ისტორია

აჭრიდა თუ არა დავით აღმაშენებელი დამნაშავეებს ქუსლებს

№45

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.11, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

იბეჭდება შემოკლებით

საქართველოში შეხვდებით სტატიებს და გამონათქვამებს, სადაც ამბობენ, თითქოს დავით აღმაშენებელი დამნაშავეებს, მათ შორის, სასულიერო პირებს, ქუსლებს აჭრიდა, სასტიკად ექცეოდა და სხვა.

ზოგს ჰგონია, სასტიკი სასჯელების გამოყენებით მოახერხა დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება.

ალბათ, დავით აღმაშენებელზე ასეთი წარმოდგენის შექმნა განაპირობა ჩვენი გვირგვინოსნის დიდმა წარმატებებმა. ზოგის აზრით, სახელმწიფოს წარმატება სასტიკი კანონებისა და ხალხის ჩამოხრჩობა-ხოცვის გარეშე შეუძლებელია.

შეიძლება, მისი ცხოვრების აღმწერის ერთმა ფრაზამაც განაპირობა ჩვენი საამაყო ხელმწიფის მკაცრ და სასტიკ ადამიანად წარმოდგენა. ერთგან დავითის ისტორიკოსი წერს:

„ჩავიდა აფხაზეთს ბიჭგნთამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა“. შეიძლება ზოგს ეგონოს, თითქოს იგულისხმება, დამნაშავეები დააპატიმრა და აწამაო. სინამდვილეში ტერმინი წვრთნა, წურთვა ქრისტიანული წარმოდგენით დაკავშირებულია ადამიანისადმი ქრისტიანულ მიდგომასთან, მის გამოსწორების ცდასთან. ასეთი რამ, სამართლებრივ სიბრტყეშიც ყოფილა.

ივანე ჯავახიშვილი „ქართული სამართლის ისტორიაში“ (ტ. II ბ) წერს: „კურნების გარდა გამასწორებელ დასჯას „წურთვა“-ც ეწოდებოდა. ს. ორბელიანის განმარტებით, (წურთა) „არს რა კაცი კაცსა ტკბილითა სიტყუითა ასწავლიდეს კეთილსა“, ხოლო „უკეთუ სიტკბოთ არა შეისმინა, ტუქსვითაც ჰდამს“ ... ... „მცნება“ სიტყვის განმარტებისას მასვე ნათქვამი აქვს: „წურთა არს რა ზედიზედ მოძღურიდეს, რათა არა ბოროტი ქმნას და კეთილსა ზედა დაემტკიცოს და განუმართოს დაკლებული რაბმე“-ო (იქვე). ამგვარად „წურთვა“ პირუტყვთა და ადამიანის განსწავლას, გაწვრთნას ჰნიშნავდა“.

ამგვარად, წურთვა, სულხან-საბას მიხედვით, ნიშნავს ადამიანისთვის ჩაგონებას იმისა, რომ ცუდად არ მოიქცეს. შემდეგ დიდი ივანე ზოგიერთ სამონასტრო (საკორპორაციო, კერძო, ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში, მონასტრის) მართლმსაჯულების შესახებ ცნობებს მიმოიხილავს გიორგი მთაწმინდელის „ეფთვიმე მთაწმინდელის ცხოვრების“ მიხედვით:

„მაგრამ ძველად, მაგ. X–XII სს-ში „წურთვა“ მარტო „ტკბილითა სიტყვითა“ განსწავლას არ ჰნიშნავდა, როგორც საბასა აქვს ნათქვამი, არამედ ყოველგვარი საშუალებით: ეს ტერმინი მაშინ თვით სასტიკს, ცემით დასჯასაც კი ჰნიშნავდა“... ...„გ. მთაწმინდელის სიტყვით, თუ დიდი შფოთი იყო ხოლმე, ეფთგმე „დიდად წუართნის“ დამნაშავეთ, თუ პატარა – მცირედ: სათანადო ადგილს წაიყვანდნენ და „უბრძანის გართხმაბ“ და ისიც დაწვებოდა და სასჯელად მას ჩოდასა ზედა მიამთხგან ღუედითა“-ო. მაშასადამე წუართნა შესაძლებელია თასმით ცემის აღმნიშვნელიც კი ყოფილიყო“.

რამდენად იმეორებს საკორპორაციო მართლმსაჯულება (ამ შემთხვევაში ივერთა მონასტრის) სამეფო მართლმსაჯულებას, საერო, სისხლის სამართალს, ძნელი სათქმელია, შეიძლება შინაარსობრივი განსხვავებებიც იყო აღნიშნული ტერმინის, „წუართას“ მნიშვნელობაში (ჩემი აზრით – კი, და ამ განსხვავებას ავლენს სულხან-საბას განმარტება ტერმინ წურთისა). თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ თასმით ცემა ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, სასტიკი დასჯა იყო. მაგრამ, „წუართა“ აშკარად ჩანს, ქუსლების დაჭრასა და თვალების დათხრას არ გულისხმობს.

დავით აღმაშენებლის შესახებ, არსად, არც ერთ წყაროში არ წერია, რომ ვინმესთვის ქუსლები დაეჭრას ან თასმის ცემით დაესაჯოს.

სამეფო ოჯახის ყველაზე დიდი მტრის, ბაღვაშთა სახლის მეთაურის, ლიპარიტ მეხუთისადმი დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება კარგად აჩვენებს, რა მეთოდებს იყენებდა ჩვენი გვირგვინოსანი სასჯელად. აღნიშნული ოჯახი ხშირად ღალატობდა ქართულ სამეფოს. ლიპარიტ მეხუთემაც სცადა იგივე. მემატიანე წერს: „ამას რა ესე-ვითარებასა ხედვიდა დავით, ინება გაწურთა მისი. ამისთგს-ცა პყრობილ ყო იგი ჟამ რაოდენ-მე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვის-მე“. მაშასადამე, დავით მეფემ გადაწყვიტა ლიპარიტის „გაწურთნა“, გამოსწორება. დააპატიმრა ლიპარიტი, ჩასვა ციხეში გარკვეული დროით, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო მის განსასწავლებლად, გასაწვრთნელად, გამოსასწორებლად. ლიპარიტმა მოინანია, მეფემ გამოუშვა ციხიდან და დაუტოვა ყველა პატივი სახელმწიფოს იერარქიაში, ერისთავობა და მამულები, არაფერი არ წაართვა. აქ ისიც გვემცნობა, რომ განაჩენგამოტანილ ადამიანს შეეძლო, ეთხოვა პატიება და მეფე მას იწყალებდა.

ამ ამბავში კარგად ჩანს „გაწურთას“ მნიშვნელობა ზოგადად და დავით აღმაშენებლის მეთოდები გაწურთვისა. დავით აღმაშენებელი თვით სახელმწიფო დამნაშავეს, ლიპარიტსაც კი გაწვრთნის მეთოდით უდგება და მის გამოსწორებას ცდილობს არა ტანჯვითი მეთოდებით, არა დასახიჩრებითი მეთოდით, არამედ ციხით (ფაქტობრივად, თანამედროვე ჰუმანური მეთოდით).

როცა ისევ გააგრძელებს თავის ანტისახელმწიფოებრივ ზრახვებზე ფიქრს და კვლავ გეგმავს მეფის საწინააღმდეგო მოქმედებას, დავით აღმაშენებელი კვლავ აპატიმრებს და „წურთის“, გაწვრთნის, გამოსწორების უმაღლეს საფეხურს იყენებს მისდამი – მონასტერში უშვებს, გაწვრთნისთვის, გამოსწორებისთვის, სულის გადარჩენისთვის (ვინაიდან, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სულისთვის მომაკვდინებელი ცოდვაა). ბაღვაშებს, მართალია, თრიალეთის საერისთავო ჩამოართვეს, მაგრამ ეს მათი პირადი ქონება არ იყო, ეს იყო საერისთავო, ერისთავი კი მეფის მოხელე, მეფის მიერ დროებით მიცემული თანამდებობა გახლდათ, საერისთავო კი მეფეს ეკუთვნოდა. ხოლო ლიპარიტის ვაჟს უტოვებს საკუთრებაში კაცხის მამულს (ჰუმანიზმის დიდი გამოვლინება – ანუ ქონებრივი სასჯელი არ დაუწესეს ოჯახს და არც შური იძიეს).

აღმაშენებლის ისტორიკოსს მანამდე აქვს აღწერილი, რა უნარებს უნდა ფლობდეს მეფე სამეფოს კარგად მართვისთვის („რა-ოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა“). იქ არის ასეთი ფრაზა: მეფემ უნდა იცოდესო „შემცოდეთა წყალობითნი წურთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი“... ეს ფრაზაც მიუთითებს, რომ ჩვენს მეფეებს, წესად ჰქონდათ დამნაშავეების, შემცოდეების გამოსწორებისთვის ქრისტიანული მეთოდები („წყალობითნი“) – შეგონება, გასაუბრება, დარწმუნება, დატუქსვა, საჩუქარი, გამოსწორების შანსის მიცემა...

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს არსად არ უწერია, რომ მეფეს ვინმესთვის ფიზიკური სასჯელი მიესაჯოს, დაესახიჩრებინოს ვინმე ან მოეკლას.

ამგვარად, დავით აღმაშენებლის მიერ დამნაშავეების „წუართნა“ არ ნიშნავს ფიზიკურ სასჯელს, არ ნიშნავს ფიზიკურ დასახიჩრებას (ცემა, ქუსლების დაჭრა და მსგავსი), მით უმეტეს, არ ნიშნავს სიკვდილით დასჯას. დავით აღმაშენებლის მიერ დამნაშავეების დასჯის უმაღლესი სასჯელი იყო ციხე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი