გულახდილი საუბრები

უვარგისი ქმრის გვერდით ცხოვრებას, საყვარლის ყოლა ვამჯობინე

№49

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.12, 2022 წელი

სინანული
დაკოპირებულია

მე და ჩემმა მეუღლემ მთელი თხუთმეტი წელი მშვიდად ვიცხოვრეთ. არაჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა, სამ შვილს ვზრდიდით, ვმუშაობდით და ერთმანეთისთვის ზედმეტი სიტყვაც კი არ გვითქვამს.

ხანდახან კამათი რომ მოსდით ცოლ-ქმარს, ესეც კი არ ყოფილა ჩვენ შორის. დასასვენებლადაც ერთად დავდიოდით, ნათესავებშიც და მეგობრებშიც. ჩვენთანაც ხშირად იშლებოდა სუფრა და ისეთ სადღეგრძელოს ამბობდა ჩემზე, მრცხვენოდა სტუმრებთან. მერე, სამსახური დაკარგა, სმა დაიწყო, უბნის ბიჭებს აჰყვა და ისე შეეცვალა ხასიათი, თავად ვერ ვცნობდი. რომ მივცემდი შენიშვნას მშვიდად და დაველაპარაკებოდი, აგრესიულად მპასუხობდა. მეც, ვაგრძელებდი ცხოვრებას იმ იმედით, რომ ეს დროებითი იყო და მალე მოეგებოდა გონს. კი ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი ხელფასი კვებაში გვყოფნიდა. სამ ბავშვს ძალიან ბევრი უნდა. ერთ დღესაც, როცა უბნიდან ნასვამი ამოვიდა სახლში, მკაცრად ვუთხარი: ბოლოს და ბოლოს დავიღალე, ვმუშაობ, ოჯახს ვუვლი, რაც შემიძლია გვერდით გიდგავარ და იქნებ მოეგო გონს, შეეშვა უბნის ბიჭებთან სმას და სამსახური ნახო, შემეშველე, ხომ ხედავ გავწყდი წელში-მეთქი. რომ არ ველოდებოდი, ისეთი მგლიჯა სახეში, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ დავცემულიყავი. ამ ფაქტს ბავშვებიც შეესწრნენ და შიშით გადაირივნენ. ეცნენ მამას და აკავებდნენ. ჩემკენ ისევ დასარტყმელად იწევდა. მის გვერდით რა გამაჩერებდა? დავურეკე ჩემს დას, მოვიდა და იმ ღამით ის დარჩა ჩემთან. მეორე დილით, რომ გამოფხიზლდა, ბოდიში მომიხადა, მაგრამ რად მინდოდა მისი ბოდიში? მისი ხუთი თითი ისევ ლოყაზე მემჩნეოდა წითლად. მერე, გაიკეტა კარი და ფანჯრიდან რომ გადავიხედე, ისევ უბნელ ბიჭებთან იჯდა და სვამდა, ვითომც არაფერი მომხდარა. მივხვდი, მისი გამოსწორება არ იქნებოდა. დავიწყე ფიქრი, როგორ მოვქცეულიყავი, სად წავსულიყავი და წამეყვანა ჩემი სამი შვილი. ერთი სიტყვით, ჩემს მშობლებს და დას დაველაპარაკე, ბინა მიქირავეს და იქ გადავედი. ამაზე, სულ გადაირია ჩემი ქმარი. მომიგზავნა დედამისი, თავისი ძმა, ნათესავი ბიჭი, მაგრამ უკან დამბრუნებელი არ ვიყავი. ნაქირავებ ბინაში წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე. ჩემი უფროსი ბიჭი ძალიან განიცდიდა ჩვენს დაშორებას, უყვარს მამა და არ უნდოდა, საბოლოოდ დაღუპულიყო სიმარტოვეში. მთხოვა: დედა, მე მამასთან გადავალ საცხოვრებლად თუ არ გეწყინება, თან სკოლაც იქვეა და მირჩევნია, მის გვერდით ვიყო, ცოდოა, სულ მარტოო. ბავშვს დავთანხმდი და გადავიდა მასთან საცხოვრებლად. რომ დამირეკა, მითხრა: მამას რომ ვუთხარი შენთან ვრჩები, იტირაო. გასაგებია, როცა ფხიზელია ესმის ყველაფერი და აანალიზებს, მაგრამ ყოველ საღამოს ისე თვრება, ბიჭებს ამოჰყავთ სახლში და მერე, მასთან რამეზე საუბარი შეუძლებელია. იძინებს, დგება და მერე ისევ სვამსო. მოკლედ, ზუსტად ვიცოდი, რომ მე მას აღარ დავუბრუნდებოდი. სადაც ბინა ვიქირავე, იმ ეზოში ცხოვრობს ძალიან სიმპათიური, ჩემზე ათი წლით უფროსი მამაკაცი. რომ მესალმებოდა, სულ მიღიმოდა, ბავშვებსაც ეფერებოდა, ხან რას ყიდულობდა და ხან რას. ცოლი გარდაცვლილი ჰყავს, შვილი კი უცხოეთში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ერთ საღამოსაც, დაგვპატიჟა მე და ჩემი შვილები მასთან ჩაის დასალევად და მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ერიდებოდა. რომ გამოგვაცილა, ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში: მინდა რაღაც გითხრა, მაგრამ არ მინდა ბავშვების თანდასწრებით და იქნებ, სახლში რომ მიიყვან ბავშვებს, შემომირბინო, ვითომ რამე დაგრჩა და გეტყვიო. საკმაოდ შემდგარი, სოლიდური და გაწონასწორებული კაცია და ცუდი ნამდვილად არაფერი მიფიქრია. მივბრუნდი, ვითომ ტელეფონი დამრჩა და მაშინ მითხრა: გიყურებ ამდენი ხანია, როგორი დედა ხარ, როგორი პატიოსანი და მშრომელი, ცუდია, რომ მარტო ხარ, მეც მიჭირს მარტოობა და იქნებ გვეცადა ერთად ცხოვრებაო. გავუღიმე და წამოვედი. მერე კი, ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ ახლა მასთან ვარ. მეორე ბინაც აქვს, რომელიც დაგვითმო მე და ჩემს შვილებს და ბინის ქირის გადახდა აღარ მიწევს. ნამდვილად არაფერს ვნანობ, პირიქით. კაცი, რომელიც ხელს ასწევს შენზე, თან შვილების თანდასწრებით, ის მეტის ღირსია. გვერდით მყავს მამაკაცი, რომელიც მეხმარება, გვერდში მიდგას, არც სვამს და ცდილობს, ყოველი დღე გამილამაზოს.

გვანცა, 45 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი