გულახდილი საუბრები

უნდა თქვა თუ არა უარი საკუთარ თავზე, როცა დედა ხარ

№40

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

დედობა უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა, მაგრამ მასთან ერთად მოდის უამრავი გამოწვევაც. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც დედები საკუთარ თავს უსვამენ, არის: უნდა მქონდეს თუ არა საკუთარი ცხოვრება, როცა დედა ვარ? არის თუ არა ეგოიზმი ის, რომ საკუთარ თავისთვის ვხარჯავ დროსა და ფულს?

დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის არ არის მსხვერპლშეწირვა. „მე-ს~ შენარჩუნება არ არის ეგოიზმი, ეს არის ჯანსაღი მშობლობის, ჯანსაღი ურთიერთობის ფორმა. თუ დედა საკუთარ თავს პატივს სცემს, შვილსაც ასწავლის საკუთარი თავის სიყვარულსა და საზღვრების დაცვას. ასე რომ, როცა დედა ხართ, ნუ შეგაწუხებთ სინდისი, თუ საკუთარი თავისთვის ფულს, დროს ან ენერგიას ხარჯავთ. პირიქით, ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც თქვენს შვილებს უკეთებთ.

თამარი (43 წლის): ხშირად ამბობენ, როცა დედა ხარ, საკუთარ თავზე უნდა უარი თქვაო. თავიდან მეც ასე მეგონა. როცა ბავშვი პატარა იყო, თითქოს ვცდილობდი, მთლიანად მასზე ვყოფილიყავი ორიენტირებული. მრცხვენოდა, თუ საკუთარ თავზე ვიფიქრებდი ან ვიზრუნებდი. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია. თუ მე საკუთარ თავს ვერ მოვუვლი, არც შვილებთან ვიქნები ისეთი ენერგიული და მშვიდი, როგორც საჭიროა.

– იყო შემთხვევები, როცა სინდისის ქენჯნას გრძნობდით საკუთარი სურვილებისთვის ფულის დახარჯვის გამო?

– ძალიან ბევრჯერ. სხვათა შორის, ახლაც ბოლომდე ვერ გავთავისუფლდი ამ კომპლექსისგან. მაგალითად, როცა სილამაზის სალონში მივდიოდი ან, უბრალოდ, ახალი ტანსაცმელი მინდოდა, ვფიქრობდი, რომ სჯობდა, ეს ფული ბავშვისთვის დამეხარჯა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის კი არ იყო საჭირო, არამედ ყველასთვის, რადგან როცა მე კარგად ვგრძნობ თავს, ოჯახიც უკეთესად არის.

– რა არის თქვენი მთავარი გაკვეთილი, რომელიც დედობამ გასწავლათ?

– ის, რომ საკუთარი ცხოვრება არ უნდა დათმო, არავითარ შემთხვევაში. ბავშვებს ძლიერი და ბედნიერი დედა სჭირდებათ და ამისთვის კი აუცილებელია, მეც მქონდეს ჩემი დრო, ჩემი ინტერესები და სურვილები. ზოგჯერ საკუთარ თავს დღესასწაულიც უნდა მოვუწყო, გავანებივრო, ვიყო ჯანმრთელი და ლამაზი. თუ საჭიროა, ამაში ფულიც დავხარჯო. ხშირად დედები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები, დილემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. ზუსტად ასე ვიყავი თავიდან. მეც ვნერვიულობდი – „საკუთარ თავს დავახარჯო დრო და ფული თუ მთლიანად შვილს და ოჯახს მივუძღვნა?“

– ანუ, ეს კითხვა მარტო ერთ ადამიანს არ აწუხებს – ეს არის კულტურულად და საზოგადოებრივად ჩამოყალიბებული სტერეოტიპების შედეგი.

– ზუსტად ამის თქმა მინდა. თითქოს თუ დედა ხარ, მხოლოდ სხვისთვის უნდა არსებობდე. ხშირად ვისმენთ ხოლმე ფრაზას: „როცა დედა ხარ, საკუთარი თავი უნდა დაივიწყო.“ ეს რა დამოკიდებულებაა, ვინ დაამკვიდრა? ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საზიანო სტერეოტიპია. დედობა არ ნიშნავს საკუთარი „მე-ს“ გაქრობას. პირიქით, როცა ქალი საკუთარი სურვილების, ჰობებისა და პირადი სივრცის გარეშე რჩება, ის კარგავს ენერგიასა და სიხარულს. ასეთი მდგომარეობა საბოლოოდ შვილზეც აისახება და ოჯახზეც. ბედნიერი დედა ბედნიერი ბავშვია.

– თუმცა, ბევრი დედა გრძნობს სინდისის ქენჯნას, როცა საკუთარ თავს ახარჯავს დროს ან ფულს. რატომ გვაწუხებს ეს?

– ეს ხშირად არა ბუნებრივად, არამედ საზოგადოებისგან დავალებასავით არის მიცემული. ჩვენ ვიზრდებით გარემოში, სადაც იდეალიზებულია დედა, ვინც ყველაფერს სწირავს შვილს და არაფერს იტოვებს საკუთარი თავისთვის. სინამდვილეში ეს არ არის ჯანსაღი მოდელი. არავის სჭირდება ეს მსხვერპლი და პირველ რიგში, არ სჭირდება იმას, ვისთვისაც ის გაიღეს. დიახ, შვილმა უნდა იცოდეს, რომ დედას აქვს უფლება, იყიდოს ლამაზი კაბა, შეიაროს სილამაზის სალონში, იაროს მეგობრებთან, კაფეში, კინოში... ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად ზრუნავს ოჯახზე.

– რას ეტყვით დედებს, რომლებიც თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა საკუთარ სურვილებს ასრულებენ?

– ვეტყვი, რომ საკუთარი თავის მოვლა – ეს არის მოვალეობა, და არა ფუფუნება. თუ დედა საკუთარ თავს არ დაუთმობს დროს, ერთ დღეს აღმოჩნდება რომ გადაღლილია, გამოფიტული და გაბრაზებული. ბავშვებს კი სჭირდებათ ენერგიული, მშვიდი და ემოციურად დაბალანსებული მშობელი. საკუთარ თავში ჩადებული რესურსი – ეს არის მთელი ოჯახის კეთილდღეობაში ჩადებული ინვესტიცია. დედობა ადამიანს ახალ როლს უმატებს, მაგრამ არ ანადგურებს იმ პიროვნებას, რომელიც მანამდე არსებობდა. საკუთარი ცხოვრების გაგრძელება ნიშნავს, შვილს აჩვენოს ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი: როგორ უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე საკუთარ თავს. ყველა დედამ უნდა გაიაზროს, რომ მისი „მე“ არის ოჯახის საფუძველი. როცა თავად ფიზიკურად და ემოციურად ჯანმრთელია, მაშინ შეუძლია, შვილებს უსაფრთხო და თბილი გარემო შეუქმნას. საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება არ ნიშნავს ოჯახის ღალატს – ეს ნიშნავს ოჯახის გაძლიერებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა