გულახდილი საუბრები

უნდა იყოს თუ არა ქალი ქმრის ერთგულებაში დარწმუნებული და რა არ უნდა დაიჯეროს მან

№47

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 01.12, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

როგორც მეცნიერები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ეჭვი ჯანსაღი მდგომარეობა არ არის და ეჭვიანი ადამიანის მდგომარეობა ძალიან ახლოსაა ავადობასთან. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ სულ ცოტა ეჭვიანობა აუცილებელიც კია. წყვილს შორის ნდობა უნდა არსებობდეს. სხვანაირად ურთიერთობა ვერ შედგება. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, პარტნიორმა ნდობა ბოროტად გამოიყენოს და გული გვატკინოს. სად გადის ზღვარი უპირობო ნდობასა და სულ ცოტა ეჭვიანობას შორის?

დიანა (45 წლის): ქმრის ერთგულებაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეჭვიანობა აზრადაც არ მომსვლია. რეალურად ამან დამღუპა. სულ ვფიქრობდი, რომ ურთიერთობაში ნდობა არის უმთავრესი, ნდობა და გულახდილობა. არ ყოფილა ასე. უნდა დამეჯერებინა მათთვის, ვინც მეუბნებოდა, რომ მამაკაცის ნდობა არ შეიძლება.

- ნდობა გენდერზეა დამოკიდებული? ქალის ნდობა უპირობოდ შეიძლება და კაცის არა?

– ჰო, არ ვიცი. ალბათ, მაინც ინდივიდუალურია. მე, სამი შვილის დედა, ვამბობ, რომ სიკეთის გამო დავისაჯე. ადამიანმა, რომელსაც თავშესაფარი მივეცი, შვილის აღზრდაში ვეხმარებოდი, მადლიერების ნაცვლად სამარე გამითხარა. მესამე შვილზე ვიყავი ორსულად, როცა გოგონა გავიცანი. ისიც ორსული, მაგრამ მიტოვებული.

– რას ნიშნავს მიტოვებული?

– დიახ, ცოტა დაუჯერებელი ამბავი დამემართა. კაცმა, რომლისგანაც შვილს ელოდებოდა, მიატოვა. სტუდენტი იყო, სოფლიდან. ბინის ქირისა და საკვების ფულს მშობლები უგზავნიდნენ, მაგრამ მისი ორსულობის ამბავი რომ გაიგეს, გამოუცხადეს, ან აბორტი გაიკეთე, ან თვალით არ დაგვენახოო. რომ მიყვებოდა, ტიროდა. იმ კაცს უთქვამს, გააჩინე და გაგაზრდევინებ, ცოლად კი ვერ შეგირთავო. მაგრამ ორ თვეში დაასკვნა, რომ ორსული ქალის შენახვა ძვირი უჯდებოდა და დახმარება მანაც შეუწყვიტა. ან შესაძლოა, შეეშინდა, რომ საბოლოოდ ცოლი მაინც გაიგებდა ამ ამბავს. თავი რომ ერჩინა, დამლაგებლად მუშაობდა. უზარმაზარი მუცლით დადიოდა და სახლებს ალაგებდა. თურმე, სახლების პატრონებს ეცოდებოდათ და იმაზე მეტს აძლევდნენ, ვიდრე სხვას. ექიმთანაც ერთ-ერთ მათგანს მოუყვანია, მაგრამ მუცელი რაც უფრო ეზრდებოდა, შრომაც უჭირდა. ბავშვი რომ გაჩნდება, მერე როგორღა ვიმუშავებ, შვილი ვის დავუტოვოო... გული მომიკვდა. ძალიან შემეცოდა. ვუთხარი, გარემონტებული ნახევარსარდაფი მაქვს და დაგითმობ. ქირას არ გადაიხდი. საკვებითაც დაგეხმარები-მეთქი. სრულიად გულწრფელი ვიყავი. ჯერ იუარა, მაგრამ მალევე დამყვა. ასე გაჩნდა ეს ქალი ჩვენს ცხოვრებაში.

– სანამ უცხოს სახლში მიიყვანდით, ქმარს არ ჰკითხეთ აზრი?

– ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი ასეთ სიკეთეზე უარს არ მეტყოდა. მითხრა კიდეც, კარგად მოქცეულხარო. ჯერ იმან იმშობიარა, მერე – მე. ერთმანეთს ვეხმარებოდით ბავშვების გაზრდაში, იმედიანად ვიყავი, როცა შინ მისვლა მაგვიანდებოდა, ვიცოდი, რომ ჩემს შვილს კარგად მიხედავდა. ერთ დღეს მითხრა, გადი თუ გინდა სამსახურში, ბავშვებსაც და სახლსაც მე მოვუვლიო. შენ კარგი სამსახური გაქვს. კარგი ანაზღაურებით, რატომ უნდა დაკარგოო.

– თანხასაც აძლევდით?

– რა თქმა უნდა. ძიძა ხომ მაინც უნდა ამეყვანა. ჩემი ქმარი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია. უპატრონო ცხოველსაც თან ჰყვება ხოლმე. მის ერთგულებაშიც იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეჭვიანობა აზრადაც არ მომსვლია. გულმა საფრთხის სიგნალი მხოლოდ მაშინ „აანთო“ რაღაცნაირად რომ გაცივდა ჩემ მიმართ. ჩემს გაკეთებულს ყველაფერს იწუნებდა და იმას ეძახდა, მოდი, შენ გამიკეთეო. უკვე მივხვდი, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. ვერ ავიტანდი ასეთ დამცირებას და ამიტომაც გამოვუცხადე: ვფიქრობ, უკვე შეგიძლია, დამოუკიდებლად იცხოვრო და ჩემი იმედიც გქონდეს-მეთქი. იმ დროისთვის ბავშვები უკვე სამი წლის ხდებოდნენ. ხმა არ ამოუღია. ორი დღის შემდეგ სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ჩემმა ქმარმა მისაყვედურა: სასტიკად იქცევი, ადამიანი ჯერ შეიფარე, მომავლის იმედი მიეცი და ახლა ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ართმევო. გავოცდი, საკუთარ ქმარს ვერ ვცნობდი. ვიჩხუბეთ. სამუდამოდ კი არ მომიყვანია სახლში. საკმარისზე მეტი გავუკეთე და სრული უფლება მაქვს, წასვლა შევახსენო-მეთქი. ეს ჩემი სახლია და მე ვწყვეტ, ვინ დარჩეს და ვინ წავიდესო. კულმინაცია იყო იმ ქალბატონის ამოვარდნა. ლევანს ჩაეხუტა და უთხრა: გთხოვ, ჩემ გამო ნერვებს ნუ იშლიო. მივხვდი, ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა. წამოვედით მე და ჩემი შვილები, რომლებსაც მამამ უზომოდ ატკინა გული. ის ახლა სხვის შვილს უვლის და თავისები არც ახსენდება.

– დაშორდით და იმასთან ცხოვრობს თქვენი ქმარი?

– დიახ. სწორედ ასეა. უკვე წელიწად-ნახევარია, ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს შვილები. მეზობლებისგან გავიგე, რომ ერთად ძალიან ბედნიერად არიან. ამის შემდეგ ადამიანებს აღარ ვენდობი. სულ მგონია, სიკეთეს გავუკეთებ და ბოროტებით დამიბრუნებენ. შვილები მეცოდება, რომელთაც ვერ გაიგეს, მამამ რატომ თქვა უარი მათზე. ვერც ვერავის დავაბრალებ. ჭკუა არ მეყო. მივიყვანე და დავუსვი ქმარს ცხვირწინ საცდური. წინდახედულობა არ გამოვიჩინე. თურმე, არავის არ უნდა ენდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა