გულახდილი საუბრები

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დედაჩემი უცხო კაცის გვერდით მაცხოვრებდა

№6

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.02

ქალის აღიარება
დაკოპირებულია

ხუთი წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. ძალიან მიყვარდა, ღამე მის გვერდით მეძინა, ბაღშიც მას მივყავი და გამოვყავდი, სულ მეთამაშებოდა და მანებივრებდა. სტრესი რომ არ მიმეღო და არ მენერვიულა, მისი გარდაცვალება დამიმალეს. მითხრეს:

მამა სამსახურიდან მივლინებით შორს, უცხოეთში წავიდა. იქიდან ბევრ კანფეტს, ჩასაცმელებს და სათმაშოებს გამოგიგზავნისო. მახსოვს, ყოველ ღამით ვტიროდი და ვამბობდი: არ მინდა შოკოლადები და სათამაშოები, მამა მინდა-მეთქი. დიდხანს მენატრებოდა მასთან გატარებული დრო. მერე კი შემომაპარეს სიმართლე, რომ მამა ცაში იყო და იქიდან მადევნებდა თვალს, მიცავდა და მმფარველობდა. მახსოვს, ყოველ დაბადების დღეზე დედა მამის სახელზე საჩუქარს ყიდულობდა ჩემთვის. დღემდე მჯერა, რომ ის ზემოდან, ციდან მიყურებს და მიცავს. დედა, მაქსიმალურს აკეთებდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, არ მეგრძნო ობლობა და თანატოლებთან ამაყი და თავაწეული ვყოფილიყავი. არაფერი მაკლდა. საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, დამჯერი გოგო ვიყავი და სანათესაოშიც გამორჩეულად ვუყვარდი ყველას. მამის გარდაცვალების მერე, ორმოცი დღე რომ გავიდა, დედამ ვერ შეძლო იმ სახლში დარჩენა, სადაც მამასთან ერთად ცხოვრობდა და თავის მშობლებთან გადავიდა. რა თქმა უნდა, მეც თან წამიყვანა. ამის გამო, დედამთილ-მამამთილთან და მულთან დაეძაბა სიტუაცია, თუმცა მაინც გაუგეს ახალგაზრდა გოგოს, არჩევნის უფლება მისცეს და მარტო არ მიატოვეს. მოკლედ, წლები გავიდა, სკოლა წარჩინებით დავამთავრე და უმაღლესშიც საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავირიცხე. იმ წელს ვთხოვე დედას, ზაფხულში დაქალებთან ერთად მარტო გავეშვი ზღვაზე. უარი ვერ მითხრა, თავადაც შვებულება აიღო და ჩვენ გვერდით ბინაში დაბინავდა. გოგონებს არ გვზღუდავდა, არც დიდად გვაკონტროლებდა, თუმცა საღამოობით საეჭვოდ იპრანჭებოდა და სადღაც მიდიოდა. როგორც მერე გავიგე, იქ მარტო არ ყოფილა. სოციალურ ქსელში გაუცნია მამაკაცი, რომელთანაც მიმოწერა ჰქონდა. იმ კაცს გაუგია, რომ ზღვაზე ისვენებდა და ჩამოაკითხა. სწორედ იქ გააბეს რომანი. თბილისში რომ დავბრუნდით, დედა თითქმის ყოველ საღამოს აგვიანებდა სამსახურიდან. შაბათ-კვირას კი საქმეებს იმიზეზებდა და სადღაც მიდიოდა. საბოლოო ჯამში, აღარ დამალა და ოჯახში გამოაცხადა, რომ გაიცნო მამაკაცი, რომლის გვერდითაც სურდა ცხოვრება და დაქორწინებას აპირებდა. ამაზე საშინელი რეაქცია მქონდა. თუმცა, ბებია-ბაბუა მარწმუნებდნენ, რომ ცოდო იყო, ადრე დაქვრივდა, მასაც უნდოდა გვერდით ადამიანი, ვინც მისი მესაიდუმლე და დასაყრდენი იქნებოდა. მოკლედ, ასე თუ ისე, შემაგუეს დედის გათხოვებას, მაგრამ რომ გავიგე, იმ კაცს საცხოვრებელი არ ჰქონდა და ჩვენთან უნდა ეცხოვრა, კინაღამ ჭკუიდან გადავდექი. დედამ ჩემს აზრს, ანგარიში არ გაუწია, არც ბებიას და ბაბუას დაუჯერა და ის კაცი ჩვენთან ჩაასახლა. ძალიან გამიჭირდა უცხო ადამიანის გვერდით ყოფნა. არც მამინაცვლად მივიჩნევდი, არც დედაჩემის ქმრად და არც ოჯახის წევრად. ერთი პერიოდი, როცა მივხვდი, სიტუაციას ვეღარ ვუძლებდი, მამაჩემის დედ-მამასთან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ მამიდაშვილები მყავს პატარები და მათი ხმაურის ატანა უფრო გაუსაძლისი აღმოჩნდა და უკან დავბრუნდი. მეუბნებიან: თავიდან გაგიჭირდება და მერე შეეგუებიო, მაგრამ გადის დრო და შევეგუები კი არა, უფრო და უფრო მიჭირს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ნეტავ გამოჩნდეს ვინმე, შემიყვარდეს და ცოლად გავყვე, ამ სიტუაციას გავერიდო-მეთქი, მაგრამ ჯერ სხვა გეგმები მაქვს: უცხოეთში მინდა სწავლის გაგრძელება, კარიერის აწყობა, თუმცა იმის გამო, რომ დედაჩემის ქმარი, ჩემთვის უცხო და მიუღებელი ადამიანი, მიზის სახლში, მეცადინეობაზე საერთოდ ვერ ვახდენ კონცენტრაციას, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩემი კუთხე საერთოდ არ მაქვს. მიჭირს ასე ცხოვრება, მაგრამ ისევ მამაჩემის იმედი მაქვს, რომ ზევიდან დამეხმარება, მომცემს ძალას და მიმახვედრებს, როგორ მოვიქცე მომავალში.

ნიცა, 19 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი