ისტორია

რა არჩია ჯუანშერ ერისმთავრის დამ, მშვენიერმა შუშანმა ხაზართა ურჯულო ხაკანის ცოლობას

№1

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ქართლის ერისმთავარს (მეფეს) და დასავლეთ საქართველოს მფლობელს, წმიდა მოწამე არჩილს, დარჩა ორი ვაჟი, იოვანე და ჯუანშერი - „მეორმოცდახუთე მთავარნი ქართლისა“. წმიდა არჩილს ოთხი ასულიც ჰყოლია. იოვანე მართავდა დასავლეთ საქართველოს. მასთან იყვნენ მისი დედა და ორი და. ჯუანშერი მთავრობდა ქართლს და კახეთს, მასთანაც ორი და ცხოვრობდა.

წმიდა არჩილის უმცროს ასულს შუშანი ერქვა. მისი სილამაზის შესახებ უცხოეთშიც სცოდნიათ. ხაზართა ხაკანს, სახელად ბაღათურს უნახავად შეჰყვარებია შუშანი. ხაკანმა იოვანეს და ჯუანშერს მოციქული გამოუგზავნა და შუშანის ხელი სთხოვა, სამაგიეროდ, შეპირდა „შუელად სარკინოზთა (არაბთა) ზედა“. სამხრეთ კავკასიის დიდ ნაწილში არაბები ბატონობდნენ.

ჩრდილოეთ კავკასიის მიმდებარე დიდ ტერიტორიაზე გაბატონებული თურქულენოვანი ხაზარებისთვისაც ხელსაყრელი იყო ქართველთა ძალის გამოყენება არაბებთან ბრძოლაში.

ჯუანშერმა ეს ამბავი შეატყობინა ძმას, იოვანეს, დედას და დებს. სახლეულებმა შემოუთვალეს: „თუ უღონო ვიქნებით, სჯობს ბიზანტიაში წავიდეთ და ქრისტიანებს ვთხოვოთ შველა, ვიდრე შეიგინოს ჩვენი შვილი წარმართთან ცხოვრებით“. ბიზანტიელები არ უყვარდათ საქართველოში, მაგრამ, ქრისტიანებთან კავშირი მაინც უფრო მისაღებად მიაჩნდათ, ვიდრე ველურ ხაზარებთან დანათესავება. შუშანმაც კატეგორიული უარი თქვა ხაკანის ცოლობაზე.

759 წელს ხაკანმა ბაღათურმა თავისი და ცოლად მიათხოვა არმენიის ამირას – იაზიდ იბნ უსაიდ ას-სულამის. ეს ქორწინება შედგა არაბთა აბასიდი ხალიფა ალ-მანსურის ბრძანებით, რომელსაც უნდოდა, კავკასიაში დროებით მაინც მიეღწია მშვიდობისთვის, რათა სხვა მიმართულებით გაეაქტიურებინა საქმიანობა. ხალიფა აბუ ჯაფარ აბდულაჰ აბდ ალ-ლაჰ იბნ-მუჰამედ ალ-მანსურის ოჯახმა, ცხრა წლით ადრე, გაჟუჟა უკანასკნელი ომაიდი ხალიფა მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანის ანუ ჩვენებურად – მურვან ყრუს ოჯახი. პირადად მურვან ჯორს (ასე ეძახდნენ არაბები) გაქცეულს გამოეკიდნენ, დაიჭირეს მდინარე ნილოსთან და ჩააძაღლეს.

აბასიდების სახალიფო ახალი დაარსებული იყო. უფრო თუ დავაზუსტებთ, აბასიდები ახალი გაბატონებული იყვნენ უზარმაზარ ისლამურ სამყაროში, მაჰმადიანთა ძალა მაინც ძალიან დიდი იყო. უზარმაზარ დემოგრაფიულ და საომარ რესურსს ფლობდნენ აბასიანები.

სახაკანოც საკმაოდ დიდი სახელმწიფო იყო. მართალია, რამდენიმე ათეული წლით ადრე გარკვეული მარცხი განიცადა არაბებისგან, მაგრამ, ხაკანიც დიდ სამხედრო რესურსს ფლობდა და არაერთი მომთაბარე ტომი თუ ხალხი ემორჩილებოდა მის ბრძანებას.

