ისტორია

რა ელოდა კახეთის ტახტის მემკვიდრე ლევან უფლისწულს, თუ მას ქართლელები შეიპყრობდნენ

№48

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.12, 2023 წელი

ლევან უფლისწული
დაკოპირებულია

უფლისწული ბაგრატი, ქართლის მეფის, დავით მეათის ძმა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართლის სამეფოს ცხოვრებაში. პირველი მუხრანბატონი ყოფილა ძალიან საინტერესო პიროვნება, კარგი მეომარი და მწიგნობარი, პოლემისტი, საეკლესიო მოღვაწე (1539 წელს ბერად აღიკვეცა). ჩვენამდე მოაღწია მისმა პოლემიკურმა ანტიმაჰმადიანურმა თხზულებამ „მოთხრობაი სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაი“. ნაწარმოებში გაკრიტიკებულია ყურანი, მაჰმადიანობა და ქრისტიანობის დოგმატურ მოძღვრებაზე დაყრდნობით, გადმოცემულია მისი არსი. თხზულება თავის დროზე ძალიან პოპულარული ყოფილა. ამგვარად, ავტორი, ბაგრატ უფლისწული იმ დროის ქართველთა იდეოლოგი გახლდათ, ასევე ქართლ-კახეთის გაერთიანებისთვის მოღვაწე პოლიტიკოსი.

ძალისსა და ჭაპურს შორის ხევში ჩასაფრებულმა ბაგრატ უფლისწულმა ადვილად დაამარცხა ქართლის საძარცვავად შემოსული კახთა მეფე, რომელსაც გაეშვა ძირითადი ნაწილები ნაძარცვითურთ და მცირე ამალით იმყოფებოდა.

ძალისთან შეიპყრეს ავ-გიორგი. „მსწრაფლ დაემხუა სილაღე და ამპარტავანება“ მამისმკვლელი მეფისა. თვითონ ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო, მოიხსნა სარტყელი და შეუკრა მხრები.

ავ-გიორგი ენაბრგვილი ყოფილა, იუკადრისა შეკვრა და პროტესტი გამოთქვა: „არ მეკადრება შეპყრობა და მხრების შეკვრაო“, ანუ, მეფე ვარ და ამას როგორ მკადრებთო. რაზეც ქართლის მეფის ძმამ უპასუხა: „ჯერ შეგკარი და დანარჩენს მერე ნახავ, რასაც გიზამ, გაჩვენებ, ვინ ხარ და რაც ხარ, შე რეგვენო და ჭკუამცირევ“. ბაგრატ უფლისწული გონიერი სარდალი და პოლიტიკოსი იყო, მას ესმოდა, რომ მამისმკვლელი ავ-გიორგი პოლიტიკური არენიდან უნდა მოეშორებინათ.

ავ-გიორგის მხლებლების ნაწილიც შეიპყრეს, ნაწილი გაიქცა. წაიყვანეს ავ-გიორგი და ქსნის ციხეში დაამწყვდიეს.

შიკრიკი აფრინა ბაგრატ უფლისწულმა გვირგვინოსან ძმასთან, დავით მეათე ქართლის მეფესთან და ამცნო, ავ-გიორგი შევიპყაროთო.

ძალიან გაუხარდა დავით მეფეს ქართლის მაოხრებელი მეფის დაპატიმრება. ამიერიდან, ქართლი მოისვენებდა ავ-გიორგის მარბიელი ლაშქრობებიდან. ქართლის სამეფოს ხელისუფლებასაც ხიფათი აღარ ელოდა. თუმცა, როგორც ჩანს, გულჩვილი ყოფილა ქართლის მეფე. ძნელი სათქმელია, რას უპირებდა ტყვეს, იქნებ გაშვებასაც, მაგრამ, მალე ავ-გიორგი მომკვდარა. ამბობენ, დაახრჩვესო. არის სხვა ვერსიაც, თვითონ მოკვდაო. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდო უნდა იყოს. ერთი კია, როგორც გვამცნობენ, დავით მეფე ძალიან შეწუხებულა ავ-გიორგის სიკვდილით. მეფე მაინც მეფეა და ძველად მეფის მკვლელობას ერიდებოდნენ, მით უმეტეს, ქრისტიანი მეფენი, დავით მეათე კი მშვიდობისმოყვარე ქრისტიანი ყოფილა.

დავით მეფის ბრძანებით, გადაასვენეს ავ-გიორგი მცხეთაში და ქრისტიანული პატივით დამარხეს.

იქნებ ქართლის პოლიტიკოსებმა, ბაგრატ მეფისწულის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს, ავ-გიორგის სამფლობელო, კახეთი შეეერთებინათ ქართლის სამეფოსთვის და ამიტომ მოახრჩვეს მამისმკვლელი მეფე.

ერთი ფაქტია, ქართლის პოლიტიკოსებმა დაიკავეს კახეთი და დაიწყეს ავ-გიორგის ერთადერთი ძის, მცირეწლოვანი ლევანის ძებნა. ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა საფრთხეს უქმნიდა ერთ სამეფოდ გაერთიანებულ ქართლ-კახეთს. ქართლ-კახეთის გაერთიანება პროგრესული მოვლენა იქნებოდა. დაქუცმაცებულობა არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით ასუსტებდა ქვეყანას, რომლის გარშემოც დიდი იმპერიები ყალიბდებოდა და იზრდებოდა, რომელთაც საქართველოს გადაყლაპვა უნდოდათ, არამედ, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, კულტურული და ყველა თვალსაზრისით ჩვენი სამშობლოსთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანი სახელმწიფო.

მართლაც, გაილაშქრა დავით მეფემ კახეთში და დაიკავა მთლიანად, რამდენიმე წელი მტკიცედ ეპყრა კახეთი დავით მეათეს.

ქართლის პოლიტიკოსები ეძებდნენ ლევან მეფისწულს. ძნელი სათქმელია, რა ელოდა მას, თუ იპოვნიდნენ. თუმცა, ჩვენი აზრით, ალბათ, არ მოკლავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობა ხიფათს უქმნიდა აღმოსავლეთ საქართველოს ერთიანობას. ალბათ, პატიმრობა ელოდა, შეიძლება, სამუდამოც.

ხშირად, ქვეყნის გაერთიანებას ეწირებოდა ხოლმე ზოგიერთი ადამიანის თავისუფლება ან სიცოცხლეც, მათ შორის უფლისწულებისაც.

ეძებდნენ დავით მეფის ძმა და ქვეშევრდომები ლევან უფლისწულს, მთელ კახეთში ეძებდნენ. თავადებს აფიცებდნენ დავით მეფის ერთგულებაზე. გასცეს ბრძანება, რომ მოეძებნათ და გაეცათ ლევან მეფისწულის სამყოფელი.

მაგრამ, ერთიანობისკენ მისწრაფების ნაცვლად კახელ თავადებში კახეთის სამეფო ოჯახის ერთგულება განმტკიცებულიყო. კახელი თავადები კახურ სახელმწიფოებრიობას ერთგულებდნენ. სადღა იყო ერთიანი საქართველოს განცდა. ორი დიდი იმპერიის მეზობლად დაქუცმაცებული საქართველოს პატარა სამეფოების არსებობა ძალიან სახიფათო იყო და გაერთიანება ძალიან სჭირდებოდა ქვეყანას, მაგრამ, ახლა უკვე კუთხური პატრიოტიზმი ჩამოყალიბებულიყო. თუმცა, ალბათ, კახელ თავადებს არ ემეტებოდათ ლევან უფლისწული ტყვეობისთვის. იქნებ შიშობდნენ, არ მოკლან ან არ დაასაჭურისონო.

დედასთან ერთად, ლევან უფლისწული გარსევან ჩოლოყაშვილის მამულში იმალებოდა. გარსევანი კახეთის სამეფოს სახლთ-უხუცესი გახლდათ და „იყო მეყვისი დედა იგი ლევანისა ჩოლაყასშვილის გარსევანისა“.

გაარკვიეს ქართლელებმა, რომ ლევანი შეიძლება ყოფილიყო გარსევანთან. მივიდნენ გარსევანთან დავით მეფის წარგზავნილები, მეფის ძმა, ბაგრატ მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი და ამილახორი. რა თქმა უნდა, მეფის ძმას და მის მხლებლებს ნადიმი გაუმართა ჩოლოყაშვილმა. გარსევანმა ხერხი იხმარა, ლევან მეფისწულს უბრალო ბიჭის ტანსაცმელი ჩააცვეს და ისე ემსახურებოდა სუფრას და სტუმრებს. სტუმრები არ იცნობდნენ უფლისწულს და ვერაფერს მიხვდნენ. როცა ბაგრატ უფლისწულმა გარსევანს მოსთხოვა, გადმოგვეცი უფლისწული ლევანი, ჩვენ ვიცით, რომ ის შენთან არისო. გარსევანმა დაუფიცა, რაც ჩემთან თქვენი თვალით ნახეთ, იმის მეტი არავინ არის ჩემს სახლშიო. ასე დააჯერა ჩოლოყაშვილმა ფიცით მეფის ძმა.

ვერ ჩაიგდეს ხელში ლევან უფლისწული ქართლელებმა.

ბაგრატ უფლისწული, ერისთავი და ამილახორი წავიდნენ. ჩოლოყაშვილმა იცოდა, სიმართლე მაინც გაირკვეოდა, დიდხანს არ დაიმალებოდა, საშიშროება დაემუქრებოდა მის ოჯახს და უფლისწულ ლევანს, კახეთის ტახტის მემკვიდრეს. ამიტომ წაიყვანა პატარა ლევან უფლისწული ჯერ მაღნარის ციხეში, მერე კი ოჩონის (ოჩანის) ციხესიმაგრეში, რომელიც მდინარე ივრის ზედა წელზე იყო აშენებული და კარგად გამაგრებული გახლდათ. არის ცნობა, რომ ის მოსკოვის მთავარანაც იყო გამგზავრებული.

ამასობაში ცოტა წამოიზარდა კიდეც ლევან ბატონიშვილი. კახელმა თავადებმა მისი გამეფება გადაწყვიტეს.

ასე ჩაიშალა ქართლისა და კახეთის გაერთიანება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული