ცხოვრება მამამთილის საყვარელმა ჩამომამხო თავზე
ავტორი: „თბილისელები“ 51 წუთის წინ
რომ ამბობენ, ცხოვრება კიბეა, ადიხარ, ადიხარ და როდის მოგიწევს დაბლა ჩამოსვლა არავინ იცისო, სწორედ ასე ყოფილა. ოცდაერთი წლის განმავლობაში ჩემი დედამთილი დედასავით მემსახურა, ერთი წყენა არ მახსოვს მისგან. ტკბილი სიტყვით, ალერსითა და სითბოთი მელაპარაკებოდა. მადლობელი ვარ მისი, რომ შვილების გაზრდაში მომეხმარა.
რომ არა ის, ვერ შევათავსებდი შვილების გაზრდასა და მუშაობას. მოკლედ, დაუზარელად მემსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ბრძოლის მერე, ვერაგმა დაავადებამ მაინც დაგვამარცხა. გამოგლოვებული არ მყავდა ქალი, რომ მამამთილმა ისეთი სისულელეების ჩადენა დაიწყო, მთელს ოჯახს თავი მოგვჭრა. ჩვენს უბანში ერთი ქალი ცხოვრობს, პირადად მე არ ვიცნობ და მასზე ისეთები მესმოდა, არც გამჩენია სურვილი, გამეცნო. როგორც ამბობდნენ, კაცი არ დატოვა არ გამოეყენებინა, გაემწარებინა და მერე მიეგდო. არ ვიცი, ჩემს მამამთილს რა დაემართა, მასთან დაიწყო სიარული. სახლიდან რომ გადიოდა და გვიან ბრუნდებოდა, მე და ჩემი ქმარი სინანულით ვეუბნებოდით ერთმანეთს: ალბათ, ცოლს დარდობს, სახლში ვეღარ ჩერდება და ამიტომ ცდილობს, გარეთ იყოს, ცოტა გული გადააყოლოსო. რას წარმოვიდგენდით, თუ იმ ქალთან დადიოდა და ცოლი კი არა, დედამიწის ზურგზე არავინ ახსოვდა. ჩვენ ვერც გავიგებდით, რომ არა მეზობლის ქალი. მოვიდა და მითხრა: შვილო, ამ ოჯახს დიდი ხანია, ვიცნობ, შენ რომ რძლად მოხვედი, იმ დღიდან შენი დედამთილი სიხარულით ცაში დაფრინავდა, ქმარს გაწამებული ჰყავდა, სულ გარე-გარე დადიოდა და ახლაც, იმ საზიზღარ, გარეწარ ქალთან დადის და ფრთხილად იყავით, ისეთი ადამიანია, ოჯახიდან გაატანინებს, თუ რამე ძვირფასი გაქვთო. ამის თქმა და თავზე ცივი წყლის გადასხმა ერთი იყო. ჩემი ქმრის მოსვლას არ დაველოდე, სამსახურში დავურეკე და სასწრაფოდ მოსვლა მოვთხოვე. გიჟივით მოქანდა. ვუთხარი ეს ამბავი და გონს რომ მოვედით, ვეცი ოქროულობის ზარდახშას, სადაც ჩემი დედამთილის ძვირფასეულობა ინახებოდა და ნეტავ არ გამეხსნა – შიგნით ორი ბეჭდისა და ყელსაბამის გარდა არაფერი დამხვდა. არადა, ქალს უყვარდა სამკაულები, ფულს აგროვებდა, ძვირფასეულობას ყიდულობდა, დაბადების დღეებზეც სულ ჩუქნიდნენ და ამბობდა: მე რომ აღარ ვიქნები, ეს ჩემი რძლისაა, მერე კი თავის შვილებს თავად გაუნაწილოსო. ისე გადაირია ჩემი ქმარი, ძლივს დავაკავე. ყვიროდა: გამიშვი, იმ ქალს მოვკლავ და მამაჩემს ზედ დავაკლავ, დედაჩემის ქონებას ვის აძლევს, ქალი საფლავში იტრიალებსო. გონს რომ მოვედი და მივიხედ-მოვიხედე, ბევრი ნივთი მოვისაკლისე, მათ შორის ანტიკვარულებიც, რომელსაც მთელი ცხოვრება ყიდულობდა და აგროვებდა. აღმოჩნდა, ისიც ჩემს მამამთილს ჰქონდა გატანილი სახლიდან. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი მექალთანე და ქურდი იქნებოდა. ოჯახიდან, თუ რამე ძვირფასი იყო, მოიპარა და იმ კახპას წაუღო, რომელსაც მთელი უბანი სახეში აფურთხებს. მოკლედ, ჩემმა ქმარმა დაურეკა მამამისს და სასწრაფოდ სახლში მოსვლა მოსთხოვა. ის მიხვდა, რაშიც იყო საქმე და იქიდან უპასუხა: დიახ, მიყვარს ეს ადამიანი და ახლა მის გვერდით ვარ. ისე კი ეგ სახლი შენი კი არა, ჩემია და მადლობა თქვი, თუ წილი მოგეციო. აი, იქ ვეღარ დავაკავე ჩემი ქმარი, დაავლო სამზარეულოში დანას ხელი და გავარდა გარეთ. უბნელმა ბიჭებმა დაკავეს, თორემ ნამდვილად მკვლელობას ჩაიდენდა. იმ დღის მერე, ჩემი მამამთილი სახლში აღარ მობრძანებულა, იმ ქალთან ცხოვრობს. იქიდან გვითვლის, ან გაყიდეთ სახლი და მე ცალკე მიყიდეთ, ან ფული მომეცითო. ჩემი მამამთილი ჩვენ ვეღარ გაგვეკარება და მე რომც დავუთმო, ჩემი ქმარი არ გაიკარებს. ჩვენი ერთად ცხოვრება და ურთიერთობა, გამორიცხულია. ბავშვებს ხვდება სკოლასთან და სულ ესაა. ჩემი ქმარი არ აპირებს სახლის გაყიდვას და არც ფულის მიცემას, ის ქალბატონი კი, თურმე, დადის და ტრაბახობს: სახლსაც გავაყიდვინებ, ფულსაც ჩავიჯიბავ, კარგად ვიგულავებ და რომ აღარ ექნება ფული, რად მინდა ეგეთი კაცი, მივაბრძანებო. ღირსიც იქნება, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? არ ვიცი, რა იქნება. ერთს კი ვხვდები, რომ კარგი ამ ამბავს არაფერი მოჰყვება.
ხათუნა, 43 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