ბაღათურ ხაკანი, როგორც ვთქვით, დაუნათესავდა არმენიის არაბ ამირას. მასთან დანათესავებაში, რაც ზავის ჩამოგდებას გამოიწვევდა, არაბები იყვნენ დაინტერესებული, რათა დაელაგებინათ სახალიფო. ბაღათურმა სიძისგან, არაბი ამირასგან, ყალიმის სახით, მიიღო 100 000 ვერცხლის დიჰრემი. აღმოსავლეთის ქვეყნებში ყალიმს უწოდებენ სასიძოს მიერ საცოლეს გამოსასყიდს, რომელსაც სასიძო უხდის ქალის ოჯახს. თავის მხრიდან, ბაღათურ ხაკანმა საკუთარ დას 10 000-კაციანი მაყარი გაატანა, რა თქმა უნდა, მზითევიც ზღაპრულად მდიდარი წამოიღო სახაკანოდან არმენიის ამირას საცოლემ, მათ შორის, ცხენის რემები, აქლემები, საქონლის ჯოგები და ათი ურემი ოქროსა და ვერცხლის ნივთები. ქორწინების წინ ხაკანის დამ მაჰმადიანობა მიიღო. ცოტა ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. არმენიის ამირასა და ხაზართა პრინცესას ორი ვაჟი შეეძინათ. მაგრამ 762 წელს ხაკანის და და მისი ჩვილი ვაჟები მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ბაღათურ ხაკანმა ეს არაბთა ვერაგობას დააბრალა და, როგორც ამბობენ, 200 000 მეომარი გამოაგზავნა არაბთა გასანადგურებლად. ხაზარები დარუბანდის გზით შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში. მათ ჯარს მეთაურობდა სარდალი რას-თარხანი (ას-თარხანი, რაშ-თარხანი). რას-თარხანმა სასტიკად დაამარცხა არაბთა ჯარი, გაძარცვა სომხეთი და ალბანეთი. კახეთსა და ქართლში შემოჭრილ ხაზართა ჯარის ნაწილებს ბლუჩანი სარდლობდა. ბლუჩანმა დაამარცხა ქართველები და დაიწყო ქვეყნის აოხრება. მიადგა ციხეს, სადაც გამაგრებულიყო ჯუანშერი, სახლეულთან ერთად. აიღო ციხე და დაატყვევა ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, შუშანი. შემდეგ მოაოხრა კახეთი, ქართლი და უამრავი ადამიანი ტყვედ ჩაიგდო. აიღო ქალაქი ტფილისი, სადაც 736 წლიდან, როცა საქართველოში მურვან ყრუ შემოიჭრა, ტფილისში არაბთა ამირა იჯდა.

არაბები არ აპირებდნენ კავკასიის დათმობას და ახალ-ახალ ძალებს აგზავნიდნენ ხაზარების წინააღმდეგ საომრად. ამასობაში ნადავლით დატვირთულმა ბლუჩანმა გაიარა დარიალის კარი და გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში. თან მიჰყავდა ჩვენი ერისმთავარი ჯუანშერი და მისი მშვენიერი და, შუშანი. როცა სამშობლოს საზღვარი გაიარეს, შუშანს ყველანაირი იმედი გადაეწურა და მიხვდა, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო – ურჯულო ხაკანის ცოლი უნდა გამხდარიყო. შუშანმა ძმას უთხრა: „უმჯობესია მოვკვდე, რათა ღირს მყოს უფალმა წმიდა დედებთან ერთად განსვენებისა, ვიდრე შევიგინო წარმართების მიერ“. ხაკანებს არაერთი ცოლი ჰყავდათ, და საერთოდ, ველურ ხალხებს მოწესრგებული არ ჰქონდათ ცოლქმრული ინსტიტუტი. ხაკანის ცოლობა სირცხვილად და მიუღებლად ჩათვალა ქრისტიანული კულტურით აღზრდილმა შუშანმა. ალბათ, ძმა უშლიდა, მაგრამ, მაინც გააკეთა, რაც ჩაიფიქრა წმიდა არჩილის ასულმა. შუშანს ჰქონია ერთი ძვირფასი ბეჭედი. ჩუმად ამოაძრო მას თვალი, რომლის ქვეშაც საწამლავი იყო შენახული. დალია საწამლავი და უმალ მოკვდა. ქალწული, რომელიც ურჯულოს მხრიდან შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად თავს იკლავს, თვითმკვლელად არ ითვლება.

დაბრუნდა ბლუჩანი ხაკანთან, მიჰგვარა ჯუანშერ ერისთმავარი და აუწყა შუშანის გარდაცვალების შესახებ. გაუწყრა ხაკანი საკუთარ სარდალს, ცხედარი მაინც რატომ არ მოიტანე, რომ მისი მშვენიერება მენახაო. შეიპყრეს ბლუჩანი, მოაბეს საბელი ყელზე, რომელიც ორ ცხენს ჰქონდა მიმაგრებული, მათრახი ჰკრეს ცხენოსნებმა ცხენებს და ასეთი ბოროტი მეთოდით მოსწყვიტეს თავი ბლუჩანს.

შვიდი წელი დაჰყო ტყვეობაში ერისმთავარმა ჯუანშერმა. მერე ხაკანმა დიდი საჩუქრები მისცა და გამოუშვა თავის სამშობლოში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი