გულახდილი საუბრები

ვისი გავლენის ქვეშ არის ქართველი მამაკაცების უმრავლესობა და რა პრობლემის წინაშე დგება განათხოვარი ქალი

№53

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 07.01

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ცნობილი ფაქტია, რომ ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი დედის გავლენის ქვეშ არის მაშინაც კი, როცა საკუთარ ოჯახს ქმნის. ამას ხმამაღლა არავინ ამბობს – არც მამრები და არც მათი დედები. რა თქმა უნდა, მშობელს პატივი უნდა ვცეთ,  მაგრამ ზრდასრული კაცი რომ დედის კაპრიზების გამო საყვარელ ქალზე უარს იტყვის, აქ ბევრად მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. 

მარი (31 წლის):მინდა, ვიკითხო – განათხოვარს ბედნიერების უფლება არ მაქვს? მომავალი დედამთილი შვილის გამო მიწუნებს. თავიდან ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია. მის შვილს მართლა ვუყვარვარ, თან, ძალიან. ოჯახი რომ დამენგრა, 22 წლის ვიყავი. საკმაოდ ადრე გავთხოვდი, ძალიან პატარა ვიყავი.

– შეგიყვარდათ? პატარა ასაკში ხშირად უშვებენ შეცდომებს.
– სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი. ისეთი ტიპი იყო, ჩერჩეტ გოგონებს რომ მაგარი ვინმე ჰგონიათ. იმდენი წელი როგორ გავუძელი, არ ვიცი. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო, ნარკომანი. არ ვიცი, რას ვფიქრობდი, ცოლად რომ მივყვებოდი. ბავშვი რომ გაგვიჩნდა, ვითომ იმკურნალა, მაგრამ მერე სმაზე გადაერთო. გალოთდა, გადაბმულად სვამდა და ეძინა. მისი მშობლები გვარჩენდნენ. საშინელი ხასიათი გაუხდა. უხეში სულ იყო, მაგრამ ბოლოს გადაირია. მე ხომ მცემდა და ბავშვსაც უხეშად ექცეოდა. ბოლოს დედაჩემს მოვუყევი ყველაფერი. ალბათ, ჩემი მშობლების მხარდაჭერა რომ არა, ვერც ვერასდროს წამოვიდოდი ჩემი ქმრისგან. გვერდში დამიდგნენ და ოფიციალური განქორწინებაც სულ მალე გავაკეთე. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. დავისვენე. ღამე იმის შიშით არ ვიძინებდი, ქმარი სახლში რომ დაბრუნდება ან მე არ მცემოს, ან ბავშვს-მეთქი. უფლებას არ მრთავდა, სამსახურში მევლო და რომ გავცილდით, მუშაობაც დავიწყე. ახლა უკვე საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს. არაფერი აკლია არც ჩემს შვილს და არც მშობლებს.
– მეორედ როგორ შეგიყვარდათ?
– უფრო სწორად პირველად შემიყვარდა გააზრებულად და გაცნობიერებულად. დახვეწილი კომპლიმენტებით მომხიბლა კაცმა, რომელიც დღეს მიყვარს, მაგრამ ახლა, მგონია, რომ ვერასდროს ვიქნები ბედნიერი. ხშირად ვფიქრობ ჩემს გრძნობებზე, ბავშვზე. იმის პრობლემა არ მაქვს, რომ ჩემს შვილს ვერ შეეგუება, ძალიან უყვარს ბავშვები, თბილი, ჰუმანური ადამიანია. ადვილად შეეჩვივნენ ერთმანეთს.
– რა გიშლით ხელს, რომ ერთად იყოთ?
– „რა“ კი არა, „ვინ“! მის დედას არ მოვწონვარ. უფრო სწორად, ის არ მოსწონს, რომ მისი შვილი განათხოვარ და შვილიან ქალზეა შეყვარებული. რამდენჯერმე ვყავარ ნანახი და თავისი შვილისთვის უთქვამს, გარეგნობით კარგი გოგოა, ხასიათითაც არ არის ცუდი, მაგრამ სანდო არ ჩანსო. არ ვიცი, ამ სიტყვებში რას გულისხმობს. ჩემი საყვარელი მამაკაცი პატარა ბიჭი არ არის, სერიოზული მამაკაცია. თავიდან ხშირად ლაპარაკობდა დაოჯახებაზე, ერთი სული მაქვს, ყველანი ერთად როდის ვიცხოვრებთო, მაგრამ ახლა დედამისი ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვაშოროს. ხან გული სტკივდება, ხან თირკმელი, ხან ნაღვლის ბუშტი... მოკლედ, ყველანაირად ცდილობს, სახლიდან არ გამოუშვას. ესეც სულ იმას ამბობს, დედაჩემს მარტო ვერ დავტოვებ, ჩემ გარდა არავინ ჰყავსო. შვილზეა მოკერებული და ბედნიერების საშუალებას არ აძლევს.
იქნებ, საერთო ენა გამონახოთ.
– მეეჭვება. საერთო ნაცნობმა გამიმხილა, რომ ჩემამდე ორჯერ ჰქონია სერიოზული ურთიერთობა და ის ქალები დედამისის გამო მიატოვა. ისინი გათხოვილებიც არ ყოფილან და არც შვილი ჰყოლიათ, მაგრამ ერთს გარეგნობა დაუწუნა და მეორეს – ოჯახიშვილობა. მიყვარს და ნებისმიერი გზით ვიბრძოლებდი მისთვის, მაგრამ დედამისს დავუპირისპირდე და ვებრძოლო? პირდაპირ მითხრა, ჩემი შვილისთვის საუკეთესო მინდა, პირდაპირ გეტყვი, შენთვის არ მემეტება და შენ მისი ცოლი ვერასდროს გახდებიო.
– გინდათ მისი ცოლობა?
– დიახ, მინდა მისი ცოლი გავხდე, მისგან მეორე შვილი გავაჩინო, მაგრამ აბა, როგორ? ვიცი, ბედნიერების უფლება მაქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანის დედა ამაში ხელს მიშლის. ეს დედამისს ვერ „გადაახტება“ და ვართ ასე გაურკვევლად, დაბნეულები, მომავლის გარეშე.
დალი მიქელაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...