ცოლიანი კაცის საყვარლობას მარტო ყოფნა ვამჯობინე
ავტორი: „თბილისელები“ 35 წუთის წინ
ადრეულ ასაკში გავთხოვდი და გავხდი დედა. ბავშვი სამი თვის იყო, როცა მეც და ჩემი მეუღლეც მივხვდით, ეს სიყვარული კი არა, გაუაზრებელი, ვნებაზე დაფუძნებული ურთიერთობა იყო და დაშორება ვამჯობინეთ. რა თქმა უნდა, მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ.
დაშორებიდან სულ მალევე, ჩემმა ყოფილმა ქმარმა ცოლი შეირთო და ორი შვილი გაუჩნდა. არასოდეს ვიტყვი მასზე ცუდს, რადგან პასუხისმგებლობას არ გაჰქცევია, ყოველთვის ცდილობდა, გვერდით დამდგომოდა. შვილს კი დღემდე ყველაფერს უკეთებს, ყველა სურვილს უსრულებს და საუკეთესო მამაა, ვინც კი ოდესმე მინახავს. ჩვენც კარგი ურთიერთობა შემოგვრჩა. ვერ ვიტყვი, მეგობრები ვართ-მეთქი, მაგრამ მისი იმედი ყოველთვის მაქვს. დაშორებულები ვიყავით, მაგრამ რომ გავიგე, ცოლი მოიყვანა, გულის სიღრმეში მეტკინა, ავირიე, დავიბენი, მომინდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო ადამიანი, ვისაც დავეყრდნობოდი და თუნდაც უთქმელად, ხმის ამოღების გარეშე, ვიგრძნობდი მისგან თანაგრძნობას. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა ჩემი სკოლელი ბიჭი, რომელსაც ბავშვობიდან ვუყვარდი, მაგრამ დაოჯახებული იყო. გაუგია, რომ ქმარს დავშორდი და მაშინვე დაიწყო რეკვები. დახვედრები სადარბაზოსთან, ქუჩაში, ვითომ შემთხვევით. მოკლედ, მივხვდი, ჩემთან სიახლოვე უნდოდა და მეც შანსი მივეცი. ნამდვილად არ მქონდა იმის იმედი, რომ ცოლს გაშორდებოდა და მე მომიყვანდა, მაგრამ რაღაცნაირად მიზიდავდა და ვიფიქრე: მე ნამდვილად აღარ გავთხოვდები, ბავშვს სხვა მამაკაცი საკუთარი შვილივით ვერ მიიღებს, ამიტომ მირჩევნია, მყავდეს ვინმე გვერდით, ვიყო მისი საყვარელი და ცოლიანი იქნება თუ უცოლო, ამას მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი. სწორედ, აქ შევცდი. თან, ვერავის ვუმხელდი ჩემს ჩანაფიქრს, ისეთი ახალო დაქალიც არ მყავდა, რომ საიდუმლო გამენდო და მისი აზრი მომესმინა. ბევრი მეგობრები მყავდა, მაგრამ რომ გავთხოვდი, ძალაუნებურად, ნელ-ნელა ჩამოვშორდი და მერე, ურთიერთობაც გაცივდა. ისინი დღეს ჩვეულებრივი ნაცნობები და ახლო ადამიანები არიან და არა მეგობრები. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გავხდი ცოლიანი კაცის საყვარელი. პირველ თვეებში საერთოდ არ მიგრძნია რამე დისკომფორტი. ცოლი რომ ურეკავდა და ესეც სასწრაფოდ იცვამდა და გარბოდა, ჩვეულებრივად ვიღებდი. რომ ურეკავდა და ეკითხებოდა, სად ხარო და უმალავდა, ამაზეც თვალს ვხუჭავდი, მაგრამ ბოლოს, როცა საწოლიდან იმის გამო წამოხტა, რომ ცოლმა დაურეკა და კატეგორიული ტონით მოსთხოვა სახლში მისვლა და მანქანით მის სადაქალოსთან რესტორანში წაყვანა, ყელში ამომასხა. გაბრაზებული ძალიან ვეჩხუბე, მანაც არ დამაკლო: აბა, როგორ გინდა? ხომ იცოდი, ცოლი რომ მყავდა და რომ იწყებდი ჩემთან ურთიერთობას, ისიც უნდა გაგეთვალისწინებინა, რომ სულ შენთვის არ მეცლებოდაო. მოკლედ, ძალიან ვიჩხუბეთ. ნაქირავებ ბინაში დავდიოდით და იმ დღის მერე, იქ ფეხი არ მიმიდგამს. მეხვეწებოდა: გავცხარდი, მაპატიე, ცუდად მოგექეცი, ხომ იცი, მიყვარხარო, მაგრამ უკან არ დავიხიე. მივხვდი, ცოლიანი კაცის ცოლობა, გარდა ნერვების დაგლეჯვისა, არაფერს მომიტანდა. საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა და არ მახსოვს, რაიმე ღირებული ეყიდა ჩემთვის. მხოლოდ შოკოლადსა და იის კონას თუ გაიმეტებდა. არ ვარ ანგარებიანი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ჩემზეც ეფიქრა და გავეხარებინე. ცოლი კი დაჰყავდა გადაპრანჭული. ერთხელ ვთხოვე სალონის ფული და მითხრა: რაც თანხა მქონდა, ცოლს დასჭირდა ბავშვებისთვის და იმას მივეცი. აი, მეორე თვეს რომ ავიღებ, მოგცემო. ანუ, რა გამოდიოდა, მის ცოლს ქმრის ფულზე უნდა ეგულავა და მე, ისევ ჩემი ფულით გამეკეთებინა ყველაფერი, მას კი მხოლოდ საწოლში ვეყვარებოდი ასეთი მოწესრიგებული? ერთი სიტყვით, ჩამოვიცილე და მივხვდი, ცოლიანი კაცის საყვარლობა, ერთი დიდი ტანჯვაა, რომელსაც არცერთ ქალს არ ვურჩევ. ამას ისევ ჩემი ქმრის გვერდით ყოფნის მოგონებებით ცხოვრება სჯობს. მომავალში კი თუ გამოჩნდა ნორმალური კაცი, სიამოვნებით გავთხოვდები, მაგრამ არასოდეს არავის საყვარელი აღარ ვიქნები, მით უმეტეს, ცოლიანი კაცის.
გვანცა, 34 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





