ისტორია

რა გამოიწვია გიორგი მესამის მოულოდნელმა გარდაცვალებამ

№26

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.07

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ორბელებისა და დემნა უფლისწულის აჯანყების დამარცხების მერე, 1178 წელს მეფე გიორგი მესამემ გადაწყვიტა სამეფო ტახტზე, თანამოსაყდრედ, თანამეფედ აეყვანა საკუთარი ქალიშვილი, თამარი. მანამდე ქალი სამეფო ტახტზე არასოდეს ასულა. ქალის ტახტზე აყვანა წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ იმდროინდელ სამყაროში არა მხოლოდ ქართველებს, არამედ რომაელ-ბერძნებს (ბიზანტიელებს), ჯვაროსან-ევროპელებს, აზიელ-მაჰმადიანებს ხომ განსაკუთრებით.

ამ მიზნით, საქართველოს პატრიარქის, მცხეთის კათალიკოსის ტახტზე, გიორგი მეფემ აიყვანა თავისი მომხრე მიქაელ IV მირიანის ძე. ეკლესიას დაუბრუნა მის მიერვე ადრე ჩამორთმეული მიწები და შეუვალობა, ხელუხლებლობა, სრული დამოუკიდებლობა. ფაქტობრივად, კონკორდატი დაუდო, თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ვარაუდს, რომელიც ადრე სხვაგან გამოვთქვი - ეტყობა პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე, დემნას დასჯის გამო, 1177 წელს გადადგა და გაემგზავრა იერუსალიმს.

მიქაელ მირიანის ძე თანახმა იქნებოდა მეფედ ქალის კურთხევისა. მეფე გიორგიმ „თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა“, მეფედ გამოაცხადა.

მაშინ, თამარ გიორგის ასული, 12-13 წლის შეიძლება ყოფილიყო, შეიძლება ცოტა მეტისაც. ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ 18 წლის შეიძლება ყოფილიყოო, თუმცა, უფრო 12 წელი უნდა იყოს სწორი.

ექვსი წელი მამა და ქალიშვილი ერთად მეფობდნენ, ასე შეუსრულდა, ალბათ, 18 წელი.

იმ დროს შეინიშნება უცნაურობა სამეფო კარზე - მეფე გიორგიმ საკუთარ ასულ-მემკვიდრეს საქმრო არ ან ვერ შეურჩია.

არადა, კარგად ეცოდინებოდა მეფე გიორგის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ პრობლემები შეექმნებოდა მის ასულს. უამრავი არაკეთილმოსურნე შეიძლება გამოჩენილიყო ქალის გამეფებით უკმაყოფილო; 1177 წლის რეპრესიებით უკმაყოფილო; არადიდებული გვარის ადამიანების უმაღლეს თანამდებობაზე დანიშვნით უკმაყოფილო; და რაც მთავარია, ქალის, ანუ სუსტი სქესის ადამიანის ტახტზე ყოფნით საკუთარი სარგებლობის, გამორჩენის მოსურნე.

ალბათ, გიორგი მეფე აპირებდა სასიძოს მოძებნას, მაგრამ, მოულოდნელად გარდაიცვალა, ალბათ გულით, ან ინსულტით, ან რამე მსგავსი დაავადებით. წყაროებით ჩანს, არ უავადმყოფია, მოულოდნელად გარდაიცვალა.

მაინც უცნაურად ჩანს, მთელი 6 წელი მეფე არ ეძებდა სასიძოს? რომ სიძის, ანუ მამაკაცის მეშვეობით განემტკიცებინა საყვარელი ასულის ხელისუფლება?

მით უმეტეს, რომ სიძის მოძებნა საკმაოდ ძნელი იყო. საქართველოს მონარქის მეუღლე უნდა ყოფილიყო, აუცილებლად სამეფო-სამთავრო საგვარეულოს წარმომადგენელი და არა ქვეშევრდომი. სასიძო აუცილებლად უნდა ყოფილიყო მართლმადიდებელი, ან მართლმადიდებლობა მიეღო ქორწინების წინ, თუმცა, ჯობდა, ყოფილიყო ბავშვობიდან მართლმადიდებელი - ბუნებრივად, მართლმადიდებლური ფსიქოლოგიით აღზრდა, აუცილებლად სჯობს მართლმადიდებლად მონათვლას რაიმე ინტერესის, მაგალითად, მეფის ზედსიძეობის გამო.

გარდა ამისა, სასიძოდ უნდა მოძებნილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა სამეფო ოჯახიდან, მაგრამ, საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და თამარის შევიწროვების სურვილი არ ექნებოდა; მთავარი კი ისაა, არ უნდა ჰქონოდა ამის საშუალება, თან, გვერდით, არ უნდა ჰყოლოდა საკუთარი ქვეყნის დიდებულთა წარმომადგენლები. სასიძოს ქვეყნის არისტოკრატია თუ მოვიდოდა ქვეყანაში, ადგილობრივი დიდებულები განაწყენდებოდნენ და შეიძლება სახელმწიფოს სტაბილურობა დარღვეულიყო.

გარდა ამისა, სხვა ქვეყნის მეფისწულის მოყვანა სიძედ, ადგილობრივი სამეფოსთვის უმტკივნეულო უნდა ყოფილიყო სუვერენიტეტის თვალსაზრისით, რომ სიძის ქვეყანას პრეტენზია არ გამოეცხადებინა საქართველოს ტახტზე. ანუ, ზედსიძე არ უნდა ყოფილიყო მეზობელი ან ახლომდებარე ქვეყნიდან.

მოკლედ, საჭირო იყო მეფე გიორგის მეფისწული, მაგრამ სუსტი პოლიტიკური გავლენის ადამიანი მოეძებნა, რაც ვერ მოახერხა, რადგან, ეტყობა, ვერ მოასწრო.

ან ვერ იპოვა?

არ შეიძლება, მეფე გიორგის აღნიშნულ საკითხებზე არ ეფიქრა და ედარდა. სადარდებელი კი მართლაც იყო. მეფე გიორგი კარგად იცნობდა ადამიანთა, განსაკუთრებით დიდი საგვარეულოების წარმომადგენელთა ბუნებას. რამდენიმე წლით ადრე მის წინააღმდეგ აღდგა უმაღლესი არისტოკრატიის დიდი ნაწილი.

ამიტომ, განსაკუთრებული აქცენტი ერთგულ კათალიკოსზე გააკეთა, მიქაელ მირიანის ძე აიყვანა საქართველოს პატრიარქის ტახტზე და ეკლესიას მიწები დაუბრუნა და შეუვალობა აღუდგინა.

დანარჩენი ვერ მოასწრო, ვერ მოძებნა სიძე...

დაკრძალეს თუ არა მეფე გიორგი, დიდებულების ერთი ჯგუფი რუსუდან დედოფალს, თამარის მამიდას ეახლა და განუცხადა: თამარმა „ხელში აიღოს ხელმწიფობა და შარავანდედი მეფობისა, თქვენი გვარისა და წარმომავლობის შესაბამისი და ეკურთხოს მეფედ“. ანუ, უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს ჩვენს მზეთუნახავ მეფეს, მამაშენის მიერ შენი მეფედ კურთხევა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, ჩვენ უნდა გაკურთხოთო მეფედო.

დათმო ობოლმა მარგალიტმა. სხვა გზა არ ჰქონდა.

დიდებულთა აღნიშნულმა საგვარეულოებმა მამამისის ერთგული, არადიდგვაროვანი, დიდი თანამდებობის ორი პირიც გააშვებინეს სამეფო დარბაზიდან და აიძულეს, იმ დღიდან - მეფის ბრძანებას დიდგვაროვანთა ერთნებაობა და თანადგომა დასჭირდებოდა, კანონად რომ ქცეულიყო, ანუ, თვითმპყრობელობა შეუზღუდეს.

ესეც დათმო მეფემ. სხვა რა გზა ჰქონდა...

გიორგი მეფის რჩეულმა კათალიკოსმაც ისარგებლა თამარის ქალობით, სისუსტით, ახალგაზრდობით და მიიტაცა სახელმწიფოს უმთავრესი სამთავრობო თანამდებობა. თამარის ერთი ისტორიკოსის თქმით: „წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა მოევერაგა“, ანუ, მიითვისა უმაღლესი საერო-სასულიერო, სახელმწიფო თანამდებობა, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა და ჭყონდიდელობას აწყურისა და სამთავრისის ეპარქიებიც მიუმატა. როგორც ჩანს, რბილი ხასიათის პატიოსანი ბერი, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ანტონი გლონისთავის ძე დაემორჩილა კათალიკოსს, დაუთმო თანამდებობა და გადადგა კათალიკოსის სასარგებლოდ. ამას ხელი ვერ შეუშალა თამარმა. ეს უკვე იყო ხელისუფლების უზურპაცია.

რა უნდა ექნა ახალგაზრდა, ობოლ თამარს? ან ხომ არ დააპატიმრებინებდა კათალიკოსს?! რომც გაეცა ეგ ბრძანება, ვინ შეძლებდა მის შესრულებას?!

ჩვენს მზეთუნახავ ხელმწიფეს დამხმარედ გამოუჩნდა ქართული ეკლესიის იმდროინდელი ორი ვარსკვლავი, ყოფილი პატრიარქი ნიკოლოზ I გულაბერისძე და ანტონ საღირისძე, ქუთათელი მთავარეპისკოპოსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული