გულახდილი საუბრები

ცოლმა ბავშვები დამიტოვა და თვითონ უცხოეთში გათხოვდა

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.07

ურთიერთობა
დაკოპირებულია

არასოდეს ვყოფილვარ ცუდი მეუღლე და უვარგისი ქმარი. 

ვცდილობდი, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდი ადამიანს, რომელიც მეორე ნახევრად ავირჩიე და მინდოდა, მის გვერდით ტკბილად გამეტარებინა წლები და უზრუნველი სიბერე მქონოდა. შვილებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, საყვარელ ადამიანს კი არც სითბოს ვაკლებდი, არც ყურადღებას. მატერიალურად არ გვიჭირდა. რას წარმოვიდგენდი, იმას მოვიმკიდი, რასაც არ ვიმსახურებდი. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად და არასოდეს უმუშავია. ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ როცა მითხრა: ბავშვები დაიზარდნენ და მინდა, მეც ორი კაპიკი ვიშოვო ჩემი შრომითო, უარი არ მითქვამს. ვიფიქრე, ახალგაზრდა გოგოა, შრომისუნარიანი და სახლში ხომ არ ჩაიკეტება-მეთქი. უფროსი შვილი სკოლაში შევიდა, უმცროსი ბაღში დადიოდა და თავისუფალი დრო ჰქონდა. ფართი ვუქირავე, გავურემონტე და ჩემი წვალებით ნაშოვნი ფულით ტანსაცმლის მაღაზია გავუხსენი. რამდენიმე თვე იმუშავა, მაგრამ მისგან ფული და მოგება თვალითაც არ მინახავს. არც ამაზე მისაყვედურია. ბოლოს აიჩემა: გოგოები გავიცანი, ინტერნეტით ვაჭრობენ. წავალ თურქეთში, ჩამოვიტან „ტავარს“ და მეც ინტერნეტით გავყიდი, ნაქირავებში რის გამო ვიხადოთ ტყუილად ფული, მოგებას არ ტოვებსო. ნამდვილად არ მინდოდა, თურქეთში ევლო და ტანსაცმლის ტომრები ეთრია, მაგრამ არ მომეშვა. დედაჩემს ვთხოვე ჩვენთან გადმოსვლა, რომ ბავშვებისთვის მიეხედა და ჩემი ცოლი საკუთარი მანქანით მივიყვანე სარფის საბაჟომდე და კოცნებით გავუშვი თურქეთში. რას წარმოვიდგენდი, რომ იმ დღის მერე, ვეღარ ვნახავდი. აღმოჩნდა, გოგოებმა კი არ ურჩიეს ინტერნეტმაღაზიის გახსნა, ინტერნეტით ვიღაც თურქი კაცი გაიცნო, თვეები ესაუბრებოდა და ბოლოს, მასთან წავიდა. თავიდან მატყუებდა, ქარხნიდან ველოდები პასუხს, რომ „ოპტომ“ გამოვიტანო „ტავარი“, ასე უფრო მოგებას დამიტოვებს და რამდენიმე დღეში წამოვალო. მაგრამ, რამდენ ხანს მომატყუებდა? ორი კვირა რომ გავიდა და დაბრუნება მოვთხოვე, მითხრა: აქ ერთ ოჯახს სჭირდება ბავშვების მომვლელი, კარგად იხდიან და დავრჩები, ფულს მაინც ჩამოვიტან და თან ამასობაში იმ ქარხნიდანაც მომივა პასუხიო. დამიჯერეთ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მატყუებდა. მოკლედ, ტყუილს დიდხანს რომ ვერ დამალავს ადამიანი, ეს ყველამ იცის და მეც გავიგე მწარე სიმართლე – გაგვცვალა იმ თურქ კაცში, მის ცოლად გამოაცხადა თავი, მიმატოვა, შვილები დამიტოვა და საბოლოოდ გადაწყვიტა ჩვენს ოჯახზე თავზე ლაფის დასხმა. დავაპირე ჩასვლა, მაგრამ ჩემმა ძმებმა გაიგიჟეს თავი და არ გამიშვეს. იცოდნენ, არცერთს არ დავტოვებდი ცოცხალს. მითხრეს: ასე ციხეში წახვალ და შვილებს შენ მაინც ნუ მიატოვებ. ამათზე იფიქრე, იმას ჯანდაბამდეც გზა ჰქონიაო. დეპრესიაში ჩავვარდი, სიცოცხლე არ მინდოდა, მაგრამ ბავშვების გამო დავძლიე ეს განსაცდელი. უკვე ორი წელი გავიდა და ისევ ის სიბრაზისა და შურისძიების განცდა მაქვს. დაფიცებული მაქვს, შვილებს არ ვაჩვენებ და მინდა, დედობის უფლებაც ჩამოვართვა. ასეთი დედა არ არის ღირსი, შვილები ჰყავდეს. მადლობა ღმერთს, ესენი მყვანან და დედმამიშვილები და დედა, რომელიც არასოდეს მტოვებს და სულ გვერდში მიდგას. არ ვიცი, რატომ დავუშვი ასეთი შეცდომა, როგორ დავუჯერე და გავუშვი. მაგრამ, ვენდობოდი და იოტისოდენა ეჭვიც არ გამჩენია მის ჩემდამი სიყვარულში. ეს იყო ჩემი სისუსტე და ალბათ, ამის გამო დავისაჯე და გავმწარდი.

ნუკრი, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული