რა გამოაქვეყნა საილხანოს მბრძანებელმა საქართველოს ქალაქ ანისის წარწერაში
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 30.05

(იბეჭდება შემოკლებით)
გიორგი ბრწყინვალის გამეფების დროს საქართველო გაპარტახებული იყო, ეკონომიკა კი – მოშლილი. ქვეყნის რამდენიმე ნაწილად დაშლამ უფრო გაართულა ვითარება. მოსახლეობას ზურგზე აწვა მონღოლთა საოკუპაციო ნაწილების შენახვა, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა და ხალხი ღატაკდებოდა. დაახლოებით, ათიათასიანი მონღოლური ჯარი იდგა საქართველოს საზღვრების დასაცავად, მათ შორის, ოქროს ურდოს შემოტევების აღსაკვეთად და სხვა. თან საოკუპაციო მოვალეობას ასრულებდნენ, თან ხარკის აკრეფაში ეხმარებოდნენ ბასკაკებს. მონღოლთა დაპყრობით ომებში უამრავი ქართველი მეომარი დაიხოცა. საქართველოსა და ამიერკავკასიის ტერიტორიაზე არაერთხელ შემოიჭრა ოქროს ურდოს ჯარი და სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილი, ქართლი, კახეთი და ჰერეთი, ორი მონღოლური ურდოს საომარ პოლიგონად იქცა. საქართველოში დემოგრაფიული ვითარება გაუარესდა.
რამდენჯერმე საილხანოს ჯარებმაც ააოხრეს აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ქართველი მეფეების დასასჯელად.
მონღოლების მომთაბარული ცხოვრების წესის გარდა, დაპყრობილ მოსახლეობას განსაკუთრებულად დიდ ზარალს აყენებდა მონღოლი ჩინოვნიკების სიხარბეც. რომლებიც იჯიბავდნენ დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობისგან ამოღებულ სხვადასხვა სახის ხარკს და თვითნებურად უმატებდნენ კიდეც გადასახადს, პირადი გამორჩენისთვის.
საილხანოს მბრძანებლის, აბუ საიდის წინამორბედი ყაენებიც ცდილობდნენ, თავისი ქვეშევრდომების თავგასულობა აღეკვეთათ. ამგვარი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაც შემოიღეს. რადგან, მოსახლეობის ზედმეტად ყვლეფა აზიანებდა მათ სახელს, ხალხს აღარიბებდა და საყაენოს შემოსავალი იკლებდა. განსაკუთრებით აღელვებდათ ყაენებს მათთვის დამალული გადასახადები. იმ დროისთვის საილხანოში და მონღოლთა სხვა იმპერიებშიც ცუდი მდგომარეობა იყო. მონღოლების წარმატებული დაპყრობითი ომების პიკი უკვე გადასულიყო. საილხანოში მდგომარეობა ძალიან გართულებული იყო, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამიტომ, ატარებდნენ ხოლმე აღწერებს, მაგრამ, აღწერებმა აჩვენა, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე მოსახლეობის რიცხვი მცირდებოდა. შესაბამისად, ყაენების შემოსავალიც იკლებდა. ხშირად აღმწერსა და ადგილობრივ ხელისუფალს შორის, ყაენისგან ფარულად, შეთანხმებაც დგებოდა, რათა შვება მისცემოდათ ადგილობრივ მოსახლეობასა და მმართველებს. ასე მაგალითად, როგორც ჩანს, ჩვენმა ხელმწიფემ, დავით ულუმ აღწერის ხელმძღვანელს, არღუნ აღას, შეღავათი სთხოვა ხალხისთვის და სამაგიეროდ, შეჰპირდა, თავისი ასული, რუსუდანი, რომელიც მაშინ პატარა იყო, ცოლად მიეთხოვებინა არღუნის ვაჟისთვის.
შემდეგში, ეს შეპირება კარგად გამოიყენა არღუნ აღამ, როდესაც კიდევ ერთხელ ჩაატარა აღწერა აოხრებულ ჰერეთსა და კახეთში, შეახსენა დავით ულუს ვაჟს, დიმიტრი მეფეს, მამამისის მიერ მიცემული სიტყვა და მოახერხა მეფის ასული შეერთო თავისი ვაჟისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მეფის ასული რუსუდანი ვერ იტანდა მონღოლებს. ამ მეორე შემთხვევაშიც ჩანს, დიმიტრი მეფემ თავისი დის გათხოვებით, ალბათ, ყაენისგან ფარულად, საგადასახადო შეღავათი მოუტანა ქვეყანას. ასე ეწირებოდნენ, ქართველი პრინცესები ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
აბუ საიდ ყაენის კარზე მიხვდნენ, რომ, თუ ცოტაოდენ შვებას არ მისცემდნენ საქართველოს მეფესა და ხალხს, ძვირად დაუჯდებოდათ. ეს, ალბათ, გონიერი ვეზირის, ჩობანის დამსახურება იყო. საილხანო აღარ იყო ისე ძლიერი, როგორც ადრე. მით უმეტეს, რომ ამას წინ უძღოდა საქართველოს ნაცვალის, ნოინ ყურმიშისა და ხორასნის უფლისწულის აჯანყებები. ოქროს ურდოც ისევ აგრძელებდა შეტევებს სამხრეთ კავკასიის ხელში ჩასაგდებად. რასაც, პრინციპში, მოჰყვა კიდეც ნოინ ყურმიშის აჯანყება.
გიორგი ბრწყინვალის მეფობის დასაწყისში, ყაენი აბუ საიდი არასწრულწლოვანი იყო, საილხანოს მისი გონიერი ვაზირი ჩობანი მართავდა, რომელიც დიდ დათმობაზე წამოვიდა ჩვენს ხელმწიფესთან და ცდილობდა, მეგობრად ჰყოლოდა.
როგორი ვითარება იყო საქართველოში, ჩანს ქალაქ ანისში აბუ საიდ ყაენის ბრძანებით შესრულებულ წარწერაში (იმ დროს, სომხური ქალაქი ანისი, საქართველოს სამეფოში შემოდიოდა). ეს ბრძანება გამოქვეყნებული აქვს ივანე ჯავახიშვილს. დიდი ივანე წერს: „აბუსაიდის ეს ბრძანება ამოჭრილი იყო წარწერის სახით ქ. ანისის ე. წ. მანუჩეს მაზგითის გარეთი კედლის ქვაზე სპარსულად, იმ ენაზე, რომელიც უკვე ერანის ილხანების ოფიციალურ სახელმწიფო ენად იყო ქცეული. მაჰმადიანური მოკლე სარწმუნოებრივი შესავლის შემდეგ, იქ ნათქვამია:
„აბუსაიდ ბაჰადურხან
იერლაყი.
ამჟამად დედამიწის პირის ფადშაჰის (ხელმწიფის), მსოფლიოს სულტნისა, ქვეყნისა და სარწმუნოების ამმაღლებელის ტახტ-საჯდომითგან, როდესაც მსოფლიოს მცხოვრებნი აღმოსავლეთითგან დასავლეთამდის მისი მოწყალებისა და სამართლიანობის ჩრდილს ქვეშე იმყოფებიან, მისი განკარგულება და ბრძანება უზენაესმა ჭეშმარიტებამ (ე. ი. ღმერთმა) უმეტესად სრულყოფილყოს!
ხოლო ბრძანება ასეთია, რომ, რაკი ქვეყნის ზედაპირი მის ბრძანებასა და დივანის (ე.ი. სავაზიროს) განკარგულება მისი კალმის წვერზეა დამოკიდებული, მისი დაკლება, ანდა გადამეტება ვერავინ გაბედოს და, ტამღისა და სამართლიანი ბაჟის გარდა, სხვა აღარაფერი არ გამოართვან და არავის ყალანის, ნემარისა და ტარხ-ისა (გამოსაღებლებისა) და სხვა რამის მომიზეზებით არ სთხოვონ, როგორც წინათ ქალაქს ანისში და საქართველოს სხვა ვილაიეტებში (ქვეყნებში) ყალაანს, ნემარსა და უკანონო გამოსაღებლებსა და ტარხ-ს ძალით ჰკრებდნენ და ავიწროებდნენ (მოსახლეობას და ამის გამო ქვეყანა) გაოხრდა, მდაბიო ხალხი გაიფანტა (და გაიქცა), ამ ქვეყნის ქალაქის მამასახლისებმა ყალანის და დერნაგირის (ე. ი. საქალაქო კარის ბაჟის) გამო თავიანთი უძრავი და მოძრავი ქონება და სახლ-კარი მიატოვეს და გაიქცნენ“.
ამგვარად, ყაენი აბუ საიდი აღიარებდა, რომ მისი ჩინოვნიკები ძალიან ცუდად იქცეოდნენ ქალაქ ანისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ამის გამო გარბოდა ხალხი ქალაქებიდან და სოფლებიდან.
ყაენის ბრძანებით აიკრძალა უკანონობა.
საილხანოს ამგვარმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მოაძლიერა ჩვენი ხელმწიფე. თანდათანობით მისი პრეროგატივა ხდებოდა ხარკის აკრეფა და საილხანოში გაგზავნა. თუმცა, გარკვეული ქმედებები და დრო ჯერ კიდევ სჭირდებოდა ამისთვის. ჩვენი ბრძენი მეფე ფრთხილი პოლიტიკის მომხრე იყო და ყველაფრისთვის შესაბამის დროს ელოდა, თან, ვითარებას ამზადებდა. ამიტომ, ჩვენი ხელმწიფე, გიორგი მეხუთე მხარს უჭერდა ვაზირ ჩობანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან