ისტორია

რა არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა ჯალალედინს და რატომ უნდოდა მას ქალაქ ხლათის აღება

№51

ავტორი: გია მამალაძე 22:00 25.12

ისტორია
დაკოპირებულია

ჯალალედინს ძალიან უნდოდა ხლათის აღება. მის ჯარს ჯამაგირი სჭირდებოდა, რომელსაც ჯალალედინი ძარცვით თუ მოიპოვებდა, რადგან, ტერიტორიები, რომლებიც მან დაიკავა, ადარბადაგანი, ირანის ნაწილი, საქართველოს აღმოსავლეთი, საქართველოს სომხეთი, ირანი და სხვა, მისი, როგორც კანონიერი, ლეგიტიმური მმართველის საკუთრება არ გახლდათ, იყო დაპყრობილი, ადგილობრივი მოსახლეობა – აწიოკებული, ნაწილი – გაჟლეტილი, მეურნეობა – მისი ქმედებებით მოშლილი და ეკონომიკა – დაცემული. ამგვარად, მის „სახელმწიფოს“, „სასულთნოს“ სხვა შემოსავალი არ ჰქონდა, გარდა ძარცვისა. 
  

ხლათი კი მდიდარი იყო, მდიდარი რეგიონის, სამელიქოს ცენტრი, სავაჭრო ქალაქი.

ამასთან, ჯალალედინი ვერ იტანდა, როცა არ ემორჩილებოდნენ, როცა არ უჯერებდნენ. მან შესთავაზა ხლათის მელიქს და რეგიონის სხვა მაჰმადიან მბრძანებლებს, გავერთიანდეთ და ერთად დავხვდეთ მონღოლებსო, მაგრამ, არავინ ენდობოდა, მით უმეტეს, როცა იცოდნენ, რა მოსწია მან მაჰმადიანურ ქალაქებს და იმ ქალაქების მაჰმადიანურ მოსახლეობას. ჯალალედინს უნდოდა, დაესაჯა ხლათის მელიქი, რადგან მისი მოკავშირე არ გახდა, მით უმეტეს, გამწარებული იყო – ხლათი ორჯერ ვერ აიღო.
მთავარი კი, ალბათ, იყო: ჯალალედინს, როგორც მამაკაცს, ძალიან აწუხებდა არასრულფასოვნების კომპლექსი, მას ცოლი გაექცა სხვა კაცთან.

იმ დროს ხლათს ოფიციალურად მართავდა ხლათისა და სხვა ტერიტორიების მბრძანებლის, მელიქ აშრაფის ჰაჯიბი, მოადგილე, ნაცვალი, ვაზირი – ჰუსამ ალ-დინ ალი. ჯალალედინს ერთ-ერთ ცოლად ჰყავდა ერთი სელჯუკი ქალი, მალიქა, რომელიც ძალიან ჰყვარებია და რომელიც გაექცა ხლათის მელიქის ჰაჯიბთან – ჰუსამ ალ-დინ ალისთან და გადასცა მას რამდენიმე ციხესიმაგრე და ჯალალედინის ქონება.

ეს ყველაფერი ქართველების გარეშე არ მოხდებოდა. ჯალალედინს ქართველების მიერ მისი ნაწილებისგან ტფილისის დაბრუნების შემდეგ მალევე გაექცა ცოლი. ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი დედაქალაქიდან გააქციეს ჯალალედინის ვეზირი, ჯარი და კვლავ დაიკავეს აღმოსავლეთ საქართველო. ეს ყველაფერი ჯალალედინის მაქებელ, მონღოლთა სპარსელ ისტორიკოს ჯუვეინისაც უწერია: „ამასობაში კვლავ მოვიდა ამბავი, ქართველები ისევ შეიკრიბნენო. ვაზირი იულდუზჩი, რომელიც სულთანს თავის მოადგილედ დაეტოვებინა თბილისში, იძულებული იყო თავრიზს მოსულიყო, ხოლო მალიქ აშრაფს შამიდან ჰაჯიბ ალი ხლათში გაეგზავნა და ყოველ რამდენიმე დღეში არბევდა იქაურობას. მალიქა ხოიდან ხლათს წასულიყო და ჰაჯიბ ალის დანებებოდა. ქართველები თბილისში დაბრუნებულიყვნენ, მეჩეთებს ანგრევდნენ და მუსლიმებს აწამებდნენ. ამ საშინელი ამბების გამო სულთანი შეშფოთდა და შეწუხდა და მაშინვე აზერბაიჯანისკენ გაეშურა“. ჯალალედინის მაქებელი ჯუვეინი თავის ნაწერებში ვერ მალავს, რომ ჯალალედინი არაკაცი იყო და კაცადაც არ ვარგოდა – ცოლი გაექცა.

ეს ორიოდე წლით ადრე მოხდა, ჯალალედინის მიერ ხლათის აღებამდე. მანამდე კი ფსიქოლოგიურად განადგურებული ჯალალედინი, ალბათ, ფიქრობდა: მას, დიდ ხორეზმშაჰს და სულთანს, ჯალალედინს, მსოფლიო მმართველობისთვის დაბადებულს, გაექცა ცოლი და ამის გამო შური უნდა იძიოს: ყოფილ ცოლზე; იმ კაცზე, ვისთანაც გაექცა ყოფილი ცოლი; იმ სახელმწიფოზე, სადაც გაიქცა ყოფილი ცოლი და იმ მთავარზე, მელიქ-აშრაფზე, რომლის სამფლობელოშიც გაიქცა მისი ყოფილი ცოლი.

ასეთი იყო ჯალალედინის ფსიქოლოგიური პორტრეტი ხლათის შტურმის წინ.

იმ დროს ხლათს რეალურად მართავდა თამთა მხარგრძელი. მაჰმადიანურ ქვეყნებში (და ქრისტიანული ქვეყნების უმრავლესობაშიც), ოფიციალურად, ქალი არ შეიძლება ყოფილიყო მმართველი. ამიტომ მელიქ აშრაფის მიერ ხლათის გამგებლად დანიშნული იყო ჰაჯიბი – ჰუსამ ალ-დინ ალი. თამთა, რომელიც აგვარებდა საქმეებს ხლათის ქრისტიანულ მოსახლეობასა (რომლებიც ბლომად იყვნენ ხლათში) და ხლათის მელიქს შორის, ხლათის მელიქსა და ქართველებს შორის, დიდი გავლენით სარგებლობდა ხლათში.

ხლათის მბრძანებელს, მელიქ აშრაფსა და ჯალალედინს შორის მოლაპარაკება დაიწყო. მელიქ აშრაფი ითხოვდა, თავი დაენებებინა ჯალელედინს ხლათისთვის. ჯალალედინი კატეგორიულად მოითხოვდა ჰაჯიბ ჰუსამ ალ-დინ ალი გადაეცათ მისთვის და ჰპირდებოდა, გაეცლებოდა ხლათს. თუმცა, ალბათ, ჩვეულებას არ უღალატებდა ჯალალედინი და მაინც გატეხდა სიტყვას, ხლათის მოქალაქეების ქონება ძალიან სჭირდებოდა. ალბათ, მოტყუება უნდოდა მელიქ აშრაფისა. ამბობენ, მელიქ აშრაფი დათანხმდა ჰაჯიბის მისთვის გადაცემას. მაგრამ, ამ დროს ჰაჯიბ ჰუსამ ალ-დინ ალი მოკვდა. ის მელიქ აშრაფმა მოაკვლევინა თუ თავისით მოკვდა, არავინ იცის.
ცოლგაქცეულმა ჯალალედინმა დიდი ჯარი მიაყენა ხლათს, ლოდსატყორცნებითა და ქეიბურებით შეიარაღებული. ქალაქში მოღალატეებიც მოძებნა და ბოლოს და ბოლოს, მესამე მცდელობისას, მოახერხა აეღო ხლათი.
მაგრამ ხლათში მისი ნაცოლარი არ აღმოჩნდა. ჰაჯიბ ჰუსამ ალ-დინ ალი ცოცხალი აღარ იყო.

ჯალალედინს ვინმეზე მაინც უნდა ეყარა ჯავრი...

ხლათის აღების საღამოს ჯალალედინმა ხლათის მელიქის ცოლთან, ივანე მხარგრძელის ქალიშვილთან გაათენა ღამე. როგორც ვთქვით, ხლათის მელიქი იმ დროს ხლათში არ იმყოფებოდა. ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ხლათის მელიქის, ივანე მხარგრძელის ოჯახისა, ივანეს ასულისა და საერთოდ, მაჰმადიანური წესების, რადგან, სხვისი ცოლი თუ არ გაშორდება მას ქმარი, ან თუ თვითონ ქალი არ იტყვის უარს მეუღლეზე, ხელუხლებელია. რა თქმა უნდა, თამთა მხარგრძელი მსხვერპლი იყო ჯალალედინის აგრესიის, მიუხედავად იმისა, რომ თამთა მხარგრძელს შეიძლება, სულაც არ უყვარდა ქმარი – მის ქმარს ჰყოლია სხვა ცოლიც და ძალიან დიდი ხნით არ იმყოფებოდა ხოლმე ხლათში, მაგრამ, მაინც.

ჯალალედინის საქციელს არ შეიძლება, არ აღეშფოთებინა ჩვენი მეზობელი, მაჰმადიანური სამთავროების მბრძანებლები. რამდენიმე დღეში მიხვდა ჯალალედინი, რომ არაკაცურად მოიქცა, უფრო სწორად, უგუნურად, რადგან არაკაცობა მისთვის ჩვეულება იყო. სცადა გამოესწორებინა თავისი დანაშაული (მისი აზრით – შეცდომა) და გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა ივანეს ასული.
როგორ შეიძლება, თამთა მხარგრძელს სდომებოდა თავისი მამისა და ძმის დამმარცხებელი, მისი სამშობლოს

ამწიოკებელი, უკულტურო, უზრდელი, უჯიშო, აგრესიული, ფსიქოპატი, გაუწონასწორებელი ჯალალედინი ქმრად?
მაგრამ, ჯალალედინი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, მას სხვა მიზნის გამოც აინტერესებდა თამთა მხარგრძელზე დაქორწინება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...