რევიზორი...
ავტორი: „თბილისელები“ 12:39 08.12, 2020 წელი
ვუძღვნი გოჩა პატარიძის ნათელ ხსოვნას.
ის დრო იყო, შევარდნაძე საქმოსნებს რომ დაერია.
აპრილის დასაწყისი იქნებოდა. სამმართველოში რევიზორი გვესტუმრა – საშუალო სიმაღლის, ხმელი, კაფანდარა კაცი, ასაკს მიტანებული, ჭაღარათმიანი. ჯანმრთელი ვარდისფერი, უფრო – წამოწითლებული, სახე ჰქონდა, თხელი ულვაში, ჭროღა, მოძრავი, ახალგაზრდული თვალები. ეცვა ხაკისფერი ბუკლეს პიჯაკი, ღია ფერის პერანგზე ეკეთა წითელი ჰალსტუხი, მისი შემხედვარე, იფიქრებდი, სოფლის მასწავლებელიაო.
მმართველის კაბინეტში გავიცანი, ახალი საქონლის მიღება-ჩაბარების აქტზე უფროსს ხელი უნდა მოეწერა. საკმაოდ დიდი საწყობი მებარა. რევიზორს კი არა, საერთოდ ყველა გამკონტროლებლის, შემმოწმებლის მოსვლა არ გვსიამოვნებდა, მით უმეტეს, იმ დღეებში „ობეხეს“ მუშაკებმა ხშირად რომ დაიწყეს სამმართველოს შემოწმება. თანამშრომლები სამმართველოს შეფის, უშანგი კონსტანტინოვიჩის იმედზე ვიყავით. ქალაქში ცნობილი კაცი იყო. ყველა წამსვლელ-მომსვლელს, შემმოწმებელს ვიცნობდით, თავის წილ ქრთამს, კონვერტში გამზადებულს, ბუღალტერი გადასცემდა, მერე, ქეიფით კმაყოფილს, ვუშვებდით.
ახალმოსული რევიზორი ჩვენთვის, უფრო სწორად – კონსტანტინოვიჩისთვის, გამოუცნობი ობიექტი გამოდგა. პირველ დღეს კონსტანტინოვიჩმა ბუღალტერს სთხოვა, ჩემი მანქანით რევიზორი სადილად წაიყვანეო. ეს იმას ნიშნავდა, თან გამოელაპარაკებოდა.
გენო ტანმორჩილი, ცქვიფა, სათვალიანი კაცი იყო. უცხოებთან კონტაქტში ადვილად შედიოდა. უყვარდა ჭადრაკის თამაში. ყველაფრის მცოდნე – მოძრავ ენციკლოპედიას ვეძახდით. ერთი მინუსი ჰქონდა – მალე თვრებოდა.
შუადღე გადასული იყო. გენო და რევიზორი რესტორნიდან რომ დაბრუნდნენ, გენო ისეთი მთვრალი იყო, ვერ ლაპარაკობდა. რევიზორს არაფერი ეტყობოდა.
კონსტანტინოვიჩის მძღოლს, ლოვას შევეკითხე:
– რევიზორი სვამდა?
– კი, გოჩაჯან! ისე ძაან არ დავკვირვებივარ, მგონი, ორ-ორი ბოთლი დალიეს.
მეორე დღეს რევიზორის მასპინძლობა კონსტანტინოვიჩმა მთავარ ინჟინერს, ელიზბარს დაავალა. ორმოცდახუთი წლის კაცი კონსტანტინოვიჩის მარჯვენა ხელი იყო, ნასვამიც – მოწესრიგებული, მუდამ რუხი ფერის კოსტიუმისა და ლურჯი ჰალსტუხის მატარებელი. სტუმართან კულტურული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ქალაქში ყველა ძველი ბიჭის ძმაკაცი, სამსახურში ახალი ჭორების მიმტანი.
სადილად რევიზორთან ერთად წასულს ცოტა შეაგვიანდა. ეზოში მის მომლოდინე თანამშრომლებს კონსტანტინოვიჩიც შემოგვიერთდა. ენამოსწრებულ ლაზღანდარა სატვირთო მანქანის მძღოლ ტიტიკოს ანეკდოტს აყოლინებს. ვიცინით, კონსტანტინოვიჩიც იცინის, მაგრამ, ვატყობ, ნერვიულობს, ელიზბარისა და რევიზორის მომლოდინე.
ჯერ კიდევ ნათელი იყო, კონსტანტინოვიჩის „გაზ-24“ „ვოლგამ“ ეზოში ცხვირი რომ შემოყო. მძღოლის გვერდზე მჯდომი რევიზორი მანქანიდან რომ გადმოვიდა, ნასვამობის არაფერი ეტყობოდა. ექვსი კაცი, გაოცებული, ჩვენი უფროსის თამადობით, ვეძებთ მთავარ ინჟინერს. მანქანის უკანა კარი გაიღო. მთვრალი ელიზბარი გადმოსვლას რომ ცდილობდა, ფეხები ერთმანეთში გადაეხლართა. კიდევ კარგი, ხელები მიაშველა, ასფალტზე ცხვირი რომ არ დაერტყა. ფეხები კაბინაში დარჩა. გადმოვათრიეთ. ვიღაცას აგინებდა, კბილებს აკრაჭუნებდა „სიყვარულიო, სიყვარულიო“. კონსტანტინოვიჩს შეხედა, რომ იცნო, ჩაიღიმა, მერე თავი ჩამოუვარდა. მძიმედ ქშინავდა. „სახლში წაიყვანეთო“, – გაბრაზებული ტონით გვითხრა კონსტანტინოვიჩმა.
მესამე დღეს თვითონ კონსტანტინოვიჩმა იკისრა რევიზორის მასპინძლობა. ორმოცდაათი წლის ძველი მოჭიდავე, ჯანიანი კაცი გახლდათ. მასთან ხშირად მოდიოდნენ ცნობილი მოჭიდავეები: შოთა ლომიძე, ლევან თედიაშვილი; ერთხელ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ მედვედთანაც მომიწია გორში სუფრაზე ღვინის სმა. იმის შემდეგ კონსტანტინოვიჩმა კარგი თვალით დამიწყო ყურება, საკმაოდ დიდი, ფულიანი საწყობი ჩამაბარა.
პირველი საათი იქნებოდა, სტუმარი სადილად რომ წაიყვანა. ყველა მისი თანამშრომელი ეზოში ვწრიალებთ. ისეთი გრძნობა მაქვს, კაცი განაჩენს რომ ელოდება. რევიზორი დილის ცხრა საათიდან ბუღალტერიაში იჯდა. ქაღალდებში იქექებოდა, ღმერთმა იცის, რას ეძებდა, რას დაგვიწერდა. როგორც ყველა რევიზორს, მასაც თავისი წილი ეკუთვნის. ამ კაცს ვერაფერი გავუგეთ.
მეექვსე საათი იყო დაწყებული, კონსტანტინოვიჩის „ვოლგამ“ ეზოში დინგი რომ შემოყო. როგორც წინა ორ დღეს, რევიზორი მანეკენივით გაჭიმული, ფხიზელი, მძღოლის გვერდით ზის. კონსტანტინოვიჩი არა ჩანს. რევიზორი მანქანიდან გადმოვიდა, მოგვესალმა. ჩვენს სიფათებს ღიმილით შეხედა; მთვრალი არაა, ნასვამს თუ იტყვის კაცი. ახლა მანქანიდან გადმოსულ ლოვას ვუყურებთ.
ჩვენი სახის გამომეტყველება ამბობს „სადაა უფროსი?“ ამ დროს „ვოლგის“ უკანა ფანჯარაში გამოჩნდა კონსტანტინოვიჩის ბეჭდიანი ხელი, მერე – ჭაღარაშარეული თმა, რომელიც მუდამ დავარცხნილი ჰქონდა, გაჩეჩოდა. თმას სიფათი მოჰყვა. ნიკაპი ფანჯრის რაფაზე ჩამოდო. დახუჭული თვალები გაახილა... ჩვენს დანახვაზე გაიცინა, „შამპო, შამპანური!“ – იყვირა. მერე სახე ფანჯარაში მიიმალა, ეტყობა, უკან გადავარდა. ვეცით კარს. სკამზე გადაწოლილა. ვცდილობთ, წამოვაჯინოთ, მარცხნიდან – ელიზბარი, მარჯვნიდან – მე.
მივიყვანეთ სახლში, გზაში ეძინა.
მერამდენედ ვეკითხები ლოვას.
– რევიზორი სვამდა?
– კი, გოჩაჯან, ორივემ შვიდი ბოთლი გამოცალეს. ვა, ესე როგორ დათვრა, კაცო, ჩვენი ჯილა, ქელეხებისა და ქორწილების თამადა!
მეორე დღეს, თორმეტი საათი იქნებოდა, როცა მითხრეს, მმართველი გიბარებსო. შემეშინდა, რაღაცები კონსტანტინოვიჩის გარეშე გავყიდე, რევიზორმა რამე ხომ არ უთხრა?
უფროსის კაბინეტი მესამე სართულზე იყო, კიბეები სულმოუთქმელად ავირბინე. შესასვლელში დიდმკერდა მდივანი ლალი შემხვდა. ჩურჩულით მითხრა: „ცუდად არის, დიდხანს არ გაჩერდე“. მორიდებით შევაღე კაბინეტის ტყავგადაკრული კარი. კონსტანტინოვიჩის ცარიელ სკამს რომ შევხედე, უკან გამოსვლას ვაპირებდი. ხელის მოძრაობამ შემაჩერა. კონსტანტინოვიჩი დივანზე იწვა. თავზე სველი საფენი ედო, გვერდით მიჩოჩებულ სკამზე ბორჯომის ბოთლი იდგა. იქვე სკამზე მიმითითა, დაჯექიო.
– რაზე დაგიძახე, თუ იცი?
„არ ვიცის“ მაგივრად მხრები ავიჩეჩე.
– შვებულება როდის გეკუთვნის?
– შემოდგომაზე.
– ზაფხულში გინდა, დაისვენო?
თანხმობის ნიშნად გავუცინე.
– 26 წლის კაცისთვის ზაფხულში დასვენებას რა სჯობს, ჰოდა, – კონსტანტინოვიჩმა ნახევრად შევსებული ჭიქიდან ბუშტუკებიანი წყალი მოსვა, ენა გაამწლაკუნა, „მაგის დედაცო“, – აგინებდა სასმელს, რევიზორს, საკუთარ თავს, – ზღვაზე რომ წახვალ, ფული ხომ გინდა?
თანხმობის ნიშნად გამეღიმა.
– დავალებას გაძლევ... დღეს შესვენებაზე რევიზორს სადილად წაიყვან, უნდა დაათრო. მახსოვს, გორში კარგად დალიე, ბიჭები შენზე ამბობენ, ხარივით სვამსო... უნდა დაათრო!
გავბედე და ფრთხილად შევაპარე:
– კონსტანტინოვიჩ, გუშინ რევიზორმა თქვენნაირად დალია?
– დალია, დალია მაგ შობელძაღლმა. რა ვიცი, სად მიდის ამ ხმელ კაცში ამდენი ღვინო, დალია და ტუალეტშიც არ გავიდა. ალბათ, ხუთი საათი მაინც ვისხედით სუფრასთან. მოკლედ, ეგ კაცი უნდა დაათრო!
– დავალება მიღებულია, კონსტანტინოვიჩ!
კმაყოფილმა, აღელვებულმა დავტოვე კაბინეტი – „რომ მოვკვდე, მაინც დავათრობ!“. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს სამშობლოს დასაცავად ომში მივდიოდი.
ორი საათი დაწყებული იყო, რევიზორს რომ მივაკითხე. ბუღალტერთან ერთად ქაღალდებში იქექებოდა.
– შესვენებაზე სადილად გპატიჟებთ!
– ათ წუთში! კი, გენაცვალე, ათი წუთის საქმე მაქვს.
კონსტანტინოვიჩის მძღოლი ლოვა, რომელიც ყველა ჩვენი წარგზავნილის დამარცხების მოწმე იყო, გავაფრთხილე, ფხიზლად ედევნებინა თვალი სტუმრისთვის – რაიმე ფოკუზს ხომ არ ფლობს? კი, გოჩაჯანო.
ორი საათი არ იქნებოდა, სამმართველოს ეზოდან რომ გამოვედით.
ყველაფერს ვაკონტროლებ. სადაც წინა დღეებში რევიზორი მასპინძლებს მიჰყავდათ, იქით არ წავედი. „ქალაქის განაპირას, გემრიელ კუპატს რომ აკეთებენ, ლოვა, შენი მეგობარი მიმტანი რომ არის, იქით-მეთქი“.
რესტორანს, ვერც დუქანს, ვერც სასადილოს დაარქმევ ამ ადგილს. მოზრდილ ეზოში გაფანტული ოთხი ათკაციანი კუპეა. ლოვამ მანქანა ხის ძირში, ყველაზე ახლო კუპესთან მიაყენა.
მალე სამზარეულოდან ნაცნობმა მიმტანმა, ქალბატონმა კლარამ, ბლოკნოტმომარჯვებულმა მოგვაკითხა. არ მინდა, რევიზორმა იფიქროს, ეს ხალხი სმა-ჭამის მეტის არაფერს აკეთებსო; ამ ადგილის ხშირი სტუმარი ვიყავით, კლარას თვალი ჩავუკარი, ვაგრძნობინე, ისე მოქცეულიყო, თითქოს არ გვიცნობდა.
– ბატონო ლევან, თქვენ რას მიირთმევთ?
– წუნია კაცი არა ვარ, რაც თქვენ გაგიხარდებათ. ისე, სუფრაზე მიყვარს, მეტი მწვანილი თუ იქნება.
– ყველაზე გემრიელი რაც გაქვს, ის მოგვართვი.
კლარა რასაც მთავაზობს, ყველაფერზე თავს ვუქნევ, ის ბლოკნოტში იწერს. „გოჩაჯან, მწვადიო?“ – მაინც წამოსცდა ჩემი სახელი.
– დასალევს რას მიირთმევთ? – ვეკითხები ბატონ ლევანს.
– ყველაფერს, – ღიმილით ამბობს, – ისე, კახური თუ იქნება, კარგია.
– კახური რომელი?
– თუ გინდა, ტიბაანი.
ტიბაანი არ მიყვარს, მძიმეა და დიდი გრადუსი აქვს. უარს ხომ არ ვიტყვი.
– ტიბაანი გაქვთ? – ვეკითხები კლარას. რომ თქვას, არაო, გამიხარდება, მაგრამ კლარა თავს მიქნევს, კმაყოფილი: – გვაქვს.
– ორ-ორი ბოთლი მოგვიტანე. რაც უფრო მალე მოგვაწვდი, უკეთესი.
კლარამ შემომხედა. მისი სახე ამბობდა: „გოჩაჯან, როდის დამიგვიანებია?“
პირველ ჭიქაზე ისე ავნერვიულდი, თითქოს სამასკაციან ქელეხს ან ქორწილს ვთამადობდი. ორ კაცში თამადობა ძალიან პრიმიტიული გამოდის.
– სადღეგრძელოები რიგრიგობით ვთქვათ, – შევთავაზე ბატონ ლევანს.
– არა, თამადა შენ იყავი, მასპინძელი ხარ, თანდათან შემოგეხიდები.
პირველი სასმისი რომ შევსვით, დაცლილ ჭიქას ბატონმა ლევანმა ძირში აკოცა. მაგიდაზე რომ დადგა, მერე გვერდულად წკიპურტი გაჰკრა; ჭიქა დატრიალდა, ხვანცალით წრე მოხაზა და ისევ თავის ადგილზე დადგა.
ბატონი ლევანის ნამოქმედარი არც ძალიან შევიმჩნიე, ყველაფერი შემთხვევითობას მივაწერე. ჭიქას ბოლომდე არ მავსებინებდა, – „კახურ ღვინოს „ლიპლიპა“ არ უყვარსო, ღვინის არომატი ცხვირში უნდა გცემდესო. ჭიქას ისე ნაზად ჰკიდებდა ხელს, თითქოს ეფერებაო. თხელ, საშუალო ტანის კაცს, საკმაოდ დიდი, დაძარღვული „ტორები“ ჰქონდა. მისმა შემხედვარემ გავიფიქრე: „მეფე ერეკლეს, ალბათ, ასეთი მეომრები ჰყავდა“. ძუნწად მიირთმევდა ხორცეულს, უფრო მწვანილსა და ყველს ეტანებოდა. ეტყობა, საქართველოს ისტორიას კარგად იცნობდა. მრცხვენოდა, საუბარში რომ ვერ მივყვებოდი. ბოხი ხმა ჰქონდა, მოზომილი სიტყვა-პასუხი.
ორ-ორი ბოთლი გვქონდა დალეული; ორი ჭიქით საქართველოს წმიდა ადგილების სადღეგრძელო შემომთავაზა. პირველი ჭიქა რომ შესვა, ძირში აკოცა, მაგიდაზე დადგა, გვერდზე წკიპურტი გაჰკრა. ჭიქამ სავსე, შეუსმელ ჭიქას ხვანცალით შემოუარა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ეს არ ჰგავდა შემთხვევითობას. მეორე ჭიქა რომ მიირთვა, იმასაც ძირში აკოცა, დადგა, წკიპურტი შემოჰკრა; ჭიქამ ხვანცალით პირველ შესმულ ჭიქას შემოუარა და ისიც თავის ადგილზე დადგა. ბატონ ლევანის წინა მასპინძლებს არც ერთს არ უთქვამს რევიზორის ამ შემოქმედებაზე. მძღოლი ლოვაც გამოლენჩებული უყურებს, თითქოს ამ დეგენერატმაც პირველად აღმოაჩინა ბატონი ლევანის ეს ფოკუზი.
მთვრალი ხომ არ ვარ? ლოვას გვერდზე დაწყობილი ცარიელი ბოთლები გადავთვალე: ექვსი. სამ-სამი დაგვილევია.
ტიბაანი მძიმეა, ვატყობ, მიჭირს თავის დაჭერა. ბატონი ლევანის ნაამბობს ისეთი გულისყურით აღარ, ვეღარ ვუსმენ.
ალბათ, ოთხ-ოთხ ბოთლზე მეტი გვექნებოდა შესმული, როცა ბატონ ლევანს ბოდიში მოვუხადე: „გარეთ გავალ, მიმტანს ყავას დავუკვეთავ-მეთქი“. „კი, გენაცვალე, როგორც გინდაო“. ვიფიქრე, გარეთ გრილი ჰაერი ცოტას გამომაფხიზლებდა.
ტუალეტი მოვითავე. მერე კლარას ყავა დავუკვეთე. „ცოტა შეაგვიანე-მეთქი“. ჩვენი მანქანის უკანა კარი გამოვაღე და სკამზე გადავწექი.
ეტყობა, ღრმად ჩამეძინა.
„გოჩა, გოჩა! – კლარა მაღვიძებს, – ყავა მზად არის!“
თვალები გავახილე და რას ვხედავ: ჩემს ძილში თოვლი მოსულა! აპრილის თვეა, ზემოთ ცა კი ლურჯია, მაგრამ ხის ტოტები თოვლითაა შემოსილი.
გახარებული, კუპეში შევვარდი ყვირილით: „თოვლი მოსულა! ნახეთ, თოვლი მოსულა!“
ჩემი სტუმარი ვაიძულე, გარეთ გამოსულიყო. ბატონმა ლევანმა ჩაიცინა, „დაწყნარდი, დაწყნარდი, შვილოო“.
მიკვირს, ჩემი სიხარული მას რომ არ გადაედო. „გაზაფხულია, გაზაფხული!“ – ღიმილით ამბობს.
მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს.
სანამ ჩვენ ვპურმარილობდით, აპრილის დალოცვილ მზეს ტყემლის კვირტები დაეხეთქა, ტოტები თეთრი ყვავილებით შეემოსა.
მეორე დღეს, უფრო სწორად, რევიზორის მოსვლიდან მეხუთე დღეს, კონსტანტინოვიჩმა დამიბარა. დარცხვენილმა შევაღე კაბინეტის კარი. გრძელი მაგიდის თავში, როგორც ყოველთვის, კონსტანტინოვიჩი ზის, მარჯვნივ – რევიზორი, მარცხნივ – ბუღალტერი გენო, მთავარი ინჟინერი ელიზბარი. ოთხივეს წინ შამპანურით სავსე ბოკალი უდგას.
– ბიჭო, გაიხედე ფანჯარაში, თოვლი ხომ არ მოვიდა? – სიცილით ამბობს კონსტანტინოვიჩი. გვერდით ცარიელ სკამზე მიმითითა.
მეხუთე, ცარიელი ბოკალი ელიზბარმა მალევე შემივსო.
ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბატონმა ლევანმა დაგვლოცა, თავის საყვარელ თელავში დაგვპატიჟა.
– გაისად საპენსიო გავხდები, 65 წელი შემისრულდება. ახალგაზრდობაში 16 ლიტრამდე შემეძლო ღვინის დალევა, ახლა 8 ლიტრზე მეტს ვეღარ ვუძლებ.
ბატონი ლევანი გავაცილეთ.
კონსტანტინოვიჩი კარგ ხასიათზე არის. ეტყობა, დანაპირებს, დამარცხების მიუხედავად შემისრულებს.
– ბიჭო, ის კაცი რომ დაგეთრო, გგონია, გამიხარდებოდა? – სიცილით მეუბნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





