ისტორია

რა გრანდიოზული საოცრება იდგა ყაენ მუნქეს სასახლეში, როდესაც სუმბატ ორბელიანს მეორე აუდიენციის უფლება მისცეს

№30

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 06.08

ისტორია
დაკოპირებულია

ყაენ მუნქეს დედა, სორგაქთანი ბექი, რომელსაც ყაენმა ჩააბარა ყარაყორუმში ბედის საძებნელად ჩასული სუმბატ ორბელიანი, 1252 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ყაენს მიავიწყდა ორბელიანი. სუმბატს ყაენისგან დანიშნული ჰქონდა ყოველდღიური სარჩო. მოლოდინსა და ლოცვაში გავიდა სამი წელი, როგორც გვიამბობს მისი ძმისწული, სომეხთა მიტროპოლიტი სტეფანოს ორბელიანი. იდგა 1254 წელი.

მდინარე ორხონის ხეობაში ყარაყორუმის მთების მახლობელი მინდვრები 1220 წელს თავის სადგომად აქცია ჩინგიზ ყაენმა. მაშინ იქ მხოლოდ მომთაბარეთა პატარა დასახლება იყო და ადგილს მთების სახელი, ყარაყორუმი ეწოდა. მონღოლთა ჯარის მრავალრიცხოვანმა იურტებმა მოფინა ყარაყორუმის სანახები და იურტებიანი ქალაქი დაარსდა. სწორედ, ყარაყორუმიდან გაემგზავრა მონღოლთა არმია ხორეზმის დასარბევად. მონღოლებმა დაპყრობილი ჩინეთიდან, ირანიდან, ხორეზმიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ყარაყორუმში გადაასახლეს სხვადასხვა სფეროს ხელოსნები და ოსტატები. 1251 წელს, როცა იქ ჩავიდა სუმბატ ორბელიანი, ყარაყორუმი იყო ძალიან დიდი, სასახლეებიანი, იურტებიანი, სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელთა სამლოცველოებიანი ქალაქი.

1254 წლის დასაწყისში ერთი გრანდიოზული საოცრება უკვე არსებულა ყარაყორუმში.

მუნქე (მანგუ) ხანმა ტახტზე ასვლისთანავე წამოიწყო განსაკუთრებული საყაენო რეზიდენციის მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან წაყვანილი მშენებლები და ოსტატები. ყაენის სასახლის განსაცვიფრებელი მშვენება ყოფილა ვერცხლის გრანდიოზული შადრევანი, რომელსაც ფოთლები, მსხლები და ხის მსგავსად ოთხი ტოტი ჰქონია. მისი ავტორი იყო პარიზელი მოქანდაკე, ინჟინერი და ოქრომჭედელი გიიომ (ვილჰელმ) ბუშე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მონღოლთა შეჭრის დროს, უნგრეთში, ცოლთან ერთად ტყვედ ჩავარდნიათ მსოფლიოს ახალ დამყრობლებს, მერე კი, თავისი ნიჭის წყალობით, ყაენის ოსტატად დაწინაურებულა. შადრევნის თავზე ანგელოზის ოქროს მექანიკური ქანდაკება მდგარა, რომელსაც ხელში ყანწის მაგვარი საყვირი ეკავა. შადრევნის ტოტები გველის ფორმის ყოფილა, პირდაფჩენილი თავებით. შადრევნის ფესვებთან ოთხი ვერცხლის ლომის ქანდაკება იწვა, გველების თავების ქვეშ კი ოთხი დიდი ვერცხლის ჭურჭელი იდგა.

ყაენ მუნქეს, ისევე, როგორც მის წინამორბედებს, ძალიან უყვარდათ ზეიმები და მეჯლისები, რომლების დროსაც უამრავ საჩუქარს იღებდნენ ყმებისგან, დაპყრობილი ხალხების მეთაურებისგან, მონღოლთა ყაენის გულის მოგების მსურველებისგან, მოგზაურებისგან, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა (ჯერ) დაუპყრობელი ქვეყნების ხელმწიფეთა ელჩებისგან. თვითონ მონღოლთა ყაენებსაც ძალიან უყვარდათ საჩუქრების გაცემა მონღოლთა სხვადასხვა ტომის ხანებისთვის, დაპყრობილი ქვეყნების მთავრებისთვის, ელჩებისთვის, მოგზაურებისთვის, ყაენის სტუმრებისთვის, უბრალო მოქალაქეებისათვის. ასეთი ტრადიცია ჩინგიზ ყაენის დამკვიდრებული ყოფილა, როდესაც ის იმორჩილებდა სხვადასხვა მონღოლურ ტომს, დამორჩილებულ, შემორიგებულ და დაქვემდებარებულ ყაენებს გულუხვად ასაჩუქრებდა. ამით ხანებს და მის ქვეშევრდომებს აჩვენებდა, რომ ისინი მისი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი და მეწილეებიც იყვნენ. ადგილობრივი ყაენებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ და მათი პატივმოყვარეობა შეულახავი რჩებოდა. შემდეგ ის ადგილობრივი ყაენები თავის მეომრებსა და ერთგულებს უწილადებდნენ წილს ჩინგიზ ყაენის მიერ გულუხვად გაცემული საჩუქრიდან.

დიდ ყაენსა და ადგილობრივ ყაენებს, მხედართმთავრებს, დიდ ნოინებს, ემირებს, ათიათასიანი შენაერთების, დუმნების ნოინებს, ათასეულების, ასეულების, ათეულების მეთაურებსა და უბრალო მეომრებს შორის ასეთი ურთიერთობა დაამყარა ჩინგიზ ყაენმა და ამ ტრადიციას მისდევდნენ მისი მემკვიდრე ყაენები. ასეთივე პრინციპი ვრცელდებოდა უკვე დაპყრობილი ქვეყნების მთავრებზეც და სტუმრებზეც (სტუმრებს, მათ შორის ელჩებს, მონღოლთა ყაენები უყურებდნენ, როგორც მომავალ ქვეშევრდომებს, რადგან მსოფლიოს ბატონად მოჰქონდათ თავი). ჩინგიზ ყაენის მიერ დადგენილ წესს მისდევდა ყაენი მუნქეც. მის შესახებ წერდნენ, რომ ძალიან გულუხვი იყოო. უყვარდა დიდი მეჯლისები და ცერემონიები, საჩუქრების მიღება და გაცემა. სტუმრებზე, ქვეშევრდომებზე შთაბეჭდილების მოხდენა და ლხინი.

თურმე, როცა მუნქე ყაენი სასახლეში მოიწვევდა სტუმრებს სალხინოდ, დაჯდებოდა ამაღლებულ ტახტზე და ბრძანებას გასცემდა, დაალევინეთ ჩემს სტუმრებსო, მის ბრძანებას ხმამაღლა იმეორებდა მერიქიფეთუხუცესი. ბრძანების გაგონებაზე შადრევნის თავზე მდგომი ოქროს ანგელოზი საყვირს პირთან მიიტანდა და საყვირიდან გაისმოდა ძლიერი ხმა. საყვირის ხმის გაგონებაზე შადრევნის ოთხი გველის თავიდან გადმოიღვრებოდა ალკოჰოლური სასმელები: ყურძნის ღვინო, ბრინჯის ღვინო, ყუმისი (ცხენის დადუღებული რძისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი) და თაფლუჭი (თაფლისაგან მომზადებული მათრობელა სასმელი). ოთხი სასმელი ავსებდა შადრევნის ქვეშ დიდ ვერცხლის ოთხ ქვაბს (აუზებს). ლომები ყუმისს აფრქვევდნენ პირიდან. მსახურები ამ ქვაბებიდან სასმისებს ავსებდნენ სასმელებით და მიჰქონდათ ყაენთან და სტუმრებთან. ეს ყველაფერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა სტუმრებზე და თავი სასწაულის მომსწრედ ეჩვენებოდათ.

სინამდვილეში, შადრევნის ქვეშ ფარული სართული იყო მოწყობილი, სადაც იდგა შადრევნის ანგელოზის მმართველი მსახური, რომელიც მერიქიფეთა უფროსის ბრძანების გაგონებაზე აამუშავებდა ანგელოზს – ანგელოზი პირთან მიიტანდა საყვირს, იქვე მდგარი სხვა მსახური ჩაბერავდა საყვირს, რომლის მილიც შეერთებული იყო შადრევანს ზემოთ ანგელოზის პირთან და იქიდან გაისმოდა საყვირის ხმა. იქვე, შადრევნის ქვეშ იდგნენ სხვა მსახურებიც, რომლებიც იქვე მდგარ ჭურჭელში ასხამდნენ ოთხივე ალკოჰოლურ სასმელს, სხვა მსახურები კი მექანიკური მოწყობილობის მეშვეობით ამ სასმელებს ქაჩავდნენ და სასმელები მილების მეშვეობით ადიოდა შადრევნის გველების თავებამდე და გადმოისხმებოდა ქვემოთ მდგარ ჭურჭელში (ქვაბებში, ავზებში)... ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, საიდუმლო იყო და სტუმრებმა არ იცოდნენ.

იქმნებოდა გრანდიოზული შთაბეჭდილება.

ეს ყველაფერი 1254 წელს იხილა საფრანგეთის მეფის ლუი მეცხრის ელჩმა, ფრანცისკანელმა ბერმა გიიომ დე რუბრუკმა, მერე გიიომ ბუშეც გაიცნო, დაუმეგობრდა და შადრევნის საიდუმლოც გაიგო.

გასომხებული სუმბატ ორბელიანი, ძმისწულის ცნობით, ყოველ ღამეს გულმხურვალე და ცრემლიან ლოცვაში ათენებდა და ღმერთს წყალობას სთხოვდა. თან ჰქონია ერთი წმიდა ხის პატარა ჯვარი. ჯვარი სასწაულთმოქმედი ყოფილა და ერთხელაც, სუმბატის კარვის თავზე მანათობელი ჯვარი გამოისახა. სასწაული უხილავს თითქმის მთელ ყარაყორუმს და მიუღწევია ყაენის ყურამდეც. მუნქე დაინტერესდა საიდან ამოდიოდა სასწაულებრივი ჯვრისსახოვანი ნათება და თავის ქვეშევრდომს დაავალა დაენიშნათ ის კარავი.

სუმბატ ორბელიანს ისევ გაუმართლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...