ისტორია

რა აკავშირებდა ნაპოლეონის ნომერ პირველ მამლუქს საქართველოსთან და როგორ აფასებდა მას იმპერატორი

№24

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 27.06

ისტორია
დაკოპირებულია

მამლუქი რუსტამი, რომელიც კაიროში ჩასულ იმპერატორს მამლუქმა ბეგებმა აჩუქეს, ნაპოლეონის პირადი მცველი და წლების განმავლობაში მისი სასახლის კოლორიტი იყო. მის შესახებ ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას მეცხრამეტე საუკუნეშივე ჰქონდა. მოგეხსენებათ, მამლუქთა შორის ბევრი ქართველი იყო, შესაბამისად, რუსტამსაც ქართველად მიიჩნევდნენ. მათი ფიქრი უსაფძვლო არ იყო – რუსტამ რაზა თბილისში დაბადებული სომხური წარმომავლობის მამლუქი გახლდათ, რომელიც 13 წლის ასაკში მონებით მოვაჭრეთა მსხვერპლი გახდა.

ზოგი ქართველი მკვლევრის ვერსიით, მისი სახელი როსტომ რაზმაძე იყო. 1960-იან წლებში გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“ გამოქვეყნდა თბილისელი ლიტერატორის – მიხეილ ვადბოლსკის სტატია „რუსტამ მამლუქის თავგადასავალი“, რომელშიც ავტორმა რუსტამის მემუარებიდან რამდენიმე ნაწყვეტი მოიყვანა. ამ მემუარების კითხვისას ჩანს, რომ ის თბილისელი სომეხი ვაჭრის ოჯახში იყო დაბადებული და თავის სომხურ წარმომავლობას არაერთხელ აღნიშნავს კიდეც თავის ნაწერში. ფრანგი და სომეხი მკვლევრების ნაშრომებიც ადასტურებენ, რომ რუსტამი სომხური წარმოშობის იყო.

რუსტამის მემუარები პირველად საფრანგეთში, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გამოიცა. რუსტამის გარდაცვალების შემდეგ მისმა სიძემ მემუარების ხელნაწერი გადასცა ფერმწერ პიერ ბოფოს, რომელმაც ის ცნობილ მკვლევარს – პოლ კოტენს მიაწოდა. კოტენმა ხელნაწერი თავდაპირველად, 1888 წელს, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გამოაქვეყნა. მომდევნო ოცდასამი წლის განმავლობაში მან გამოსცა მემუარების ოთხი რედაქცია, რომლებშიც თანდათან შეასწორა ხელნაწერის ორთოგრაფია, სინტაქსი. გამოცემებს შორის ყველაზე სრული და სანდო ვერსია 1911 წლის რედაქციაა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ხელნაწერის დიდი ნაწილი რუსტამის ხელით არის დაწერილი, მაგრამ ბევრ ადგილას სხვისი ხელწერა შეიმჩნევა. სავარაუდოდ, ეს ადგილები რუსტამის კარნახით უნდა იყოს დაწერილი.

რუსტამი პარიზის მაღალ საზოგადოებაში პირველად 1799 წლის 5 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც პარიზის ოპერის თეატრმა ახალი წარმოდგენის – „კაიროს ქარავნის“ პრემიერა მოაწყო. წარმოდგენის სანახავად მისულ ბონაპარტს თან ახლდა რუსტამიც. მისმა გამოჩენამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გაზეთები წერდნენ, რომ მამლუქმა ყველას მზერა მიიპყრო, თუმცა თვითონ მხოლოდ სცენას უყურებდა. გაკვირვებული იყო იმით, რომ სცენაზე თავისი მშობლიური ქვეყნის ტანისამოსს და წეს-ჩვეულებებს ხედავდაო.

ბრძოლის ველზე, საზეიმო შეხვედრასა თუ ნადიმზე რუსტამი ყოველთვის ნაპოლეონის გვერდით იმყოფებოდა. მას თან დაჰქონდა ვერცხლის მათარა, რომელშიც ესხა კონიაკი ნაპოლეონის წყურვილის დასაკმაყოფილებლად. ღამით, როგორც რუსტამი ამბობს, „მეძინა იმპერატორის საძინებელი ოთახის წინ მდებარე მოსაცდელში, სადაც ჩემთვის ყოველღამე შლიდნენ პატარა საწოლს. თუ არსებობდა შეთქმულების საშიშროება, იმპერატორის კარის წინ ვწვებოდი.“ მამლუქის გამოჩენას უფრო დიდი ეფექტი რომ ჰქონოდა, ნაპოლეონმა მისთვის რამდენიმე ძვირფასი ტანისამოსი პარიზში შეაკერინა საუკეთესო მკერავებს. რუსტამი აღნიშნავს: „სახალხო აღლუმებისთვის არაბული ბედაური მყავდა, ოქროთი მორთული აღკაზმულობითა და თურქული უნაგირით. ჩვეულებრივი მგზავრობისა და სეირნობის დროს კი ფრანგულ ცხენზე ვიჯექი და ჰუსართა მოოქრულ უნაგირს ვიყენებდი.”

როგორც ნაპოლეონის მსახური კონსტანტი აღნიშნავს, „იმპერატორის ყოველი საჯარო გამოჩენის დროს რუსტამი მისი შეუცვლელი თანამგზავრი იყო. იგი ყველა მგზავრობის, ცერემონიისა თუ ბრძოლის დროს თან ახლდა მას. თავის მდიდრულ აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილი რუსტამი ყველაზე თვალწარმტაცი ფიგურა იყო იმპერატორის ისედაც ბრწყინვალე გარემოცვაში. მისი გამოჩენა საოცარ ზეგავლენას ახდენდა, განსაკუთრებით, უბრალო ხალხზე და პროვინციებში”. თანამედროვის აღწერით, „თავის მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილი, მკერდზე საპატიო ლეგიონის ოფიცრის ორდენით და ათასი სხვა სიკეთით დაჯილდოებული რუსტამი თავისი მფარველისადმი უზომო ერთგულებას იჩენდა“. იმპერატორი ერთგული სამსახურისათვის გულუხვად აჯილდოებდა რუსტამს, მაგრამ, როგორც ჩანს, მონის ერთგულება მაშინ მთავრდება, როდესაც ბატონი ძლიერებას კარგავს. რუსტამმა ზურგი აქცია დასუსტებულ იმპერატორს, მისი მეორე მსახურისგან განსხვავებით, მას გადასახლებაში არც კუნძულ ელბაზე გაჰყვა და არც წმიდა ელენეს კუნძულზე. ამ ფაქტმა იმპერატორს ისე ატკინა გული, რომ ტახტზე 100-დღიანი დაბრუნებისას პირველი, რაც მოიმოქმედა, რუსტამის გაძევება იყო.

იმპერატორის მომხრეებმა რუსტამი მოღალატედ შერაცხეს, თუმცა არც ხელისუფლებისგან ჰქონდა მას ნდობა. ჭკვიანი მამლუქი საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფას ცდილობდა, რისთვისაც იგი ინგლისშიც ჩავიდა.

ცხოვრების უკანასკნელი თოთხმეტი წელი რუსტამმა დურდანში გაატარა. ხშირად ნადირობდა რამბულიეს ტყეში, ჰქონდა მიმოწერა სხვადასხვა მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწესთან, რომლებიც ნაპოლეონის ეპოქით იყვნენ დაინტერესებული. ამ პერიოდში რუსტამი წერილებს ხშირად ასე აწერდა ხელს: „იმპერატორ ნაპოლეონის ყოფილი პირველი მამლუქი“. 1840 წელს, როდესაც მეფე ლუი ფილიპემ ნაპოლეონის ცხედარი წმიდა ელენეს კუნძულიდან ჩამოასვენა, რუსტამს საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ მიეგო პატივი თავისი ყოფილი მფარველისთვის. დეკემბრის ერთ მეტად ცივ დღეს მამლუქის მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილმა რუსტამმა მონაწილეობა მიიღო პარიზში იმპერატორის ცხედრის ჩამოსვენების ცერემონიალში.

1845 წელს სამოცდაოთხი წლის რუსტამი ავადმყოფობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც დღემდე დგას მისი საფლავის ქვა.

1806 წელს შექმნილ ჟაკ-ნიკოლა პაილო დე მონაბერტის ნახატში რუსტამი წამოგვიდგება, როგორც სქელტანიანი და პირმრგვალი მამლუქი, თბილი მზერით, მრგვალი ნიკაპითა და სახის ნაზი ნაკვთებით. ვან ბრი მატიუ იგნასის ჩანახატში მას პატარა ულვაშიც აქვს. 1810 წელს კი ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ჰორაციო ვერნემ სავსებით სხვაგვარი რუსტამი დახატა – მკაფიო სახის ნაკვთებით, ძლიერი ნიკაპით, გადაწკეპილი ულვაშებითა და გამჭრიახი მზერით. კიდევ უფრო განსხვავებულადაა რუსტამი გამოსახული ჟან-ბატისტ დებრეს დიდებულ ნახატში – „საპატიო ლეგიონის ორდენით პირველი დაჯილდოება“ – ნაპოლეონის ტახტთან მდგომ მამლუქს დიდი ცხვირი და გრძელი ულვაში უმშვენებს სახეს.

გამოყენებული მასალების წყარო: samxedro-istoria.blogspot.com

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა