გამოჩნდა დავით აღმაშენებლის ბოლო ემისიის მონეტის მეოთხე ეგზემპლარი
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.07

(იბეჭდება შემოკლებით)
რამდენიმე დღის წინ facebook-ში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ახლო აღმოსავლეთში ვიღაც არაბულენოვან ადამიანს ჰქონდა გამოქვეყნებული დავით აღმაშენებლის ბოლო ემისიის მონეტის ფოტო. ერთმა ქართველმა, ბექა ავქოფაშვილმა მოასწრო და გადმოწერა აღნიშნული მონეტის ფოტო. მიუწერია ჩვენი ხელოვნების მოზეუმისთვის, რომ როგორმე შეესყიდათ, მაგრამ ავტორს პოსტი წაუშლია.
აღნიშნულ ფოტოს ეტყობა, მონეტა ნამდვილი უნდა იყოს. ეს უკვე მეოთხე აღმოჩენაა დავით აღმაშენებლის ბოლო ემისიის მონეტებისა.
ასეთი მონეტის გამოშვებამდე დავით აღმაშენებლის სახელით გამოდიოდა, როგორც უწოდებენ, ქართულ-ბიზანტიური ტიპის მონეტები. ქართულ-ბიზანტიური ტიპის მონეტებს ზურგზე ეწერა ქართველი მეფის სახელი და მისი ბიზანტიური ტიტული.
1104 წლიდან დავით მეფემ მოიშორა ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული და ამიტომ ახალი მონეტა მოიჭრა განსხვავებულად. მონეტა სპილენძისაა. შუბლზე მეფის გამოსახულებაა საიმპერატორო სამოსში. მარჯვენა ხელში კვერთხი უჭირავს, მარცხენაში ჯვრითაა დაგვირგვინებული სფერო. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ ასომთავრულად წერია – (დავით მეფე). ზურგზე, ირგვლივ ასომთავრულად აწერია – (ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა).
მონეტის ჯვარი წააგავს ბოლნურ ჯვარს, რომელსაც მხრებთან გამოსახული აქვს სფეროები (წრეები), ანუ, ალბათ, სამსჭვალები, ლურსმნები, რითაც მიაკრეს მაცხოვარი ჯვარს.
ოდნავ ადრე, 1098 წლამდე, ამგვარ ჯვარს, მხრებთან სფეროებით (თუ წრეებით), თავის მონეტაზე გამოსახავდა ტრაპიზონის მთავარი წმინდა თეოდორე გაბრასი (გაბრა).
2022 წლამდე დავით აღმაშენებლის ბოლო ემისიის მონეტის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იყო აღმოჩენილი, რომელიც ლონდონის მუზეუმის საკუთრებაა. აღწერილობა 1957 წელს ინგლისელმა ქართველოლოგმა, პროფესორმა დევიდ ლენგმა გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, 1118-1125 წლებში უნდა მოჭრილიყო.
დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტის შუბლზე გამოსახული მეფე საიმპერატორო სამოსით, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბიზანტიაში – მონეტებზე იმპერატორები გამოისახებოდნენ. დავით აღმაშენებელი იმ დროს უკვე მთელი კავკასიის სუზერენი, მეფეთა-მეფე გახლდათ.
მონეტის შუბლზე ასეთივე სტილის გამოსახულებით, ცოტა ადრე, მონეტა მოჭრა ჰერცოგმა რობერტ გუისკარმა, რომელმაც იტალიის ტერიტორიებიდან გააძევა ბიზანტიელები, სამხრეთ იტალიაში ნორმანდიული სახელმწიფო დააარსა, აიღო რომი, 1081 წელს ბიზანტიის იმპერატორი ალექსი პირველი კომნენოსი დაამარცხა დირაქიონის ბრძოლაში და კონსტანტინოპოლის აღებაც უნდოდა, მაგრამ რომისკენ წასვლა მოუწია, რომის პაპის გადასარჩენად.
დავითის ასეთი მონეტებიც, ფაქტობრივად, ბიზანტიური ტიპის მონეტებს განეკუთვნება, რადგან ბიზანტიური ინსიგნიებია (სამეფო ხელისუფლების ნიშნები) ზედ გამოსახული. თუმცა ჩვენი ხელმწიფე წარმოდგენილია არა როგორც ვასალი ან მეგობარი ბიზანტიის იმპერატორისა, არამედ როგორც თავად იმპერატორი, თვითმპყრობელი, მეფეების ხელმწიფე, მეფეთა მეფე.
ბიზანტიური სამეფო სამოსისა და ინსიგნიების გამოსახვა ფულზე ან, საერთოდ, ბიზანტიური სტილი, მათი ტარება, მაშინდელი მოდა გახლდათ, უფრო თუ დავაზუსტებთ, ქრისტიანული სივრცის სტილი, რადგან ქრისტიანულ სამყაროში, თავიდან, ცენტრი იყო რომი, მერე ახალი რომის, კონსტანტინოპოლის (ბიზანტიის) იმპერია და სტილის გავრცელება მთელ ქრისტიანულ სივრცეში სულაც არ არის საკვირველი. მეტიც, ასეთი სტილი, ასეთი გამოსახულებები, ნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში, ბიზანტიისთვის ტოლის არ დადებას, ბიზანტიასთან პაექრობას, ბიზანტიასთან კონკურენციასაც, პრეტენზიას ქრისტიანული სამყაროს ცენტრობაზე, როგორც რობერტ გვისკარისა და დავით აღმაშენებლის შემთხვევებში.
დავითის სამონეტო რეფორმა იყო არა მხოლოდ სამონეტო, არამედ პოლიტიკურიც. ჯვაროსნებს, ბიზანტიელებსა და მთელ სამყაროს უნდა სცოდნოდა, რომ კავკასიაში არის ძლიერი ქრისტიანული სამეფო, რომლის ხელმწიფეც იმპერატორია, რომ ამ სახელმწიფოს დროშა არის ჯვრიანი, ჯვაროსნული...
2022 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული მონეტის იდენტური კიდევ ორი ეგზემპლარი. ერთი დაზიანებულია (გატეხილი ან ჭედვის დროს დაზიანებული), მეორეზე კი, რევერსზე, გამოსახულია ანალოგიური, ბოლნური ჯვრის მსგავსი ჯვარი, ოღონდ არის მცირე განსხვავება – სფეროები (წრეები) მას აქვს ბოლნურის მსგავსი ჯვრის კუთხეებს შორის.
ახლახან ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილი მონეტა უფრო ჰგავს ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ მონეტას, მას რევერსზე წრეები ჯვრის მხრებთან აქვს და არა მხრებს შორის, თუმცა, ცოტა სხვაობაც არის.
ვფიქრობ, ჯერ მოიჭრა მონეტა რევერსზე წრეებით ჯვრის მხრებთან, მერე კი ჯვრის მხრების შუაში.
რევერსზე გამოსახული ჯვარი და მის მხრებს შორის წრეები, გავრცელებული ყოფილა ევროპაში. ინგლისის მეფე უილიამ მეორე წითურის (1087–1100) მიერ მოჭრილი მონეტის რევერსი ჯვრით, წრეების მდებარეობითა (და ჯვრის, ასევე, ჯვრისებრი ჩარჩოთი – ჯვარი ჯვრისებრივ ჩარჩოში) მსგავსია დავით აღმაშენებლის მონეტის ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ეგზემპლარისა და უფრო 2022 წელს აღმოჩენილი მონეტის რევერსისა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს სიმბოლო, გარკვეულწილად, ერთგვარი საერთოქრისტიანული სიმბოლო იყო, ერთიანი ქრისტიანული სივრცის მასშტაბით – მონეტაზე გამოხატული ჯვარი, წერტილები (და ზოგ შემთხვევაში ჯვრისებრი ჩარჩო) წრეში.
შესაძლოა, იყო შეთანხმება ქრისტიანული სამყაროში ერთიანი საფინანსო, პოლიტიკური და კულტურული სივრცის შექმნის შესახებ, რომ ასეთი ჯვრები ანგლოსაქსურ, ნორმანდიულ და გერმანიკულ სამყაროში ადრეც იყო.
თუ ეს ასეა, გამოდის, ეს უკვე ბიზანტიური ტიპის კი არა, ზოგადქრისტიანული ტიპის მონეტაა.
მონეტაზე გამოსახულ დიდ ჯვარს და მის გარშემო ოთხ წრეს (სამსჭვალებს ან ჯვრებს), ხუთჯვრიანი დროშის მსგავსად, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა ფერებითა და ფერთა კომბინაციით გამოისახებოდა დროშებზე, გერბებზე და სხვაგან, შინაარსი შეიძლება, ერთი ჰქონდა – ქრისტეს საფლავის (ქრისტიანული სივრცის) მცველთა სიმბოლო. დაახლოებით, ისე, ახლა რომ ევროკავშირს ერთიანი დროშა აქვს, ხოლო მასში შემავალ ქვეყნებს – საკუთარი დროშები. ერთგვარად, ეს შეიძლება, ყოფილიყო ქრისტიანული ახალი სივრცის ინტეგრალური სიმბოლიკა.
დავით აღმაშენებლის ამგვარი მონეტებით ჩანს ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება ქრისტიანული გეოსტრატეგიისადმი და ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებაც საკუთარი სახელმწიფოსადმი – საქართველო იქცა ბიზანტიისა და იერუსალიმის სამეფოს თანაბარი, შესაძლოა, უფრო აღმატებული სამხედრო ძალმოსილებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყნად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან