ცხოვრების მეგზურად მდიდარი ბიჭი შევარჩიე, თუმცა შვილი ყოფილი თაყვანისმცემლისგან გავაჩინე
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.02

შეჭირვებულ ოჯახში გავიზარდე და არასოდეს მიოცნებია მდიდარ ქმარზე. მშობლებიც სულ იმას მეუბნებოდნენ: შვილო, მომავალი საქმრო ჩვენი წრიდან აარჩიე, ჩვენც რომ არ შევრცხვეთ და შენც თავაწეული იყოო. ჩემს სკოლელ ბიჭს ვუყვარდი. ხან ფუმფულა სათამაშოებს მიგზავნიდა, ხან შოკოლადებს, ხან მინდვრის ყვავილებს და როგორც შეეძლო, ისე მანებივრებდა საჩუქრებით. ნამდვილად არ იყო ისეთი ოჯახის შვილი, ჩემთვის მდიდრული თაიგულები, სამკაულები და სუვენირები ეყიდა.
მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა მისი ყურადღება და მისგან მორთმეული ყველა საჩუქარი მიხაროდა, თუმცა მასზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. სკოლა რომ დაამთავრა, უცხოეთში წავიდა, დეიდასთან და წლები ისე გადიოდა, არ ჩამოსულა. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად მწერდა, მაგრამ მე თავს ვარიდებდი პასუხებს. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, კურსელთან მისი ნათესავი ბიჭი გავიცანი. ძალიან მოვეწონე და ნახვის პირველივე დღიდან დაიწყო ჩემი გულის მონადირება. ჩემი კურსელი მეუბნებოდა: ბედნიერი გოგო ხარ, იმდენს უყვარს ჩემი ბიძაშვილი და მან შენ აგირჩიაო. მისგან ვიცოდი, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, მანქანაც ჰყავდა, საკუთარი სახლიც ჰქონდა და რაც მთავარია, საკმაოდ შემოსავლიანი სამსახური. დედ-მამა წარმატებული ბიზნესმენები ჰყავდა და რომ გაიგეს ჩემ შესახებ, დაბადების დღეზე სასწაული სამკაული გამოატანეს საჩუქრად. მოკლედ, სერიოზულად რომ მიდგა საქმე ჩვენს დაოჯახებაზე, სწორედ მაშინ დაბრუნდა საქართველოში ის ჩემი სკოლელი ბიჭი. რასაკვირველია, გაიგო ჩემი ამბავი და ბიჭებისთვის უთქვამს: ეს გოგო ისე მიყვარს, ვერავის დავუთმობ და მოვიტაცებო. ეს რომ გავიგე, დავაჩქარე გათხოვება და მალევე შევქმენი ოჯახი. მართლა ფუფუნებაში ჩავვარდი, სასწაული სახლ-კარის დიასახლისი გავხდი და ცხოვრებაში რომ ვერ ვიოცნებებდი, ისეთი ჩასაცმელ-დასახური და სამკაულები მქონდა. ერთი სიტყვით, დავიწყე ოჯახური თანაცხოვრება ქმართან, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ისე არ მიყვარდა, როგორც უნდა მყვარებოდა და ვნანობდი, რომ ავჩქარდი. ის სკოლელი ბიჭი კი მოსვენებას არ მაძლევდა. მეგობარს გავუმხილე ეს ამბავი და დამარიგა: მოდი, შეხვდი, ნახე და დაელაპარაკე, აუხსენი, რომ გათხოვილი ხარ, მის მიმართ არ გაქვს გრძნობა და შეგეშვებაო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, სწორი რჩევა იყო და მასთან შეხვედრას დავთანხმდი. არ მინდოდა, ვინმეს ერთად დავენახეთ და ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ ბარში შევხვდი. იმ ბარს მეორე სართულზე სასტუმროც ჰქონდა. მითხრა: აქ შეიძლება, ვინმემ დაგვინახოს და ხომ არ სჯობს, სასტუმროს ნომერში დავსხდეთ და მშვიდად ვისაუბროთ, ხომ იცი, არაფერს დაგიშავებო. დავეთანხმე. იმდენად თბილად და დამაჯერებლად საუბრობდა, ისე დამახვია თავბრუ, თავი ვერ შევიკავე და მის ცდუნებას დავნებდი. გამახსენდა მისი ყოველი შეხვედრა, გულით მორთმეული საჩუქრები და მივხვდი, ეს ადამიანი მიყვარდა, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი. ასე იყო თუ ისე, იმ დღის მერე კიდევ რამდენმეჯერ შევხვდი და რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, მივხვდი, აქ უნდა შევჩერებულიყავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიკამათეთ, არ მითქვამს ჩემი ორსულობა და ის ისევ უცხოეთში წავიდა, მე შვილი გავაჩინე და ჩემი ქმარი როგორც საკუთარს, ისე ზრდის. ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი შვილი არ არის. ის კი ვერასოდეს გაიგებს, რომ მისგან შვილი მყავს. სხვას რომ მოეყოლა ეს ისტორია, ვეტყოდი, ამორალური ადამიანი ყოფილხარ, როგორ ღალატობდი ქმარს და როგორ უმალავ მამას შვილსო-მეთქი. თუმცა, ვიცი, რომ ვეღარაფერს გამოვასწორებ, ვერც შევცვლი და მირჩევნია, როგორც არის, ყველაფერი ასე დავტოვო.
ნინუცა, 29 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23:00 20.12, 2024 წელი