ისტორია

იცოდა თუ არა მეფის ასულმა თამარმა დემნა უფლისწულის აჯანყებამდე, რომ გამეფდებოდა

№35

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 12.09

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

სომხური წყაროების მიხედვით, გიორგი მესამის მემკვიდრე იყო მისი ძმისწული, დემნა (დიმიტრი) დავითის ძე. გარდაცვალების წინ დავით მეხუთეს, დიდებულების თანდასწრებით, ანდერძად დაუტოვებია თავისი ძმისთვის, გიორგისთვის, რომელიც უეჭველად ავიდოდა საქართველოს სამეფო ტახტზე, რომ, როცა მისი ვაჟი, დიმიტრი (დემნა), გაიზრდებოდა, გიორგის ტახტი მისთვის უნდა დაეთმო.

თუ ეს გადმოცემა მართალია, მაშინ, გიორგი მესამე გამოდის დროებითი მეფე, დაახლოებით, რეგენტი. თუმცა, უფრო ქართული ვარიანტით, უფრო მაღალი ხარისხით, სრული სუზერენობით მემკვიდრის სრულწლოვანობამდე.

პრინციპში, გიორგიზე მეტად სამეფო ტახტი ეკუთვნოდა დემნას, ვინაიდან იგი იყო მეფე დიმიტრი პირველის უფროსი ვაჟის, თან მეფედ ყოფილის ძე. არის თვალსაზრისი, რომ რადგან დიმიტრი პირველმა თავად აიყვანა გიორგი ტახტზე, დემნამ მემკვიდრეობა დაკარგა, ვინაიდან დიმიტრი პირველმა ასე დააყენა მემკვიდრეობის საკითხიო.

ეს თვალსაზრისი ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ტახტის მემკვიდრეობის საკითხს, ჩვენი წინაპრების აზრით, წყვეტდა არა მეფე, არამედ წესი, რომელიც დაფუძნებული იყო პირმშოობის პრინციპზე. ანუ, ჩვენი წინაპრების წარმოდგენით, ტახტის მემკვიდრეობას წყვეტდა უფალი, ვისაც ინებებდა მომავალ მეფედ, მას შობდა მეფის შვილთაგან პირველად.

ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპისთვის, რომელიც ამ საკრალურ ვითარებას ემორჩილებოდა, ჩვენს წინაპრებს, ფაქტობრივად, არ გადაუხვევიათ. გამონაკლისი შეიძლება, ყოფილიყო ტახტის მემკვიდრის პირადი გადაწყვეტილება, თავისი მომდევნო ძმისთვის დაეთმო პირმშოობით მოპოვებული ტახტის მემკვიდრეობა.

თუნდაც სომხური წყარო არ იყოს მართალი, საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრე, გიორგი მესამის მემკვიდრე, მაინც იყო დიმიტრი (დემნა) დავითის ძე, ვინაიდან, გიორგი მესამეს არ ჰყავდა ვაჟი. ჰყავდა მხოლოდ სამი ასული, ორი – რუსუდანი და თამარი – დედოფლისგან და ერთიც ქორწინების გარეშე შობილი, რომლის სახელიც უცნობია.

მაშინდელ სამყაროში ქალის ტახტზე ასვლა ურთულესი იყო. ბიზანტიაში, მეთერთმეტე საუკუნეში ორი იმპერატორი, ორი ბასილევსი გარდაიცვალა უძეოდ. ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელი უშვილოდ გარდაიცვალა, ხოლო მის ძმას კონსტანტინე მერვეს კი მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. ბიზანტიის სამეფო კარმა ხერხს მიმართა და კონსტანტინეს ასულის, ზოიას ფორმალური ქმრები (სამი, რიგრიგობით) გამოაცხადეს ბასილევსად (იმპერატორს რომ ვუწოდებთ ჩვენ). რეალურად, ძირითადად, ხელისუფლებას კონსტანტინეს ასული ფლობდა ან იყოფდა მამაკაც ბასილევსებთან.

ამგვარი რამ, როგორც ჩანს მეფე გიორგი მესამეს ჩაფიქრებული არ ჰქონდა. იგი ისე გარდაიცვალა, მისი თანამოსაყდრე თამარისთვის საქმრო შერჩეული არ ჰყავდა.

მოხდა ერთი უცნაურობა სამეფო კარისთვის, თუმცა, ადამიანობისთვისა და პოლიტიკისთვის – ბუნებრივი რამ.

დემნა უფლისწულის მეურვე ყოფილა ამირსპასალარი ივანე ორბელი. ესეც სომხური წყაროდანაა ცნობილი, თუმცა, სიმართლეს ჰგავს. დემნა დიდწილად იზრდებოდა ორბელებთან და ორბელების სახლში ივანეს ასული შეჰყვარებია და ცოლად მოუყვანია.

მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, ეს საქმე წახალისებული შეიძლება, ყოფილიყო თვით მეფე გიორგის მიერ, რათა დემნას დაერღვია საქართველოს მეფეებისთვის დაწესებული პრინციპი და ქვეშევრდომი მოეყვანა ცოლად, რათა ტახტის მემკვიდრეობა დაეკარგა.

ეს მთლად მართალი არ უნდა იყოს, ვინაიდან, მიუხედავად ქვეშევრდომზე დაქორწინებისა, დემნა მაინც ერთადერთ მემკვიდრედ რჩებოდა, ვინაიდან რუსუდანი და თამარი ქალები იყვნენ. ქალი კი საქართველოს, ბაგრატიონთა სამეფოს ტახტზე მანამდე არ ასულა.

შეიძლება, ეს ქორწინება წახალისებული ყოფილიყო ივანე ამირსპასალარის მიერ, რათა შემდგომში ქცეულიყო მეფის სიმამრად. ამირსპასალარი ისედაც იყო და მეფის სიმამრობით კიდევ მეტი ხელისუფლება ჩაეგდო ხელში.

გარდა ამისა, საკუთარი ასულის დიდი სახელმწიფოს დედოფლად ქცევა ყველასთვის სასურველია და რატომაც არა?

თუმცა, ესეც არ უნდა იყოს მთლად მართალი, ვინაიდან აქ გამორიცხულია ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანებისა, გრძნობები, დემნასა და ივანეს ასულის ერთმანეთისადმი სიყვარული. ამირსპასალარი ტახტის მემკვიდრეს, მეფის ძეს თავის ასულზე დაქორწინებას ვერ დააძალებდა. ასევე, ვერც დაუშლიდა ტახტის მემკვიდრეს მისი ქალის შეყვარებას.

ვფიქრობ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ახალგაზრდებს შეუყვარდათ ერთმანეთი და როცა დაქორწინების სურვილი გამოთქვეს, მათ ვერავინ შეუშალა ხელი..

1177 წელს საქართველო შეძრა ორბელების აჯანყებად წოდებულმა მოვლენამ.

ამგვარად, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ დემნამ იმ დროს მიაღწია 21 წლის ასაკს და დიდებულების ერთ დიდ ნაწილს სურდა მისი გამეფება...

აჯანყების დამარცხების მერე გარდაიცვალა დემნა ბატონიშვილი. შვილი არ ჰყოლია, როგორც ჩანს. მისი ცოლის ბედი უცნობია, ალბათ, დასაჯეს. სიმამრი მოკლეს.

სამეფო სახლს ვაჟი მემკვიდრე არ დარჩა. მომდევნო წელს, გიორგი მეფემ თავისი არასრულწლოვანი ასული, თამარი თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა.

ჩნდება კითხვა, იცოდა თუ არა მეფის ასულმა თამარმა მამის გეგმები აჯანყებამდე, რომ მამა მის გამეფებას ეცდებოდა?

პირველი, რომ არა დემნას აჯანყება, გიორგი მესამეს ძალიან გაუჭირდებოდა დემნას უგულებელყოფა და თავისი ქალის ტახტზე აყვანა, ვერც მოკლავდა დემნას.

მეორე, დემნას აჯანყების დროს თამარი, ალბათ, 11 წლის თუ იქნებოდა და არასრულწლოვან ასულს მეფე თავის გეგმებს არ შეუთანხმებდა.

ამგვარად, თამარმა არ იცოდა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა, დემნა აჯანყდებოდა, აჯანყების გამო მეფე გიორგი დემნას მოიშორებდა – შიშით, რათა კვლავ არ აჯანყებულიყო და რათა მისი დამხობის, იქნებ მკვლელობის, მსურველი ძმისწული, უკვე საძულველად ქცეული ადამიანი მოეშორებინა.

თამარი არანაირად არ გამოდის სხვისი ტახტის მიმტაცებელი, ვინაიდან სამეფო ოჯახში, დემნას მერე, სხვა მემკვიდრე აღარ არსებობდა. უარსაც ვერ გაუბედავდა ხელმწიფე მამას და, რაც მთავარია, ჩათვლიდა, რომ დემნას გარდაცვალების გამო მას ერწმუნა ღვთისგან მონარქობა.

აბა სხვა საგვარეულოს ხომ არ დაუთმობდნენ ტახტს გიორგი და მისი ასული?!

ამგვარად, თამარ მეფე არც ტახტის მიმტაცებელი ყოფილა და არც დემნას დასჯაში მიუძღვის წვლილი. ყველაფერი მისმა მამამ გადაწყვიტა დემნას აჯანყების გამო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა