ისტორია

ესწრებოდა თუ არა თამარის და, რუსუდანი, დის თანამეფედ გამოცხადების ცერემონიას ნაჭარმაგევში

№25

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 04.07

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

დემნა უფლისწულის აჯანყების დამარცხების მერე, 1178 წელს, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა, თანამეფედ საკუთარი ქალიშვილი, თამარი გამოეცხადებინა.

ამ მიზნით მეფე გიორგიმ რამდენიმე პოლიტიკური მანევრი განახორციელა (ან მოუწია პირველი მანევრის განხორცილება). პირველი ის იყო, რომ ძველი მოწინააღმდეგეები, მისი გადადგომისა და დემნას გამეფების მოსურნე აჯანყებულები დაამარცხა და სასტიკად დასაჯა, დახოცა ვინც მოიხელთა. ზოგი უცხოეთში გაიქცა. სხვები დაშინდნენ.

მეორე – საქართველოს ეკლესიას დაუბრუნა მის მიერვე ადრე ჩამორთმეული მიწები და შეუვალობა. მოიგო ეკლესიის წარმომადგენელთა გული.

მესამე – იმ ხანებში ქართლის კათალიკოსის, ანუ საქართველოს პატრიარქის, ტახტიდან გადადგა წმიდა ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე და გაემგზავრა იერუსალიმს. მეფემ ქართლის კათალიკოსობა უბოძა თავის მომხრე მიქაელ მირიანისძეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ვარაუდს, რომელიც ადრე გამოვთქვი „თბილისელების“ ფურცლებზე – შეიძლება, პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე 1177 წელს დემნას დასჯის გამო გადადგა და გაემგზავრა იერუსალიმს.

ბოლო ხანს გაგვიჩნდა ვარაუდი – იქნებ გიორგი მეფემ მოსთხოვა დემნას სიკვდილით გულნატკენ ნიკოლოზ კათალიკოსს, რომელიც მას არ ეთანხმებოდა სასჯელის ფორმაში, დაეტოვებინა პატრიარქის ტახტი ან მიანიშნა.

სავსებით შესაძლებელია, წმიდა ნიკოლოზმა, ჩათვალა, რომ ვერ აარიდა სამშობლოს ძმათამკვლელი ომი, ვერ აარიდა მემკვიდრე უფლისწულის დასჯა და ამიტომ გადაწყვიტა, მიეტოვებინა კათალიკოსის ტახტი და უბრალო ბერად წასულიყო წმიდა მიწაზე.

წმიდა ნიკოლოზ გულაბერისძის შემოქმედება და ბიოგრაფია მოწმობს მის განსაკუთრებულ მოქალაქეობას, სიწმინდეს, გულისხმიერებას და პატიოსნებას. როდესაც თამარის გამეფების შემდეგ ახალმა პატრიარქმა, მიქელმა (მიქაელმა), ისეთი თანამდებობა, რომელიც არ შეიძლება, ჰქონოდა კათალიკოსს – მწიგნობართუხუცესობა და ხელში ჩაიგდო ზოგიერთი ეპარქია, რომელიც კონკრეტულად კათალიკოსს არ უნდა ემართა. წმიდა ნიკოლოზი დათანხმდა მეფე თამარს, ჩამოვიდა საქართველოში და მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელთან ერთად თავმჯდომარეობდა საეკლესიო კრებას, რომელსაც უნდოდა კათალიკოსობიდან გადაეყენებინა მიქელ პატრიარქი. თუმცა, აღნიშნულმა კრებამ ეს ვერ შეძლო. ჩვენ სხვაგან განხილული გვაქვს რა შეიძლება, ყოფილიყო მიქელ პატრიარქის მიერ მწიგნობართუხუცესის, ანუ ვაზირთა უპირველესის სახელოს, დაუფლების მიზეზები და აქ აღარ გავიმეორებთ.

დემნას სიკვდილის მერე საქართველოს სამეფო ტახტს მხოლოდ ქალი, თამარი დარჩა მემკვიდრედ. თამარის და, რუსუდანი, ალბათ, უკვე გათხოვილი იყო ბიზანტიაში. არ მიმაჩნია გამორიცხულად, რომ რუსუდანი შესაძლოა, უფროსიც ყოფილიყო თამარზე, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, დემნა უფლისწულის აჯანყებამდე დემნას მემკვიდრობის გამო – რაც უცილობელი იყო, იმიტომ, რომ ერთადერთი მემკვიდრე იყო სამეფო ტახტისა, ვითარცა მამაკაცი – მეფე გიორგის გაებედა დემნას უგულებელყოფა და ქალის აყვანა ტახტზე. რუსუდან გიორგის ასულის გათხოვებასთან დაკავშირებით ბოლო ხანს ბიზანტიაში აღმოჩენილია ბერძნულენოვანი მასალა.

მეფის ასული რუსუდანი არ ჩანს მემატიანის მიერ აღწერილ, თამარის მეფედ გამოცხადების დროს ნაჭარმაგევში. საერთოდ, ქართულ წყაროებს ხშირად აკლიათ ხოლმე დეტალიზება, დაზუსტება, ბევრი დაკარგულია და სხვა. თუმცა, მეფის ასული რუსუდანი თუ ესწრებოდა საკუთარი დის თანამეფედ გამოცხადებას, არ მგონია ეს გამორჩენოდა მემატიანეს, რომელმაც დაგვიტოვა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“.

„შემდგომად ამისსა მეორესა წელიწადსა შეიყარა ყოვლით სამეფოთ მისით შემოქცეული ღანუყით ნაჭარმაგევსა. შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწïა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სïანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გïრგïნი ყოველთა âელმწიფეთა“. ანუ ნაჭარმაგევში, შვიდივე სამეფოს დიდებულებთან ერთად, მეფემ მოიწვია საკუთარი მეუღლე, დედოფალი ბურდუხანი და შვილი თამარიო. მეფის ასულ რუსუდანზე მემატიანე არაფერს ამბობს. იქნებ რუსუდანი ძალიან მცირეწლოვანი იყო? ალბათ, არა, ვინაიდან, თუ მართალია ბიზანტიური ცნობა, რომ რუსუდანი გათხოვდა სევასტოკრატორ მანუელ კომნენოსზე ბიზანტიაში, ეს შეიძლება მომხდარიყო 1177 წელს. თუ რუსუდანის ქორწინება მანუელზე 1178 წელზე უფრო გვიან მოხდა, მაშინ, რუსუდანი ნამდვილად უნდა დასწერებოდა დის მეფედ გამოცხადებას 1178 წელს.

იმ დროს ქალებს 13 წლის ასაკიდან ათხოვებდნენ. მართალია, 13 წლის გათხოვილებს არავინ სთხოვდა უმალ ქმართან სექსუალური ცხოვრების დაწყებას, ჩვენი აზრით, ეს უფრო იმისთვის კეთდებოდა, რომ ახალგაზრდა რძალი მიჩვეოდა ოჯახს და გარემოს.

რუსუდანს 1180 ან 1182 წელს შეეძინა პირველი ვაჟი, ალექსი, ტრაპიზონის მომავალი პირველი იმპერატორი.

თუ რუსუდანი, როგორც ძველებური წესით იყო მიღებული, 13 წლისა გაათხოვეს და თუ რუსუდანი უმცროსი იყო თამარზე, რატომ თამარი არ გაათხოვეს პირველად? 1177 წლის აჯანყებამდე ტახტის მემკვიდრედ ხომ დემნა მიიჩნეოდა და არა გიორგის ასულები. თანამეფედ გამოცხადების დროს ჩვენი მზეთუნახავი, ალბათ, 13 წლის უნდა ყოფილიყო.

დემნას აჯანყებამდე თამარი მემკვიდრედ ვერ ჩაითვლებოდა, ქალებს არ მიიჩნევდნენ ტახტის მემკვიდრედ. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მეფე გიორგის არ უნდოდა ტახტის დატოვება დემნასთვის და თამარისთვის უნდოდა – შვილთაგან უფროსისა და ჭკვიანისთვის, მაგრამ, ეს როგორ გამოუვიდოდა? ქალს ვინ აიყვანდა ტახტზე, თუ დემნა ცოცხალი იქნებოდა? რომ არ აჯანყებულიყო დემნა უფლისწული და დალოდებოდა გიორგი მეფის გარდაცვალებას, ტახტს უეჭველად მას მიაკუთვნებდნენ დიდებულები, რადგან მას ეკუთვნოდა ლეგიტიმურად. ვერც მეფე გიორგი გაბედავდა სხვა რამეს.

მაშინ ჩნდება (უფრო მკვეთრი ხდება) კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ჩვენ ადრე დავსვით: რატომ არ მოუძებნა საქმრო მეფე გიორგიმ თავის თანამეფე ასულ თამარს მანამდე და, განსაკუთრებით, მას მერე, რაც გაამეფა?

1178 წელს ნაჭარმაგევში მეფე გიორგიმ თანამეფედ გამოაცხადა თამარი.

ანუ, არ არის გამორიცხული, რომ რუსუდანი იყო უფროსი და ის ბიზანტიაში გაათხოვეს. დემნას აჯნყების მერე კი მეფე გიორგიმ საქართველოში დარჩენილი შვილი, თამარი გამოაცხადა თანამეფედ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა