გულახდილი საუბრები

ვის აღარ სჯერა დიდი სიყვარულის და რატომ არის ეს გრძნობა დღეს ნაკლებად ღირებული

№3

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.01

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

დღეს ბევრმა ადამიანმა გრძნობაზე წინ მატერიალური ფასეულობა დააყენა. შესაბამისად, მთავარმა გრძნობამ – სიყვარულმა, თითქოს, უკანა რიგებში გადაინაცვლა. მისი აღარ სჯერათ და სიყვარულის მარადიულობას მხოლოდ რომანში აღწერილ ამბად მიიჩნევენ, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, ბევრს სიყვარულის იმიტომ აღარ სჯერა, რომ გული ატკინეს და იმედი გაუცრუეს. არადა, პირველი სიყვარული ბევრს მთელი სიცოცხლე მიჰყვება, განურჩევლად ყველას სიამოვნებს იმ პირველის გახსენება, რომელმაც თავის დროზე გული აუჩქროლა. თუმცა, სამწუხაროდ, პირველი სიყვარული იშვიათად სრულდება ბედნიერი ფინალით.

თინიკო (41 წლის): ცოტა მეუხერხულება საკუთარ თავზე ამას რომ ვამბობ, მაგრამ ძალიან ლამაზი გოგო ვიყავი. ასეთი გოგონები პატარაობიდანვე ვეჩვევით თაყვანისმცემლების ყურადღებას. მეცხრე კლასში ჩვენთან ერთი ბიჭი გადმოვიდა. მორაგბე იყო. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დრო. მის გამოჩენაზე სკოლის გოგონებს თვალები აენთოთ, გაპრანჭვა დაიწყეს. მართლა გამორჩეული იყო, მაღალი, წარმოსადეგი. როცა მივხვდი, რომ მე მოვწონდი საგანგებოდ დავიწყე საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. განსაკუთრებულად კარგად მახსოვს ის დღე, მე და ჩემი და რომ კაფეში დაგვპატიჟა. მერე კი შინამდე მომაცილა და აქ, ჩვენს სადარბაზოსთან მითხრა, ძალიან მიყვარხარო. სიხარულისგან დავფრინავდი და მინდოდა, მთელ ქვეყანას გაეგო, როგორი ბედნიერი ვიყავი. ჩვენებმაც გაიგეს ეს ამბავი და ბიჭის მშობლებმაც. არც ერთს შუბლი არ შეუკრავს. ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ შეუძლებელი იყო ამ ურთიერთობას შეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, ბევრი თაყვანისმცემელი ისევ მყავდა და ამას ძალიან განიცდიდა.

– და, ეს ხდებოდა თქვენ შორის კონფლიქტის მიზეზი?

– თავიდან – არა. ჩუმად განიცდიდა და თავს იკავებდა, რომ ჩემამდე ნაკლებად მოეტანა უკმაყოფილება. მაგრამ... მამაჩემის მეგობრის შვილსაც ვუყვარდი. სანამ პატარა ვიყავი, მეც ბავშვური გატაცება მქონდა მის მიმართ, მაგრამ არაფერი სერიოზული. მას შემდეგ, რაც ნამდვილი სიყვარული მეწვია, მას პირდაპირ ვუთხარი: როგორც ძმას, ისე გიყურებ და შეყვარებული მყავს-მეთქი. გაიგო და განზე გადგა. როცა ჩვენი ოჯახები ერთმანეთს სტუმრობდნენ, მხოლოდ მაშინ თუ შეხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. თუმცა, დავუშვი შეცდომა და ჩვენი ამბავი შეყვარებულს მოვუყევი. ძალიან განიცადა. არ მომწონს ეს ამბავი და უნდა დაველაპარაკოო. გადავაფიქრებინე. რაც მთელი ცხოვრება სანანებელი მაქვს.

– ფიქრობთ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა?

– დარწმუნებული ვარ. იმიტომ, რომ მამაჩემის მეგობარმა მომიტაცა. თუმცა მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და მასთან არ დავრჩი, მშობლებს შინ წამოვყევი.

– არ გაჰყევით ცოლად?

– მაშინ არა. საშინლად ვიყავი გაბრაზებული. მამამ მთხოვა – აპატიე და დაბრუნდიო. ერთი კვირის შემდეგ მამამისი გამოგვეცხადა. მუხლებში ჩამივარდა. არ დაგვღუპო, ჩემი შვილი თავს მოიკლავს, თუ ცოლად არ გაჰყვებიო. ვხედავდი, არც მამაჩემისთვის იყო იოლი ტირილით თვალებდასიებული ქალიშვილის ცქერა და ბავშვობის მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ნახვა. ის თავისას ამტკიცებდა. ზუსტად ვიცი, თავს არ იცოცხლებს, წუხელ უკვე სცადა თავის მოკვლაო. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა, უცებ რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება და იმ საღამოსვე გავყევი. ცოდვას ვერ ვიტყვი, არ იყო ცუდი ბიჭი ჩემი ქმარი, მაგრამ არ მიყვარდა. ვერაფრით შემიყვარდა. ჩემი ყოფილი შეყვარებული ბევრს ეცადა, შემხვედროდა, მაგრამ შევუთვალე – ალბათ, ასეთი ბედი გვქონია, ცალ-ცალკე ყოფნა გვეწერა-მეთქი. კიდევ რამდენჯერმე მთხოვა, შემხვდიო, მაგრამ ისევ უარი ვუთხარი და სულ წავიდა საქართველოდან. მერე ვაჟიშვილი შემეძინა. თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, მაგრამ შვილი გავაჩინე თუ არა, ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა. აი, ასე, უკვალოდ და უმისამართოდ გაქრა. მამამთილი დარდმა გადაიყოლა, მამა გარდაიცვალა. ძალიან გამიჭირდა. აფთიაქში დავიწყე მუშაობა, შინ მოხუცებული დედა და 22 წლის შვილი მყავს, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია. უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერ იშოვა და დისტრიბუტორად დაიწყო მუშაობა. შარშან, ოქტომბრის მიწურულს, ცოტა ადრე დაბრუნდა შინ და გაოცებულმა მითხრა: ამ დილით უცნობი მომიახლოვდა და მითხრა, ერთმა ადამიანმა, რომელიც კარგად იცნობდა დედაშენს, ბანკში ანგარიში გაგიხსნა და შეგიძლია, ნებისმიერ დროს გამოიყენოო და რაღაც საბუთები გადმომცა. მაშინვე ჩემს ყოფილ შეყვარებულს მისწვდა ჩემი ფიქრი. მეორე დღესვე მოვძებნე ჩვენი საერთო მეგობრები. მათგან შევიტყვე, რომ ჩემი ყოფილი სიყვარული რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ჩამოსულა და თავისი ბიზნესი აუწყვია. მოვკიდე შვილს ხელი და მასთან მადლობის სათქმელად წავედით. სხვა განზრახვა ნამდვილად არ მქონია ან რისი იმედი უნდა მქონოდა ამდენი წლის შემდეგ. ძალიან თბილად მიგვიღო, ვიცოდი, რომ მოხვიდოდითო. ვხედავდი, რომ ძალიან ნერვიულობდა, ნელა ლაპარაკობდა და ჩემს შვილს თვალს არ აცილებდა, - ძალიან გგავს. მინდა დაგეხმაროთ და უარს ნუ მეტყვიო.

– თქვენი სიყვარულის დაბრუნებას შეეცადა?

– არა. ფრანგი მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს, ცრემლები ვეღარ შევიკავე. ლამის მოვკვდი. მივხვდი, რომ ისევ მიყვარდა. ჩემი შვილი გაკვირვებული მიყურებდა. მოვუყევი ყველაფერი. ვერ დაიჯერებთ, როგორ ზრუნავს ჩვენზე. მამაჩემის საფლავზე ხშირად დავდივართ, მაგრამ ზამთარში სასაფლაოზე ასვლა გვიჭირს. როგორც კი დათბა, მაშინვე წავედით. იქ კი ყველაფერი გამოცვლილი დაგვიხვდა – ქვაც, წარწერაც, ყვავილებიც კი... სულ მირეკავს. პირდაპირ ვერ მითხრა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს შვილთან დამეგობრება უნდოდა და ვერ ბედავდა ეთქვა. ამიტომ თავად ვუთხარი, ბიჭს ფული იმდენად არ უნდა, რამდენადაც მამაკაცთან ურთიერთობა, დედის სითბოს ჩემგან იღებს, მამამისს კი მისკენ აღარ გამოუხედავს-მეთქი. გაუხარდა. ახლა მათ ხშირი ურთიერთობა აქვთ. მუშაობაც დააწყებინა. ისეთი ბედნიერი ვარ, ასე მგონია, ჩემი მძიმე ცხოვრების საჩუქარია. ამქვეყნად არაფერი იკარგება, მით უფრო, სიყვარული. სწორედ სიყვარულია ის ერთადერთი რამ, რასაც დასასრული არ აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული