ვისგან უნდა დაიცვას ქალმა პირადი ბედნიერება
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 31.10
ჩვენს საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რას უნდა დაეთმოს ქალის ცხოვრების დიდი ნაწილი. ეს სრულად უნდა მიეძღვნას ოჯახს თუ აქვს ბედნიერების უფლება. ანუ, რას ნიშნავს ცხოვრება საკუთარი თავისთვის და რა ადგილი უნდა ეკავოს მასში ოჯახს, შვილებს. მეუღლეს... მავნე და მოძველებული სტერეოტიპია ის, რომ გათხოვილმა ქალმა მხოლოდ მათთვის უნდა იცხოვროს და პირადი სურვილები დაივიწყოს. ასეთი მიდგომა ქალს პიროვნულად ანგრევს. ამ ინტერვიუში ვსაუბრობთ პირად სივრცეზე, საზღვრებზე და იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც ქალს ეხმარება, შეინარჩუნოს საკუთარი თავი და თან არ დაკარგოს ოჯახური კავშირები.
ლელა (46 წლის): პირადი ცხოვრება ჩემთვის არის სივრცე, სადაც ვარ შემდგარი და რეალიზებული. გარდა დედობისა და პარტნიორობისა, მე უნდა მქონდეს ჩემი საყვარელი საქმე, მყავდეს მეგობრები, ვერთობოდე ისე, როგორც მინდა და არავის წინაშე არ უნდა ვგრძნობდე თავს ვალდებულად. ეს არის ჩემი იდენტობა, ჩემი პიროვნება, რომელიც დიახ, ჩემს ინტერესებსა და სურვილებს მოიცავს.
– როგორ გგონიათ, რატომ არის ასე რთული ამაზე ორიენტირება, როცა ოჯახი გაქვს და რატომ ვერ იგებენ ადამიანები ამას?
– იმიტომ, რომ საზოგადოებიდან მოდის დაკვეთა. ვაღიარებ, ჩემს ცხოვრებაშიც იყო მომენტები, როცა ოჯახის კომფორტისთვის პროფესიულ შესაძლებლობებს ვთმობდი. თავიდან ეს ნორმად მეჩვენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ენერგიისგან ვიცლებოდი. საქმე ისაა, რომ ბევრი ქალი მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს ოჯახზე პასუხისმგებლობას. პირისპირ დგება უამრავ ყოფით გამოწვევასთან. თავს კი იმით იმართლებს, რომ ოჯახისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის ასე იყო საჭირო.
– მაშინ მოდი, შევაჯამოთ, როდის უნდა იბრძოლო და როდის შეეგუო?
– სამართლიანობის საზომი ჩემთვის არის შიდა რესურსი: თუ გაქრები, როგორც პიროვნება, თუ შენ იმდენს იტვირთებ, რომ საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მისცემ, ეს უკვე სიგნალია. დღეს მე მეხმარება სიმარტივე, პატარ-პატარა ამოსუნთქვები – სიამოვნების ის ფორმები, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ ხომ, პირველ რიგში, ვართ ქალები, მხოლოდ ამის მერე – ცოლი, დედა, შვილი… დღეს მე მაქვს მკაცრად განსაზღვრული დრო – კვირაში რამდენიმე საათი მხოლოდ ჩემი ინტერესებისთვის და, რა თქმა უნდა, მცირე ფინანსური დამოუკიდებლობა.
– ნაცნობია თქვენთვის სინდისის ქენჯნის განცდა, რომ „მე ამ დროს საკუთარ შვილებს ვართმევ“?
– რა თქმა უნდა. სინდისი ხშირად მოდის სწორედ იმ მცდარი მოსაზრებიდან, რომ „მე ბოლომდე უნდა დავიხარჯო ოჯახისთვის, შვილებისთვის”. თუმცა, ჩემი გამოცდილებით, თუ დედა ბედნიერი და ენერგიულია, ეს ბავშვებსაც გადაეცემა. ისინი სწავლობენ ჯანმრთელ ურთიერთობას და ზრუნვას.
– როგორ იპოვეთ „ოქროს შუალედი“ და დააწესეთ საზღვრები საკუთარ ოჯახში?
– მე ამას საზღვრებს არ დავარქმევდი, უფრო სწორი იქნება კომუნიკაცია. პირველი – გულახდილი საუბარი და არა წუწუნით, არა ბრალდებებით, არამედ კონკრეტული მესიჯებით. და მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური თავისუფლება. მაქვს ჩემი პატარა დანაზოგი. რომლითაც საკუთარ თავს ვანებივრებ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჰობი, კვირაში ერთი დღე შენი უნდა იყოს.
– და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ პარტნიორი ამ ყველაფრის წინააღმდეგია?
– ძირითადი იარაღი კომუნიკაციაა. თუ წინააღმდეგობა მძიმეა, დროებით ტაქტიკურად უკან უნდა დაიხიო, მაგრამ არ უნდა დანებდე. დიახ, აქვს აზრი პირადი ცხოვრებისთვის, პირადი სივრცისთვის ბრძოლას. ოჯახური კონსულტაციაც კარგია. აუცილებელია, არ დაგავიწყდეს: თუ სხვისი სურვილები მუდმივად ლომის წილით უგებს შენს მოთხოვნებს, ეს შეიძლება, ნიშნავდეს ოჯახში არანორმალურ, პათოლოგიურ ვითარებას.
– რა რჩევას მისცემდი სხვა ქალებს?
– გამოავლინეთ თქვენი თავისუფალი ნება ყოველდღიურად, თავიდან – მცირე დოზით. იზრუნეთ თქვენს ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ეს არაა ეგოიზმი, არამედ პასუხისმგებლობაა არა მარტო საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ბედნიერების მიმართ, არამედ თქვენი ოჯახის, ირგვლივ მყოფების მიმართაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





