რა დაუბარა თამარ მეფემ ანდერძად ქართველებს და რა იყო მისი უმთავრესი თხოვნა უკანასკნელ ლოცვაში
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.02, 2022 წელი

1177 წელს ნაჭარმაგევის სასახლეში გამოაცხადა თავის თანამოსაყდრედ გიორგი მესამემ თავისი ასული, თამარი...
გავიდა სამი თუ სამ-ნახევარი ათეული წელი.
ზუსტად დადგენილი არ არის, დღესაც საკამათოა, რომელი წელი იდგა 1207, 1210, 1213 თუ 1214 (ალბათ, უფრო 1214), ნაჭარმაგევში ბრძანდებოდა თამარ მეფე. ნაჭარმაგევში ყოფნისას გამოუვლინდა რაღაც დაავადება. დღითი დღე მძიმდებოდა, თურმე, მდგომარეობა. დიდხანს მალავდა ავად ყოფნას, რათა არავინ შეეწუხებინა. მაგრამ, ჭირმა არ დამალა თავი. შეუძლებელი გახდა საიდუმლოდ შეენახა მეფეს თავისი სნეულება, რადგან ვეღარ შეძლებდა მგზავრობას.
რა დაავადება ჰქონდა თამარ მეფეს, ძნელი სათქმელია. შესაძლებელია ჭლექი, კიბო, ძვლების დაავადება ან სხვა რამ. იქნებ, თანამედროვე ეპოქაში ადვილად იკურნება ის სენი, რომელიც თამარ მეფეს სჭირდა, მაგრამ, მაშინ უკურნებელი იყო. ძლიერი ტკივილები აწუხებდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხელმწიფეს. ორმოცდაათი წლისა თუ იქნებოდა, შეიძლება, ნაკლებისაც. დასნეულებული მეფე ვეღარ შეძლებდა მგზავრობას. სპეციალური ტახტრევანი გაუკეთებიათ თამარ მეფესთვის, სნეულისთვის მოსახერხებელი საწოლი, რათა წამოეყვანათ ტფილისში, სახელმწიფოს დედაქალაქში. დედაქალაქში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ინება და ჩვეულებისამებრ, ქალაქგარეთ, დასოს რეზიდენციაში გადაუყვანიათ, ტყიან ადგილას. ძალიან გაურთულდა დაავადება. იქიდან ტახტრევანით გადააბრძანეს დიდი საქართველოს მეფეთა მეფე აგარაში, კოჯრის ციხეში. იქაც ერთ-ერთი რეზიდენცია ჰქონდათ ჩვენს ხელმწიფეებს. სამეფო კარის მკურნალები, ალბათ, ფიქრობდნენ, იქაური ჰავა მოუხდებოდა ან, იქნებ, ასეთი იყო მეფის სურვილი.
მკურნალები ამაოდ ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას. მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, დღისითა და ღამით, შეუწყვეტლად ლოცულობდნენ და ცრემლმორეულნი შესთხოვდნენ ღმერთს საყვარელი ხელმწიფის გამოკეთებას. ყველა მოქალაქე, მდიდარი თუ ღარიბი, ევედრებოდა ღმერთს, გადაერჩინა მათი მფარველი მეფე. უღონობისა და უძლურების განცდამ მოიცვა მოქალაქეები: მთავრები სახეში იცემდნენ ხელს, ღარიბები თავში ირტყამდნენ მუშტებს და თითოეული შეჰღაღადებდა ღმერთს, თამარის ნაცვლად საკუთარ თავსა და შვილებს სთავაზობდა სასიკვდილოდ: „ოღონდ ის გადარჩეს და ჩვენ, თუ გინდა, ყველა დავიხოცოთო“, ტიროდნენ, თურმე, საქართველოს მრავალრიცხოვანი მოქალაქეები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე.
ტაბახმელა-კოჯრის ციხე-სასახლეში იწვა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შირვანშაჰი და შაჰანშაჰი, მპყრობელი ყოვლისა დასავლისა და აღმოსავლისა, ჩრდილოისა და სამხრისა. ქვეშევრდომები არ სცილდებოდნენ სასახლის საძინებლის კარებს, ოთახებს, ციხის კიბეებს, შესასვლელებს, ციხე-სიმაგრეს, კოჯორ-ტაბახმელას. თითქოს, ცდილობდნენ სიკვდილი არ შეეშვათ მეფესთან.
ბრძენმა ხელმწიფემ ბრძანება გასცა და დარბაზში დაიბარა სამეფოს წარჩინებულები. თავს ძალა დაატანა, წამოდგა, თავისი ფეხით შევიდა დარბაზში და ფეხზე მდგომარემ მიმართა ერთგულ ქვეშევრდომებს, საქართველოს თავკაცებს.
„ძმანო ჩემნო და შვილნო, მიხმობს ამ ქვეყნის მეფეებზე მაღალი მსაჯული, რომელიც იბარებს მთავართა სულებს.
მოწმენი ხართ, როგორი სიყვარული მქონდა თქვენდამი. თქვენი სარგებლობისა და კეთილდღეობისათვის არ დამიკლია შესაბამისი პატივი, სანამ განგების ნებით ვიყავი თქვენი მეფე.
ახლა, უფლის ნებით, მეც მივდივარ ჩვენი მამები რომ გაუყვნენ, იმ უცხო გზაზე. გევედრებით ყველას, რათა ყოველთვის კეთილად მოეპყათ ერთმანეთს და მეც გახსოვდეთ“.
გადახედა თავის აცრემლებულ შვილებს თამარ დედოფალმა და განაგრძო:
„ჩვენი სახლის მემკვიდრედ გიტოვებთ ჩემს შვილებს, რომელნიც მომცა ღმერთმა, გიორგისა და რუსუდანს. ესენი გეყოლებათ ჩემ მაგიერ. ისინი აანაზღაურებენ ჩემგან დაკლებულს“.
შეავედრა შვილები დიდებულებს, ქრისტეს ხატისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე. შემდეგ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, მთელი თავისი ცხოვრების კრედო, პრიორიტეტების, მნიშვნელობის მიხედვით, თანმიმდევრობით დაალაგა და გამოხატა, არავითარი სულიერი სისუსტე, არავითარი წყენა უდროოდ დაავადების გამო, არავითარი საყვედური ბედისადმი, არავითარი შიში სიკვდილის წინაშე არ გამოუმჟღავნებია – და შეჰღაღადა უფალს:
„ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“.
დაემშვიდობა ერთგულ ქვეშევრდომებს, დიდი ხნის მეგობრებსა და თანამდგომებს და თავისი ფეხით გავიდა ატირებული დარბაზიდან.
დიდებულებმა ქვითინით დატოვეს დარბაზი.
18 იანვარს გარდაიცვალა თამარ მეფე.
მთელი კავკასია-წინა აზია, მთელი რეგიონი მოიცვა გლოვამ: ვაებდნენ დაობლებული ქართველნი, რომელთაც დედა მოუკვდათ. გლოვობდნენ სომხები, რომელთაც მტერთაგან დამცველი გარდაეცვალათ. ტიროდნენ ოსები, რომლებსაც სიამაყე, დედით ოსი სუზერენი გამოეცალათ ხელიდან. ქვითინებდნენ მაჰმადიანნი, რომელთაც მეგობარი გამოაკლდათ. ცრემლებს ღვრიდნენ ებრაელები, რომელთაც შემწე დაკარგეს... ტიროდნენ შირვანელები, ღუნძები, ქაშაგები, დარუბანდელები და სხვები, რომლებიც თამარის მფარველობით თავისუფლები იყვნენ და მტერთაგან დაცულნი.
გულამოსკვნით ტიროდნენ დიდებულები, აზნაურები, მეომრები, ვაჭრები, მოქალაქეები, გლეხები, მსახურები, ღატაკები და მდიდრები, ქალები და კაცები, დიდები და პატარები.
უნუგეშო იყო გლოვა და გაუსაძლისი იყო ტკივილი... ვაებდნენ ქართველნი, ვისღა ეყვარებოდა ისინი დედასავით... რაღაც ჩაუწყდათ გულში, რაღაც იგრძნეს, რაღაცის დამთავრება, რაღაცის დასრულება – იქნებ მშვიდობის, იქნებ თავისუფლების, იქნებ ძლიერი სახელმწიფოებრიობის, იქნებ დიდებული ეპოქის, ოქროს ხანის... რაღაცის შეწყვეტა იგრძნეს, იქნებ უფლის მადლის, რომელიც გამარჯვებას ანიჭებდა ქართველებს, ბოლო ასი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით თამარის დროს... იქნებ ინტუიცურად მიხვდნენ, რომ ჩაესვენა დიდი საქართველოს მზე...
ვინღა გაუმკლავდებოდა უამრავ მტერს?! ვინღა შეძლებდა ქართველთა დამშვიდებას, შერიგებას, ერთად შეკრებასა და დარაზმვას?! ვინღა მოახერხებდა, მუდამ ფხიზლად ყოფილიყო ქართული სახელმწიფო...
უდროოდ, ძალიან ადრე გამოაკლდა მეფეთა მეფე და დედოფალთა დედოფალი თამარი საყვარელ სამშობლოს. მასთან ერთად, უფლის შეწევნა დააკლდა ჩვენს ქვეყანას, რადგან, ქრისტიანული ზნეობით მის მემკვიდრეებს აღარ უცხოვრიათ. თამარის მერე სახელმწიფოზე ზრუნვა მასსავით ბრძნულად ვეღარავინ შეძლო, კარგა ხანი... თამარის მერე, შვიდ სამეფოდ წოდებულმა სახელმწიფომ ორგანიზებული ქმედების უნარი დაკარგა...
საყვარელი ხელმწიფის ცხედარი მცხეთაში დაასვენეს ცოტა ხნით. შემდეგ გელათში გადაასვენეს და დაკრძალეს მამა-პაპათა საძვალეში.
„იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა“...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან