ისტორია

ვინ იყო ივანე ამილახვარი

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 08.02, 2023 წელი

ივანე ამილახვარი
დაკოპირებულია

ივანე ამილახვარი იყო სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი და წევრი, არაერთი ბრძოლის მონაწილე, გამორჩეული სამხედრო ნიჭითა და სიმამაცით, რუსეთის იმპერატორებთან დაახლოებული პირი.

ივანე ამილახვარი დაიბადა 1829 წელს კასპის რაიონში. ზოგადი განათლება თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო, ხოლო სამხედრო სამსახური 1850 წელს დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში პრინც ვირტენბერგელის ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. იგი განუწყვეტლივ იღებდა მონაწილეობას იმ ომებში, რომელთაც მეფის რუსეთი კავკასიაში აწარმოებდა.

1853 წლიდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. შემდეგ წელს მონაწილეობდა აჭარაში მოქმედ ანდრონიკაშვილის რაზმში და განსაკუთრებით ისახელა თავი ჩოლოქთან, სადაც სელიმ–ფაშას ჯარები გაანადგურეს. მან შეადგინა და გაწვრთნა ქართველ ცხენოსან მოხალისეთა რაზმი, რომელმაც მთლიანად ამოჟლიტა ოსმალთა ბატალიონი. ასეთი ერთგული სამსახურისთვის ის ჯილდოს ჯილდოზე იღებდა მეფის მთავრობისგან.

1853–1856 წლებში, ყირიმის ომის დროს, კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაშკადიკლართან ბრძოლაში, სადაც ამხედრებულს ცხენი მოუკლეს, მაგრამ მან ქვეითად, ხმლით გაიკაფა გზა თავისი ესკადრონისკენ.

ბრძოლებში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისთვის ივანე ამილახვარს 1857 წელს მიენიჭა კაპიტნის, 1859 წელს მაიორის, 1861 წელს პოდპოლკოვნიკის, ხოლო, 1864 წელს პოლკოვნიკის ჩინი და დაინიშნა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის მეთაურად.

1871 წელს რუსეთის იმპერატორმა ივანე ამილახვარი გერმანიაში გაგზავნა ვირტემბერგის მეფისთვის ნიჟეგოროდის პოლკის შეფობის 25 წლის იუბილეის მისალოცად. აქ ყოფნისას მან მოინახულა პარიზის ამღები გერმანიის ჯარი და თავისი ახოვანებით გერმანიის იმპერატორის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.

კავკასიაში დაბრუნების შემდეგ, პოლკის 200 წლისთავზე, რუსეთის იმპერატორმა ივანე ამილახვარი თავის ფლიგელ-ადიუტანტად აირჩია. განსაკუთრებული ჯილდოების გადაცემის გარდა, აღუდგინეს მისი წინაპრების გვარი – ამილახორი. 1873 წლის 30 აგვისტოს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. ერთი წლის შემდეგ კი მეფის ამალაში ჩაირიცხა.

ივანე ამილახვარმა თავი გამოიჩინა 1877–1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში. მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა.

1883 წელს ივანე ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, 1896 წელს – კავალერიის გენერლის, ხოლო 1901 წელს – გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება.

1886 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა, ჩეჩნეთში კომლობრივი აღწერა ჩაეტარებინა, რასაც ხალხში მღელვარება მოჰყვა. სიტუაციის ჩაწყნარება ივანე ამილახვარს დაევალა. მან თავისი ტაქტით შეძლო ხალხის დამშვიდება და აღწერაც შეუფერხებლად ჩაატარა.

ივანე იყო კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური და ხშირად ასრულებდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოვალეობას.

ივანე ამილახვარს გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები ჟურნალ კჭâêჭçñêèé ñხîðíèê-ში. ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების შესახებ, რომლებშიც მან მიიღო მონაწილეობა.

ივანე ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“, ასევე, მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით: წმიდა სტანისლავის ორდენი – მესამე ხარისხის (ხმლებით), მეორე ხარისხის (ხმლებით), პირველი ხარისხის (ხმლებით); წმიდა ანას ორდენი – მესამე ხარისხის (ბაფთითა და ხმლებით), მეორე ხარისხის (იმპერატორის გვირგვინით), პირველი ხარისხის (ხმლებით); თეთრი არწივის ორდენი; წმიდა ვლადიმერის ორდენი – მეოთხე ხარისხის, მესამე ხარისხის (ხმლებით), მეორე ხარისხის, პირველი ხარისხის; წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენი; ლომისა და მზის პირველი ხარისხის სპარსული ორდენი.

ივანე ამილახვარი, ასევე, იყო დიდი ქველმოქმედი. მის სახელს უკავშირდება მრავალი სიკეთე, რომელიც თანამემულეების ცხოვრების გასაუმჯებესებლად გააკეთა, მათ შორის, მშობლიური გორის მაზრის გლეხობისთვის. როგორც შეძლებულმა და მსხვილმა მემამულემ, თავის და მეზობელ სოფლებში გაიყვანა გზები, გახსნა სკოლა სასოფლო-სამეურნეო განხრით. თავის სახლში მოაწყო აფთიაქი და პატარა ამბულატორია, მოიწვია გამოცდილი ფერშალი, რაც იმდროინდელ სოფელში იშვიათობა იყო.

ივანე ამილახვარი ზრუნავდა ქართული სიძველეების განახლება-რესტავრაციაზე. მისი განახლებულია სამთავისის ტაძარი, გორისჯვრის ციხე და ეკლესია. მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში ააგო წმიდა მარინეს სახელობის ეკლესია. მხურვალე მონაწილეობას იღებდა გორის ხიდის აგებაში.

ივანე ამილახვარი დაქორწინებული იყო ანა ალექსანდრეს ასულ ერისთავზე. მათ რვა შვილი შეეძინათ – მიხეილი, გივი, ალექსანდრე, კონსტანტინე, ნინო, მართა, ელენე და ანასტასია.

1904–1905 წლების რევოლუციური მღელვარების დროს ცარიზმმა, ივანე ამილახვარს, როგორც ტახტის ერთგულებაში არაერთგზის ნაცადს, ბაქოს გენერალ-გუბერნატორობა მიანდო, მერე კი გორისა და დუშეთის მაზრების შემოვლა და აგრარულ ნიადაგზე მემამულეთა წინააღმდეგ აჯანყებული გლეხობის დაშოშმინება დაავალა. ამ მისიის შესრულების დროს იგი გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა გორში 1905 წლის 29 აგვისტოს. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში, რომლის მშენებლობაშიც ორგანიზაციულად თუ მატერიალურად მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველო: ენციკლოპედია; „ვიკიპედია“; nobility.pro; www.ourbaku.com; ბერძნიშვილი მაქსიმე. ამილახვარი ივანე გივის ძე : (1829-1905) // მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი