ისტორია

არსებობდა თუ არა თამარ მეფის რამდენიმე ანდერძი და როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ლაშა-გიორგიზე ჯვაროსნებს

№17

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 06.05

ისტორია
დაკოპირებულია

გარდაცვალების წინ თამარ მეფემ იხმო დარბაზის ერი, დიდებულები, სასულიერო პირები, გამოემშვიდობა, შეახსენა მათდამი მისი სიყვარული და პატივისცემა, ანდერძად დაუტოვა, კეთილად მოპყრობოდნენ ერთმანეთს, არ დაევიწყებინათ და ჩააბარა შვილები, გიორგი და რუსუდანი.

შეიძლება, სხვა ანდერძიც დაიბარა მეფემ. განაგო, ალბათ, საკუთარი სამუდამო განსასვენებლის საკითხი. ან შესაძლოა, ამ თემაზე საუბარი არც იყო, რადგან დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, მეფეთა საძუალე გახლდათ გელათის მონასტერი. „მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა“. ასეთი ცნობა გვაქვს მატიანეებში და იმდროინდელ პოეზიაშიც. თამარის თანამოღვაწე, ბერი და პოეტი, ღირსი იოანე შავთელი მოსთქვამდა: „ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა, სად რომ დაკრძალვენ წმინდათ სხეულსა“.

თამარის შესახებ არაერთი ლეგენდა შეიქმნა მისსავე სიცოცხლეში, სადაც მოთხრობილია მისი განსაკუთრებულობის შესახებ.

არსებობს ლეგენდები მისი სამუდამო განსასვენებლის გასაიდუმლოების შესახებაც, რათა მტრებს არ აეოხრებინათ. ეს ლეგენდები უფრო გვიანდელ ხანაში, შიშიანობის საუკუნეებშია შექმნილი, როცა ქართული სიწმინდეები, ეკლესია-მონასტრები და მათში დაცული რელიკვიები მტრების მიერ ოხრდებოდა, იძარცვებოდა და სიმართლეს არ უნდა ასახავდეს. თამარის გარდაცვალების დროს საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო და ვერც კი წარმოედგინათ ქართველებს, თუ ვინმე შეძლებდა მათ დამარცხებასა და მათზე გაბატონებას.

გავიდა დრო, არაერთი დამპყრობელი შემოიჭრა ჩვენს სამშობლოში, ააოხრა ტაძრები, მათ შორის გელათის მონასტერი. ალბათ, იმ დროისათვის უკვე წმიდანად შერაცხული ჩვენი მეფეების, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის წმიდა ნაწილები უკვე საფლავიდან ამოსვენებული და სადმე სპეციალურ ადგილას იყო დასვენებული, შიშიანობის გამო, იქნებ, გასაიდუმლოებულ ადგილზეც. წმიდანთა ძვლები თაყვანისცემის საგანია ქრისტიანებისათვის და მათ საფლავში, ხანდახან, არ ტოვებენ, ტაძრებში გადააქვთ, ანაწილებენ სხვადასხვა ეკლესიებში, სპეციალურ ლუსკუმებში ასვენებენ ან ხატებში ათავსებენ.

შესაძლოა, მოგვიანებით, ხალხურმა წარმოდგენამ გელათის მონასტრის აოხრებას დაუკავშირა ლეგენდა თამარის საფლავის გასაიდუმლოების შესახებ, რათა სასურველი რეალურად მომხდარად წარმოესახათ ანუ თამარის საფლავი – ხელშეუხებლად. ვინ იცის.

შესაძლოა, თამარის საფლავის ან წმიდა ნაწილების ადგილმდებარეობის არცოდნაც დაუდევრობის ბრალი იყოს, ან უბედურების: ვინც იცოდა, ისინი მტერმა დახოცა და ინფორმაცია დაიკარგა.

ასეა თუ ისე, თამარის საფლავი დღეს არ გვაქვს, არც მისი წმიდა ძვლები არის შემორჩენილი ქრისტიანული თაყვანისცემისთვის.

ლეგენდები თამარ მეფის შესახებ უცხოეთშიც ვრცელდებოდა, მისსავე ცხოვრებაში. მემატიანე გვამცნობს, რომ თამარის სახელს მჭედლები ხმლებს აწერდნენ, მეზღვაურები კი მის შესახებ ზღვაში მღეროდნენო. თამარის გარდაცვალებამ უცხოეთშიც გამოიწვია ლეგენდების გავრცელება. შემორჩენილია ერთი ევროპელი ჯვაროსნის, დე ბუას წერილი, რომელიც წმიდა მიწიდან გაუგზავნია ევროპაში, ახლანდელი საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონის მთავარეპისკოპოსისთვის (1195-1220), ამადე დე ტრემლესადმი, მრევლისთვის გასაცნობად. მაშინ ბეზანსონი თავისუფალი ქალაქი იყო და მართავდა არქიეპისკოპოსი. იმ დროს, 1187 წლიდან, მაჰმადიანების ხელში იყო იერუსალიმი, ხოლო სხვა სამთავროებს სარკინოზები ემუქრებოდნენ.

დე ბუა წერს:

„ქრისტეს მიერ სასიქადულო მამას და პატრონსა საყვარელსა ამადეოს, ღვთის განგებით ბეზანსონელ არქიეპისკოპოსს, გ... დე ბუა, მდაბალი მხედარი, ამენ.

ვიცი ჩემი კეთილდღეობა თქვენთვის სასიხარულოა, ამისათთვის საცნობელ იყოს თქვენდა, რომ, ნებითა ღვთისათა, მე და მეუღლე ჩემი ჯანმრთელად და უვნებლად ვიმყოფებით.

აღთქმის ქვეყნისა და ირგვლივ მდებარე ადგილთ ამბავთაგან შემდეგი განვიზრახე მოკლედ აღმენიშნა – სულ თუ არა, ზოგიერთი რამ მაინც. რაც უფრო საყურადღებო ჩანს. პირველად საცნაურ იყოს თქვენდა, რომ იერუსალიმის სამეფოს (რომელიც აკრში მდებარეობდა) ზავი აქვს სარკინოზებთან, ანტიოქიის სამთავროსაც, რომელმან ურიცხვი დევნა განიცადა ხან ბაბილონის სულთნისგან, ხან სომხეთის მეფისაგან, ხანგრძლივი დაზავება აქვთ სულთანთან.

აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო. ამბად მივიღე, და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან გავიგეთ, რომ ივერთაგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგენებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ დახმარებით ძალათა ფრიად აღჭურვილით, წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს.

აღნიშნულ ქალაქთაგან ერთი, ევფრატზე მდებარე, ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარჩინებული ყოფილა და დიდი, ამ ქალაქის პატრონი ბაბილონის სულთანის შვილი იყო და ზემოთ ნათქვამ ქრისტიანთაგან ტყვედ ქმნილს თავი მოეკვეთა, თუმცა უზომო ოქროს განძის მიცემა აღუთქვა.

კერძოდ რაღა მოგახსენოთ! ზემოთ აღნიშნული წმიდა იერუსალიმის მიწის სანახავად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ. მეფე მათი წარჩინებული თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით. ჭაბუკი ესე დედამისის დედოფლის უძლიერესის თამარის ნეშტს თან ატარებს, რომელმაც, სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დასდვა და შვილსა თვისსა სთხოვა, თუ მიიცვლებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ. მან კი დედის თხოვნათა ყურადმღებმა და დედის აღთქმის შესრულების მსურველმა, დააპირა მისი (გვამის) წმინდა ქალაქში წამოღება”.

რასაც დე ბუა წერს, არ დასტურდება. დე ბუას ცნობა, შეიძლება, შეცდომით უკავშირდებოდეს ქართული ჯარის რომელიმე სამხედრო კამპანიას. თუმცა, ალბათ, ახალგაზრდა ლაშა მართლა ემზადებოდა პალესტინაში გასალაშქრებლად, რასაც მონღოლების შემოსევამ შეუშალა ხელი, მერე კი – მისმა გარდაცვალებამ. წერილში მთავარი ისაა, რომ ძლიერ სახელმწიფოდ მიიჩნევდნენ ევროპელები მაშინდელ საქართველოს და ჰქონდათ ცნობები თამარ მეფის განსაკუთრებული მორწმუნეობის, ლაშა-გიორგის სამხედრო ნიჭის შესახებ და სხვა (ბაბილონის სულთანი შეიძლება, ნიშნავდეს იერუსალიმის დამპყრობი სალადინის მემკვიდრე ძმას, მალაქ-ალ-დინს, ხოლო სომეხთა მეფე – კილიკიის მთავარს).

დაკარგული საფლავების შესახებ სხვა ისტორიებიც არსებობს მსოფლიოში. უცნაურია, მაგრამ ხანდახან, დიდი ადამიანების საფლავები იკარგება, ალბათ, მათ შესახებ მეტი ლეგენდის გავრცელების გამო. ეს შესაძლოა, ადამიანთა დაუდევრობით ხდება, ან ღვთის ნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი