გულახდილი საუბრები

ვინ შეიძლება, დაანგრიოს ერთი შეხედვით ჰარმონიული ოჯახი

№51

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 24.12, 2020 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ყველას როდი უმართლებს ძიძის არჩევანში. რომ გგონია, „სანაქებო აღმზრდელს“ თითით საჩვენებელ ოჯახში შეიყვან და შვებას იგრძნობ, სინამდვილეში კეთილდღეობასა და ოჯახურ იდილიას ემშვიდობები. სიტუაციას კი ჰყავს მსხვერპლი – გამწარებული ცოლი. თუმცა, მსხვერპლია ქმარიც და რა თქმა უნდა, შვილები. 

რა უნდა დაუპირისპირო საფრთხეს, რომელიც შეიძლება, სრულიად მოულოდნელად დაგატყდეს თავს. იქიდან, საიდანაც არ ელოდები. იქნებ არსებობს პრევენცია, თავის დაცვის საშუალება? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ვერავინ დაანგრევს ურთიერთობას, თუ ის ჭეშმარიტ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

დიანა (31 წლის): ბავშვი მხოლოდ 2 თვის იყო, როცა იძულებული გავხდი, სამსახურს დავბრუნებოდი. იძულებული რა, მინდოდა კიდეც, თუმცა, ასე ადრე არა. მაგრამ მაშინ კარგ სამსახურზე მომიწევდა უარის თქმა. ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავდა, დედაც და დედამთილიც მუშაობდნენ, თან, ვერც დავავალდებულებდი, ჩემი შვილის გამო შინ დამსხდარიყვნენ. გადავწყვიტე, ძიძა მომეძებნა.

– მხოლოდ თქვენ გადაწყვიტეთ თუ ქმართან ერთად.

– ქმართან ერთად. თვითონ მითხრა, შენ მოძებნე, დამხმარე ხომ მაინც გჭირდებოდაო. ერთ საღამოს მეზობელი შემოვიდა, კარგ გოგოს ვიცნობ, უცხოეთში უვლიდა ბავშვებს. აქ კი სამსახურს ვერ შოულობსო. ასე გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ის ქალბატონი. გარეგნულად არაფრით განსაკუთრებული არ ყოფილა.

– გარეგნობაზე პრეტენზია გქონდათ, ანუ საფრთხედ მიიჩნევდით?

– ვერ ვიტყვი, რომ ძიძის მიმართ ფობია მქონდა. არც მიფიქრია ამაზე. უფრო იმაზე ვდარდობდი, ჩემს შვილს როგორ მოუვლიდა. ერთი შეხედვით მშვიდი, გაწონასწორებული ჩანდა. მერე თავი იმით დავიმშვიდე – მეზობელმა მირჩია, ეს გოგოც არ ჩანს ალქაჯი-მეთქი და ჩავაბარე ჩემი შვილი. ორი თვე ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ბავშვი კარგად მოვლილი მხვდებოდა, სახლი – მოწესრიგებული, ვახშამი – გამზადებული. მადლიერი ვიყავი, მიკვირდა კიდეც, როგორ ახერხებს ყველაფერს, მართლაც პროფესიონალი ყოფილა-მეთქი. ორი თვის შემდეგ კი პრობლემა გაჩნდა. ჩემი ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს – კომპანია, სადაც მუშაობდა, გაკოტრდა. ახლა უკვე ისიც სახლში რჩებოდა. ორ კვირაში ყველაფერი ყირაზე დადგა – ბავშვი გაღიზიანებული მხვდებოდა, სახლი დაულაგებელი, სრული ქაოსი იყო. კარს როცა ძიძა მიღებდა, ისეთი სახით მხვდებოდა, თითქოს მე ვიყავი უცხო და ის მასპინძელი. ჩემს ქმარსაც ვეღარ ვცნობდი, მოხვედიო? – გაიღრიჭებოდა და ამით შემოიფარგლებოდა ჩემთან ურთიერთობა. ძიძას კი შინაურულად, ძალიან თბილად ელაპარაკებოდა: ლუდი მომიტანე, აუ, ეს გამიკეთე, ის გამიკეთეო...

– ამან ეჭვი გაგიჩინათ?

– იმ წუთში არა. გვიან დავაკვირდი, რომ თითქოს დიდი ხნის ახლობლები იყვნენ. მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა. შინ დაბრუნებულს ატირებული ბავშვი, სიგარეტით გაბუღული ბინა და მაგიდაზე არყის ბოთლები რომ დამხვდა, ვიფეთქე, რა ხდება-მეთქი! ბიჭები იყვნენ და დავლიეთო. ტელევიზორის პულტმომარჯვებულმა ისე მიპასუხა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს. მერე ისევ ძიძას გასძახა, თამოოო. ისიც სამზარეულოდან მინაზებული გამოვიდა და თბილად უპასუხა, მე კი არც შემომხედა, არაფრად ჩამაგდო. ვეღარ მოვითმინე და ვუკივლე, შენი სამუშაო საათები ამოწურულია, რას ჰგავს აქაურობა, ბავშვი რა დღეშია, რაში უნდა გადაგიხადო ფული-მეთქი?! ხმა არ ამოუღია და ჩემს ქმარს გახედა. ის კი პულტს ნერვიულად ათამაშებდა. თავისუფალი ხარ- მეთქი, – მკაცრად გავუმეორე და ის ქალბატონიც წამებში აორთქლდა.

იმ საღამოს ჩემი ქმარი საერთოდ არ დამლაპარაკებია. ბოლო დროს მის გაცივებულ გრძნობებს უმუშევრობას ვაბრალებდი და ვცდილობდი, არ შემეწუხებინა. იმ საღამოს მივხვდი, რომ მისი სიცივე სულაც არ იყო ოჯახზე დარდით გამოწვეული. დილით ქალბატონი რომ მობრძანდა, გავაფრთხილე, თუ შინ უწესრიგობა დამხვდებოდა და ბავშვს არ მიხედავდა, იძულებული გავხდებოდი, სხვა ძიძა მომენახა. ხმა არ ამოუღია. ცოტა ხანში ჩემს ქმარს ახალი სამსახური გამოუჩნდა. ის და ჩემი ძიძა ერთმანეთს ვეღარ ხვდებოდნენ და წესით, ეჭვიანობის საფუძველიც არ მქონდა. თან, არ იყო ისეთი გარეგნობის ქალი, რომ მასში მეტოქე დამენახა. რა ვიცოდი, რომ აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი სახლში, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია და კინაღამ ოჯახი დამინგრია. თურმე, საღამოობით ჩემი ქმარი აკითხავდა და ჯანდაბაში მიდიოდნენ ერთად. არ ვიცი, ეს უბედურება რამდენ ხანს გასტანდა, რომ არა ჩემი დედამთილი. დაუნახავს, როგორ ჩაუჯდა მის შვილს ძიძა მანქანაში. მოვიდა და იმ ღამით ჩვენთან დარჩა. ჩემი ქმარი კი გამთენიის ხანს დაბრუნდა. მოკლედ, ჩემი დედამთილი დააეჭვა შვილის ქცევებმა. ძიძის ვინაობა გაიკითხა და რა აღმოჩნდა? ის არაქალი გერმანიიდან იმიტომ გამოადეპორტეს, იქაც ოჯახების დანგრევით ყოფილა დაკავებული. ძიძას მეორე დღესვე სამუდამოდ ამოვაკვეთინეთ ფეხი ოჯახიდან, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებ იმ უზარმაზარ სტრესს, რაც მის გამო შემხვდა. ქმარი ძლივს მოვაბრუნე საჩემოს. ვაპატიე. იმ ქუჩის ქალის გამო ოჯახს ნამდვილად ვერ დავანგრევდი. თუმცა კარგი გაკვეთილი იყო. ახლა ძიძად ხანში შესული ქალბატონი მყავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი