ლაშა-გიორგის ანდერძის მიხედვით, ვინ გამოცხადდა საქართველოს ტახტის მემკვიდრედ
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.01
(იბეჭდება შემოკლებით)
ძალიან საკვირველია და არავინ იცის, რატომ არ გაათხოვეს თამარ მეფის ასული რუსუდანი დროულად, როგორც მაშინ ათხოვებდნენ ხოლმე მეფის ასულებს 13-15 წლის ასაკში და შესაბამის პიროვნებაზე, სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელზე, მათ შორის მაჰმადიანურ ქვეყნებშიც, თუმცა, ქრისტიანობის შენარჩუნების პირობით (გარკვეული ვარაუდი გვაქვს, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებთ). რუსუდანის გათხოვება ძმამ, მეფე გიორგი ლაშამ გადაწყვიტა, დაახლოებით, 1222 წელს, როცა ის უკვე 25-26 წელს იყო გადაცილებული. ჯერ უარი უთხრა რუსუდანის ხელის თხოვნაზე ხლათის სულთანს, შირვანის შაჰის „შემოხვეწებას“ სიძეობაზე კი დათანხმდა. მაგრამ, ქორწინების მომზადების დროს ჩვენი ხელმწიფე უცებ მიხვდა, რომ კვდებოდა. ასეთია ოფიციალური ვერსია მატიანეში.
მოიწვია მეფემ სახელმწიფოს დიდებულები, თავისი და, რუსუდანი და სთხოვა დიდებულებს, რომ მის შემდგომ ტახტზე აეყვანათ რუსუდანი. შემდეგ დაამატა:
„ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქუენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფობა და მüედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკïდრედ მეფობისა ჩემისა“.
დაასრულა ანდერძი და გარდაიცვალა საქართველოს მეფე, 1223 წლის 18 იანვარს.
ამგვარად, თუ ეს ანდერძი ნამდვილია (არის ეჭვი, რომ არა, თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიმართლეს ჰგავს. ამაზე სხვა დროს), ლაშა გიორგიმ ანდერძით სცადა, მისი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობის წესი მამრობითი ხაზით გაგრძელებულიყო. თავის მემკვიდრედ მან გამოაცხადა საკუთარი ვაჟი, რომელიც მაშინ პატარა იყო, მაგრამ იცოდა, მისი პატარა ვერ შეძლებდა გამეფებას. როგორც მცირეწლოვანს, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდა, ამიტომ, მეფობა გადააბარა თავის დას, რუსუდანს, მაგრამ, მხოლოდ, დროებით.
ლაშასთვის მნიშვნელოვანი იყო სამეფოს ხელისუფლება მშვიდობიანად და სტაბილურად გაგრძელებულიყო. რუსუდანს გამეფებაში ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა, რადგან ზრდასრული იყო და თამარის შვილი. საქართველოში უკვე არსებობდა პრეცედენტი ქალის გამეფებისა, რაც მანამდე გამორიცხული იყო, ქართველთა ტახტებზე არასოდეს ასულა ქალი.
მანამდე ბაგრატიონების გვარში ქალის ხაზით სამეფო მემკვიდრეობა არ გადადიოდა და არც გვარი.
გამონაკლისი იყო მხოლოდ წმიდა თამარი. თამარ ქალი ტახტზე ავიდა იმიტომ, რომ სხვა მემკვიდრე ქვეყანას, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს აღარ ჰყავდა. თამარის მამამ თავისი აღზრდილი, ტახტის მემკვიდრე, უფროსი ძმის, მეფე დავით მეხუთის ერთადერთი ვაჟი, დიმიტრი (დემნა) სასტიკი სასჯელით დასაჯა აჯანყებისთვის.
არის ცნობა, რომ თვითონ გიორგი მესამეც ანდერძით იყო შეკრული თავისი ძმის მიერ, რომლის მიხედვით, დემნას სრულწლოვანების მიღწევისას, გიორგის მეფობა უნდა დაეთმო ძმისწულისათვის. დემნა უფლისწული აჯანყდა, რადგან ბიძა ტახტის დათმობას არ აპირებდა. დამარცხებულ უფლისწულს თვალები დათხარეს, რათა ვერ გამეფებულიყო. ბრმას ან ჯანმრთელობის არმქონე ადამიანს ეკრძალებოდა ტახტზე ასვლა, და დაკოდეს, რათა, შთამომავლობა არ მისცემოდა, მემკვიდრეები აღარ ჰყოლოდა, გიორგის ასულ თამარს კონკურენტები რომ არ გასჩენოდა.
გიორგი მესამემ პრეცედენტი შექმნა და ტახტზე აიყვანა ქალი. დემნას აჯანყების დამარცხების მერე თვითმპყრობელ მეფეს შეწინააღმდეგება ვეღარავინ გაუბედა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ დიდებულთა რამდენიმე დაჯგუფებამ სცადა, ესარგებლა ახალი ხელმწიფის სქესით, როგორც თვითონ ფიქრობდნენ – სისუსტით. არაფერი გამოუვიდათ. თამარ მეფემ ბრძნულად გადაჭრა ყველა პრობლემა, მშვენივრად შეძლო სამეფოს გაძღოლა და არაერთი წარმატება მოუტანა სახელმწიფოს.
ასე რომ, რუსუდანს სქესის გამო ტახტზე ასვლაში პრობლემა არ შეექმნებოდა, ფიქრობდა სიკვდილის წინ მეფე გიორგი-ლაშა. რუსუდანი გაზრდიდა მის ვაჟს. მოყვარული ძმა, ლაშა-გიორგი ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი საყვარელი დაიკო რაიმეს დაუშავებდა თავის ერთადერთ, ობოლ ძმისწულს. მაგრამ, მაინც, მომაკვდავმა თამარის ძემ დიდებულების თვალწინ, თავისი მეფობის მემკვიდრედ გამოაცხადა საკუთარი ძე, ხოლო ანდერძით რუსუდანს, ფაქტობრივად, დროებითი მეფის ძალაუფლება გადასცა და მოსთხოვა, როგორც კი მისი ვაჟი სრულწლოვანებასა და მეომრის ასაკს მიაღწევდა, დაეთმო ტახტი. მეფის სრულწლოვანებაში მაშინ, ჩემი აზრით, ალბათ, 21 წელი იგულისხმებოდა. ფაქტობრივად, თუ ეს ანდერძი ნამდვილია, ლაშა გიორგი რუსუდანს აცხადებდა დროებით მეფედ (დაახლოებით, მეფე-რეგენტად) ლაშას ვაჟის, დავითის სრულწლოვანობამდე.
ყველაფერი გათვალა, შეძლებისდაგვარად, მომაკვდავმა ლაშა-გიორგიმ. მას სხვა გზაც არ ჰქონდა. სასიკვდილო სენი უცებ ეწვია, ვეღარ მოასწრებდა თავისი მცირეწლოვანი ვაჟის თანამეფედ კურთხევას, როგორც უკვე ტრადიცია იყო ქვეყანაში, როგორც მისი დედა აკურთხეს, მამის, მეფე გიორგის თანამეფედ, და როგორც თვითონ, დედის, თამარ მეფის თანამეფედ ეკურთხა, ჭაბუკობისას.
რა იცოდა მომაკვდავმა მეფემ, რომ მასთან ერთად დიდი საქართველოც მოკვდებოდა. რა იცოდა დის მოყვარულმა ძმამ, რომ, მასთან ერთად, მის სათაყვანებელ ოჯახში დედმამიშვილობის სიყვარულსაც მოეღებოდა ბოლო...
რუსუდანმა შეიფერა მეფობა, სულ მალე თავის სახელზე ფულიც მოაჭრევინა, ქმრადაც ის მოიყვანა, ვინც მოეწონა, თავისზე უმცროსი. ვაჟი შეეძინა და გადაწყვიტა შვილი ექცია თავის მემკვიდრედ და არა „ვიღაც ველისციხელი ქალის ნაბუშარი“, როგორც იტყვიან ხოლმე ადამიანები, როცა ვინმეს რაიმე უნდა წაგლიჯონ.
ოფიციალური ვერსიით, რუსუდანმა, როგორც კი უფროსი შვილი, თამარი წამოეზარდა, რუმის სელჩუკთა სულთანზე გაათხოვა. მაყარში გააყოლა ძმისწული, და სიძეს მოსთხოვა, საპატიმროში ჩაესვა დავით ლაშას ძე. მემატიანე იმასაც კი ამბობს, შეუთვალა სიძეს, მოკალიო.. თვითონ კი თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, დავითი, თანამეფედ აკურთხებინა ქუთათისში.
იქნებ გრძნობდა, ლაშა-გიორგი, სიკვდილის წინ, საშიშროებას, შვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით, და გაზრდამდე, სრულწლოვანობამდე გადაავადა საფრთხე რუსუდანის გამეფებით. გაიზრდება და თვითონ მიხედავსო თავს, იქნებ იფიქრა,.. ვინ იცის...
ღმერთმა გადაარჩინა ლაშას ძე და მაინც ავიდა ტახტზე, თუმცა ის აღარ იყო უძლეველი სახელმწიფოს ტახტი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:00 08.11, 2024 წელი