ისტორია

რა გმირული საქციელი ჩაიდინა დავით ივანეს ძე ახალციხელმა

№36

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 15.09, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მოიშალა. უზარმაზარი გავლენა ჰქონდა სახელმწიფოში ივანე მხარგრძელს, ამირსპასალარსა და ათაბაგს. როგორც ამირსპასალარი, მართავდა სამხედრო უწყებას და როგორც ათაბაგი, სიმბოლურად, მეფის გამზრდელად, მეფის შემდეგ პირველ პირად მიიჩნეოდა. ქონებაც დიდი დაუგროვდა ივანეს, ლორე-ტაშირიდან, სამხედრო კამპანიებიდან და ვაჭრობიდან. ძალიან გაძლიერებული იყვნენ მისი ძმისშვილი და მხარგრძელების სხვა განაყოფები. ფაქტობრივად, მხარგრძელთა უძლიერესი კლანი მართავდა ქვეყანას.

რუსუდანი სუსტი მეფე იყო. სულაც არ ჰგავდა კეთილმსახურ დედას, არც თამარივით ბრძენი იყო და არც დედამისივით კეთილშობილი გული ჰქონდა.

დაბერებულმა მხარგრძელმა ვერ შეძლო ჯალალედინის ჯარის დამარცხება. გარნისის მარცხით სამხედრო უწყება მოიშალა და რამდენიმე თვის შემდეგ ჯალალედინი, ფაქტობრივად, უომრად მოადგა ოდესღაც უძლეველი სახელმწიფოს დედაქალაქ ტფილისს...

შემდეგ მონღოლები შემოიჭრნენ ჩვენს სამშობლოში. მათ, ფაქტობრივად, რეალური წინააღმდეგობა არც შეხვედრიათ. დემორალიზებული სახელმწიფოს დიდებულები, გმირებისა და სახელგანთქმული მხედართმთავრების შვილები ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ.

რუსუდან მეფე, როგორც ჯალალედინის დროს, კვლავ დასავლეთ საქართველოში გადაიხვეწა და ქუთაისს შეაფარა თავი. მონღოლებმა არ გარისკეს მთიანი დასავლეთის ტერიტორიაზე გადასვლა და საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეებს იკავებდნენ.

ივანე მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი, ავაგი გახდა წამყვანი პოლიტიკოსი საქართველოში, თავის ბიძაშვილ, შანშესთან ერთად.

ივანე მხარგრძელის მიზანი მიღწეულ იქნა. მხარგრძელთა მთავარი კონკურენტები, გმირი ახალციხელები დაიხოცნენ. ახალციხელების გავლენა დაეცა. შალვას ვაჟი, ფარადავლა რუმის სასულთნოში გადაიხვეწა. ივანე ახალციხელის ვაჟი, დავითი ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი. ავაგ მხარგრძელი ეახლა მონღოლებს და მორჩილება გამოუცხადა. მას სხვა დიდებულებმაც მიჰბაძეს.

რუსუდან მეფე არ ენდობოდა მონღოლებს და არ დაბრუნდა თბილისში. მონღოლებს წესად ჰქონდათ, დაპყრობილი ქვეყნების ხელმძღვანელებს ურდოში აგზავნიდნენ, ყაენთან, რომ მისთვის მორჩილება გამოეცხადებინათ დამორჩილებულებს. მონღოლთა სარდალმა, ჩაღატა ნოინმა ავაგ მხარგრძელი, როგორც ამირსპასალარი და მეფის ნდობით აღჭურვილი პირი, ჩინგიზ ყაენის უფროსი შვილის ვაჟთან, ბათო ყაენთან, ოქროს ურდოში გაგზავნა.

ბათო ყაენის ულუსის სატახტო სარაი – ბათუ, მდინარე ვოლგის ერთ-ერთი ნაკადის ნაპირზე, კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ავაგ ათაბაგს თან გაჰყვა ამალა. მათ შორის იყო ივანე ახალციხელის ვაჟი – დავითი, როგორც ამირსპასალარის ეჯიბი (ანუ თანაშემწე, ქვეშევრდომი სამსახურებრივად).

საოცარია ბედის ირონია. მემატიანეს გადმოცემით, ავაგის მამამ, ივანემ, გარნისის ბრძოლაში, შურის გამო, სასიკვდილოდ გაწირა დავითის მამა, ივანე და ბიძა – შალვა, ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ბრბოების წინ მეწინავედ მებრძოლი მცირერიცხოვანი მესხური ნაწილების მეთაურები, მესხ ჯარისკაცებიანად და არ გაუგზავნა მაშველი რაზმები. ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაიღუპა. მრავალრიცხოვანი მტრის მიერ კლდესთან მიმწყვდეული ზვავად წამოსულმა ქვებმა იმსხვერპლა. შალვა უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა მტერს, მერე კი ჯალალედინმა მოაკვლევინა.

მთელ საქართველოში და, მათ შორის, ხელმწიფის კარზეც, კარგად იცოდნენ, რაც მოხდა, მაგრამ, შესაბამისი ზომები არავის მიუღია. ივანე მხარგრძელი მოხუცი იყო, სახელმწიფო კი – მოშლილი.

შესაძლოა, რუსუდან მეფეს მისი მომხრე, გავლენიანი მხარგრძელები თავისი გეგმების განხორციელებაში სჭირდებოდა მოკავშირედ. მას უნდოდა, ძმისშვილისთვის ტახტის მემკვიდრეობა ჩამოერთმია და თავისი ძე გაემეფებინა. საოცარია, მაგრამ, შესაძლოა, განგებაც, ავაგს ეჯიბად დაუნიშნეს ივანე ახალციხელის ვაჟი, დავითი. იმ დროს, დიდებულების ახალგაზრდა ვაჟები სამხედრო სამსახურს, ხშირად, რომელიმე სარდლის აბჯრისმტვირთველებად იწყებდნენ. ნელ-ნელა მიუყვებოდნენ სამხედრო კარიერის რთულ კიბეს და თან საქმეს სწავლობდნენ.

როცა ურდოში ჩავიდნენ, ეჯიბმა დავით ახალციხელმა შესთავაზა თავის უფროსს, ამირსპასალარ ავაგ მხარგრძელს:

„ვინაიდან უცხო ხალხს შორის ვართ და არ ვიცით, რას გვიპირებენ, გირჩევ, ისე მოვაწყოთ, თითქოს მე ვარ შენი პატრონი და უფროსი, შენ კი – მსახური. თუ შენი მოკვდინება ენდომება, მე მომკლავს და არა შენ. ბატონის მოკვლის შემდგომ, ყმებს, ალბათ, აღარ დახოცავსო“.

ავაგი უარობდა, მაგრამ, დავითისა და დელეგაციის სხვა წევრების ბევრი თხოვნითა და იძულებით იგი დაარწმუნეს.

როცა ბათოსთან შევიდნენ, წინ წავიდა დავითი, როგორც დელეგაციის უფროსი და წარუდგა მას, როგორც ათაბაგ-ამირსპასალარი ავაგი.

ასე გაწირა თავი ივანე მხარგრძელის მიერ გარნისის ბრძოლაში სასიკვდილოდ განწირული ივანე ახალციხელის შვილმა თავისი მამის გამწირველის შვილისთვის, რომელიც თანამდებობრივად მისი ხელმძღვანელი იყო მხოლოდ და არა პატრონი თუ სუზერენი, მაგრამ, დავით ახალციხელისთვის სახელმწიფო სამსახური და ვაჟკაცობა უპირველესი იყო.

ბათო ყაენს ძალიან გაუხარდა ქართველთა მისვლა და კარგად მიიღო ისინი. როცა ქართველები დარწმუნდნენ ბათოს მხრიდან მათდამი კეთილგანწყობაში, გადაწყვიტეს, სიმართლე გაემჟღავნებინათ. ერთხელაც, ბათო ყაენმა კიდევ მიიწვია ქართველები თავისთან. ახლა კი ავაგი წარუძღვა წინ დავითსა და სხვებს. ეს რომ ბათომ დაინახა, გაკვირვებულმა უთხრა ავაგს: „შენ არ იცი, ვინაა შენი პატრონი, რომელიც უკან გიდგას და შენ კი წინამძღოლივით წინ მოდიხარო?“ დავით ახალციხელმა ღიმილით უპასუხა: „დიდო გამარჯვებულო ხელმწიფეო! ეს არის ჩემი პატრონი და მე კი მისი მსახური.“

გაკვირვებულმა ყაენმა იკითხა, რა ხდებაო, დავით ახალციხელმა კი უთხრა:

„ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არ ვიცოდით შენი სიკეთის შესახებ და არ ვიცოდით, რას გვიპირებდი. თუ მოკვლას მოისურვებდი, მე მოვკვდებოდი და არა ჩემი უფროსი“.

ძალიან გაუკვირდა ყაენს. მონღოლები აფასებდნენ ვაჟკაცობას, ბათომ შეაქო დავითი და განაცხადა:

„რადგან ასეთი კეთილშობილია ქართველი ხალხი, ვბრძანებ, რათა ყველა ხალხს შორის, რომლებიც ჩვენ გვემორჩილებიან, ისინი საუკეთესოდ და წარჩინებულად გამოცხადდნენ და რჩეულ მხედართა შორის ჩაირიცხონ. მათი მამული და საქონელი მათივე საკუთრებაში დარჩეს და ყველასგან სანდოდ მიიჩნეოდნენ“. დაწერა ბათო ყაენმა ეს ბრძანება და გაავრცელა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა