩერქეზი გააფთრებული იბრძოდა, მაგრამ მანგუ დემურის გარემოცვამ მალე ჩახოცა ისინი. თუმცა, მონღოლთა არმიაში პანიკა გავრცელდა, მთავარსარდალი მოგვიკლესო. მოულოდნელად ეგვიპტელების არმია შეტევაზე გადავიდა. მანგუ დემური ნოინებმა გამოარიდეს და უკან უწესრიგოდ დაიხიეს. მონღოლთა ნაწილი ალეპოსკენ გარბოდა. რაღა უნდა ექნათ ქართველებს, მათაც უკან დაიხიეს.
მდინარე ევფრატის სანაპიროსთან მონღოლთა ერთი ნაწილი ლერწმიანში მოხვდა და მდინარეზე გადასვლას ცდილობდა. მაჰმადიანებმა ცეცხლი მოუკიდეს ლერწმიანს. ცეცხლმა და კვამლმა ბლომად მეომარი იმსხვერპლა, ნაწილი მდინარეში ჩაიხრჩო. მეორე ნაწილი მონღოლებისა, ოთხი ათასი მეომარი, უდაბნოში დაიბნა და უწყლობით დაიღუპა. ბევრი დაიხოცა მონღოლთა ჯარიდან, მათ შორის, მრავალი ქართველი გაწყდა ბრძოლაში და უკანდახევისას. მეფე და ნაწილი ქართველებისა უვნებლად გადარჩა.
ეგვიპტელებმაც დიდი ზარალი ნახეს. გამარჯვებულები კი აღმოჩნდნენ, მაგრამ მტრის დევნა ვეღარ შეძლეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





