გულახდილი საუბრები

თურმე ქმარმა ქონების გამო მიმიყვანა ცოლად

№4

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.02

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ისეთ ოჯახში გავიზარდე, შრომა და ფულის ყადრიც რომ იცოდნენ. დედ-მამა დღე და ღამე შრომობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი შვილი ვყავდი. მაქსიმალურად ცდილობდნენ, ყველაფერი საუკეთესო მქონოდა. მიუხედავად ამისა, კარგი ცხოვრება არასოდეს ამვარდნია თავში. ყველა კატეგორიის ადამიანთან შემეძლო ურთიერთობა და უამრავი მეგობარიც მყავდა. სიმართლე გითხრათ, გარეგნობით დიდად არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ყოველთვის გაპრანჭული დავდიოდი. თემური მეგობრის აგარაკზე, მცხეთაში გავიცანი. მის მეზობლად ცხოვრობდა.

ზაფხულში ერთი კვირით წავედით გოგოები და ისეთი პატივი გვცა, არ დამავიწყდება. ყოველ საღამოს მოდიოდა, გვართობდა, ხუმრობდა, მღეროდა. გარეგნობით მართლაც გამორჩეული ბიჭი იყო, თუმცა ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან. გოგოებს ტელეფონის ნომრები გამოგვართვა, თუმცა, მხოლოდ მე მირეკავდა. თბილისშიც ჩამოდიოდა და გვხვდებოდა. მარტო არასოდეს შევხვედრივარ, მხოლოდ გოგონებთან ერთად. თან, რომ ვიცოდით, ფული არ ჰქონდა, კაფეში ჩვენ ვიხდიდით, თან ისე, რომ თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო. ერთი სიტყვით, შევეჩვიე, მისმა ადამიანურობამ მომხიბლა და შემიყვარდა. თან, ისე, მის გარეშე რომ ვეღარ ვძლებდი. სულ ტელეფონს ვუყურებდი, როდის დამირეკავდა. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდა და ვნახავდი. გოგონებიც მიხვდნენ ამ ყველაფერს და დამცინოდნენ: რა იყო, გოგო, თბილისში ბიჭი დაილია, თემური რომ არ შეგყვარებოდაო? მართლა არ მიმიქცევია მისი მატერიალური მდგომარეობისთვის ყურადღება. ველოდებოდი, როდის მეტყოდა, მიყვარხარო და ეს ჩემთვის მილიონის ტოლფასი იქნებოდა. თუმცა, არ ჩქარობდა ამის თქმას. არ დამავიწყდება, იმ გოგოს დაბადების დღე იყო, ვის აგარაკზეც გავიცანი, ჩამოვიდა, სუფრასთნ ითამადა, იცეკვა, იმღერა და სასწაულები ჩაიდინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დაბადების დღეზე მითხრა: ცოლად გამომყვებიო? ცოტა დავიბენი, სიტყვა – მიყვარხარ, არ ჰქონდა ნათქვამი და ცოლობა მთხოვა, მაგრამ არაფერი მიპასუხია. მითხრა: არ გაჩქარებ, კარგად დაფიქრდი და პასუხი მერე მითხარიო. ზუსტად ერთ კვირაში გავყევი ცოლად, ისე, რომ ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. გული კი დასწყდათ ასეთ ბიჭს რომ გავყევი – უბინაოს, უქონელს, უმუშევარს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. ჩამოვიყვანეთ თბილისში და დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ჩემი მშობლები ზედ ჰყვებოდნენ. სამი წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო, მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ გვყავდა. მერე, აურია, დაიწყო აქეთ-იქით ყურება, გოგონების ყურადღების მიქცევა და გამოვიჭირე, როგორ უხსნიდა ერთ გოგოს სიყვარულს ესემესებით და როგორ არწმუნებდა, უცოლო ვარ, უცხოეთში წასვლა მინდა და ცოლად თუ გამომყვები, ერთად წავიდეთო. რომ გადავირიე, ხუმრობაში გამიტარა. კატეგორიულად ავუკრძალე მსგავსი ვითომ გართობები და რამდენიმე დღე გაბუტულიც ვიყავი. თუმცა, შემომირიგა, ისევ დამიბრმავა თვალები. არ გავიდა რამდენიმე თვე და ისევ გააბა სასიყვარულო მესიჯობანა სოციალური ქსელით ერთ გოგოსთან. ამაზე „ავიჭერი“, ვეჩხუბე, გაბრაზებელმა ვეღრ მოვითმინე და წამოვაძახე, თბილისში რომ ჩემს სახლში ცხოვრობდა, მამაჩემი და დედაჩემის ფულით იცვამდა და იხურავდა და მათ კისერზე იჯდა. მისგან კი ასეთი პასუხი მივიღე: დიახ, ქონების გამო მოგიყვანე ცოლად, თორემ შენნაირ გოგოებს ზედ არ ვუყურებდიო. იქვე მოვკვდი. იმ დღესვე ჩავულაგე ჩანთაში თავისი ნივთები და წავიდა თავის მშობლებთან. უკვე სამი თვე გავიდა და როგორც ვიცი, ისევ მშობლების სახლშია. მართლა მიყვარდა და მისმა სიტყვებმა ისე დამაკომპლექსა, ისე მატკინა გული და მომკლა, მის გვერდით ყოფნა მართლა აღარ მინდა. ზუსტად ვიცი, ინანებს და ერთ დღესაც მომადგება კართან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ.

ნინი, 27 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული