ისტორია

რა ამცნო გამოცხადებისას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ქართველების შესახებ ულუმბოს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს

№33

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 25.08

ისტორია
დაკოპირებულია

ქართული და ბერძნული ეკლესიების მომავალი წმინდანი, სასწაულთმოქმედი ილარიონ ქართველი, დაახლოებით, 822 წელს კახეთში, მდიდარი აზნაურის ოჯახში დაიბადა. ის დონაურთა ცნობილი გვარიდან უნდა ყოფილიყო. სამუელ დონაური კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) გახდა, როცა ილარიონ ქართველი 16-17 წლის იქნებოდა. ილარიონი პატარაობიდან დიდ ნიჭს ავლენდა. მამამ ექვსი წლის ასაკში თავისი დაბის მღვდელს მიაბარა აღსაზრდელად. ბეჯითად სწავლობდა ქართველთა მომავალი სიამაყე. მამამ გადაწყვიტა, შვილი ღმერთისთვის შეეწირა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. მალე მონასტერში თექვსმეტი ბერი შეიკრიბა. მამა ხშირად აკითხავდა შვილს და თან მონასტრის მშენებლობას აკვირდებოდა.

თოთხმეტი თუ თხუთმეტი წლისა რომ გახდა, გარეჯის მონასტერში წავიდა და ერთ მღვიმეში დაიმკვიდრა. მალე გარეჯის მამათა შორის დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და თერთმეტი ადამიანი დაემოწაფა. მისი მადლიანობის შესახებ შეიტყო რუსთავის ეპისკოპოსმა და ახალგაზრდა ბერი მოინახულა. ეპისკოპოსი მამა ილარიონის ასკეტური ცხოვრებისგან გაყვითლებული, დამჭკნარი სახისა და შეურაცხი სამოსის ხილვით მოიხიბლა და ბერს უთხრა:

– „დიდი ხანია, მინდოდა შენი ნახვა, შვილო ილარიონ, და აი, ღირს გავხდი, მივიღო შენგან ლოცვა. შემისრულე თხოვნა და გაკურთხებ მღვდლად მე ცოდვილი“. ახალგაზრდა ბერმა უპასუხა:

– „შენს ხელში ვარ, მამაო, როგორც ენებოს ღირსებას შენსას“.

მამა ილარიონის მოსანახულებლად უამრავი ხალხი მიდიოდა. რათა განრიდებოდა დიდებას, მღვიმის წინამძღვრად თავისი მოწაფე დაადგინა და ერთ მოწაფესთან ერთად იერუსალიმს გაემგზავრა. გზაში მრავალი განსაცდელი შეხვდათ, მაგრამ ყველას ღვთის მადლით გაერიდნენ და ნეტარმა არაერთი სასწაულიც მოახდინა. მამა ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, თაბორის მთა, ბეთლემი, იორდანის უდაბნო, საბაწმინდის მონასტერი და სხვა წმინდა ადგილები. გადმოცემის მიხედვით, ერთხანს წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მღვიმეშიც ყოფილა დაყუდებული. ერთხელ წმინდა ილარიონს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და თორმეტი ნათლით მოსილი კაცი გამოეცხადა. ყოვლადწმინდამ უბრძანა, სამშობლოში გამომგზავრებულიყო.

სამშობლოში დაბრუნებისას შეიტყო, რომ მამა და ძმა გარდაცვლილიყვნენ. დედამ მამისეული ქონება გადააბარა და უთხრა, როგორც უნდოდა, ისე განეკარგა. მამა ილარიონმა ააშენა დედათა მონასტერი და იქ დამკვიდრდნენ მისი დედა და და. ააშენა მამათა მონასტერიც. ასე შეასრულა ღვთისმშობლის დანაბარები. დარჩენილი ქონება კი გლახაკებს გაუყო.

მამა ილარიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია დედის ძმამ. იგი ითხოვდა წილს ქონებიდან და მონასტრის კედლებზე ნახშირით შეურაცხმყოფელ სიტყვებს წერდა, იმუქრებოდა, რომ მონასტერს დაწვავდა, ილარიონს კი მოკლავდა, ხმამაღლა ყვიროდა და მიწაზე გორაობდა. ილოცა მამა ილარიონმა ბიძისთვის. განიკურნა ნეტარის ბიძა, ფეხებში ჩაუვარდა საამაყო დისწულს, მოინანია და თავისი ქონებაც მონასტერს შესწირა.

განითქვა წმინდა ილარიონის ამბავი ჩვენს სამშობლოში. უამრავი ადამიანი მიდიოდა მის სანახავად. სთხოვდნენ, ეპისკოპოსობა მიეღო. გაერიდა დიდებას ნეტარი და ორ მოწაფესთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. გზად ულუმბოს მთაზე ავიდნენ მოსალოცად. პატარა ეკლესია იპოვეს და იქ გაჩერდნენ.

ყველიერის შაბათ დღეს წმინდა ილარიონმა ეკლესიაში კანდელის ასანთებად მოსულ ბერს სთხოვა სეფისკვერი და ზედაშე. მოართვა ბერმა და ქართულად აღასრულეს წმინდა ჟამისწირვა. ეს შეიტყო მონასტრის მამასახლისმა, აღშფოთდა და მათი გაძევება ბრძანა, რადგან არ იყო დარწმუნებული მათ მართლმადიდებლობაში. წმინდა ილარიონი შეჰპირდა, ხვალ წავალთო.

ღამით მამასახლისს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რატომ არ შეიწყნარებ უცხოებს? ქართველები ხომ არიან ამ მთაზე, განა არ იცი? ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერია, რადგან ქართველები ჩემი ძის მიერ ჩემთვის არიან ჩაბარებულნი. ქართველები ჩემი წილხვდომილები არიან შეურყეველი მართლმადიდებლობის გამო!“

ატირებული მამასახლისი გაემართა წმინდა ილარიონისკენ, ფეხებში ჩაუვარდა შენდობის თხოვნით და აფიცებდა, დარჩენილიყვნენ, არ წასულიყვნენ, რათა ღვთისმშობელს შური არ ეძია მასზე. ქართველი წმინდანი დათანხმდა.

მამა ილარიონმა სასწაულებრივად განკურნა მამასახლისის ნათესავი ბერი, რომელიც სიყრმიდან მარჯვენა ფეხს იტკიებდა და სთხოვა განკურნებულს, არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. მაგრამ არ დაიმალა მისი სასწაულთმოქმედების შესახებ და მრავალი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად. იმ ხანებში ულუმბოზე სამი ქართველი ბერიც მივიდა. მამა ილარიონმა ულუმბოს მთაზე ქართველთა მონასტერი დააარსა. თუმცა, როგორც მამასახლისის გამოცხადებიდან ჩანს, შეიძლება, ქართველები იქ მანამდეც იყვნენ.

მამა ილარიონთან მოდიოდნენ ერისკაცები და დახმარებას სთავაზობდნენ, მაგრამ ის ყველას უარით ისტუმრებდა – ღვთისმშობელი განგვაძღობსო. ბერები ფიზიკურად მუშაობდნენ და ასე ირჩენდნენ თავს. ხუთი წელი იყო ნეტარი მამა ულუმბოზე. განითქვა ილარიონ ქართველის სასწაულთმოქმედების, სიწმინდისა და უპოვარების ამბავი და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისურვა მისი ნახვა.

ილარიონ ქართველმა თავის მოწაფეები დატოვა ულუმბოს ქართველთა მონასტერში, თან წაიყვანა ერთი მოწაფე და ძელიცხოველისთვის თაყვანსაცემად და მოსალოცად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. შემდგომ კი რომში – პეტრესა და პავლეს საფლავთა მოსალოცად. კონსტანტინოპოლიდან თორმეტი დღის სავალზე, ერთ ქალაქთან ახლოს, ნახა ერთი ვენახი, რომლის შესასვლელთან კოჭლი კაცი იჯდა. სთხოვა ქართველმა, ერთი მტევანი მომიწყვიტეო. კოჭლმა უპასუხა: „ცამეტი წელია, სიარული არ შემიძლია, მას მერე, რაც ფეხები მოვიტეხე. ამ ვენახის პატრონი მარჩენს. მიბრძანდი და მოკრიფე რამდენიც გენებოსო“.

დაუძახა ილარიონ ქართველმა კოჭლს: „უფალი გიბრძანებს, ადექი და მომიტანე მტევანი!“ მართლაც, უმალ განიკურნა მისი ფეხები და სრულიად ჯანმრთელმა, სასწაულთმოქმედ ბერს სიხარულით გამოუტანა მტევანი. მაგრამ ბერი იქ აღარ დახვდა.

მტევნით ხელში ეძებდა გაბედნიერებული ადამიანი მის განმკურნებელს. კოჭლის სასწაულებრივმა გამოჯანმრთელებამ დიდი სიხარული გამოიწვია ქალაქის მცხოვრებთა შორის. ერთად ეძებდნენ ბერს, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან მამა ილარიონი სხვა გზით წავიდა.

კიდევ უამრავი სასწაული უნდა მოეხდინა ილარიონ ქართველს სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერეც...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...